ამზარის წმინდა ელიას ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამზარის წმინდა ელიას ეკლესია — ეკლესია სოფელ ამზარაში, სოხუმის მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო. ეკლესია აგებულია 1910 წელს.

ეკლესია დარბაზულია, შვერილი ნახევარწრიული აფსიდით. აგებულია კარგად თლილი სხვადასხვა ზომის კირქვით. წყობა თარაზულია. დასავლეთ კედლის ფრონტონში, ბარელიეფური ჯვრის თავზე არის თარიღიანი ქვა — 1910. დარბაზში ორი შესასვლელი იყო — დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ამჟამად დასავლეთი კარი ამოშენებულია. სამხრეთ კარის ორსავე მხარეს და მათ მოპირდაპირედ ჩრდილოეთ კედელში ორ-ორი ნაოთხალი და თაღოვანი სარკმელია. დარბაზი გეგმაში წაგრძელებული სწორკუთხედია. იატაკი ხისაა. საკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურით ამაღლებულია. აბსიდი ნახევარწრიულია, რომლის ცენტრში გაჭრილია ერთი თაღოვანი სარკმელი. ეკლესია გადახურულია ხის კონსტრუქციის ორფერდა სახურავით. სახურავი თუნუქისაა. XX საუკუნის 70-80-იან წლებში აქ განთავსებული იყო სოფლის დაწყებითი სკოლა.

ამჟამად ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ეკლესიის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება შეუძლებელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Воронов Ю. Н. В мире архитектурных памятников Абхазии, М., 1978

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]