ალისულთან ბოლქვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg ეს სტატია პოლიტიკური მოღვაწეს ეხება. ალისულთან ბოლქვაძე შესახებ იხილეთ ალისულთან ბოლქვაძე.
ალისულთან ბოლქვაძე
Alisultan.jpg
დაბ. თარიღი 1896
 კორტოხი, აჭარა, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1979
თურქეთი

ალისულთან ბოლქვაძე (დ. 1896, ხულოს რაიონი, სოფ. კორტოხი, აჭარა, საქართველო — გ. 1979, თურქეთი) — პოლიტიკური ლიდერი, 1929 წლის ზემო აჭარის გლეხთა აჯანყების მეთაური.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1929 წლის ზემო აჭარის გლეხთა აჯანყების მეთაური ალისულთან ბოლქვაძე დაიბადა 1896 წელს ხულოს რაიონის, სოფელ კორტოხში, ეკონომიკურად შეძლებული სასულიერო პირის ოჯახში. მამას – აქიფ ბოლქვაძეს, სასულიერო და იურიდიული განათლება არაბეთში, ქ. მექაში ჰქონდა მიღებული. ალისულთანმა ბავშვობა ბათუმსა და ქობულეთში, ბობოყვათში გაატარა. 1914 წელს ბათუმის გიმნაზია დაამთავრა. 1921 წელს დიდი დახმარება გაუწია წითელარმიელთა რაზმებს, რომელთაც დიდთოვლობისას გადმოლახეს გოდერძის უღელტეხილი. ამ თანადგომისთვის წითელი არმიის სარდლობას დაუჯილდოვებია კიდეც. 1924 წელს ალისულთან ბოლქვაძე ბოლშევიკური პარტიის რიგებში მიიღეს, თუმცა 1927 წელს იგი კომუნისტური პარტიის რიგებიდან გარიცხეს, რადგანაც ეჭვი ჰქონდათ, რომ ურთიერთობა ჰქონდა აჭარაში ჯერ კიდევ არსებულ მენშევიკურ ორგანიზაციებთან. იგი ანტისაბჭოთა ორგანიზაციების მუშაობაში 1927 წლიდან იყო ჩართული. პირადი ნაცნობობა აკაშირებდა ქაქუცა ჩოლოყაშვილთან. 1928 წლის 21 აპრილს სოფელ დიაკონიძეებში „აჭარის ხსნის კომიტეტის“ შეკრებაზე გადაწყდა, რომ ამ კომიტეტის ხელმძღვანელები უნდა ყოფილიყვნენ ალისულთან ბოლქვაძე, ისკანდერ აბულაძე, რიზა ირემაძე, რეჯებ ბერიძე... მისი თაოსნობით, ხულოს რაიონის სოფლებში ეწყობოდა მიტინგები, ვრცელდებოდა პროკლამციები ანტისაბჭოთა მოწოდებებით. 1928 წლის შემოდგომისთვის ხულოს მოსახლეობაში დიდძალი იარაღი იყო თავმოყრილი. ამ დროისთვის ალისულთან ბოლქვაძის სახელი პირველად ხდება ცნობილი ბოლშევიკური მთავრობისთვის, როგორც „აჭარის ხსნის კომიტეტის“ ერთ–ერთი ხელმძღვანელისა და მის წინააღმდეგ იწყებენ მოქმედებას. 1929 წლის მარტის დასაწყიში აჯანყების პირველი კერა გაჩნდა სოფელ ჭვანაში და მან მალე ზემო აჭარის ყველა სოფელი მოიცვა. აჯანყების დაწყებიდან მესამე დღეს თბილისიდან აჭარაში ჩავიდნენ სერგო ორჯონიკიძე, ლავრენტი ბერია, მიხა ცხაკაია, ფილიპე მახარაძე, მარიამ ორახელაშვილი და ჯარის ნაწილების თანხლებით ხულოში გაემგზავრნენ. ხელისუფლების მხრიდან მუქარამ შედეგი ვერ გამოიღო, აჯანყება ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა. 1929 წლის 10 მარტს მოხდა შეტაკება აჯანყებულებსა და მესაზღვრეებს შორის. 1929 წლის მარტში გამოსვლებს ადგილი ჰქონდა ქედის მაზრაშიც, აქტიურობდა მერისისწყლის ხეობის მოსახლეობა. 15 მარტს სოფ. დანისპარაულში ალისულთან ბოლქვაძემ მოიწვია სახალხო კრება, სადაც მოსახლეობას მოუწოდა, იარაღი არ დაეყარათ, რადგან ხელისუფლება არ ასრულებდა მათ მოთხოვნებს. 19 მარტს სხალთაში აჯანყებულებმა სამხედრო აღლუმი გამართეს. 19 მარტს დაბა ხულოში გაიმართა ბერიას და ბოლქვაძის მორიგი, უკანასკნელი და უშედეგო შეხვედრა. რის შემდეგაც ბერიამ საომარი მოქმედებები დაიწყო. 24 მარტს ალისულთან ბოლქვაძე 20 ერთგულ თანამოაზრესა და აჯანყების 1500 მონაწილესთან ერთად თურქეთში გადავიდა, მაგრამ მათი უმრავლესობა უკან მალევე დაბრუნდა. ალისულთან ბოლქვაძე 30-იანი წლების დასაწყისში მალულად შემოდიოდა აჭარაში და ხვდებოდა ოჯახის წევრებს. 1932 წლიდან კი გაძლიერებული დევნის გამო აჭარაში აღარ დაბრუნებულა. მისი ოჯახის მიმართ უმკაცრესი ზომები გატარდა. სოფელ კორტოხში გადაწვეს მისი სახლი, ქ. ბათუმში და სოფელ ბობოყვათში მოახდინეს მისი ქონების კონფისკაცია. 1951 წლიდან ალისულთანის ოჯახი ყაზახეთში გაასახლეს. ალისულთან ბოლქვაძე გარდაიცვალა 1979 წელს, დაკრძალულია ქ. სტამბოლში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • ბოლქვაძე ნიაზ. ალისულთან ბოლქვაძე // ღირსებისა და თავისუფლებისათვის: ბოლქვაძეთა გვარის ისტორია: კულტურული მემკვიდრეობა /ნიაზ ბოლქვაძე . თბილისი, 2016 . – გვ. 154-201

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]