ამქრის საღვთო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამქრის საღვთო — ამქრობა, შეგირდის დალოცვა. იმართებოდა გაზაფხულზე, აღდგომის ორშაბათიდან ამაღლებამდე. საღვთოს იხდიდა ყველა ამქარი. ამქრის საღვთო ქალაქგარეთ, ორთაჭალის ბაღებში იმართებოდა.

ვაჭრული ამქრიდან ბაღი ჰქონდათ მიკიტნებსა და მეწვრილმანეებს, ხოლო ხელოსნებიდან — დურგლებსა და დერციკებს. ხარაზები ხოჯავანქთან ახლოს, ე. წ. „საქეიფო სახლებში“ იხდიდნენ საღვთოს. იგი იმართებოდა ხელობის დამაარსებელი მფარველის პატივსაცემად, ეძღვნებოდა ხელს, ხელობის სიმბოლოს. ამქრობისათვის წინასწარი სამზადისი ევალებოდა იგითბაშს — ამქრის შიკრიკს, რომელიც აუწყებდა მის წევრებს საღვთოს გამოცხადების თარიღს, უსტაბაში კი აგროვებდა „ფსონს“ (ამქრის ჩატარებისათვის საჭირო თანხა) ოსტატებსა და სარგლებს შორის. წვეულების დროს შეგირდებს ოსტატებისათვის საჩუქარი უნდა მიერთმიათ. უსტაბაშის სახელოსნოდან დილიდანვე ამქრის დროშა იყო გაშლილი, საღვთოს დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე უკრავდნენ ზურნას, შლიდნენ ხალიჩებს. მედროშე დროშას გამოიტანდა და მთელი ამქარი ქალაქგარეთ მიემართებოდა. შეგირდს გამოცდის მიზნით რაიმე უნდა დაემზადებინა, რასაც გამოცდილი ხელოსნები ამოწმებდნენ, შემდეგ უსტაბაში დალოცავდა შეგირდს და სამჯერ გააწნავდა სილას, რაც თითქოს მათ შორის არსებული უფროს-უმცროსობის ზღვრის წაშლის სიმბოლური გამოხატულება იყო. დალოცვის შემდეგ შეგირდს ჭრელ აბრეშუმის სარტყელს — ბაღდადს შემოარტყამდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]