ჭაბუა ამირეჯიბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ამირეჯიბი, ჭაბუა)
ჭაბუა ამირეჯიბი
დაბადების თარიღი 18 ნოემბერი, 1921(1921-11-18)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 12 დეკემბერი, 2013(2013-12-12)[1] (92 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონი
ფსევდონიმი ჭაბუა
საქმიანობა მწერალი და პოლიტიკოსი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ჟანრი ეპოპეა და დრამა
Magnum opus დათა თუთაშხია
ჯილდოები სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ვახტანგ გორგასლის ორდენი და ღირსების ორდენი
ხელმოწერა

მზეჭაბუკ (ჭაბუა) ირაკლის ძე ამირეჯიბი (დ. 18 ნოემბერი, 1921, თბილისი — გ. 12 დეკემბერი, 2013, თბილისი) — ქართველი მწერალი, XX საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, რომან „დათა თუთაშხიასა“ და რიგი ნაწარმოებების ავტორი. საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის (1979), საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1987), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიისა (1994) და საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1998), ქართული პენ ცენტრის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი საპატიო თავმჯდომარე, მსოფლიო წამყვან ინტელექტუალთა საზოგადოების წევრი, ნობელის პრემიის ნომინანტი (1996, 1999), თბილისის საპატიო მოქალაქე (2001), ღირსების ორდენის (2001), ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენებისა და წმიდა გიორგის ოქროს ორდენის კავალერი (2009).[2] 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ეროვნული თანხმობის და აღორძინების გაერთიანება“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭაბუა ამირეჯიბის დედა იყო მარიამ მიხეილის ასული ნაკაშიძე. აფხაზეთის, სამეგრელოს და გურიის მთავრებისა: შერვაშიძეების, დადიანების, გურიელებისა, მიქელაძეებისა და ნაკაშიძეების პირდაპირი შთამომავალი იყო. მწერლის მამა – ირაკლი გიორგის ძე ამირეჯიბი – ცნობილი ადვოკატი – ჩამომავალი ამირეჯიბებისა.

თავად მწერალი „ავტოინტერვიუში” აღნიშნავს:

ვიკიციტატა
„მამაჩემის თავადურ წარმოშობაზე თავად გვარი – ამირეჯიბი მიუთითებს. ეს საუკუნეების მანძილზე გვარად ქცეული მეფის სასახლის თანამდებობაა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის უფროსს რომ შეესატყვისება. თანამდებობა საგვარეულო იყო, მემკვიდრეობით გადაეცემოდა და ყოველი ოჯახი, რომელიც ამ გვარს ატარებდა, პირდაპირ მეტოქეობდა, რათა თავისი ოჯახიდან მოემზადებინა კანდიდატი. ულმობელი კონკურენცია იყო, ამიტომ ყველა კანდიდატი ღირსეულ განათლებას იღებდა როგორც საქართველოში, ასევე ბიზანტიაში – აქედან მოდის გვარის წარმომადგენელთა ტრადიციული განათლებულობა. ბოლო ასი წლის მანძილზე ერთადერთი „ხეპრე“ გვარში – თქვენი მონა-მორჩილია: ლიტერატურული ფაკულტეტის სამი კურსი მაქვს დამთავრებული. მესამე კურსზე უკვე მწერალთა კავშირის წევრი ვიყავი, ვიბეჭდებოდი და სწავლა მივატოვე.“

თბილისის 46-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ შედის ამიერკავკასიის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკუმის რადიოფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1938 წელს, მესამე რანგის სამხედრო რადიოტექნიკოსის დამატებითი წოდებით. მომდევნო წელს მისაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ მწერალი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიულ ფაკულტეტზე. ერთი წლის შემდეგ კი გადავიდა ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

მეორე მსოფლიო ომში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941 წლის 23 ივნისს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან მეორე დღეს, პირდაპირ კალათბურთის მოედნიდან მიჰყავთ ჯარში (შემდგომში „ბანაკიდანაც“ კალათბურთის მოედნიდან გაათავისუფლებენ). თავდაპირველად ჭაბუა ამირეჯიბი მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო-საჰაერო ძალების 203-ე ცალკე ასეულის რადისტ-ტელეგრაფისტად, შემდეგ კი გროზნოს (ჩეჩნეთი) აეროდრომის 26-ე ავიადივიზიის რადიოსადგურის უფროსად, საიდანაც მოკლე ხანში დაითხოვენ მისი მშობლების (რეპრესირებული) და პოლიტემიგრანტი ნათესავების გამო. მწერლის მამა 1938 წელს დახვრიტეს, დედა გადაასახლეს, ხოლო ემიგრაციაშია ბიძამისი – პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე, 1924 წლის აჯანყების პარიტეტული კომიტეტის წევრი, პოლიტიკურ დარგში ქაქუცა ჩოლოყაშვილის მოადგილე შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი იყო.

მწერლის სამხედრო კარიერა გაგრძელდა საინტენდანტო სამსახურში, რომელშიც გადასვლაში მას დაეხმარა შორეული ნათესავი, ჩრდილო კავკასიის ფრონტის ფინანსური სამმართველოს უფროსი.

იმ დროს სპარსეთის ყურედან ირანის გავლით ამიერკავკასიაში მოკავშირეთა სამხედრო დახმარება იგზავნებოდა – ავტომანქანები, შეიარაღება, ამუნიცია და თეთრი ლობიო. მწერალი ერთ-ერთი კოლონის მეთაურის მოადგილის თანამდებობას იკავებს. მშობლებისა და ნათესავების პიროვნების გარკვევის შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბი სამხედრო სამსახურიდან გაათავუსფლეს. მწერალი თბილისში ბრუნდება და უნივერსიტეტის მეორე კურსზე განაგრძობს სწავლას.

დაკავება და სასამართლო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1943 წელს, უნივერსიტეტში სწავლისას, მწერალი ხდება „საქართველოში საბჭოთა წყობილების დასამხობად შეიარაღებული აჯანყების მზადების“ საქმის მონაწილე. ორგანიზაციას, რომელში წევრობისთვისაც მწერალი დააკავეს, „თეთრი გიორგი“ ერქვა. 1944 წლის აპრილში მწერალს მიესაჯა 25 წლის პატიმრობა. პროკურორის მიერ განაჩენის გასაჩივრების შემდეგ მოსამართლემ ის ლმობიერად ჩათვალა და შეიცვალა უმაღლესი ზომით – დახვრეტით.

სამი თვე მწერალმა სიკვდილმისჯილთა საკანში გაატარა, სადაც ფრანსუა ვიიონს იხსენებს.

თავისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციხიდან განთავისუფლების შემდეგ ჭაბუა ამირეჯიბი ოჯახური პრობლემების წინაშე დადგა. მწერლის დედა დაბრუნდა სხვადასხვა ბანაკში 10 წლიანი ყოფნის შემდეგ, მისი უმცროსი და ნათია ამირეჯიბი დეიდებთან იზრდებოდა. მწერლის უფროსი და, როდამი მოსკოვში ცხოვრობდა და ჯერ მიხაილ სვეტლოვის ცოლი იყო, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ - ფიზიკოს ბრუნო პონტეკორვოს გაჰყვა ცოლად. ამ პერიოდის შესახებ ოტია პაჭკორია შექმნის ლიტერატურულ პორტრეტს „ჭაბუა და ბრუნო“. მწერლის და როდამი მეორე ქმრის სიკვდილის შემდეგ თბილისში დაბრუნდა, სადაც 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. როდამ ამირეჯიბი პატრონობდა დედასა და ჭაბუას პატიმართა ბანაკებში და მარტოდდარჩენილ უმცორს დას, ნათიას უვლიდა.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭაბუა ამირეჯიბს ჰყავდა ექვსი შვილი სხვადასხვა ცოლისგან. მიაჩნდა, რომ „ეს ბანაკებსა და თავისუფლებას შორის მიმოქცევის შედეგია, მაგრამ ღმერთმა იმით დააჯილდოვა, 40 წლის განმავლობაში, ნამდვილ მეუღლესთან, პოეტ თამარ ჯავახიშვილთან ერთად ცხოვრობს სრულ თანხმობაში“.

უფროსი ქალიშვილი მანანა ამირეჯიბი მამის მსგავსად მოთხრობებს წერს. მომდევნო ქალიშვილი იურისტი გახდა და რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოში მუშაობდა.

მწერლის უფროსი ვაჟი ირაკლი ამირეჯიბი აფხაზეთის ომში იბრძოდა, სადაც დაიღუპა. მწერლის მეორე ვაჟი, ლაშა ამირეჯიბი მოქანდაკე და აფხაზეთის ომის ვეტერანია. მესამე ვაჟი - ქუცნა ამირეჯიბი – დოკუმენტური ფილმების რეჟისორ-ოპერატორია და მამამისზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ავტორი. მწერლის მეოთხე ვაჟი - შალვა ამირეჯიბი – განათლებით ბიოლოგია და აფხაზეთის ომის ვეტერანია. დარჩა ცხრა შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი.

ბერად აღკვეცა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის 15 ოქტომბერს ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. მწერლის ფიზიკური მდგომარეობის გამო ბერად აღკვეცის წესი ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ მისსავე სახლში, თამარაშვილის გამზ. №8-ში შეასრულა. ამ საიდუმლოს მწერლის მოძღვარი დეკანოზი, მამა ტარიელ სიკინჭილაშვილიც ესწრებოდა. როგორც მეუფე სერაფიმემ, საიდუმლოს შესრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით ჭაბუა ამირეჯიბს ბერი დავითი ეწოდა, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელი. ბერ დავითს, კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, წერის გაგრძელება შეუძლია, თუკი მას ამის სურვილი ექნება. წესის შესრულების შემდეგ, ბერ დავითს ბერული სამოსელი, სკვნილი გადასცეს და ერზე, სამშობლოზე ლოცვის კურთხევა მისცეს. მეუფე სერაფიმეს განცხადებით, ჭაბუა ამირეჯიბმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდი პიროვნებაა და ეკლესიას მისი ბერად აღკვეცის ფაქტი მიულოცა.[3][4]

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭაბუა ამირეჯიბი 2013 წლის 12 დეკემბერს, 92 წლის ასაკში, საკუთარ სახლში, თამარაშვილის ქუჩაზე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.[5] დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.[6]

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატარაობისას წერდა ლექსებს და მოთხრობებს. დაახლოებით ოციდან ორმოც წლამდე არაფერი დაუწერია, ბანაკებში ჭკუაში არ მოსდიოდათ ამისთანა საქმიანობა. პატიმრობის შემდეგ სერიოზულად წერს.

პირველი მოთხრობა „რატომ არ დამაცადე“ გამოაქვეყნა 1960 წელს („მნათობი“, № 1).

ჭაბუა ამირეჯიბს ეკუთვნის მოთხრობათა კრებულები: „გზა“ (1962), „ძია შოთას ბადია“ (1965), არაკების კრებული „თაფლის წვეთი“ (1968), კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, სცენარები, სტატიები კინემატოგრაფიის საკითხებზე.

რომანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთხრობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გზა 1962
  • მოთხრობები „ჩემი მეჯღანე ბიძა“ (მოთხრობების კრებული, 1963)
  • „ხარის აღსარება“ (მოთხრობების კრებული,1964)
  • „გიორგი ბურდული“ (ნოველა, 1965)
  • ძია შოთას ბადია 1968
  • არაკების კრებული 1968

პრემიები და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://rustavi2.com/news/includes/get_news_print.php?id_news
  2. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (2012). საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — ჭაბუა ამირეჯიბი — საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. nplg.gov.ge. წაკითხვის თარიღი: 26 ნოემბერი, 2018.
  3. რადიო თავისუფლება (18 ოქტომბერი, 2010). ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა — მწერალ ჭაბუა ამირეჯიბს გუშინ ბერად აღკვეცის ლოცვა ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ სახლში წაუკითხა, რადგან ავადმყოფობის გამო მწერალს გადაადგილება უჭირს. ცერემონიის შემდეგ მეუფე სერაფიმემ ჟურნალისტებს ამცნო, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ჭაბუა ამირეჯიბს ბერი დავითი, წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის სახელი ეწოდა. radiotavisupleba.ge. წაკითხვის თარიღი: 26 ნოემბერი, 2018.
  4. „კვირის პალიტრა“ (18 ოქტომბერი, 2010). ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა — ჭაბუა ამირეჯიბს ბერი დავითი, წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელი ეწოდა. მას მეუფე სერაფიმემ წესის შესრულების შემდეგ ბერული სამოსელი, სკვნილი გადასცა და ერზე, სამშობლოზე ლოცვის კურთხევა მისცა. kvirispalitra.ge. წაკითხვის თარიღი: 26 ნოემბერი, 2018.
  5. „ჭაბუა ამირეჯიბი გარდაიცვალა“. Tabula.ge. 13 დეკემბერი, 2013. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  6. „ჭაბუა ამირეჯიბი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს“. Interpressnews.ge. 17 დეკემბერი, 2013. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  7. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უწყებები 1987. №6. გვ. 17.