ანა დე როჰან-შაბო
ანა დე როჰან-შაბო | |
---|---|
სუბიზის პრინცესა | |
![]() ანას პორტრეტი ძმებ ბობურნების სტუდიიდან | |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1648 |
გარდ. თარიღი: | 4 თებერვალი, 1709 (60-61 წლის) |
გარდ. ადგილი: | სასტუმრო დე სუბიზი, პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: | ფრანცის დე როჰანი, სუბიზის პირველი პრინცი |
შვილები: |
11, მათ შორის: ჰერკულე მერიადეკი, როჰან-როჰანის ჰერცოგი არმან გასტონ მასქიმილიენ დე როჰანი |
სრული სახელი: | ანა ჟულია დე როჰან-შაბო |
დინასტია: | როჰანები |
მამა: | ანრი შაბო |
დედა: | მარგარეტ დე როჰანი |
ანა დე როჰან-შაბო, სუბიზის პრინცესა (ანა ჟულია; დ. 1648 — გ. 4 თებერვალი, 1709) — ფრანგი დიდგვაროვანი. როჰანის საგვარეულოს წევრი, სუბიზის პრინცის ცოლი. სწორედ მისი წყალობით აღმოჩნდნენ სუბიზის ლორდები როჰანის საგვარეულოს უმცროს შტოს წარმომადგენელთა ხაზში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო ლუი XIV საყვარელი. ზოგჯერ მოიხსენიებდნენ როგორც მადამ დე ფრონტენს. რადგან მისი საგვარეულო ხაზის მიხედვით ის ფრონტენის ქალბატონი გახლდათ.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ანრი შაბოსა და მისი მეუღლის, მარგარეტ დე როჰანის ოჯახში, იყო ხუთი შვილიდან მესამე. მისი მშობლების ქორწინება სკანდალური იყო - რადგან დედამისი როჰანის საგვარეულოს წარმომადგენელი იყო, ის უცხოელ პრინცესად ითვლებოდა. ამან მეფე აიძულა, სპეციალური დადგენილება გამოეცა, რომლის საფუძველზეც მარგარიტას ანრიზე გათხოვების და სამეფო კარზე დარჩენის უფლება მიენიჭა.
მის ოჯახს ნება დართეს ეტარებინა როჰან-შაბოს სახელი.[1] მისი უმცროსი და, ჟანა პელაგი დე როჰან-შაბო, ეპინოის პრინცზე, ლუი დე მელუნის, ჯოიუზის ჰერცოგის და ანა ჟული დე მელუნის, სუბიზის მომავალი პრინცესის ბაბუაზე გათხოვდა.
1663 წლის 17 აპრილს, არაუმეტეს თხუთმეტი წლის ასაკში, ანა გენერალ-ლეიტენანტ ფრანცის დე როჰანზე დაქორწინდა. ფრანცისი ქვრივი, და ჰერკულ დე როჰანის, მონბაზონის ჰერცოგისა და მისი მეუღლის, მარი დე ბრეტან დ'ავოგურის უმცროსი ვაჟი გახლდათ. მისი უფროსი ნახევარდა მარი დე როჰანი, შევრეზის ჰერცოგინია, ფრონდის (ასევე ცნობილი, როგორც ლოთარინგიის ომი) ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. ანა სამეფო კარზე 1665 წელს წარადგინეს.
ანა დაბადებიდან სუბიზის ქალბატონი იყო. ქორწინების დროს მან ეს ტიტული ქმარს გადასცა. წყვილი 1667 წლის მარტის შემდეგ თავს სუბიზის პრინცესას და პრინცს უწოდებს.[2] ანა ასევე ფრონტენის ქალბატონიც გახლდათ.
მან თავისი ეპოქისათვის შესანიშნავი განათლება მიიღო.[3] მიუხედავად საკუთარი ახალგაზრდა ასაკისა, ქმრის ერთგული იყო. ამავდროულად, თავისი დროის ერთ-ერთ ულამაზეს ქალად ითვლებოდა. მას წითელი თმა, თეთრი სახე და ნუშისფერი თვალები ჰქონდა და La Belle Florice-ს უწოდებდნენ. ამ სილამაზეს ის ქათმის, სალათის, ხილის, რძის ნაწარმისა და წყალშერეული ღვინის დიეტით ინარჩუნებდა.[4]
ანა 1669 წელს მეფის საყვარელი გახდა. ისინი ერთმანეთს შამბორის შატოში შეხვდნენ. ამ პერიოდისთვის ლუი ყურადღებას ლუიზა დე ლა ვალიერსა და მადამ დე მონტესპანს თანაბრად უთმობდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ანამ მეორე ვაჟი, ჰერკულე მერიადეკ დე როჰანი (სუბიზის მომავალი პრინცი, დაბადებით როჰან-როჰანის ჰერცოგი) გააჩინა.
1674 წლის იანვარში ანა დედოფალ მარია ტერეზას ფრეილინა გახდა და ხუთი თვის შემდეგ კიდევ ერთი ვაჟი, არმან გასტონ მაქსიმილიენ დე როჰანი მოავლინა. იმ დროისათვის საყოველთაოდ ცნობილი იყო, რომ მეფე და ანა საყვარლები იყვნენ და ბავშვის მამობას არა ბატონ დე სუბიზს (რომელიც მამობას იჩემებდა), არამედ ლუის მიაწერდნენ. იმის მიუხედავად, რომ მსგავსი რამ ვერასდროს დადასტურდებოდა, ლუიმ „დახმარების“ სახით, ანას მორჩილი მეუღლისათვის დიდი რაოდენობის თანხა გამოჰყო სახელმწიფო ხაზინიდან. მათ ამსახველ პორტრეტებში ლუისა და არმანს შორის მსგავსება ძალიან მარტივად შესამჩნევია.[3]
წყვილის რომანი 1675 წელს, დაწყებიდან ექვსი წლის შემდეგ დასრულდა.[3] ამავე დროს დასრულდა მადამ დე მონტესპანისა და მეფის ურთიერთობაც.
ანამ მოგვიანებით ქმარი დაარწმუნა, სასტუმრო დე გიზი გარდაცვლილი ჰერცოგინია გიზის რწმუნებულებისგან შეეძინა. ბატონმა სუბიზმა მართლაც იყიდა საკუთრება 1700 წლის 27 მარტს და სასტუმრო დე სუბიზი დაარქვა. ანა იქ, 1709 წლის 4 თებერვალს, გაციებისაგან გარდაიცვალა.[5]
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანა მარგარეტ დე როჰანი, ჟოუს მონაზონი (დ. 5 აგვისტო 1664 — გ. 26 ივნისი 1721) — შვილები არ შესძენია.
- ლუი დე როჰანი, როჰანის პრინცი (დ. 1666 წლის 11 მარტი — გ. 1689 წლის 5 ნოემბერი) — შვილები არ შესძენია.
- კონსტანცა ემილი დე როჰანი (დ. 1667 — ?) დაქორწინდა დონ ხოსე როდრიგო და კამარაზე, რიბეირა გრანდეს მეორე გრაფზე (პორტუგალიელ დიდგვაროვანზე); შეეძინა შვილები.
- ჰერკულე მერიადეკ დე როჰანი, მაუბისონის პრინცი, როჰან-როჰანის ჰერცოგი (დ. 8 მაისი 1669 — გ. 26 იანვარი 1749) — დაქორწინდა ანა გინევიევ დე ლევიზე, შეეძინა შვილები. დაქორწინდა მარი სოფი დე კურსიონზე, შვილები არ შესძენია.
- ალექსანდრ მერიადეს დე როჰანი (დ. 19 ივლისი 1670 — გ. 9 მარტი 1687) — შვილები არ შესძენია.
- ანრი ლუი დე როჰანი, შევალიე დე როჰანი (დ. 4 იანვარი 1672 — გ. 30 ივლისი 1693) — შვილები არ შესძენია.
- არმან გასტონ მაქსიმილიენ დე როჰანი, კარდინალი დე სუბიზი (დ. 26 ივნისი 1674 — გ. 19 ივლისი 1749) — ლუი მეთოთხმეტის შესაძლო ვაჟი, არასდროს დაქორწინებულა.
- სოფრონ-პელაჟ დე როჰანი (დ. 1678 წლის 2 ივლისი — ?) — დაქორწინდა დონ ალფონსო ფრანცისკო დე ვასკონსელოსზე, შეეძინა შვილები.
- ელეონორ მარი დე როჰანი, ორინის მონაზონი (დ. 25 აგვისტო 1679 — გ. 2 ნოემბერი 1753) — შვილები არ შესძენია.
- მაქსიმილიენ გასტონ დე როჰანი (დ. 1680 — გ. 23 მაისი 1706) — გარდაიცვალა რამილის ბრძოლაში, შვილები არ შესძენია.
- ფრედერიკ პოლ მალო დე როჰანი (1682) — შვილები არ შესძენია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Spangler, Jonathan (2009). The Society of Princes: The Lorraine-Guise and the Conservation of Power and Wealth in Seventeenth-Century France. Ashgate Publishing. ISBN 9780754658603.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Spangler, Jonathan (2009). The Society of Princes: The Lorraine-Guise and the Conservation of Power and Wealth in Seventeenth-Century France. Ashgate Publishing. ISBN 9780754658603. ციტირების თარიღი: 2010-04-08.
- ↑ Velde, François. French principalities. Hereldica.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 March 2010. ციტირების თარიღი: 2010-04-07.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Anne de Rohan-Chabot, Petite Maîtresse de Louis XIV. Canalblog.org (13 August 2006). ციტირების თარიღი: 2010-04-08.
- ↑ Fraser, Antonia (Lady), Love and Louis XIV, Nan A. Talese, 2006, p.114
- ↑ "Mitford, Nancy, The Sun King" p.221