ალფონსო ლოპეს მიკელსენი
| ალფონსო ლოპეს მიკელსენი | |
ლოპესი 1977 წელს. | |
| კოლომბიის 25-ე პრეზიდენტი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 7 აგვისტი, 1974 – 7 აგვისტო, 1978 | |
| წინამორბედი | მისაელ პასტრანა ბორერო |
| მემკვიდრე | ხულიო სესარ ტურბაი აიალა |
საგარეო საქმეთა მინისტრი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 14 აგვისტო, 1968 – 7 აგვისტო, 1970 | |
| პრეზიდენტი | კარლოს ლიერას რესტრეპო |
| დაბადებული | 30 ივნისი, 1913 ბოგოტა, კოლომბია |
| გარდაცვლილი | 11 ივლისი, 2007 ბოგოტა, კოლომბია |
| პოლიტიკური პარტია | კოლომბიის ლიბერალური პარტია |
| მამა | ალფონსო ლოპეს პუმარეხო |
| დედა | მარია მიკელსენ ლობანა |
| მეუღლე | სესილია კაბალერო ბლანკო |
| შვილები | ალფონსო ლოპეს კაბალერო, ხუან მანუელ ლოპეს კაბალერო, ფელიპე ლოპეს კაბალერო |
| განათლება | როსარიოს უნივერსიტეტი |
| პროფესია | იურისტი |
| საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ალფონსო ლოპეს მიკელსენი (დ. 30 ივნისი, 1913 – გ. 11 ივლისი, 2007) — კოლომბიელი პოლიტიკოსი და იურისტი, 1974 წლიდან 1978 წლამდე კოლომბიის 25-ე პრეზიდენტი.[1] მას მეტსახელად „ელ პოლო“ (ქათამი) შეარქვეს, რაც პოპულარული კოლუმბიური იდიომაა ნაადრევად წარმატებული კარიერის მქონე ადამიანებისთვის.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლოპესი კოლომბიის ორგზის ყოფილი პრეზიდენტის, ალფონსო ლოპეს პუმარეხოს და მისი პირველი ცოლის, მარია მიკელსენ ლომბანას ვაჟი იყო. ის დაიბადა და გაიზარდა ბოგოტაში. სწავლობდა გიმნასიო მოდერნოს სკოლაში, შემდეგ კი სხვა ქალაქებში: პარიზში, ბრიუსელში, ლონდონსა და სანტიაგოში. მიკელსენმა იურიდიული ხარისხი მიიღო როსარიოს უნივერსიტეტში.
მამის პრეზიდენტობის დროს ლოპესი პოლიტიკაში ნაკლებად იყო ჩართული და ყურადღება საუნივერსიტეტო საქმიანობაზე ჰქონდა გამახვილებული.[2]
1938 წელს ლოპესმა ბოგოტაში სესილია კაბალიერო ბლანკოზე იქორწინა და მათ სამი ვაჟი შეეძინათ. ისინი ბოგოტას გარეუბანში, კუნდინამარკას დეპარტამენტის (დღევანდელი ბოგოტას რაიონი) ენგატივას მუნიციპალიტეტში მდებარე ჰასიენდაში გადავიდნენ საცხოვრებლად. ჰასიენდაში დასახლების შემდეგ, ლოპესმა პოლიტიკაში პირველი გამოცდილება ქალაქის საბჭოს წევრობის დროს მიიღო. ამ პერიოდში მისი კოლეგეგები საბჭოს წევრებს შორის იყვნენ კიდევ ორი პოლიტიკოსი, რომლებიც მოგვიანებით ქვეყნის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურებად იქცნენ, ალვარო გომეს ჰურტადო და მომავალი პრეზიდენტი ხულიო სესარ ტურბაი აიალა.
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1959 წელს, ალფონსო ლოპესის ყოფილმა სტუდენტებმა დააარსეს ლიბერალური რევოლუციური მოძრაობა (MRL), რაც ეხებოდა ლიბერალურ და კონსერვატიულ პარტიებს შორის დადებულ შეთანხმებას ეროვნული ფრონტის შესაქმნელად. ამ შეთანხმების მიხედვით ორივე პარტია მონაცვლეობით მართავდა ქვეყანას. ლოპეს მიკელსენს შესთავაზეს ახლადშექმნილი MRL-ის ხელმძღვანელობა.ალფონსო დათანხმდა ამ შემოთავაზებას და 1962 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად იყარა კენჭი. ლოპესმა არჩევნები დიდი უპირატესობით წააგო კონსერვატორ კანდიდატ გილერმო ლეონ ვალენსიასთან.
სეზარის დეპარტამენტის გუბერნატორი (1967–1968)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1966 წელს ლოპესი სენატორად აირჩიეს. მან ლიბერალურ პარტიაში MRL-ის დაბრუნებაზე მოლაპარაკებები აწარმოა. პრეზიდენტმა კარლოს ლიერას რესტრეპომ ალფონსო ლოპესი კოლუმბიის ჩრდილოეთ კარიბის რეგიონში ახლადშექმნილი პროვინციის, სეზარის დეპარტამენტის პირველ გუბერნატორად დანიშნა. ამ წლებში მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ვალენატოს ლეგენდების ფესტივალის (დღეს კოლომბიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება) შექმნაში, ვალენატოს კომპოზიტორ რაფაელ ესკალონასთან და ჟურნალისტ კონსუელო არაუხოსთან ერთად. ის სეზარის გუბერნატორის თანამდებობას 1967 წლის 21 დეკემბრიდან 1968 წლის 14 აგვისტომდე იკავებდა.
საგარეო საქმეთა მინისტრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1970 წელს ალფონსო მიკელსენი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა პრეზიდენტ კარლოს ლიას რესტრეპოს საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე.
პრეზიდენტობა (1974–1978)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1974 წელს, პარტიის შიდა არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტის, კარლოს ლერიას რესტრეპოს დამარცხების შემდეგ, ლოპესი ლიბერალური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად აირჩიეს, ყოფილი კანდიდატის (და პრეზიდენტის მემკვიდრის) ხულიო სეზარ ტურბაის მხარდაჭერით. მან საყოველთაო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა კონსერვატიული პარტიის კანდიდატ ალვარო გომეს ჰურტადოსა და ANAPO-ს კანდიდატ მარია ევგენია როხასის წინააღმდეგ. მისი 2,929,719 ხმა იმ დროისთვის ნებისმიერი პრეზიდენტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.
საინაუგურაციო სიტყვაში, რომელიც 1974 წლის 7 აგვისტოს ალფონსო ლოპესი დაჰპირდა სოფლის მეურნეობისა და ქალაქის მოსახლეობას შორის მზარდი უფსკრულის შემცირებას და სიღარიბესთან ბრძოლას - განცხადებებს, რომლებმაც მრავალი მემარცხენე პოლიტიკური მოძრაობის მხარდაჭერა მოიპოვა.
პრეზიდენტობისას ლოპესმა ბიუჯეტის დეფიციტის მოსაგვარებლად საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა გამოაცხადა, რამაც მას საშუალება მისცა განეხორციელებინა მარეგულირებელი ზომების სერია ხარჯების გასაკონტროლებლად და სუბსიდიებისა და პროგრამების შესამცირებლად, როგორიცაა საგადასახადო კრედიტის სერტიფიკატი (CAT), რომელიც ნაწილობრივ ან სრულად ანაზღაურებდა ექსპორტიორი კომპანიების გადასახადებს. მან ასევე განახორციელა საგადასახადო და ფისკალური რეფორმა, რამაც გაზარდა ეროვნული დანაზოგი და შესაძლებელი გახადა სახელმწიფო ინვესტიციებისა და ექსპორტის გაზრდა. სოფლის მეურნეობის წარმოება 16%-ით გაიზარდა. მიკელსენმა ასევე შექმნა სამთავრობო სააგენტოები, რომლებიც სოფლის მეურნეობის გაუმჯობესებაზე იყვნენ ორიენტირებული. მისი ადმინისტრაციის დროს ასევე გაფართოვდა ელექტროენერგიის ქსელი და გაიზარდა ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში. ამასობაში, მისი ადმინისტრაციის დროს ინფლაციამ ისტორიულად ყველაზე მაღალ დონეს - დაახლოებით 32%-ს - მიაღწია.[3]
ალფონსო ლოპესის პოლიტიკის საწყისი მხარდაჭერა მალევე სასტიკ წინააღმდეგობად გადაიქცა, რადგან მისი საარჩევნო დაპირებების უმეტესობა, განსაკუთრებით პროფკავშირებთან შეთანხმებების მიღწევისა და სასმელი წყლის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შესახებ, შეუსრულებელი დარჩა, სუბსიდიები გაუქმდა და ინფლაცია გაიზარდა. ხორხე ელიესერ გაიტანის მკვლელობისა და შემდგომი ძალადობის შემდეგ, პროფკავშირები და სხვა მემარცხენე აქტივისტები ათწლეულების განმავლობაში იმედგაცრუებასა და უკმაყოფილებას გრძნობდნენ. ლოპესის არჩევით გაჩენილი უფრო ღია საზოგადოების იმედი ღალატის განცდამ შეცვალა. შედეგად, მისი პრეზიდენტობის სამი წლის შემდეგ, კოლუმბიის უდიდესი პროფკავშირები გაერთიანდნენ და წარმატებით შესთავაზეს და ორგანიზება გაუწიეს მასშტაბურ საყოველთაო გაფიცვას. ლოპესის ადმინისტრაციამ მკაცრი პოზიცია დაიკავა დაგეგმილი გაფიცვის წინააღმდეგ, მას დივერსიულს უწოდებდა და დაპატიმრებითა და საჯარო შეკრებების აკრძალვით იმუქრებოდა.[4] ამან მხოლოდ მონაწილეები გააბრაზა. პროფკავშირელებს შეუერთდნენ მასწავლებლები, სტუდენტები, მუშები, დიასახლისები, პარტიზანული ლიდერები და ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის წევრებიც კი. საორგანიზაციო კომიტეტმა, სხვა საკითხებთან ერთად, მოითხოვა ხელფასების გაზრდა, აუცილებელი საქონლისა და საჯარო მომსახურების საფასურის გაყინვა, შეკრებისა და გაფიცვის უფლების აღდგენა და სამუშაო საათების შემცირება.
1977 წლის 14 სექტემბერს გამართული გაფიცვა ცნობილი გახდა, როგორც მოქალაქეთა ეროვნული გაფიცვა და მან იმდენად დიდი რაოდენობით უკმაყოფილო მონაწილე მიიზიდა, რომ საორგანიზაციო კომიტეტმა მალევე დაკარგა კონტროლი. ბოგოტასა და ქვეყნის სხვა მრავალ ქალაქში გადაიკეტა ძირითადი გზები და მომიტინგეებსა და სპეცრაზმს შორის მცირე შეტაკებები მალევე ყველგან დაიწყო. დემონსტრაციები და შეტაკებები მალე არეულობაში გადაიზარდა, მომიტინგეებმა დიდი მაღაზიები გაძარცვეს, ქარხნები დაანგრიეს და მანქანები დაამტვრიეს. 16:00 საათისთვის მერმა კომენდანტის საათი გამოაცხადა, რამაც მომიტინგეების გაღიზიანება კიდევ უფრო გამოიწვია. ათასობით მომიტინგე დააკავეს და ქალაქის საფეხბურთო სტადიონსა და ხარების არენაზე შეიკრიბეს. არეულობა და შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. მომდევნო დღეს ქალაქი განადგურდა. 20-დან 30-მდე ადამიანი დაიღუპა.[5] შედეგად, პროფკავშირებმა გამარჯვება გამოაცხადეს და ლოპეს მიკელსენის მთავრობა იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო. თუმცა, არეულობებმა მისი მთავრობა აიძულა, უფრო მკაცრი და რეპრესიული პოზიცია დაეკავებინა.
პრეზიდენტობის შემდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1978 წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მიკელსენი კვლავ გახდა ლიბერალური პარტიის ლიდერი. 1982 წელს ალფონსო ლოპესმა კვლავ იყარა კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა დამარცხდა კონსერვატიული პარტიის კანდიდატ ბელისარიო ბეტანკურ კუარტასთან.
მიკელსენი აქტიურად მონაწილეობდა ლიბერალური პარტიის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში 1990-იანი წლების დასაწყისამდე, სანამ პოლიტიკიდან წასვლა არ გადაწყვიტა. მიკელსენი იყო კოლუმბიური გაზეთის El Tiempo-ს რეგულარული სვეტის ავტორი, სადაც ყურადღებას ამახვილებდა მრავალ მნიშვნელოვან საკითხზე. სწორედ ამ მიზეზით, მას უწოდებდნენ „el hombre que pone a pensar al pais“ (ესპანურად „კაცი, რომელიც ქვეყანას აფიქრებინებს“).[6]
ლოპეს მიკელსენი გარდაიცვალა ბოგოტაში 2007 წლის 11 ივლისს, გულის შეტევით.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Abel, Christopher; Palacios, Marco (1991), Bethell, Leslie, რედ., "Colombia since 1958", The Cambridge History of Latin America (Cambridge University Press) 8: Latin America since 1930: Spanish South America: pp. 629–686, , ISBN 978-0-521-26652-9, https://www.cambridge.org/core/books/abs/cambridge-history-of-latin-america/colombia-since-1958/9E96A96542560EBEC901E4BA67D12D7B
- ↑ ELESPECTADOR.COM - Noticias. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-14.
- ↑ Alfonso López Michelsen en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-15. ციტირების თარიღი: 2018-06-14
- ↑ „Así fue el paro de 1977, el más grande (y violento) de la historia de Colombia“. Pacifista (ესპანური). ციტირების თარიღი: 2018-06-14.[მკვდარი ბმული]
- ↑ „40 años del Paro Cívico Nacional de 1977“ (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2021-07-03. ციტირების თარიღი: 2018-06-14.
- ↑ "Alfonso López Michelsen 1913-2007", El Tiempo, 14 July 2007