ამირან გოგოლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამირან გოგოლაძე
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი ამირან გოგოლაძე
მეტსახელ(ებ)ი The Sniper (სნაიპერი)
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 9 დეკემბერი, 1997 (1997-12-09) (26 წლის)
დაბ. ადგილი ბორჯომი
სიმაღლე 188 სმ
წონა 77 კგ
სპორტი
ქვეყანა საქართველო
სახეობა შერეული საბრძოლო ხელოვნება
გუნდი 13 LEGION (მე-13 ლეგიონი)
მწვრთნელი მიხეილ მესხი

ამირან გოგოლაძე (დ. 9 დეკემბერი, 1997, ბორჯომი) — ქართველი სპორტსმენი, შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი. ასპარეზობს ქვესაშუალო წონაში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამირან გოგოლაძე 1997 წლის 9 დეკემბერს, ბორჯომში დაიბადა, თუმცა ახალციხეში გაიზარდა და პროფესიონალ სპორტსმენად სწორედ ამ ქალაქში ჩამოყალიბდა, სადაც 23 წლამდე ცხოვრობდა. 2021 წელს, მან საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და ახლა საქართველოს დედაქალაქ თბილისში ცხოვრობს და ვარჯიშობს.

გოგოლაძემ კარიერა 2014 წელს დაიწყო და პირველი საერთაშორისო ორთაბრძოლა იმავე წლის ოქტომბერში მოიგო. ამის შემდეგ, ჩაატარა 8 სამოყვარულო ორთაბრძოლა საერთაშორისო ტურნირზე, საიდანაც რვავეში გაიმარჯვა.

2016 წელს საერთაშორისო გრეპლინგის ტურნირზე იასპარეზა, რომელიც მისი გამარჯვებით დასრულდა. ამავე წელს, უშუ სანდას ტურნირის გამარჯვებული გახდა.

2017 წელს, ამირან გოგოლაძემ პროფესიონალურ დონეზე, პირველი საერთაშორისო ორთაბრძოლა მოიგო. ჩინეთში, ორგანიზაცია WFL-ში, ვანგ ჰენგი 57 წამში, ნოკაუტით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სპორტსმენმა ეს ორთაბრძოლა მოტეხილი ხელით მოიგო.

იმავე წლის მარტში, გოგოლაძემ კარიერაში პირველი მარცხი განიცადა. კერძოდ, 2017 წლის 25 მარტს, ყირგიზეთში, ადგილობრივმა აკტილეკ ჯუმაბეკმა იგი მსაჯთა უმრავლესობის (Majority Decision) გადაწყვეტილებით დაამარცხა.

ამირან გოგოლაძე ერთ-ერთი ბრძოლის გამარჯვების შემდეგ

ამის შემდეგ, ამირან გოგოლაძემ კარიერა ორგანიზაცია M-1 Global-ში გააგრძელა, სადაც ერთი წელი დაჰყო, ოთხჯერ იბრძოლა და ოთხივე დაპირისპირება მისი გამარჯვებით დასრულდა. 2018 წლის ნოემბერში, M-1 Global-ში, ფინელ იუჰო ვალამაასთან გამართული ორთაბრძოლა 10 წამში, გოგოლაძის გამარჯვებით დასრულდა. ეს გამარჯვება M-1 Global-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ნოკაუტი გახდა.[1]

2018 წელს, ორგანიზაცია გაკოტრდა, ქართველმა მებრძოლმა კი ორწლიანი პაუზის შემდეგ, 2020 წელს, კარიერა გერმანიაში, კერძოდ, ორგანიზაცია EMC-ში გააგრძელა. გერმანულ პრომოუშენში გოგოლაძემ ორი ორთაბრძოლა ჩაატარა და ორივე ნოკაუტით მოიგო. ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ, მას საჩემპიონო ორთაბრძოლა UFC-ის ყოფილი მებრძოლის, ისმაილ ნაურდიევის წინააღმდეგ უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ნაურდიევმა ბრძოლის წინ ტრავმა მიიღო და დაპირისპირება აღარ შედგა.

2020 წლის ბოლოს, გოგოლაძემ EMC დატოვა და 2021 წლის ზაფხულში, ერთი ორთაბრძოლა აბუ-დაბიში, ორგანიზაცია UAE Warriors-ში ჩაატარა, სადაც კარიერაში მეორედ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (Unanimous Decision) ბრაზილიელი ჰანდესონ ფერეირას წინააღმდეგ დამარცხდა. ამ დაპირისპირებაში, გოგოლაძემ მოტეხილი ნეკნებით იბრძოლა და სამრაუნდიან ბრძოლაში დამარცხდა.

იმავე წლის ნოემბერში, ამირან გოგოლაძემ საქართველოში, კერძოდ, ორგანიზაცია GFC-ში იასპარეზა და პირველივე რაუნდში, ირანელი მეტოქე ალირეზა შარიათი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. 2022 წლის თებერვალში, გოგოლაძემ ამავე ორგანიზაციაში მეორედ იბრძოლა და თურქ მურათ ქემერს 15 წამში, ტექნიკური ნოკაუტით სძლია, რაც მის კარიერაში მეორე ყველაზე სწრაფი ნოკაუტია.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შედეგი შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში: 13 გამარჯვება (7 ნოკაუტით, 3 მტკივნეულით, 2 მსაჯების გადაწყვეტილებით) და 2 მარცხი (ორივე მსაჯების გადაწყვეტილებით).
  • M-1 Global-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ნოკაუტის ავტორი (10 წამში, იუჰო ვალამაას წინააღმდეგ, 2018 წ.).
  • გრეპლინგის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული (2016 წ.).
  • სამოყვარულო MMA-ს საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული (2014 წ.).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]