ამქრის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამქრის დროშა — ხელოსანთა პროფესიული გაერთიანების - ამქრის - ერთ-ერთი ძირითადი ატრიბუტი. თითოეულ ამქარს ჰყავდა თავისი მფარველი წმინდანი, რომელიც შესაბამის სიმბოლოს წარმოადგენდა და დროშაზე ემბლემის - ფირის სახით იყო გამოხატული. მაგ: ხარაზების დროშაზე ილია წინასწარმეტყველი იყო გამოსახული, დაბღებისაზე - ღვთისმშობელი, ყასბებისაზე - მამა აბრამი ბატკნით, ხუროებისაზე - ნოეს კიდობანი, ბაზაზებისაზე - იობი, კალატოზებისაზე - დავით აღმაშენებელი, ბაყალთა დროშაზე - მიქაელ მთავარანგელოზი მახვილითა და სასწორით და სხვ. დროშების უმეტესობაზე მოხატული იყო ამქრის ხელოსნის სამუშაო იარაღი და მათ მიერ წარმოებული პროდუქცია. ამას გარდა, ყველა დროშას ქართული დროშებისათვის დამახასიათებელი ტრადიცია თემა - ურჩხულთან მებრძოლი წმინდა გიორგი ამშვენებდა. ამქრის დროშა წმინდა საგნად ითვლებოდა. იგი წელიწადში ერთხელ გაზაფხულზე (აღდგომის ორშაბათიდან ამაღლებამდე) ამქრის დღესასწაულზე - საღვთოს გადახდის დროს გამოჰქონდათ. ამისათვის ამქარს ჰყავდა მედროშე-მებაირაღე. ამქრის დროშის საგანგებო ყურადღებას აქცევდნენ - მის მდიდრულად გაფორმება შემკობას ცდილობდნენ. დროშის ალმები ძირითადად დამზადებული იყო წითელი ან ლურჯი აბრეშუმის ქსოვილისაგან. ოთხკუთხა ქსოვილის ალამი ერთი გვერდით დროშის ტარს ემაგრებოდა, მოპირდაპირე გვერდი კი სამად იყო დაკბილული და ოქრომკედის ფუნჯითა და ფოჩით დამშვენებული. ზოგჯერ დროშას სხვადასხვა ჯიშის ხის ნაწილებისაგან ასხმულ ძვირფას ტარს უკეთებდნენ. დროშის ტარის თავზე ჩამოგებული იყო შუბის წვერით, ჯვრით ან ბლაგვი მახვილით დაბოლოებული ვერცხლის ან ლითონის ოქროცურვილი ბუშტი. კარგი დროშა პატივს ჰმატებდა ამქარს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ., 291