სიმონ ამირეჯიბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ამირეჯიბი, სიმონ)
Jump to navigation Jump to search

სიმონ სარდიონის ძე ამირეჯიბი (დ. 19 აგვისტო [ ძვ. სტ. 6 აგვისტო], 1877, სოფ. საღოლაშენი, ახლანდელი ქარელის რაიონი — გ. 24 ოქტომბერი, 1936, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, ბაქტერიოლოგიისა და ჰიგიენის ფუძემდებელი საქართველოში, პროფესორი (1919).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1903 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. ჯერ კიდევ II კურსის სტუდენტმა ხორცის ექსტრაქტში აღმოაჩინა ახალი ნივთიერება კარნიზონი. 1907-1919 წლებში იყო ხარკოვის სამედიცინო საზოგადოების შრატებისა და ვაქცინების განყოფილების, ხოლო 1915-1919 ბაქტერიოლოგიური განყოფილების გამგე. 1919 წელს საქართველოში დაბრუნდა. ამირეჯიბი იყო თსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტის ერთ-ერთი ორგანიზატორი (1919), დააარსა ბაქტერიოლოგიის (1919) და ზოგადი ჰიგიენის (1920) კათედრები ამ ფაკულტეტზე, მიკრობიოლოგიის კათედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტზე (1919). ამირეჯიბი თბილისის სანიტარული ჰიგიენის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი დირექტორი იყო (1926-1933). მისივე თაოსნობით დაიწყო (1919) საქართველოში ვაქცინებისა და შრატების წარმოება. მან შეისწავლა თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების წყალსადენების სანიტარიის, მტკვრის გაბინძურების და თვითგაწმენდის საკითხები, მუშაობის სანჰიგიენური პირობები ჭიათურის მაღაროებში, აგრეთვე შავი ზღვის მიკროპლანქტონი და სხვა. შეადგინა სამედიცინო მიკრობიოლოგიის პირველი ქართული სახელმძღვანელო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ამირეჯიბი სიმონ სარდიონის ძე.- ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 134-135, თბილისი, 1997