ამფიტრიტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
053 Amfitrite, cascada del parc de la Ciutadella.JPG

ამფიტრიტე — ზღვათა დედოფალი. ზღვის ღვთაების, გრძნეული ნერევსის და დორიდეს ასული. პოსეიდონის მეუღლე რომლისგანაც ეყოლა ტრიტონი. ხატოვნად წარმოგვიდგენენ მითები ამფიტრიტეს ცხოვრებას: ზღვის ქალბატონი ზღვათა სიღრმეში აშენებულ ცისფერ სასახლეში ცხოვრობდა. ეს სასახლე გადახურული იყო ნიჟარებით, რომლებიც წყლის მოქცევისას იხსნებოდნენ და მათ წიაღში დაფარული მარგალიტებით ზღვა ნათდებოდა. ხოლო როდესაც ზვირთები მშვიდად ნებივრობდნენ, სასახლის ქარვის ფანჯრებიდან ძოწისფერი ყვავილივით მოჩანდა მზე.

ამფიტრიტესთან იკრიბებოდნენ ოკეანოსის ასულები, ხოლო ისინი სამი ათასი იყვნენ. როდესაც დები ზღვის ქალბატონის ეტლის გარშემო დაცურავდნენ, ზვირთები ისე ქაფდებოდნენ, გეგონებოდათ, ზეციური ყველა ღრუბელი ზღვად დაეშვაო. არ ივიწყებდნენ ამფიტრიტეს მისი დები, ნერეიდები. ისინი ხშირად მოცურავდნენ მასთან და სიმღერებით ართობდნენ, ხანაც საცეკვაოდ იწვევდნენ. თუ ამფიტრიტე არ ისურვებდა ცეკვას და სადმე ჩამოჯდებოდა, ისინი მის ფერხთით გაინაბებოდნენ და მწვანე თმებს ივარცხნიდნენ. მაშინ თავისი ბროლის სახლიდან გამოდიოდა მოხუცი ნერევსი და მოუთხრობდა მათ საოცარ ამბებს იმ დროზე, როდესაც ღმერთები ჯერ კიდევ არ იყვნენ სამყაროში. საიდანღაც ტრიტონებიც გამოჩნდებოდნენ, პოსეიდონის ნების აღმსრულებელი ეს თევზკაცა ღვთაებები, თავისი სიცელქით ნიმფებს რომ აფრთხობდნენ. ბოლოს პოსეიდონიც მობრძანდებოდა და საყვარელი მეუღლე მიჰყავდა ოლიმპოზე, იქ, სადაც უმაღლესი ღვთაებები იკრიბებოდნენ სანადიმოდ გაშლილ სუფრასთან.

ამფიტრიტეს ხელოვნების ნიმუშებზე წარმოსახავდნენ პოსეიდონის გვერდით მჯდომს ეტლზე, რომელშიც შებმულნი იყვნენ ტრიტონები. მას ხშირად ხელთ ეპყრა სამკაპი. ვარაუდობენ, რომ ამფიტრიტეს კულტი წინაბერძნული წარმომავლობის უნდა იყოს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]