ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ალი (ხაშურის რაიონი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალი.
სოფელი
ალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი ალი
კოორდინატები 42°05′14″ ჩ. გ. 43°38′48″ ა. გ. / 42.08722° ჩ. გ. 43.64667° ა. გ. / 42.08722; 43.64667
ცენტრის სიმაღლე 760
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1068[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი) — შიდა ქართლი
ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი) — ხაშურის მუნიციპალიტეტი
ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)

ალი[2]სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დასავლეთი ნაწილი), მდინარე ჭერათხევის (სურამულის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას, გომი-ჭიათურის საავტომობილი გზაზე. თემის ცენტრი (ალი, ახალუბანი, ბრილი, დუმაცხოვი, ზემო აძვისი, კლდისწყარო, მცხეთისჯვარი, ნაბახტევი, უწლევი, ქინძათი). ზღვის დონიდან — 760 მ. მუნიციპალიტეტის ცენტრიდან — 22 კმ.[3]

სოფელში დგას: დედაღვთისას, კვირაცხოვლის, ღვთისმშობლისა და უსანეთის ეკლესიები.

სოფელი ალი ჭერათხევის ხეობის ყველაზე დიდი სოფელია. სოფელში მაცხოვრებელთა გვარებია: ნოზაძე, ახალკაცი, გაგნიძე, გელაშვილი, პაპუაშვილი, სხილაძე, კულიჯანოვი, გარსევანოვი, ლოლაძე, ტაბაშიძე და სხვ. ყველაზე მეტად გავრცელებული გვარია ნოზაძე, მათ ამ სოფელში 11 ე. წ. „შიდა გვარი“ ანუ „შტოგვარი“ გააჩნიათ. ესენი არიან: ივანიკიანთი, გაბელიანთი, დათილიენთი, აგაშენაანთი, მამუკიენთი, უმცროსაანთი, წურიეენთი, გოგლიენთი, შიოენთი, გიგლაანთი და ბესაანთი.[4]

ალი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ისტორიულ გზასაყარზე მდებარეობდა და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ცხოვრებაში, რამაც ხელი შეუწყო მის გაქალაქებას (XII საუკუნე). ჩრდილოეთიდან მას იცავდა ალის ციხე, ხოლო სამხრეთიდან — ნაბახტევისა. მონღოლთა ბატონობის პერიოდში ალი დაკნინდა და მცირე ქალაქად იქცა. XVIII საუკუნეში კვლავ დაწინაურდა და ზემო ქართლის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი გახდა. ალი სამეფო ქალაქი იყო და მოურავი განაგებდა.

დღემდე, ყოველგვარი არქეოლოგიური გათხრების გარეშე, შემთხვევით აღმოჩენილი საინტერესო მასალა მიგვანიშნებს, რომ ალი უძველესი დროიდან არის დასახლებული. ალის ციხის სამხრეთით არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ადრეანტიკური ხანის ვრცელი დასახლება. ვახუშტი ბატონიშვილი ალს მცირე ქალაქს უწოდებს.

ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ალი, როგორც ქალაქი წარმოიშვა XI-XII საუკუნეებში, რასაც ხელი შეუწყო მისმა მოხერხებულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. იგი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ისტორიულ გზასაყარზე მდებარეობს, რამაც თავის მხრივ მას მნიშვნელოვანი როლი დააკისრა, იმდროინდელ სავაჭრო-ეკონომიკურ ცხოვრებაშიც, რაშიც როგორც ჩანს აქ მსახლობელნი სომეხნი და ურიანი აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მათ საქონელი, ქუცნა ამირეჯიბის სიგელის მიხედვით, გაჰქონდათ თბილისამდე და ქუთაისამდე. ალი ქალაქი იყო ჟან შარდენის მიხედვით, იქვე იყო მოწყობილი საბაჟო. 1770 წელს ქართლ-კახეთის ქალაქების აღწერაში ალი ქალაქად აღარ იხსენიება.[5]

ალი, რომ განვითარებული და გვიანდელი ფეოდალიზმის პერიოდში მნიშვნელოვან სავაჭრო-სააღებმიცემო ურთიერთობებში იყო ჩაბმული საქართველოს სხვადასხვა ქალაქებთან, მეტყველებს აქ აღმოჩენილი რამდენიმე განძი, რომელიც საისტორიო მეცნიერებაში ალის განძის სახელწოდებით არის ცნობილი. ასეთი შემთხვევა სულ სამია ცნობილი. აქედან ერთი განძი დაკარგულია, ხოლო დანარჩენი საქართველოს სახელმწიფო და ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული. 1881 წელს გაზეთი დროება წერდა:

ვიკიციტატა
„ბევრს ადგილას სახნავ მიწებში პოულობენ ხვნის დროს ქვევრებს და სხვა ძველ ნივთებს. ამას წინათ ერთ მეწისქვილეს ეპოვნა ციხესთან ერთი ქოთანი თეთრი ფული, ნიაღვრით ჩამოეჭამა მიწა და გამოჩენილიყო. ამ ძველმა ფულებმა გაახარეს ურიები, რადგან ადგილობრივმა მამასახლისებმა ყურადღება არ მიაქციეს.“

სოფელ ალში წლების მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გამომგონებელი ვლადიმერ ბექაური, რომლის დაფინანსებითაც აშენდა სოფლის საავადმყოფო.[6]

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება ალი ხალხური გადმოცემის მიხედვით უკავშირდება ცეცხლის ალს, რადგან ზაფხულში განსაკუთრებულად ცხელი ზაფხულია.[7] სოფლის სახელის მეცნიერი ეტიმოლოგია წლების განმავლობაში უცნობი იყო,[8] თუმცა მეცნიერები გვთავაზობენ ვერსიებს ტოპონიმის წარმოშობასთან დაკავშირებით. 1768 წელს აბატმა დელაპორტმა საქართველოში იმოგზაურა, რომელიც ალის შესახებ წერს:

ვიკიციტატა
„მე აღარაფერი-ღა მაქვს სათქმელი ალზე, მცირე ქალაქზე, რომელიც გორიდან ორმოც ვერსზე მდებარეობს, ერთი ვიწრო გასასვლელის მქონე მთის წინ, რომელიც ხის კარით იკეტება.“

ავტორი სარწმუნო ფაქტად მიიჩნევს ფრანგი მოგზაურის ჟან შარდენის შემდეგ ცნობას:

ვიკიციტატა
„...მარცხნივ ჩამოვიტოვეთ ახალციხისაკენ მიმავალი გზა. შუადღისას ჩავედით ერთ პატარა ქალაქში, რომელსაც ალი ეწოდება. იგი მთებშია გაშენებული, გორიდან ცხრა ლიეს დაშორებით. ამ ქალაქიდან ორი ლიე ვიწრო ხეობით ვიარეთ, რომელიც ხის კარიბჭით ბოლოვდება. ეს არის საქართველოსა და იმერეთის სამეფოს საზღვარი.“

მეცნიერის აზრით ხის კარს ალაყაფი ეწოდება, რაც სპარსულიდან მომდინარე სიტყვაა და ნიშნავს: ალი - დიდი, მაღალი, დიდებული; ყაფე - დიდი კარი, კარიბჭე; როგორც ვარაუდობენ სწორედ ამ სიტყვიდან უნდა იყოს წარმოქმნილი ტოპონიმი ალი.[9]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალი შუა საუკუნეების ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი ცნობილი და დაწინაურებული ქალაქია, რასაც ხელი სწორედ მისმა მდებარეობამ შეუწყო. ქალაქი ალი მდებარეობდა აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველოს ისტორიულ გზაგასაყარზე.[10] არქეოლოგიური გათხრების გარეშე, შემთხვევით აღმოჩენილი მასალაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ალი უძველესი დროიდან არის დასახლებული. ალის ციხის სამხრეთით აღმოჩენილია საკმაოდ ვრცელი დასახლება, სადაც ადამიანის ცხოვრების კვალი გვიანბრინჯაოს ხანიდან ჩანს. აქვე ნანახი და შესწავლილია ადრეანტიკური ხანის დასახლება და სამაროვანი.[11]

ვახუშტი ბატონიშვილი ალს, „მცირე ქალაქს“ უწოდებს და მის შესახებ ასე მოგვითხრობს:

ვიკიციტატა
„ბრილის-წყლის შესართავს ზეით არს ალის-წყალზედ, დასავლით კიდესა ზედა, ალი, ქალაქი მცირე... გაზაფხულ-შემოდგომას ჭყვაპიან-ტალახიანი, ზამთარ ცივი, ზაფხულს ცხელი, არამედ ჰავით კეთილი, მხიარული...[12]

ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად ალის ქალაქად დაწინაურება მოხდა XI-XII საუკუნეებში, რასაც ხელი მისმა მოხერხებულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ შეუწყო. იგი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობს, რამაც, თავის მხრივ, მას მნიშვნელოვანი როლი დააკისრა იმდროინდელ სავაჭრო-ეკონომიკურ ცხოვრებაშიც, რაშიც, როგორც ჩანს, აქ „მსახლობელნი... სომეხნი და ურიანი“ აქტიურად იყვნენ ჩართულნი.[11] როგორც 1401-1405 წლებით დათარიღებული ქუცნა ამირეჯიბის სიგელიდან ირკვევა მათ საქონელი გაჰქონდათ „აქეთ თბილისამდე და იქით ქუთაისამდე“.[13]

ალის განძები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალის სავაჭრო-სააღებმიმცემო ურთიერთობებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებთან ჩართულობაზე მეტყველებს აქ აღმოჩენილი რამდენიმე განძი, რომელიც საისტორიო მეცნიერებაში, ალის განძის სახელწოდებითაა ცნობილი. ასეთი შემთხვევა სულ სამია ცნობილი. აღნიშნული განძებიდან ერთი დაკარგულია, ხოლო დანარჩენი ორი საქართველოს ეროვნულ და ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებშია დაცული.[14]

1881 წელს გაზეთ „დროებაში“ ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„ბევრს ადგილას სახნავ მიწებში პოულობენ ხვნის დროს ქვევრებს და სხვა ძველ ნივთებს. ამას წინეთ ერთ მეწისქვილეს ეპოვნა ციხესთან ერთი ქოთანი თეთრი ფული, ნიაღვრით ჩამოეჭამა მიწა და გამოჩენილიყო. ამ ძველმა ფულებმა გაახარეს ურიები, რადგან ადგილობრივმა მამასახლისებმა ყურადღება არ მიაქციეს.“

სწორედ ეს განძი ითვლება დაკარგულად.[15]

1925 წელს, ადგილ „ნაურიალებზე“ აღმოაჩინეს განძი, რომელსაც ალის მეორე განძი შეგვიძლია ვუწოდოთ. განძის შემადგენლობაში შემავალი ყველაზე ადრეული მონეტა თარიღდება 1310 წლით, ხოლო ყველაზე გვიანდელი 1400-1401 წლით.[16][17] განძის შემადგენლობაში შედის 204 ცალი XIV საუკუნის ჯუჩიდური მონეტა, 7 ცალი — ჯალარიდების (მიეკუთვნება 1356-1382 წლებს), იოანე II ტრაპიზონელის (1280-1297 წწ.) ასპერების ქართული მინაბაძი — 1 ცალი. განძის შემადგენლობაში შედის ასევე ჯალაირიდების დინასტიის უყკანასკნელი წარმომადგენლის აჰმედ ჯალაირისა და საქართველოს მეფის გიორგი VII-ის (1393-1407 წწ.) სახელით XIV საუკუნეში მოჭრილი 249 მონეტა და გაურკვეველი სახეობის 10 მონეტა. ალის განძის ჯუჩიდურ და აჰმედ ჯალაირის სახელით მოჭრილ მონეტებს სწავლობდა თამარ ლომოური, რომელმაც ივარაუდა, რომ აღნიშნული მონეტები საქართველოში დარიალის გზიდან უნდა მოხვედრილიყო. განძი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.[18][19]

ალის მესამე განძი აღმოაჩინეს 1971 წელს გომი-საჩხერის საავტომობილო გზის მშენებლობის პერიოდში. ეს არის ვერცხლის მონეტებით სავსე კოჭობი, რომელიც თარიღდება XV-XVI საუკუნეებით და რომლის შემადგენლობაშიც შედის 6 ცალი ანონიმური შირვანული მონეტა, რომელიც მოჭრილია ხალილულა I-ის (1417-1462 წწ.) მეფობის პერიოდში, 53 ცალი ფარუხ-იესარის (1462-1500 წწ.) მეფობის პერიოდში მოჭრილი დაკნინებული თანგი, რომელშიც უძველესი მონეტა ჰიჯრით 834 წელს (გრიგოლის კალენდრით 1431 წელი) არის მოჭრილი, ხოლო უახლესი — 848 წელს (გრიგოლის კალენდრით 1445 წელი).[ა] აღნიშნული განძიდან 55 მონეტა ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ხოლო 4 ცალი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლის მუზეუმშია დაცული.[20]

არქეოლოგიური აღმოჩენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1913 წელს სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ე. წ. „აღმოსავლურ-ქართული“, ხოლო 1914 წელს გეომეტრიული ორნამენტით გრავირებული 2 კოლხური ცული. ნივთები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი).[21]

ალის (იგივე მცხეთისჯვრის) ციხის მიდამოებში, არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის მონეტები. მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ალის ციხის მიდამოებში ადგილ „გასაყიდლიანთ ვენახში“ ნამოსახლარზე ნაპოვნი ჩინური მონეტა, რომელიც ერთადერთია საქართველოში. ნამოსახლარზე დადასტურებულია სამი კულტურული ფენა: გვიანბრინჯაოს ხანის, ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევრისა და განვითარებული შუა საუკუნეების ნამოსახლარი. ინტენსიურობით გამოირჩევა განვითარებული ფეოდალური ხანის ფენა, რომელშიც აღმოჩნდა ჩინური მონეტა. ამავე ფენაში ნაპოვნია ასევე ერთი ქართული მონეტა, რომელიც გიორგი III-ს ეკუთვნის. მკვლევრები ზ. ბრაგვაძე და ა. დავითაშვილი ჩინური მონეტის შესახებ აღნიშნავენ:

ვიკიციტატა
„მონეტა დამზადებულია ბრინჯაოსაგან. ორივე მხარეს შესრულებულია ჩინური წარწერები და ოთკუთხედადაა გახვრეტილი. მასზე მოთავსებული წარწერები ამოიკითხა „ერმიტაჟის“ ჩინური მონეტების მცველმა ნ. იაკოჩკინამ. წარწერა ასე იკითხება: „ცინ- იუან ტუნ ბაო“, რაც ასე ითარგმნება „ბედნიერი წამოწყებების ეპოქის მოარული მონეტა.“

ამ მონეტას ჩინეთში სუნის დინასტიის მმართველობის ხანაში ჭრიდნენ (960–1279). არსებობდა ჩრდილოეთი (960–1127 წლები) და სამხრეთი (1127–1279 წლები) სუნის დინასტიები. აღნიშნული მონეტა სამხრეთი სუნის დინასტიის მმართველობის პერიოდს ეკუთვნის. მოჭრის თარიღი აღბეჭდილია მონეტის მეორე მხარეს, სადაც ზის ნიშანი „ლაუ“, რაც ნიშნავს — 6. ე. ი. მონეტა მოჭრილია მმართველობის მეექვსე წელს, ანუ 1200 წელს.[22]

აღნიშნული მეცნიერები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, მონეტა აქ მოხვედრილიყო მონღოლთა პირველი შემოსევების შემდეგ, XIII საუკუნის მეორე ოცწლეულის დასაწყისში. ვინაიდან მონეტა 1200 წლით თარიღდება, არ გამოირიცხება ვარაუდი, რომ იგი აქ მართლა მონღოლებს მოეტანათ. ასეთ ვარაუდს მხარს უჭერს ის გარემოებაც, რომ მცხეთიჯვრის შუა საუკუნეების კულტურული ფენა სწორედ XIII საუკუნეშია ძალდატანებით განადგურებული, რაზეც მეტყველებს მძლავრი ნახანძრალი ჰორიზონტი, რომელიც შესაძლოა, რაღაც საომარ მოქმედებასთან იყოს დაკავშირებული.[23]

ისტორიული წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი ალი პირველად ქართულ საისტორიო წყაროებში 1178 წელს მოიხსენიება გუჯარში, რომელიც გიორგი III-ს (1156-1184 წწ.) ეკუთვნის, მასში ნათქვამია, რომ ალს, სამთავისის სამწყსოში შემავალ სხვა სოფლებთან ერთად სამთავნელის სასარგებლოდ ემართა ვერცხლის დრამა:

ვიკიციტატა
„უმეტესად სამ-სამი - 19 სოფელს, ოთხ-ოთხი - 5 სოფელს... ექვსი დრამა - სოფელ ალს...[11]

მონღოლთა ბატონობის პერიოდში ალის, როგორც ქალაქის, მნიშვნელობა ეცემა, თემურლენგის შემოსევების შედეგად კი მთლიანად განადგურდა. ეს მოხდა 1403 წელს, როცა თემურ-ლენგი ალის გზით დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ალის ხეობა მთლიანად ააოხრა. ალი აღადგინა ქუცნა ამირეჯიბმა,[ბ] რომელიც თავის სიგელში მიუთითებს: „ჩვენგან აშენებული ალი“. ქუცნა ამირეჯიბმა ულუმბის ღვთისმშობლის ეკლესიას შესწირა „გამოღმა ალი სრულიად, ბაჟის მესამედი; ორი კვამლი შიგ ალში ნასყიდი ურიები ...“ ამავე სიგელით ირკვევა, რომ ალი ერთი პერიოდი იმერეთის მეფე ალექსანდრე I-ს (1387-1389 წწ.) აუღია და ამირეჯიბებისათვის წაურთმევია, მაგრამ შემდეგ ისევ დაუბრუნებია.[24][25]

XVI საუკუნის 30-იან წლებში ალი იმერეთის სამეფოს შემადგენლობაშია. ლუარსაბ I მას ბაგრატ იმერთა მეფეს (1510-1566 წწ.) აძლევს.[26] ბერი ეგნატაშვილი წერს, რომ

ვიკიციტატა
„ქორონიკონს სიდ (1526) მისცეს მეფე ბაგრატს ქართლი, მეფესა იმერეთისასა, არადეთის წყალს გამოღმა ალი, სურამი და ახალდაბა.“

ასეთი მდგომარეობა გრძელდება ამავე საუკუნის 60-იან წლებამდე, კერძოდ, 1554 წლამდე, როცა შაჰ-თამაზმა დაიპყრო სურამის მხარე.[27]

ალი XVI საუკუნის II ნახევარში გარკვეული პერიოდის განმავლობაში წარმოადგენდა სვიმონ I-ის (1556-1600 წწ.) რეზიდენციას. XVIII საუკუნის 20-იან წლებში ვახტანგ VI რუსეთში გამგზავრებამდე, 1723 წელს რამდენიმე თვით იდგა სოფელ ალში, აქედან გადავიდა იგი იმერეთის გავლით რაჭაში, ხოლო შემდეგ, 1724 წელს გაემგზავრა რუსეთში.[28]

XVII საუკუნის ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა 1672-1673 წლებში, წერს:

ვიკიციტატა
„ქართლში ოთხი ქალაქია: გორი, სურამი, ალი და ტფილისი.“

ჟან შარდენისვე მიხედვით ალი პატარა სოფელია:

ვიკიციტატა
„...შუა დღისას მივედით ერთ პატარა სოფელში, რომელსაც ალი ეწოდება. ის ცხრა ეჯზე არის გორიდამ და ორ მთას შორის მდებარეობს...“

XVII საუკუნის 70-იანი წლებისთვის, როცა ჟან შარდენმა იმოგზაურა საქართველოში, ალი ძალზე დასუსტებულია.[29]

XVIII საუკუნიდან ალი სისტემატიურად განიცდის ლეკთა თავდასხმებს. განსაკუთრებით მძიმე იყო ალისათვის 1758 წლის ლეკთა თავდასხმა ჩონჩოლ-მუსას ხელმძღვანელობით. მათ დაარბიეს ალი, აიღეს ალის ციხე და მრავალი ტყვე წაიყვანეს. აღნიშნული ფაქტის შესახებ თეიმურაზ ბაგრატიონი წერს:

ვიკიციტატა
„ჟამსა ამას განავრცელს ლეკთა ხვდომაი და გამოხდა ჩონჩოლ-მუსა... მოვიდნენ ლეკნი ზღუდერს... მუნ იქმნა მცირედი კინკლაობა, გატრიალდნენ მუნით ლეკნი, მივიდნენ და აიღეს ალი და აღვიდნენ ახალციხეს.[30]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1715 წელს შედგენილი რუისის სამწყსოს დავთრის მიხედვით ალში 22 კომლი ცხოვრობს. მათი სახელებია: თვალიკაკაშვილი საბა, ნებიერიძე დავითა, გრიგალაშვილი თუდარჩა, გიგინაშვილი გიორგი, გოჩაშვილი გიორგი, გოჩაშვილი სეხნია, კვინიკაძე თამაზა, კვინიკაძე ბერი, დალაქი ვახუშტი, პირველაშვილი გიორგი, პერენიძე მამუკა, მეზვრე ხახუტა, კაპანაძე შოშიტა, ჭურაძე გიორგი, ჯვარელიძე ლაზარე, დვალი ნადირა, დემეტრე, ხუცო, ჟოჟუაშვილი ბეჟუა, დათუნა, ატოცელი გიორგი, ატოცელი ზაზუტა.[31]

თბილისის ვილაიეთის 1728 წლის დიდი დავთრის მიხედვით, ალი ექვემდებარება ამილახვარს და შედის საამილახვროს ნაჰიეში. სოფელში 193 კომლი ცხოვრობს. დავთრიდან კარგად ჩანს, რომ ალი კვლავ მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრია. აღწერის მასალებით აქ დუქნების რაოდენობა 61 ყოფილა. წარმოდგენილია მეურნეობის ისეთი დარგები, როგორიცა მემინდვრეობა, მევენახეობა, მესაქონლეობა. მოსახლეობა იხდის ოსმალურ გადასახადებს: ისფინჯის, უშრის, არუსენას, თაფუს, დიშთიბანის და სხვა. საერთო ოსმალური გადასახადების რაოდენობა შეადგენს 20000 ახჩას.[32]

იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერის“ მიხედვით, XVIII საუკუნის ბოლოს, ლეკიანობის დამანგრეველი ძალის მიუხედავად, ალი მოსახლე სოფელია.[33]

1818 წლის აღწერით ალში 44 კომლი ცხოვრობს — 147 მამაკაცი და 103 ქალი. ამავე აღწერის მიხედვით სოფელ ალში მცხოვრები გლახა ნოზაძე, რომელიც ჩაწერილია № 39 გლეხად, გადმოსახლებულია ჯავახეთიდან. 1815 წელს იგივე გვარის მოსახლე ლაზარე ნოზაძე კი იმერეთიდანაა ჩასახლებული. ამ დროისათვის კომლთა უმეტესობას ნოზაძეები შეადგენენ. ამავე აღწერის მიხედვით სურამელი ებრაელების (ფიჩხაძეების) წინაპარი მოსე ფიჩხაძე ალიდანაა გადასული.[34]

1865 წლის კამერალური აღწერის მიხედვით ალში 93 კომლი ცხოვრობდა (90 სახელმწიფო და 3 დროებით ვალდებული გლეხი).[35] 1886 წლის აღწერით, აქ უკვე 199 კომლი მოსახლეა (618 კაცი და 485 ქალი, სულ 1103 კაცი). ეროვნული შემადგენლობის მიხედვით, ალში ქართველი იყო 161 კომლი, სომეხი — 45. ებრაელები ამ დროს ალში უკვე აღარ ცხოვრობენ.[28]

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1375 ადამიანი.[36] 2014 წელს კი ფიქსირდება კლება, სოფელში ცხოვრობს 1068 კაცი, საიდანაც 549 მამაკაცია, ხოლო 519 ქალი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
1715 22 კომლი
1728 193 კომლი
1818 250 ადამიანი
1865 93 კომლი
1886 1103 ადამიანი
2002[37][38] 1375 ადამიანი
2014[1] 1068 ადამიანი

კულტურული მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში და მის მიმდებარედ რამდენიმე ეკლესია მდებარეობს. ესენია: ალის ღვთისმშობლის ეკლესია, უსანეთის ეკლესია (ორივე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი), დედაღვთისა და ალის კვირაცხოვლის ეკლესია.

ღვთისმშობლის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით. გუმბათოვანია (14,5X10,9 მ) ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. შესასვლელი ორი აქვს — სამხრეთითა და დასავლეთით. გუმბათი საკურთხევლის კუთხეებს და დასავლეთის ორ თავისუფლად მდგარ ბოძს ეყრდნობა. გუმბათქვეშა და დანარჩენი თაღები და კამარები ისრულია. სამი საფეხურით ამაღლებული ღრმა საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის გვერდებზე კვადრატული ნიშებია, ხოლო მათ ზემოთ — საიდუმლო სათავსებში ასასვლელი ხვრელები. ეს სათავსები მაღალია, გეგმით სწორკუთხა. მათ ქვეშ ასევე სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნეა. დასავლეთის მკლავის კამარა დაკიდულ პილასტრზე გადასულ თაღზეა დაყრდნობილი. ჩრდილოეთ კედლის ნიშში სანათლავია. აფსიდის ღერძზე და სამივე მკლავში თითი სარკმელია, გუმბათის ყელში თორმეტი.

უსანეთის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს ღვთისმშობლის ეკლესიის გვერდით. ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა (15,2X10,6 მ) ნაგებია ნატეხი ქვით, ზოგან ნახმარია თლილი ქვა. დაზიანებულია - ჩამონგრეულია სახურავისა და კედლის დიდი ნაწილი, ლავგარდანი. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია ორი წყვილი ბოძითა და მათზე გადაყვანილი სამ-სამი თაღით. კამარები, კონქები და თაღები ყველგან ისრულია. თლილი ქვით გამოყვანილი თაღები პილონების მარტივ ქვის იმპოსტებს ეყრდნობა. საკურთხეველი ამაღლებულია. ნახევარწრიულ აფსიდაში დიდი სწორკუთხა სარკმელია. აფსიდის გვერდებზე სამკვეთლო და სადიკავნეა, რომლებიც აფსიდს ღიობით უკავშირდება, ხოლო დარბაზს მაღალი თაღებით. ეკლესიის შუა ნავის დასავლეთ კედელში ერთი ოთხკუთხა სარკმელია. სამხრეთ ნავში და შუა ნავის ზედა ნაწილში - სამ-სამი. სამკვეთლოსა და სადიაკვნეს თითო სარკმელი აქვს. ჩრდილოეთი კედლის ნიშში სანათლავია.

ღვთისმშობლისა და უსანეთის ეკლესიებს 2006 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭათ ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[39].

კვირაცხოვლის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალის კვირაცხოვლის ეკლესია

ეკლესია მდებარეობს სოფლის ცენტრში. აგებულია 1810-1820 წლებში. 1977 წელს მოსახლეობას შეუკეთებია. ეკლესია გუმბათოვანია (14,35X10,62 მეტრი), ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. სამხრეთ-დასავლეთით მიშენებული აქვს ეგვტერი და სამრეკლო. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - დასავლეთით (ამოქოლილია) და სამხრეთით, კედლის დასავლეთ მონაკვეთში. ეკლესიის შიდა სივრცეს ჯვრის ოთხი მკლავი და მათ გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი ქმნის. ჯვრის მკლავები სხვადასხვა სიღრმისაა: სამხრეთი და ჩრდილოეთი მკლავები მოკლეა, დასავლეთისა შედარებით ღრმაა, აღმოსავლეთისა კი აფსიდითა და ბემით მთავრდება. გუმბათქვეშა კვადრატი საკურთხევლის შვერილებსა და დასავლეთის ორ ბოძს ეყრდნობა. გრძივი კედლების ნახევარწრიული თაღები პილასტრების იმპოსტებსა და გუმბათქვეშა ბურჯებზე გადადის. აფსიდში და სამივე მკლავში თითო სარკმელია, გუმბათის ყელში — 12. აფსიდში სარკმლის ორივე მხარეს ღრმა თაღოვანი ნიშებია. საკურთხევლის ჩრდილოეთით და სამხრეთით პატარა სწორკუთხა სათავსებია — სადიაკვნე და სამკვეთლო. სამკვეთლოს აღმოსავლეთ კედელში თაღოვანი სარკმელია, სამხრეთისაში — მცირე ზომის სწორკუთხა ნიში. სადიაკვნის სამხრეთ კედელში სწორკუთხა, ხოლო ჩრდილოეთისაში პატარა ნახევარწრიული ნიშია. ამ სათავსში აღმოსავლეთით ერთი თაღოვანი სარკმელია. ორივე სათავსი დასავლეთის კედელში გაჭრილი სწორკუთხა კარით ეკლესიის დარბაზს უკავშირდება.

ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე დიდი რელიეფური ჯვარია გამოსახული, დასავლეთ ფასადზე, კედელში დატანებული ქვიშაქვის კვადრებზე — რელიეფური ხელი. აქვეა მხედრული სამშენებლო წარწერაც „წელსა ჩყი/1810/ ეკლესია აშენებულია და უწოდებიათ კვირაცხოველი“.

ეგვტერის (6,7X3,88 მეტრი) აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი შესასვლელი უსწორო თაღით არის გადახურული. შიგნით ეკვტერი შელესილი და შეთეთრებულია. დასავლეთის კედელში განიერი სწორკუთხა ნიშია, ხოლო სამხრეთის კედელში — ვიწრო თაღოვანი სარკმელი. სამხრეთ კედელს მთელ სიგრძეზე საფეხური (სიმაღლე 0,4 მეტრი) გასდევს.

სამრეკლო (3,45X2,33 მეტრი) ორსართულიანია, ნაგებია აგურით. იგი ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეზეა მიდგმული. პირველი სართული სამ მხარეს გახსნილია თაღოვანი მალებით. თაღები ეგვტერის დასავლეთ კედელსა და ორ თავისუფლად მდგომ სვეტს ეყრდნობა. მეორე სართული ოთხივე მხარეს გახსნილია თაღებით და გადახურულია პირამიდული სახურავით.

დედაღვთისა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალის დედაღვთისა

ეკლესია მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით 800 მეტრზე, მთის ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (9X6,2 მეტრი), ნაგებია რიყის ქვითა და ქვიშაქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ერთი სარკმელი საკურთხეველშია, მეორე — ჩრდილოეთ კედელში. ნახევარწრიული აფსიდა დარბაზის სიგანისაა და მისგან გამოყოფილია პილასტრებზე დაყრდნობილი თაღით.

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჰიჯრა ისლამური წელთაღრიცხვაა, მისი თარიღების გადაყვანისათვის თანამედროვე კალენდარზე უნდა ვისარგებლოთ სპეციალური ფორმულით (იხ. კაპანაძე დ., წარსულის მაცნეები, თბ., 1965. გვ. 16).
  2. ქუცნა ამირეჯიბის ასული, ნათია იყო საქართველოს მეფის კონსტანტინე I-ის (1407-1411 წწ.) მეუღლე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 108.
  • ლაცაბიძე თ., ხაშურის რაიონის ისტორია ტოპონიმებში, ხაშური, 2000
  • ბერძენიშვილი ნ., გზები რუსთაველის ეპოქის საქართველოში, თბ., 1966
  • მაკალათია ს., ფრონის ხეობა, თბ., 1963, გვ. 78–85
  • ჟან შარდენი, მოგზაურობა საქართველოში (1672-1673 წ.), თბ., 1935, გვ. 82
  • ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში : გაზ. „ხაშურის მოამბე“, 2019, № 7.
  • ლაბაძე ჯ., ალი, მასალები საქართველოს სოფლების ისტორიისათვის, ტ. III, თბილისი, 2021.
  • გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, კრებული საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ. VII, თბილისი, 1989.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 15.
  3. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 108.
  4. ლაცაბიძე თ., მასალები ხაშურის რაიონის ისტორიისათვის, ხაშური 1991, გვ. 10
  5. ჯავახიშვილი ივ., „ქალაქები, საქალაქო წეს-წყობილება და ცხოვრების ვითარება საქართველოში XVII-XVIII სს // 1910-1920-იანი წლების ჟურნალები, თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი, 2011. — გვ. 254-269, ISBN 978-99940-28-60-3.
  6. შ. გოგიძე, გამომგონებელი ვლადიმერ ბექაური, თბ. 1968 წ., გვ., 55
  7. მაკალათია ს., ფრონის ხეობა, თბ., 1963, გვ. 79
  8. ღლონტი ალ., ტოპონიმი, როგორც ენის ლექსიკური ერთეული, ჟურნალი „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“, № 2, 1972, გვ., 53
  9. ქიტიაშვილი ჯ., ტოპონიმ „ალის“ განმარტებისათვის, ჟურნალი „იყავი აქტიური მოქალაქე“, № 5, 2007, გვ. 43-44
  10. ლაბაძე, 2021, გვ. 94
  11. 11.0 11.1 11.2 ლაცაბიძე, 2019, გვ. 4
  12. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოისა საქართველოისა, ქართლის ცხოვრება, ტ IV, თბ., 1973, გვ., 377
  13. გვასალია, 1989, გვ. 29
  14. ლაბაძე, 2021, გვ. 95
  15. გაზეთი დროება, № 248, 27 ნოემბერი 1881, გვ. 2
  16. ენციკლოპედია საქართველო, ტ. I, თბ., 1997, გვ. 110
  17. გვასალია, 1989, გვ. 25-26
  18. დუნდუა გ. თამარ ლომოური, ძეგლის მეგობარი, № 23, თბ., 1970, გვ., 74-75
  19. ლომოური თ., საქართველოსა და ოქროს ურდოს შორის ურთიერთობის საკითხისათვის XIV საუკუნე (ალის განძის ჯუჩიდური მონეტები), კრებული „ფულის მიმოქცევის ისტორიისათვის შუა საუკუნეების საქართველოში“, თბ., 2005
  20. Джалагания И. Л., Дундуа Г. Ф., Обращение Ширванских монет XV в. В Грузии, Известия АН Азерб. ССР, серия истории, философии и права, № 1, с. 56-68
  21. ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2013, გვ. 27
  22. ბრაგვაძე ზ., დავითაშვილი ა., ჩინური მონეტა მცხეთიჯვრიდან, ჟურნ. ძეგლის მეგობარი, № 1, თბ., 1993, გვ. 46
  23. ბრაგვაძე ზ., დავითაშვილი ა., ჩინური მონეტა მცხეთიჯვრიდან, ჟურნ. ძეგლის მეგობარი, № 1, თბ., 1993, გვ. 46-47
  24. გვასალია ჯ., ფრონის ხეობათა ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, კრებული საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული ტ. VII, თბ., 1989, გვ. 29
  25. ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი თ. ჟორდანიას მიერ, წიგნი III, ტფ., 1897, გვ. 209
  26. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ., IV, თბ., 1973, გვ., 102
  27. ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, ქართლის ცხოვრება ტ. II, თბ., 1959. გვ. 442 და 493
  28. 28.0 28.1 ლაცაბიძე, 2019, გვ. 5
  29. ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, ფრანგულიდან თარგმნა, გამოკვლევა და კომენტარები დაუთმო მ. მგალობლიშვილმა, თბ., 1975, გვ. 295-296
  30. თეიმურაზ ბაგრატიონი, ახალი ისტორია, საქართველოს საისტორიო წყაროები, 33, თბ., 1983, გვ. 50-51
  31. თაყაიშვილი ე., არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, წიგნი პირველი, ტფილისი 1907, გვ. 176-177
  32. 1728 წლის თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარი, წიგნი I, ოსმალური ტექსტი ქართული თარგმანით, შესავლით, გამოკვლევითა და ფაქსიმილეებით გამოსაცემად მოამზადეს აკად. სერგი ჯიქიამ და პროფ. ნოდარ შენგელიამ, თბ. 2009, გვ. 284-286
  33. იოანე ბაგრატიონი, ქართლ-კახეთის აღწერა, საქართველოს ისტორიის წყაროები, 41, თბ., 1986, გვ. 44
  34. ქიტიაშვილი ჯ., კამერალური აღწერები XIX საუკუნის საქართველოში - საქართველოს ისტორიის დიდმნიშვნელოვანი წყარო, გაზ., „ალიონი“ 15 აგვისტო, 1991, გვ. 2
  35. ლაბაძე, 2021, გვ. 104
  36. 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2013-01-12.
  37. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2013-01-12.
  38. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
  39. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ