შალვა ამირანაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ამირანაშვილი, შალვა)
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამირანაშვილი.

შალვა იასონის ძე ამირანაშვილი (დ. 26 მარტი, 1899, ონი — გ. 9 თებერვალი, 1975, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, ხელოვნებათმცოდნე. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის (ამჟამად რუსეთის მეცნიერებათა აკადემია) წევრ-კორესპონდენტი (1943), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკამედიკოსი (1955), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1959), პროფესორი (1936), სსრკ მუზეუმების ეროვნული კომიტეტისა და მეუზეუმების საერთაშორისო საბჭოს წევრი (1957). საქართველოს სსრ VI და VII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1917 წელს ფოთის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა ახლად გახსნილ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილისა და გიორგი ჩუბინაშვილის ხელმძღვანელობით შეუდგა ხელოვნებათმცოდნეობის შესწავლას, განსაკუთრებით დაინტერესდა კედლის მხატვრობით, რომელიც შემდეგ აისახა მის შემაჯამებელ ნაშრომში „ქართული კედლის მხატვრობის ისტორია“. გარდა ამისა მეცნიერმა საყურადღებო გამოკვლევები მიუძღვნა ქართული ოქრომჭედლობის, დასურათებული ხელნაწერების, ტიხრული მინანქრების საკითხებს. მისი მრავალმხრივი და დაუცხრომელი მეცნიერული კვლევის შედეგია ჭეშმარიტად კაპიტალური ნაშრომი „ქართული ხელოვნების ისტორია“. მონოგრაფიაში პირველად არის გადმოცემული ქართული კულტურის განვითარების მთლიანი სურათი უძველესი დროიდან მეოცე საუკუნემდე.

1922 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი (თსუ-ის პირველი გამოშვება). 1923–1925 წლებში მუშაობდა მოსკოვსა და ლენინგრადში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-სა და სამხატვრო აკადემიაში. თსუ-ს ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე (1925-იდან), 1939–1975 წლებში საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი იყო.

ამირანაშვილი ქართული ხელოვნების ისტორიის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი იყო საქართველოში. იგი ითვლება აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილის ერთ-ერთ უახლოეს მოწაფედ. მისი განმაზოგადებელი ნაშრომები ხელოვნების აქტუალურ საკითხებს ეხება. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ძეგლთა დაცვისა და შეგროვების საქმეში. 2001 წელს მისი პირადი ბიბლიოთეკა და ნივთები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადაეცა.[1] დაჯილდოვდა ლენინის ორდენით, სამი სხვა ორდენითა და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. შალვა ამირანაშვილის კაბინეტი. /ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საიტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]