ანანურის ნამგალაურების სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანანურის ნამგალაურების სახლიარქიტექტურული ძეგლი დგას დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანანურის ქვემო უბანში. აგებულია XlX საუკუნის ll ნახევარში. ნაწილობრივ სახეშეცვლილია (გადაკეთებულია აივანი, შესასვლელებისა და ფანჯრების ნაწილი და სხვა). სახლი ორსართულიანია (16,9 x 10,2 მეტრი), ნაშენია აგურით. l სართული სავაჭროა, მეორე საცხოვრებელი. l სართულის ქვეშ იდენტური გეგმის სარდაფია. სარდაფში ჩასასვლელი კიბე მთავარი (ჩრდილოეთის) ფასადის მხრიდანაა. ამ მხარეს სარდაფს ბრტყელი თაღით გადახურული ფართო შესასვლელი და ორი ფანჯარა აქვს, დასავლეთ კედელში კი - ორი თახჩა. l სართული სავაჭრო ოთახისა და საწყობისგან შედგება. სავაჭრო ქუჩის მხარესაა, ჩრდილოეთით. სწორკუთხა ბურჯზე დაყრდნობილი აგურის ორი თაღით იგი ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. ორივე ნაწილს ქუჩის მხარეს თითო კარი და ფანჯარა აქვს. სავაჭრო კარის უკავშირდება საწყობს, რომელიც მათ გამმიჯნავ კაპიტალურ კედელშია გაჭრილი. საწყობის მეორე შესასვლელი დასავლეთიდანაა. ll სართული საცხოვრებელია. ამ სართულს დასავლეთით და ჩრდილოეთით, მთელ სიგრძეზე, ხის გადახურული აივანი გასდევს. მთავარი ფასადის მხრიდან აივანს ხის ორმარშიანი კიბე ადგება. სართულზე ასასვლელი მეორე კიბე ზურგის (სამხრეთის) ყრუ კედელშია მოწყობილი. ამავე კედელშია სხვენზე ასასვლელი კიბეც, რომლის შესასვლელიც აივნიდანაა. ll სართული ორი, თითქმის თანაბარი ფართობის ოთახისაგან შედგება. მათგან ჩრდილოეთ ოთახის სამი კარი და ოთხი ფანჯარა აივანზე გამოდის; ერთი - აღმოსავლეთითაა. აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო ბუხარია. აღმოსავლეთით მდებარე ბუხრის მარცხენა მხარეს განიერი თახჩაა. მსგავსი თახჩაა დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ კიდეში. ოთახის შუაში დგას დედაბოძი, რომელსაც გადახურვის ხის კოჭი ეყრდნობა. დედაბოძს ქვის ბაზისი და რთულპროფილიანი კაპიტელი აქვს. სამხრეთ ოთახის დასავლეთ კედელში ორი ფანჯარაა, აღმოსავლეთ კედელში - ერთი. სამხრეთ კედელში მოზრდილი თახჩა და კარია. სხვენი ერთიანია. მის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო კარი და ორ-ორი ფანჯარაა. სართულშუა გადახურვა გამართულია ხის კოჭებზე. შენობის ფასადებიდან მხოლოდ მთავარია (ჩრდილოეთის) მორთული. l სართულზე სავაჭროს ორივე ნაწილის კარ-ფანჯარა ჩასმულია მცირე შეღრმავებაში, რომელიც კილისებრი თაღითაა დასრულებული. თაღის ქუსლები დაყრდნობილია ორსაფეხურიანი კაპიტელებით დაგვირგვინებულ ვიწრო პილასტრებზე. მსგავსი თითო პილასტრი აუყვება ფასადის ორივე კიდეს. პილასტრებს შორის არეებში თითო რომბში ჩასმული ვარდულია. ll სართულზე შესასვლელები და ფანჯრები ნახევარწრიული ფორმის სამსაფეხურიანი თაღებითაა მორთული, რომლებიც ანალოგიური პროფილის თაროს ეყრდნობა. აივანი დაყრდნობილია კაპიტელებით დასრულებულ ხის ოთხ სვეტზე, რომლებსაც ქვის ბაზისები აქვთ. მოაჯირი ფიცრითაა შევსებული. ფრონტონის არეში მოქცეული სხვენის კარ-ფანჯარა ჩასმულია ნალესობით გამოყვანილ სადა ჩარჩოში. ფრონტონი დაგვირგვინებულია თაროს, წრეთარგისა და ლილვისგან შედგენილი ლავგარდნით. შენობის სახურავი ორფერდაა. გამართულია ხის ნივნივებზე და დახურულია ღარიანი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]