ალიას ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ალიას ციხე — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაბანოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე საგამის მარჯვენა ნაპირზე, განეკუთვნება გარდამავალ ხანას. კოშკი ზურგიანია, დგას ფერდობზე და პირით ხეობისკენაა მიმართული. ნაგებია მოზრდილი ზომის, უხეშად დამუშავებული ნატეხი ქვის თარაზული რიგებით. ძლიერ დანგრეულია: შემორჩენილია I სართული, II სართულის ზურგისა და გვერდის კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი და მეორე სართულის ზურგის კედელი. შესასვლელი პირველი სართულის სწორი კედლის ღერძზეა გაჭრილი. კარი სწორკუთხა. სართულის შუაში დგას მძლავრი სვეტი, საიდანაც კედლებისკენ გადაყვანილია ოთხი, თითქმის ნახევარწრიული ფორმის შეკიდებული საბჯენი თაღი, რომლებსაც სხმული კამაროვანი გადახურვა ეყრდნობა. თაღები შედგმულია კონსოლებზე, რომელთა გვერდებზე, როგორც სვეტში, ისე კედელში, თითო პატარა და ღრმა სწორკუთხა ღრმულია, რომლებიც, როგორც ჩანს, კამარის ქარგილის საყრდენად გამოიყენებოდა. კოშკის II სართულის შემორჩენილი ნაწილი მთლიანად ნანგრევებითაა ამოვსებული. სართულის გვერდით კედელში გარეთკენ შევიწროებული მოზრდილი ზომის სწორკუთხა სარკმელია. III სართულის კედელი, II სართულის კედელთა შედარებით, შიგნიდან რამდენადმე შემაღლებულია, რაც სართულშუა გადახურვის კოჭების საყრდენ საფეხურს ქმნის. სართულის ზურგის კედელში მოზრდილი სწორკუთხა ნიშია. ეს სართულიც, II-ის მსგავსად, ხის ბრტყელი ჭერით იყო გადახურული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]