ალი ნეშატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალი ნეშატი
სპარს. علی نشاط
დაბადების თარიღი 1923
დაბადების ადგილი თეირანი
გარდაცვალების თარიღი 11 აპრილი 1979
გარდაცვალების ადგილი თეირანი
ჯარის სახეობა სახმელეთო ჯარები
სამხედრო სამსახურის წლები 19501979
წოდება გენერალ-მაიორი
ნაწილი შაჰის გვარდია
ბრძოლები/ომები ირანის ისლამური რევოლუცია
დაკრძალულია ზაჰირ ალ დავლას სასაფლაო

ალი ნეშატი (სპარს. علی نشاط‎; დ. 1923, თეირანი — გ. 11 აპრილი,1979, თეირანი) — ირანელი გენერალი. შაჰ მუჰამედ რეზა ფეჰლევის გვარდიის ბოლო მეთაური. ირანის ისლამური რევოლუციის აქტიური მოწინააღმდეგე. რევოლუციის გამარჯვების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს ისლამური რევოლუციური სასამართლოს განაჩენით.[1]

სამსახური გვარდიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალი ნეშატი დაიბადა შაჰის ჩინოვნიკის ოჯახში. მისი წინაპრი გახლდათ მოთამედ ად-დაულა ნეშატ ესფაჰანი, ირანის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი 1820-იანი წლების დასაწყისში.  ოფიცერთა სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ალი ნეშატი შაჰის გვარდიის სამსახურში შევიდა. იგი მეთაურობდა შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლევის პირადი დაცვის ბრიგადას.

მორიგეობის დროს ალი ნეშატი ბევრს მოგზაურობდა ქვეყანაში, ამოწმებდა სამხედრო გარნიზონებს. თან ახლდა შაჰს საერთაშორისო კონტაქტების დროს - CENTO-ს სამიტებზე, სახელმწიფო ვიზიტების დროს. შაჰის სახელით მან თეირანის აეროპორტში მიიღო დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II.

იგი გამოირჩეოდა მონარქისადმი ერთგულებით (ყოფითი დეტალების ჩათვლით), იყო ფეჰლევის პოლიტიკის ერთგული მხარდამჭერი. თავის მხრივ, შაჰი განსაკუთრებულ ნდობას იჩენდა  უშიშროების უფროსის მიმართ. ალი ნეშატთან ინახებოდა შაჰის მიერ გადაცემული კონფიდენციალური დოკუმენტები, მათ შორის პირადი.[2]

ისლამური რევოლუციის მოწინააღმდეგე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1978 წელს ირანში დაიწყო ისლამური რევოლუცია. გენერალი ნეშატი რევოლუციის მტკიცე მოწინააღმდეგე გახლდათ. 1979 წლის იანვარში მოჰამედ რეზა ფეჰლევმა  გენერალ-მაიორი ალი ნეშატი გვარდიის მეთაურად დანიშნა (მისი წინამორბედი გენერალ-ლეიტენანტი აბდოლ ალი ბადრეი გახდა სახმელეთო ჯარების მეთაური).[3][4]

გენერალმა ნეშატმა შაჰს მოუწოდა უფრო მკაცრი ზომები გაეტარებინა, მოეწყო სამხედრო-პოლიტიკური კონტრშეტევა ისლამისტების წინააღმდეგ. მან აღშფოთებულმა აცნობა შაჰს თეირანში მისი ქანდაკებების ჩამოგდების შესახებ და უკიდურესად იმედგაცრუებული დარჩა მოჰამედ რეზა ფეჰლევის პასიურობით. ასევე  დაგმო პრემიერ-მინისტრად შაპურ ბახთიარის დანიშვნა, რომელიც ლოიალურობით გამოირჩეოდა.

1979 წლის 16 იანვარს ალი ნეშატი ახლდა შაჰს აეროპორტში მისი ირანიდან გამგზავრების დროს. 23 იანვარს მისი მეთაურობით შაჰის გვარდიის აღლუმი გაიმართა. ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა აჩვენეს შესანიშნავი საბრძოლო მომზადება, იარაღი და აღჭურვილობა, სკანდირებდნენ "გაუმარჯოს შაჰს!" გენერალმა ნეშატმა საჯაროდ გამოსვლისას გამოთქვა რწმენა, რომ რეზა ფეჰლევი კვლავ დაბრუნდებოდა და განაცხადა გვარდიელების მზადყოფნის შესახებ შაჰისთვის საბრძოლველად.  აიათოლა ხომეინის ირანში დაბრუნდებამდე, გენერალმა ნეშატმა აეროპორტების დახურვისკენ მოუწოდა და ამ ობიექტების დაბლოკვისთვის მცველთა ნაწილები გამოყო. ამავდროულად, გენერალ აბას ყარაბაგის მოგონებების მიხედვით, ზოგადად, ნეშატი ცდილობდა დისტანცირება მოეხდინა პროტესტის ჩახშობისგან, ყურადღებას ამახვილებდა  რა გვარდიის „განსაკუთრებულ ფუნქციებზე“.[5]

შაჰის გვარდია მონაწილეობდა  ქუჩის ბრძოლებში 1979 წლის 9-11 თებერვალს. გვარდიელები თავს დაესხნენ თეირანის საჰაერო ბაზას, რომლის იუნკერები და ტექნიკური პერსონალი შეუერთდნენ რევოლუციონერებს. შეტაკება დასრულდა გვარდიელთა სრული მარცხით, მას შემდეგ, რაც ათასობით თეირანელმა მხარი დაუჭირა აჯანყებულებს საჰაერო ბაზაზე. ამ კონფლიქტმა დააჩქარა რევოლუციური ძალების მიერ დედაქალაქის აღება.

დამარცხება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1979 წლის 11 თებერვალს, არმიის ხელმძღვანელობის მიერ ნეიტრალიტეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შაჰის გვარდიის სარდლობამ გასცა ბრძანება, უკან დაბრუნებულიყო ლავიზანში მუდმივი განლაგების ადგილზე. გენერალმა ნეშატმა უეცრად შეიცვალა პოზიცია. რადიოში საუბრისას მან გამოაცხადა „რევოლუციისადმი სოლიდარობა“.[6]

გენერალმა მოჰამედ ამინ ბიგლარმა, რომელიც ასრულებდა გვარდიის მეთაურის მოვალეობას, და გენერალმა ალი ნეშატმა განაცხადეს, რომ მათ მეთაურობით მყოფი გვარდიის ნაწილები არ დატოვებდნენ ყაზარმებს არმიის ნეიტრალიტეტის გამოცხადების მომენტიდან. რევოლუციური ბანაკის შუამავლების მეშვეობით ნეშატი ცდილობდა მოეწყო ხომეინთან პირადი შეხვედრა. იგი იძლეოდა გვარდიის ლოიალურობის გარანტიას აჯანყებულთა მიმართ,  თუმცა, 12 თებერვალს გენერალი ბიგლარი რევოლუციონერებმა თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში დახვრიტეს.

შაჰის გვარდიამ არსებობა შეწყვიტა უკვე 11 თებერვალს, 17 თებერვალს იგი ოფიციალურად დაიშალა. თუმცა, გვარდიის ნაწილი ირანის ახალ შეიარაღებულ ძალებში იყო ინტეგრირებული. ალი ნეშატის ქალიშვილის შირინ ნეშატის გადმოცემით, ჯერ კიდევ 12 თებერვალს, რევოლუციური მთავრობის თავდაცვის მინისტრმა კონტრადმირალმა აჰმად მადანმა მამას მაღალ სამხედრო თანამდებობაზე  დანიშვნა შესთავაზა, თუმცა გენერალმა ნეშატმა კატეგორიული უარი განაცხადა. მან ზიზღით მოიხსენია აჯანყებულები და შეურაცხყოფად მიიჩნია მათთან თანამშრომლობა, მით უმეტეს, როგორც თავად აღნიშნა, შაჰისადმი დადებული ერთგულების ფიცის შემდეგ.[7][8]

დაპატიმრება და სიკვდილით დასჯა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ მოვლენებიდან ცოტა ხნის შემდეგ ალი ნეშატი დააკავეს. ის იმყოფებოდა ყუმისა და თეირანის ციხეებში. აპრილში ალი ნეშატი ისლამური რევოლუციური სასამართლოს წინაშე წარდგა. ბრალდებები ისლამური ფუნდამენტალისტური მართლმსაჯულებისთვის ჩვეული წესით იყო ჩამოყალიბებული: „დედამიწაზე კორუფციის გამავრცელებელი“, „მოღალატე“ და ა.შ. სასამართლოს თავმჯდომარე სადექ ხალხალმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.[9]

1979 წლის 11 აპრილს ალი ნეშატი დახვრიტეს. მასთან ერთად სიკვდილით დასაჯეს კიდევ რამდენიმე ცნობილი შაჰის სამხედრო ლიდერი და პოლიტიკოსი, მათ შორის სავაქის ყოფილი დირექტორები ჰასან ფაქრავანი და ნასერ მოყადამი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი აბას ალი ხალათბარი და თეირანის ყოფილი მერი ღოლამ რეზა ნიკპეი.[10]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალი ნეშატი დაქორწინებული იყო და ჰყავდა ორი ქალიშვილი. ნეშატების ოჯახი მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებდა ფეჰლევიანების დინასტიის წარმომადგენლებთან.

ალი ნეშატი თავისუფლად ფლობდა ინგლისურ და ფრანგულ ენებს. მისდევდა სპორტს. იგი გახლდათ არაერთი სპორტული შეჯიბრის გამარჯვებული და პრიზის მფლობელი ცხენოსნობაში, ფარიკაობაში, ცურვაში, სროლაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. hmad Naini. "Die Revolution in Iran: Hintergründe und Ereignisse". Dt. Orient-institut, (1979), p. 52.(გერმ.)
  2. اعترافات ژنرال، خاطرات ارتشبد عباس قره باغی، نشر نی، چاپ اول 1364 (სპარს.)
  3. Manoucher Parvin. "Cry for My Revolution, Iran". Mazda Publishers, (1987), p. 334.
  4. فروپاشی ارتش شاهنشاهی، خاطرات سپهبد جلال پژمان، نشر نامک پروین، شابک 2- 65-6895-964-978، چاپ اول 1386 (სპარს.)
  5. Bakhtiar quits after losing army backing. the Guardian
  6. Kaveh Basmenji. "Tehran Blues: How Iranian Youth Rebelled Against Iran's Founding Fathers". Saqi, (2005), p. 94.
  7. Chronologies of Major Developments in Selected Areas of Foreign Affairs. U.S. Government Printing Office, (1979), p. 59.
  8. ""Remember my father, Commander General Ali Neshat."". 2014-09-05
  9. "علی نشاط: یک سرگذشت". بنیاد عبدالرحمن برومند (სპარს). Retrieved 2022-06-04.
  10. The story of the revolution according to the BBC Radio archive