ალიპი მესვეტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ალიპი მესვეტე

ალიპი მესვეტე (გ. 640) — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 26 ნოემბერი, ახალი სტილით - 9 დეკემბერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღირსი ალიპი მესვეტე პაფლაგონიის ქალაქ ადრიანოპოლში დაიბადა. წმინდანს მამა ადრე გარდაეცვალა. დაქვრივებულმა დედამ მთელი ქონება გლახაკებს დაუნაწილა, შვილი ეპისკოპოს თეოდორეს მისცა აღსაზრდელად, თავად კი ტაძარში დაიწყო მსახურება და დიაკონისად კურთხევის ღირსი შეიქნა.

წმინდა ალიპის სიყმაწვილიდანვე სურდა, უფლისთვის მიეძღვნა თავი და განმარტოებულ ცხოვრებას ესწრაფოდა, მაგრამ ეპისკოპოსი თეოდორე არ იშორებდა. ერთხელ, როცა წმიდანი თავის ეპისკოპოსს ახლდა კონსტანტინოპოლში, მას საღვთო ხილვით გამოეცხადა წმინდა მოწამე ეფემია, რომელმაც ადრიანოპოლში დაბრუნება და მისი სახელობის ტაძრის აგება უბრძანა. ნეტარი დამორჩილდა ზეციურ კურთხევას და ადრიანოპოლელი ქრისტიანების შემოწირულობებით მიტოვებული წარმართული სასაფლაოს ადგილას წმიდა ეფემიას სახელობის ეკლესია ააშენა. ტაძრის გასწვრივ, ღია ცის ქვეშ, წარმართული საფლავის ქვაზე უფლის რჩეულმა სვეტი მოიწყო. ღირსი ალიპი ორმოცდაცამეტი წელი მოღვაწეობდა სვეტზე.

სიკვდილამდე თოთხმეტი წლით ადრე წმინდა ალიპის ფეხები ისე დაუავადდა, რომ დგომა ვეღარ შეძლო. უფლის რჩეული მოთმინებით და მადლობით იტანდა უმძიმეს სატანჯველებს. ღირსი მამის სვეტის სიახლოვეს თანდათან ორი - მამათა და დედათა მონასტერი დაარსდა.

ნეტარი ალიპი 640 წელს გარდაიცვალა, ასთვრამეტი წლის ასაკში. წმინდანის ნეშტი მის მიერვე დაარსებულ, წმინდა მოწამე ეფემიას სახელობის ტაძარში დაკრძალეს. ღირსი მამის უხრწნელ ნაწილებთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.