ამერიკული ჩორთმავალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამერიკული ჩორთმავალი

ამერიკული ჩორთმავალი (ინგლ. Standardbred) — მსუბუქი შესაბმელი (უპირატესად სპორტული) ცხენის ჯიში. გამოყვანილია აშშ-ში XIX საუკუნის შუახანებში რთული საახალჯიშე შეჯვარებით. ჯიშის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდნენ ხალასსისხლიანი საჯდომი ცხენი, ნორფოლკური და ჰოლანდიული ჩორთმავლები, აგრეთვე სხვადასხვა წარმოშობის იორღა ცხენები. აშშ-ში ეს ჯიში სტანდარტულად არის აღიარებული. ამერიკული ჩორთმავალი კარგი მოაყვანილობის და მკვრივი კონსტრუქციისაა. ფერად ქურანა, რახსი, შავი, ზოგჯერ ლურჯა და თაფლა. სიმაღლე მინდაოში 153-157 სმ, ტანის ირიბი სიგრძე — 154-158 სმ, გულმკერდის ირგვლივი ზომა — 170-185 სმ, ნებისა — 18-20 სმ, ცოცხალი მასა — 360-450 კგ.

ამერიკული ჩორთმავალს ეკუთვნის მსოფლიო რეკორდი სისწრაფეში 1 მილზე (1609 მ-ზე): ჩორთით 1 წთ 55,25 წმ, იორღით - 1 წთ 53,6 წმ. აშენებენ აშშ-ში, კანადაში, იტალიაში, შვედეთსა და სხვა ქვეყნებში. რუსეთში XIX საუკუნის ბოლოს არის შეყვანილი და ორლოვის ჩორთმავალთან მისი შეჯვარებით გამოყვანილია რუსული ჩორთმავალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]