ამერიკელ განმანათლებელთა პოლიტიკური ესეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამერიკელ განმანათლებელთა პოლიტიკური ესეები — თვალსაჩინო ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწეებისა და განმანათლებლების - ბენჯამინ ფრანკლინის, ჯონ ადამსის, ტომას ჯეფერსონის, ჯეიმზ უილსონის, ბენჯამინ რაშის - საყოველთაოდ განთქმული პოლიტიკური ესეების პირველ ქართულ თარგმანს წარმოადგენს. ეს ესეები ამერიკის შეერთებული შტატების დაფუძნების პერიოდს განეკუთვნება; ამდენად, მათში ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტიებია ასახული, რომელიც კვალად სდევდა ახალი სახელმწიფოს დაფუძნების რთულ საქმეს. ავტორები დაწვრილებით აღწერენ იმ მრავალ სიძნელესა თუ დაბრკოლებას, რომელთა გადალახვაც, დამოუკიდებლობისათვის თავგანწირულ ბრძოლაში, ახალგაზრდა ამერიკელ ერს მოუწია. აქვე მოცემულია ახალი სახელმწიფოს პოლიტიკური და სამოქალაქო ინსტიტუტების თავისებურებათა ორიგინალური ანალიზიც. წიგნი 2013 წელს, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, გამოიცა. მთარგმნელი: გიორგი ხუროშვილი. რედაქტორები: თენგიზ ირემაძე, ლალი ზაქარაძე, გიორგი თავაძე.



წიგნში თავმოყრილი ესეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბენჯამინ ფრანკლინი - კავშირის შესახებ ოლბენის გეგმის მიზეზები და მოტივები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1754 წელს ქ. ოლბენში (ნიუ-იორკის შტატი) ცამეტიდან შვიდი ამერიკული კოლონიის (კონეკტიკუტი, მერილენდი, მასაჩუსეტსი, ნიუ ჰემფშირი, ნიუ იორკი, პენსილვანია და როდ აილენდი) წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ ოლბენის კონგრესზე. კონგრესი 19 ივნისიდან 11 ივლისამდე გაგრძელდა. კონგრესზე კოლონიების წარმომადგენლები განიხილავდნენ ინდიელებთან არსებულ ურთიერთობებს და ფრანგების წინააღმდეგ ერთობლივად განსახორციელებელ ქმედებებთან დაკავშირებულ საკითხებს. კონგრესზე დიდი დრო დაეთმო ბენჯამინ ფრანკლინის მიერ შემუშავებული ოლბენის გეგმის განხილვას, რომელიც მიზნად ისახავდა კოლონიებში ერთიანი მთავრობის ჩამოყალიბებას. საბოლოო ჯამში, კონგრესმა მიიღო გეგმა, თუმცა ის უარყოფილ იქნა კოლონიების საკანონმდებლო ხელისუფლებების და ბრიტანეთის სამეფო ტახტის მიერ. ოლბენის გეგმა მნიშვნელოვანი დოკუმენტია აშშ-ის ისტორიაში. ეს იყო პირველი სერიოზული მცდელობა კოლონიებში ერთობლივი ხელისუფლების ჩამოყალიბებისათვის, მიმართული იმ პარტიკულარიზმის დასაძლევად, რომელიც აფერხებდა კოლონიების გაერთიანებას. ოლბენის გეგმამ გავლენა მოახდინა ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებზე, როგორებიცაა კონფედერაციის მუხლები (1777 წ.) და ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია (1787წ.).

ჯონ ადამსი - ნაშრომი საეკლესიო და ფეოდალური სამართლის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაშრომი საეკლესიო და ფეოდალური სამართლის შესახებ ადამსმა ანონიმურად გამოაქვეყნა ბოსტონის გაზეთში 1765 წლის აგვისტოში. თავის წერილში ადამსი მკვეთრად დაუპირისპირდა ინგლისის პოლიტიკას, რომელიც ამერიკული კოლონიების მაცხოვრებლებს მათ ძირითად უფლებებს უზღუდავდა და ართმევდა. ადამსი მიიჩნევდა, რომ კოლონიების მაცხოვრებლები იგივე უფლებებითა და თავისუფლებებით უნდა სარგებლობდნენ, როგორც ინგლისის მოქალაქეები.

თომას ჯეფერსონი - ბრიტანული ამერიკის უფლებათა შემაჯამებელი მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანული ამერიკის უფლებათა შემაჯამებელი მიმოხილვა ჯეფერსონმა 1774 წელს დაწერა იმ დელეგატებისათვის ვირჯინიის კოლონიიდან, რომლებიც პირველ კონტინენტურ კონგრესს უნდა დასწრებოდნენ ქ. ფილადელფიაში, პენსილვანიის კოლონიაში. ვირჯინიის ყრილობამ, რომელიც კონტინენტურ კონგრესამდე გაიმართა, უფრო ზომიერი პოზიცია დაიკავა, ვიდრე ეს ჯეფერსონს ჰქონდა. ჯეფერსონმა, ავადმყოფობის გამო, ვერ შეძლო, დასწრებოდა ვირჯინიის ყრილობას. თუმცა, მეგობრებმა მისი პამფლეტი გამოსცეს და მას გაეცნენ როგორც ფილადელფიასა და ნიუ-იორკში, ასევე ლონდონშიც. პამფლეტის მკვეთრმა ტონმა ჯეფერსონს რადიკალური პოლიტიკური მწერლის სტატუსი დაუმკვიდრა.

ჯეიმზ უილსონი - ინდივიდთა ბუნებითი უფლებების შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უილსონის ლექციები სამართლის შესახებ მისი გარდაცვალების შემდეგ, 1804 წელს, მისმა ვაჟმა, ბერდ უილსონმა გამოაქვეყნა. ინდივიდთა ბუნებითი უფლებების შესახებ აღნიშნული ლექციების მეორე ნაწილის XII თავს წარმოადგენს.

ბენჯამინ რაში - გამოკვლევა მკვლელობის გამო სიკვდილით დასჯის შესატყვისობის შესახებ გონებასა და გამოცხადებასთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1787 წელს რაშმა ბენჯამინ ფრანკლინის სახლში წაიკითხა მოხსენება ამერიკის სისხლის სამართლის სისტემის რეფორმირების შესახებ. რაში მიიჩნევდა, რომ საჭირო იყო პენიტენციალური სისტემის ისეთი რეფორმირება, რომლის შედეგად ციხე მხოლოდ ის ადგილი კი არ იქნებოდა, სადაც დამნაშავე სასჯელს იხდის, არამედ სადაც იგი საზოგადოებისათვის სასარგებლო წევრად გარდაიქმნება. ამ საკითხის და, ასევე, სიკვდილით დასჯის შესახებ რაშმა ორი ნაშრომი გამოაქვეყნა. გამოკვლევა მკვლელობის გამო სიკვდილით დასჯის შესატყვისობის შესახებ გონებასა და გამოცხადებასთან რაშის განაზრებების საბოლოო ვერსიაა, რომელიც 1798 წელს გამოქვეყნდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]