ალკი ზეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალკი ზეი
მშობლიური სახელი ბერძ. Άλκη Ζέη
დაბადების თარიღი 15 დეკემბერი, 1923
ათენი, საბერძნეთი
გარდაცვალების თარიღი 27 თებერვალი, 2020 (96 წლის)
ათენი, საბერძნეთი
მოქალაქეობა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
საქმიანობა მწერალი, მსახიობი
მეუღლე(ები) გეორგიუს სევასტიკოღლუ
ჯილდოები

ათენის აკადემიის პრემია (2010)

ლიტერატურის ხელოვნების ორდენი
საიტი [1]
ხელმოწერა

ანგელიკი (ალკი) ზეი ( ბერძ. Αγγελική (Άλκη) Ζέη ; დ. 1923 წლის 15 დეკემბერი, ათენი — გ. 27 თებერვალი , 2020 ) — ბერძენი მწერალი და დრამატურგი, რომანებისა და მოთხრობების ავტორი. ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1923 წლის 15 დეკემბერს ათენში.

მისი მამა ზინონ ზეისი ( Ζήνων Ζέης ) კრეტაზე გაიზარდა, მაგრამ წარმოშობით კუნძულ ანდროსიდან იყო, მუშაობდა ბანკში მოხელედ. დედა — ელი, ბავშვობაში სმირნაში იზრდებოდა, შემდეგ კუნძულ სამოსაზე გადავიდა. მომავალმა მწერალმა ბავშვობა თავის უფროს დასთან ერთად სამოსაზე გაატარა, ვინაიდან გოგონების დედა ტუბერკულოზით იყო დაავადებული და სამკურნალოდ ათენის ჩრდილოეთით მდებარე პარნისის მთაზე მდებარე სანატორიუმში იმყოფებოდა. 1937 წელს ოჯახთან ერთად ათენში დაბრუნებულმა ალკიმ სწავლა დაიწყო იონიის კერძო სკოლაში. იქ გაიცნო და დაუმეგობრდა მომავალში ჟორჟ სარის სახელით ცნობილ მწერალ გეორგია სარივაქსევანი კარაკოსტას. ალკი ზეიმ დაამთავრა მინა აიდონოპულუს კერძო სკოლა (Μίνα Αηδονοπούλου, 1885-1958). ალკი ზეის სამწერლო ასპარეზზე პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარა ბიძის — პლატონ სოტირიუს ( Πλάτων Σωτηρίου ) მეუღლე, მწერალი დიდო სოტირიუ. ჯერ კიდევ აიდონოპულუს სკოლაში სწავლის პერიოდში ალკი მონაწილეობდა თეატრალური სტუდიის თოჯინების დასის საქმიანობაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ელენ თეოჰარი-პერაკი ( Ελένη Θεοχάρη-Περάκη, 1916-1985). შემდეგ დაიწყო პიესების წერა თოჯინების თეატრისთვის. მისი ერთ-ერთი პერსონაჟი «ο Κλούβιος» , მოგვიანებით ათენის თოჯინების თეატრ "ბარბარა მიტუსის" მთავარი გმირი გახდა.[2]

დაამთავრა ათენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და ათენის კონსერვატორიის დრამის განყოფილება. ცოლად გაჰყვა თეატრის მწერალ და რეჟისორ გეორგიოს სევასტიკოღლუს . მეუღლემ, რომელიც მონაწილეობდა საბერძნეთის წინააღმდეგობის მოძრაობაში, შემდეგ კი — 1946-1949 წლების საბერძნეთის სამოქალაქო ომში, 1949 წელს დატოვა ქვეყანა დემოკრატიული არმიის ნაწილებთან ერთად და საბჭოთა კავშირში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ალკი ზეიც წავიდა ქვეყნიდან. იგი თავდაპირველად გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა იტალიაში, სადაც სწავლობდა ედუარდო დე ფილიპოსთან. ცხოვრების ამ პერიოდის შესახებ მან მოგვიანებით მოსკოვში დაწერა ესსე "ჩემი მასწავლებელი ედუარდო დე ფილიპო". 1954 წელს საფრანგეთის გავლით მან მოახერხა სსრკ-ში წასვლა. ტაშკენტში ხანმოკლე ცხოვრების შემდეგ, ზეი მეუღლესთან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დაამთავრა ს.ა. გერასიმოვის სახელობის სრულიად რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

1964 წელს ოჯახთან ერთად დაბრუნდა საბერძნეთში.

მოგვიანებით მან განაგრძო წერა, გამოაქვეყნა მრავალი მოთხრობა ჟურნალში "ახალგაზრდული ხმა", რომლის რედაქტორები იყვნენ მარიოს პლორიტისი, ტასოს ლიგნადისი, კოსტი სკალიორასი.

ალკი ზეი ბერძნულ ლიტერატურაში პირველად 1963 წელს, ჯერ კიდევ ქვეყანაში დაბრუნებამდე გამოჩნდა ისტორიული რომანით „ლეოპარდი შუშის მიღმა." რომანში მოქმედება ვითარდება გენერალ მეტაქსასის დიქტატურის პერიოდში.

1967 წელს სამხედრო დიქტატურის დამყარების შემდეგ, მან კვლავ დატოვა ქვეყანა და საცხოვრებლად პარიზში გადავიდა.

1971 წელს ზეიმ დაწერა წიგნი „პეტროსის დიდი გასეირნება" ( Μεγάλος Περίπατος του Πέτρου ). ნაწარმოებში მოქმედება ვითარდება საბერძნეთის ოკუპაციისა და განთავისუფლების პერიოდში. [3]

ალკი ზეი ისტორიული რომანებში არა მხოლოდ მნიშვნელოვან მოვლენებია აღწერილი, ასევე გადმოცემულია მისი პერსონაჟების ავტობიოგრაფიული ელემენტები.

წიგნი "პეტროსის დიდი გასეირნება" როგორც პიესა, ითარგმნა რამდენიმე ენაზე სახელწოდებით "პეტროსის ომი."

ნაწარმოები „ლეოპარდი შუშის მიღმა“ შესული იყო ფრანგული სკოლების მოსწავლეთა პროგრამაში.[4]

რომანში "დრაკონის ქვა" ისტორიული მოვლენები ვითარდება რევოლუციამდელ რუსეთში, თუმცა ავტორმა მასში შეიტანა საბერძნეთში მეტაქსასის დიქტატურის პერიოდში განვითარებული მოვლენები, ასევე 1973 წლის ათენის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტის აჯანყება. ამ რომანში მწერალი აჩვენებს გარკვეული ისტორიული სიტუაციებისა და იდეების უნივერსალურობას, რომლებიც ეხება თავისუფლებას, დემოკრატიას, წინააღმდეგობას. ტექსტი არ არის მოქცეული განსაზღვრულ ჩარჩოებში, ხელმისაწვდომია ნებისმიერი ისტორიული და კულტურული გარემოსთვის. იგივე ეხება მის სხვა ისტორიულ რომანებს ("ლეოპარდი შუშის მიღმა" და "პეტროსის დიდი გასეირნება"). სამივე წიგნს ბავშვთა საბიბლიოთეკო მომსახურების ასოციაციისგან (ALSC) (აშშ) გადაეცა "მილდრედ ბატჩელდერის" პრემია (l970, l974, 1980 წ.), როგორც ინგლისურ ენაზე თარგმნილ საუკეთესო უცხოურ ლიტერატურულ ნაწარმოებებს.

მწერალ ჟორჟ სარისთან ერთად, რომელსაც ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან იცნობდა, ზეიმ საბავშვო და ახალგაზრდულ რომანში ახალი პრინციპი შემოიღო, ჟანრში როგორც ავტობიოგრაფიული სტილის, ისე პოლიტიკური, სოციალური და ისტორიული ელემენტების დანერგვით.

2010 წელს ალკი ზეი დაჯილდოვდა ათენის აკადემიის მიერ [5]

2015 წლის სექტემბერში დაჯილდოვდა საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენით. [6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.alkizei.com/en/life
  2. ".:BiblioNet : Ζέη, Άλκη, 1923-". www.biblionet.gr. Retrieved 28 February 2020.
  3. Alki Zei nell’Enciclopedia Treccani. ციტირების თარიღი: 2012-09-26
  4. "Alki Zei". The Oxford Encyclopedia of Children's Literature. Oxford University Press. Retrieved 16 January 2015.
  5. Τιμητική διάκριση για την Aλκη Ζέη. H Ναυτεμπορική (2012-09-17). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-24. ციტირების თარიღი: 2021-06-24
  6. Άλκη Ζέη: Νέα τιμητική διάκριση, από το υπουργείο Πολιτισμού της Γαλλίας. H Ναυτεμπορική (2015-09-05). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-24. ციტირების თარიღი: 2021-06-24