შინაარსზე გადასვლა

ანასტასია ერისთავ-ხოშტარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანასტასია ერისთავ-ხოშტარია
რუს. Анастасия Георгиевна Эристави-Хоштария
დაბადების თარიღი 3 (15) თებერვალი, 1868
დაბადების ადგილი გორი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1 მაისი, 1951(1951-05-01) (83 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა ნოველისტი და მწერალი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
მეუღლე დუტუ მეგრელი

ანასტასია (ტასია) გიორგის ასული ერისთავი-ხოშტარია (დ. 3 თებერვალი, 1868, გორი — გ. 1 მაისი, 1951, თბილისი) — ქართველი მწერალი, პედაგოგი, ქალთა უფლებების დამცველი.

ქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი. დაიბადა პოდპურუჩიკ გიორგი დიმიტრის ძე ერისთავისა და ელისაბედ ზაალის ასულ ბაგრატიონ-დავითიშვილის ოჯახში. 1885 წელს დაამთავრა გორის ქალთა პროგიმნაზია, სოფ. ფცაში დააარსა უფასო სკოლა და უსასყიდლოდ ასწავლიდა გლეხთა ბავშვებს. სხვადასხვა დროს მეუღლესთან, მწერალ დუტუ მეგრელთან (დიმიტრი ხოშტარია), ერთად ცხოვრობდა ყარსში, ოლთისში, ნახიჩევანში, ერევანში. 1910 წლიდან დასახლდა გორში. 1915 წელს იქვე დააარსა ქალთა უფლებების დამცველი საზოგადოება „მანდილოსანი“ და პროპაგანდას უწევდა ხალხოსნურ იდეებს.

ტასია ერისთავი-ხოშტარიას ლიტერატურული დებიუტი შედგა 1885 წელს, როდესაც ჟურნალ „ნობათში“ დაიბეჭდა მისი თარგმნილი ოსური ლეგენდა „ბესო“, ხოლო მოგვიანებით, 1893 წელს, გაზეთ „კვალში“ აკაკი წერეთლის შუამდგომლობით გამოქვეყნდა მისი პირველი ორიგინალური მოთხრობა „ბატონებმა არ დაიწუნეს“. მას მალე მოჰყვა იმდროინდელი ქართული სოფლის რეალისტური სურათებით მდიდარი ნაწარმოებები, რ-ებშიც მწერალმა წამოჭრა სოფლად გამეფებული ცრუმორწმუნეობის, უმეცრების, გლეხთა დუხჭირი ცხოვრების, ქალთა დაბეჩავებული მდგომარეობის, სამღვდელოების უზნეობის მწვავე პრობლემები („ლაზარემ გადააჭარბა“, „კამისია“, „მიწა“, „ეკლესიის გარშემო“ და სხვ.). საკმაო წარმატება ხვდა წილად ერისთავ-ხოშტარიას პირველ რომანს „მოლიპულ გზაზე“, რომელიც 1896 წელს ჟურნალ „მოამბეში“. ქალთა უფლებებს ეძღვნება რომანი „ბედის ტრიალი“ (1901) და მოთხრობა „კერა“. ავტორია აგრეთვე საბავშვო მოთხრობებისა: „შეუბრალებელი“, „პატარა მკურნალი“, „ფელამუში“, „პატარა ნებიერი“ და სხვ.

საბჭოთა ოკუპაციის (1921) შემდეგ ერისთავ-ხოშტარია აქტიურ სამწერლობო მოღვაწეობას ჩამოშორდა და ძირითადად საკუთარი თხზულებების ახალი გამოცემებისთვის „პოლიტიკურად კორექტული“ წინასიტყვაობებით შემოიფარგლებოდა.[1] ერისთავ-ხოშტარიამ დიდად შეუწყო ხელი ქართულ ლიტერატურაში რომანის ჟანრის დამკვიდრებას. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

  • თხზულებანი, ტ. 1–3, თბ., 1952–1961.
  • ჭილაია ს., უახლესი ქართული მწერლობა, თბილისი, 1972.
  • ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994. — გვ. 137.
  1. Rayfield D., The Literature of Georgia: A History, 2nd ed,, Routledge, 2000. — გვ. 217.