ანანურის თეთრიგზის ნასოფლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანანურის თეთრიგზის ნასოფლარიარქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანანურის ახალი დასახლების ჩრდილო-დასავლეთით, 100 მეტრზე, ტყიანი მთის ფერდობზე. თარიღდება Xll-Xlll საუკუნეებით. 1985, 1988-1989 და 1991 წლებში გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). ძეგლი დაზიანდა ახალი მილსადენის გაყვანის დროს. ხელოვნურად მოსწორებულ, ქვის ღობით შემოსაზღვრულ პატარა ფართობზე შემორჩენილია ტერასულად განლაგებული საცხოვრებელი და სამეურნეო სათავსების (6 x 3,5 მეტრი; 6 x 1,9 მეტრი; 3,6 x 3,3 მეტრი; 3 x 2,7 მეტრი) ფრაგმენტები, ქვიშაქვის მშრალი წყობით ნაგებ კედელში აქა-იქ დატანებულია თახჩები. ზოგან კედელს მთელ სიგრძეზე გასდევს ქვით ნაწყობი დაბალი საფეხური - ტახტი. იატაკი მიწატკეპნილია ან ფილებითაა მოგებული. სათავსების შუაში კვადრატული და წრიული ფორმის ქვის კერაა. გადახურვა ბანურია. სამეურნეო დანიშნულების სათავსებში კირის ხსნარითა და ქვით ნაგები საწნახლები და ქვევრების ფრაგმენტებია. საცხოვრებელი კომპლექსის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, ეზოს გარეთ, გამოვლინდა ქვიშაქვით და ალიზის აგურით ნაგები ქურისა და სხვა სამეურნეო ნაგებობათა ნაშთები. განათხარი არქეოლოგიური მასალა (დერგების, ქოთნების, ბადიების, ხელადებისა და მოჭიქული ჯამების ფრაგმენტები) ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]