ანა დემიდოვა
ანა დემიდოვა | |
---|---|
![]() ანა დემიდოვა | |
დაბადების თარიღი |
26 იანვარი, 1878 ჩერეპოვეცი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
17 ივლისი, 1918 (40 წლის) იპატიევის სახლი, ეკატერინბურგი, რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა |
საქმიანობა | ფრეილინა |
მშობლები | მამა: სტეპან დემიდოვი |
ანა სტეფანოვა დემიდოვა (დ. 26 იანვარი, 1878 — გ. 17 ივლისი, 1918) — რუსეთის იმპერატრიცა ალექსანდრას ფრეილინა. ის რომანოვების ოჯახს პატიმრობაში გაჰყვა, და 1918 წლის 17 ივლისს ოჯახთან ერთად მოკლეს.
ის რომანოვების ოჯახს 1917 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ, გადასახლებაში, ტობოლსკისა და ეკატერინბურგში გაჰყვა; რომანოვებთან ერთად მათ დახვრეტამდე დარჩა, და მათი ბედი გაიზიარა. 1981 წელს ანა რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის გარეთ (ROCOR) წმინდა მოწამედ შერაცხა, თუმცა ეს სტატუსი რუსეთის შიდა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ არ არის აღიარებული.
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანა დემიდოვა, მეტსახელად „ნიუტა“, აღწერილი იყო, როგორც „მაღალი, ქანდაკების მსგავსი ქერა ქალი“.[1] ის სტეპან დემიდოვის ქალიშვილი იყო. სტეპანი ჩერეპოვეცის შეძლებული ვაჭარი გახლდათ, რომელიც ასევე საქალაქო დუმაში მსახურობდა და დემიდოვის დიდგვაროვანთა ოჯახის წარმომადგენელი იყო. ანამ იაროსლავის მოახლეთა ინსტიტუტი მასწავლებლის სერთიფიკატით დაამთავრა. ქალი ელიზავეტა ერსბერგის, სამეფო კარის მსახურის კარგი მეგობარი იყო, და ერთი პერიოდი მის ძმაზე, ნიკოლაიზეც კი იყო დანიშნული. დაახლოებით 1905 წელს ელიზავეტამ ანას სამეფო კარზე გუვერნანტის თანამდებობა დააკავებინა.[2] მემუარებში ჩარლზ სიდნეი გიბსმა, რომანოვების შვილების ინგლისურის მასწავლებელმა, დემიდოვა აღწერა, როგორც „განსაკუთრებით მორცხვი და მორიდებული ხასიათის მქონე პიროვნება“.[1]
გადასახლება და სიკვდილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოგვიანებით დემიდოვამ უფრო უშუალოდ დაიწყო მუშაობა იმპერატრიცა ალექსანდრას სამსახურში და მას პატიმრობაში გაჰყვა. 1918 წლის აპრილში, რუსეთის რევოლუციის შემდეგ, იგი თან ახლდა თავის ქალბატონს, იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს და რუსეთის ჰერცოგინია მარია ნიკოლაევნას, როდესაც ისინი ბოლშევიკებმა ტობოლსკიდან ეკატერინბურგში გადაიყვანეს. რომანოვების დანარჩენი ოთხი შვილი და მათი თანმხლებნი ერთი თვის განმავლობაში დარჩნენ ტობოლსკში, რადგან პრინც ალექსეის ჰემოფილიის შეტევა ჰქონდა. როდესაც მისი ბატონები ტობოლსკს ტოვებდნენ, გიბსს დემიდოვა გამოელაპარაკა: „მე ძალიან მეშინია ბოლშევიკების, მისტერ გიბს. არც კი ვიცი, რას გვიზამენ.“[3]
მკვლელობის ღამეს ოჯახი გააღვიძეს და უთხრეს, ჩაცმულიყნენ, თითქოს მათ საპატიმროს როიალისტები უტევდნენ და მათი სასწრაფო რელოკაცია უნდა მომხდარიყო. რომანოვები, რამდენიმე მხლებლის, მათ შორის ანას თანხლებით, სარდაფში ჩაიყვანეს, საიდანაც მათი „გაქცევა“ უნდა მომხდარიყო. დემიდოვას ორი ბალიში ეჭირა, რომლებშიც სამეფო ოჯახის ძვირფასეულობა იყო ჩაკერებული. შემოსული, შეიარაღებული რაზმის პირველი გასროლების შემდეგ, დემიდოვა, რომელმაც ერთ-ერთი ტყვიით დაჭრის შემდეგ გონება დაკარგა, გონს მოვიდა, და როდესაც გაიაზრა, რომ ცოცხალი იყო, წამოიძახა - "მადლობა ღმერთს! ღმერთმა გადამარჩინა!" მისი ხმის გაგონებაზე მკვლელებმა ყურადღება მიაქციეს. ანა თავის დაცვას ცდილობდა, მაგრამ ხიშტების ბასრი პირებით სასიკვდილოდ დაჭრეს.[4]
ნეშტის აღმოჩენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბოლშევიკები, შემდეგ კი საბჭოთა მთავრობა, მთელი ძალით ცდილობდა რომანოვების ოჯახისა და მსახურების ბედისა და მკვლელობების შესახებ ყველანაირი ინფორმაცია ჩაეხშო, და დიდი ხნის განმავლობაში იმპერატორის ოჯახის დახოცვას უარყოფდა კიდეც. 1979 წელს შემთხვევითი გამვლელის მიერ აღმოჩენილი საფლავის ავთენტურობა მთავრობამ 1989 წლამდე არ აღიარა. რომანოვების იდენტიფიცირებისათვის დნმ-ის ანალიზი და სასამართლო ექსპერტიზა გამოიყენეს.
პრინც ალექსეის და მისი ერთ-ერთი დის, ანასტასიას ნეშტი ამ საფლავიდან დაიკარგა, მაგრამ საბოლოოდ 2007 წელს სხვა, ახლომდებარე, მოუნიშნავ საფლავში აღმოაჩინეს. მათი ვინაობა დნმ-ის ანალიზით დადასტურდა, მაგრამ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ალექსეის ნეშტის შენარჩუნება დამატებითი ტესტირებისთვის მოითხოვა, და 2015 წლის მდგომარეობით, ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ დამარხულნი.
დაკრძალვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელმწიფო პანაშვიდი 1998 წლის 17 ივლისს, პეტერბურგის პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარში, რომანოვების ოჯახის, დემიდოვასა და ბოლშევიკების მიერ 80 წლით ადრე მოკლული სხვა მსხვერპლებისთვის გაიმართა. დამსწრეებს შორის იყო დემიდოვას შვილიშვილი ნატალი დემიდოვა.[5] რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ლიდერები ამ დაკრძალვაზე არ იმყოფებოდნენ, რადგან ისინი ჯერ კიდევ მსხვერპლთა ვინაობაზე კამათობდნენ.
კანონიზაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2000 წელს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის იმპერიული ოჯახის შვიდივე წევრი წმინდანად შერაცხა: ნიკოლოზი, ალექსანდრა და მათი ხუთი შვილი - ოლღა, მარია, ტატიანა, ანასტასია და ალექსეი. წმინდანად შერაცხეს ანა და იმპერატორისა და იმპერატრიცას სხვა მსახურები და დამხმარეები, რომლებიც სამეფო ოჯახთან უკანასკნელ წუთებამდე დარჩნენ.[6]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Sophie Buxhoeveden, The Life and Tragedy of Alexandra Fedorovna, Empress of Russia: A Biography London: 1928
- Gilliard, Pierre (1921). Thirteen Years at the Russian Court: A Personal Record of the Last Years and Death of the Tsar Nicholas II, and His Family. New York: G. H. Doran. ISBN 9780598755469.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 King, Greg, and Wilson, Penny, The Fate of the Romanovs, John Wiley and Sons, Inc., 2003, ISBN 0-471-20768-3, pp. 63–64
- ↑ Radzinsky, Edvard. The Last Tsar: The Life and Death of Nicholas II, p.116, Knopf Doubleday Publishing Group, 2011 ISBN 9780307754622
- ↑ King and Wilson, p. 87
- ↑ King and Wilson, p. 311
- ↑ 17 July 1998: The funeral of Tsar Nicholas II. romanovfundforrussia.org (1998). დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 დეკემბერი 2006. ციტირების თარიღი: 28 February 2007
- ↑ Logan, D., Ekaterinburg: A Play (2013) ISBN 978-0-9873296-9-1