შინაარსზე გადასვლა

ამბუაზის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამბუაზის ციხესიმაგრე, ენდრი და ლუარა, საფრანგეთი.

ამბუაზის ციხესიმაგრე (ფრანგ. Château d'Amboise) — ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსი საფრანგეთში. იგი აღმართულია მდინარე ლუარის თავზე, ქალაქ ამბუაზში, ენდრი და ლუარის დეპარტამენტში. ეს არის ლუარის ერთ-ერთი ციხესიმაგრე, რომელიც 2000 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიას განეკუთვნება, როგორც „ლუარის ხეობის ნაწილი სული-სიურ-ლუარიდან შალონამდე“.[1]

პირველი სიმაგრეები ციხესიმაგრის ადგილზე ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე გაჩნდა. ამ მაღლობზე არსებული პირველი ციხესიმაგრე რომაელმა ლეგიონერებმა და თავად იულიუს კეისარმა აღნიშნეს. ამბუაზის ციხესიმაგრის პირველი მფლობელი ანჟუს გრაფი ფულკ ნერა იყო. შუა საუკუნეებში ქალაქს ამბუაზების ძლიერი საგვარეულო ფლობდა, რომელიც აქედან მდინარე ლუარაზე არსებულ მნიშვნელოვან ფონს აკონტროლებდა. ამბუაზისთვის ლოკალური ომები მიმდინარეობდა ანჟუს ჰერცოგსა და ბლუას გრაფს შორის. 1430-იანი წლების დასაწყისში ციხესიმაგრის მფლობელს ბრალი დასდეს მეფის წინააღმდეგ შეთქმულებაში, მისი მფლობელობა კი ხაზინას გადაეცა. ციხესიმაგრეს მრავალი თავდაცვითი ნაგებობა ჰქონდა და იგი არაერთხელ გადაკეთდა.

ციხესიმაგრის საერთო ხედი მდინარე ლუარადან

ამჟამინდელი სამსართულიანი ციხესიმაგრე, რომელსაც გვერდებზე გიგანტური კოშკები აქვს, 1492 წელს შარლ VIII-ის ნებით აშენდა, რომელიც ამბუაზში დაიბადა და აქვე გარდაიცვალა. შარლ VIII-მ გადაწყვიტა შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ფრანგული გოტიკის სტილისა და აღორძინების ელემენტების მქონე სასახლედ ექცია. მის მიერ სამუშაოების დასასრულებლად მოწვეულმა იტალიელებმა, დომენიკო და კორტონამ და ფრა ჯოკონდომ, პირველებმა შემოიტანეს საფრანგეთში რენესანსის არქიტექტურა. ჩვენს დრომდე შემორჩენილი წმინდა ჰუბერტის სამლოცველო მისი სასახლისა და არქიტექტურული კომპლექსის ნაწილი იყო და გოტიკურ სასახლეს სპეციალური გალერეით უკავშირდებოდა. სწორედ ამ გალერეაში მოხდა უბედური შემთხვევა, რამაც შარლ VIII-ის გარდაცვალება გამოიწვია მას შემდეგ, რაც მან თავი კარის ზღუდარს ჩამოარტყა.

მოგვიანებით, ეს „უბედური“ გალერეა დაინგრა, ისევე როგორც მის გარშემო არსებული თხრილები, თუმცა სამლოცველო შენარჩუნდა და მოგვიანებით ლეონარდო და ვინჩის ნეშტის გადასასვენებელ ადგილად იქცა. ასევე დაინგრა ძველი ნაგებობები, რომელთა ადგილზეც ამჟამად ბაღებია გაშენებული. ითვლება, რომ იტალიის ფარგლებს გარეთ პირველი რეგულარული ბაღი სწორედ ამბუაზში გაშენდა.

სამლოცველო, სადაც სავარაუდოდ ლეონარდო და ვინჩია დაკრძალული.

ფრანსუა I ამბუაზის ციხესიმაგრეში გაიზარდა, რომელიც მის დედას, ლუიზა სავოიელს ეკუთვნოდა. მას ამბუაზი უფრო მეტად უყვარდა, ვიდრე თავისი წინამორბედის, ლუი XII-ის რეზიდენცია ბლუაში. 1515 წელს მან კლო-ლიუსეს მამულში (რომელიც ციხესიმაგრეს მიწისქვეშა გვირაბით უკავშირდებოდა) ლეონარდო და ვინჩი დაასახლა. სწორედ აქ დაასრულა მან „ჯოკონდა“ და აქვე გარდაიცვალა 1519 წელს. მხატვარი დაკრძალეს სენ-ფლორენტინის კოლეგიალურ ეკლესიაში, რომელიც 1811 წელს დაანგრიეს. 1863 წელს, არქეოლოგიური გათხრებისას, აღმოაჩინეს ნეშტი, რომელიც, როგორც მიჩნეულია, ლეონარდო და ვინჩის ეკუთვნის. 1874 წელს ეს ნეშტი ციხესიმაგრის წმინდა ჰუბერტის სამლოცველოში (აშენების წლები: 1491-1496) გადაასვენეს.

ფრანსუა I-ის გარდაცვალების შემდეგ ამბუაზში დამკვიდრდა ანრი II-ისა და ეკატერინე მედიჩის „ახალგაზრდა კარი“. აქ იზრდებოდნენ მათი შვილები და რძალი, მარიამ სტიუარტი. 1560 წელს გიზებმა ბლუადან ამბუაზში გადმოიყვანეს ახალგაზრდა მეფე ფრანსუა II, რომელზეც ჰუგენოტები თავდასხმას გეგმავდნენ. აქვე მოუწყვეს შეთქმულებს სასტიკი ანგარიშსწორება.

საფრანგეთის შემდგომ მონარქებს ამბუაზის რეზიდენციის მიმართ ინტერესი აღარ გამოუჩენიათ. ლუი XIII-მ ის თავის ძმას, გასტონს აჩუქა, ხოლო ლუი XV-მ — მინისტრ შუაზელს. ლუი XIV-ს აქ პატიმრობაში ჰყავდა ნიკოლა ფუკე და ჰერცოგი ლოზენი. XIX საუკუნეში აქ დაასახლეს დატყვევებული აბდ ალ-კადირი.

საფრანგეთის რევოლუციის წლებში ამბუაზის ციხესიმაგრის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. კულტურული საგანძურის დატაცების პროცესის შესაჩერებლად, საფრანგეთის მესამე რესპუბლიკამ 1872 წელს ციხესიმაგრის გადარჩენილი ნაწილები ორლეანელთა სახლს გადასცა. ამჟამად მას განაგებს წმინდა ლუის ფონდი, რომელსაც სათავეში უდგას მისი უდიდებულესობა პარიზის გრაფი.

მეორე მსოფლიო ომისა და საფრანგეთის ოკუპაციის დროს, ციხესიმაგრის ტერასები გამოიყენებოდა გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემების განსათავსებლად მოკავშირეთა საჰაერო თავდასხმების მოსაგერიებლად.[2] ამ პერიოდში მიყენებული ზიანის ხარისხი და დაზიანებების ხასიათი ციხესიმაგრის ძველი ფოტოების მეშვეობით დგინდება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. The Loire Valley between Sully-sur-Loire and Chalonnes. ციტირების თარიღი: 2017-03-30
  2. Королевский замок Амбуаз | Луара | Русский Париж. ციტირების თარიღი: 2022-01-20