ალექსი ქავთარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქავთარაძე.
ალექსი ქავთარაძე
1820-1907
ეროვნება ქართველი
გარდაცვალების ადგილი რუსეთი
კუთვნილება რუსეთის იმპერია
ჯარის სახეობა არმია
სამხედრო სამსახურის წლები 1836–1907
წოდება გენერალი
ბრძოლები/ომები რუსეთ-თურქეთის ომი, ყირიმის ომი
ჯილდოები 1.წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენი 2.წმინდა გიორგის მეორე ხარისხის ორდენი 3.წმინდა სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენი 4.წმინდა გიორგის მესამე ხარისხის ორდენი 5.წმინდა სტანისლავის პირველი ხარისხის ორდენი

ალექსი ქავთარაძე (დ. 1820 — გ. 1907) — რუსეთის არმიის გენერალი. 1886 წლის 5 ივლისს ქალაქ პოლტავაში სამხედრო პირთა დიდი გამოცოცხლება შეიმჩნეოდა. აქ საზეიმო ვითარებაში აღინიშნა ალექსი გიორგის ძე ქავთარაძის 50 წლის სამხედრო მოღვაწეობა. მაგრამ იგი განსაკუთრებული სიმპათიით სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა არა მარტო სამხედროთა შორის, არამედ საზოგადოებაშიც, რომელშიც მას უხდებოდა ყოფნა, ჰქონდა მასთან კონტაქტი და ურთიერთობა. გენერალი ქვათარაძე რუსეთის არმიის მამაც მეომარტა რიცხვს ეკუთვნოდა; იგი ნახევარი საუკუნის განმავლობაში იბრძოდა რუსული იარაღის დიდებისათვის და სამშობლოს დასაცავად. მისი სიცოცხლე არაერთხელ ყოფილა განსაცდელში; იგი მონაწილეობდა 8 სამხედრო ლაშქრობაში; დაწყებული 1841 წლიდან იგი მუდმივად იყო კავკასიის ექსპედიციებისა და 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომში. მთელი თავისი სახელოვანი სამხედრო ცხოვრება მან თითქმის კავკასიაში განვლო. იგი მონაწილეობდა კავკასიის არმიის ბრწყინვალე ოპერაციებსა და თვით შამილის დატყვევებაში, აგრეთვე 1877-1878 წლების ომის ოპერაციებში, რომლებმაც დიდება მოუტანეს მთელ რუსტა მხედრობას. ბრძოლებში იგი ყოველთვის გამოირჩეოდა მამაცობითა და შეუდრეკელობიტ; თანამედროვეთა სიტყვებით, იგი იბრძოდა როგორც ლომი, რამდენიმეჯერ ყოფილა დაჭრილი, არაერთი ორდენი ამშვენებდა მის გულმკერდს, მათ შორის ჯარისკაცის ჯვარიც. როგორც მეთაური, გენერალი ქავთარაძე იყო მკაცრი, მაგრამ სამართლიანი და ჰუმანური; მან შეძლო რიგითი მებრძოლების სიყვარულისა და პატივისცემის დამსახურება.

სამხედრო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი განათლება მან კერძო სასწავლებელში მიიღო. 1836 წელს 16 წლის ჭაბუკი ჯარისკაცად ჩაირიცხა შავი ზღვის მე-16 ბატალიონში. 8 წლის მანძილზე იტანდა იგი სამსახურის მთელ სიძნელეს, მაგრამ ამ სიძნელეთა გადალახვაში იწრრთობოდა მომავალი ოფიცერი და გენერალი. 1844 წელს მან მიიღო პირველი საოფიცრო ჩინი, 1848 წელს პოდპორუშიკობა, ხოლო 1850 წლის 25 იანვარს, კავკასიის ექსპედიციის დროს, პორუჩიკობა დაიმსახურა. ამ ექსპედიციებში იგი 3 წელი მონაწილეობდა, რამდენიმეჯერ დაიჭრა ბრძოლაში, არაერთხელ საბრძოლო გმირობითაც თავი უსახელებია და შტაბს-კაპიტანის ჩინამდე მიაღწია. განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ალექსი ქავთარაძეს 1853-1856 წლების ყირიმის ომში, ჯერ კიდევ შტაბს-კაპიტნის ჩინში, მან თავი ისახელა ცნობილ ქიურუქ-დარის ბრძოლაში. აქ მოწინააღმდეგეების პოზიციების ცენტრზე შეტევის დროს ქავთარაძემ ერევნის ლეგიონის ორი ბატალიონით და ორი ასეულით იერიში მიიტანა და გაანადგურა თურქთა ძირითადი ძალების დასახმარებლად მიმავალი ნაწილები. ამ დროს ქავთარაძის მცირერიცხოვან რაზმზე მოულოდნელად კონტრიერიში მიიტანა რამდენიმე ბატალიონმა. აქვე იყო რეგულარული კავალერია. ეს უკანასკნელი ხევში მიმალულიყო. გაჩაღდა ხელჩართული სისხლისმღვრელი ბრძოლა. დიდი იყო ქავთარაძის დანაკლისი, მებრძოლთა რიგები შეთხელდა, დაეცა მედროშეც. ქავთარაძემ თვით სტაცა ხელი დროშას, შემჭიდროვდა რიგები და ხიშტებით გზა გაიკაფა, გაარღვია ალყა და ძირითად ნაწილებს შეუერთდა. ასეთი მამაცობისა და გამჭრიახობითვის იგი წმინდა გიორგის მეოტხე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. ასევე შეუდრეკელი იყო იგი ყარსის იერიშის დროს. 1855 წლის 17 სექტემბერს მას უბოძეს წმინდა გიორგის მეორე ხარისხის ორდენი და კაპიტნის ჩინი. 1859 წ. მეფისნაცვალმა ბარიატინსკიმ ალექსი ქათარაძეს მაიორობა უბოძა, ხოლო 1861 წელს დაინიშნა მეფისნაცვლის ფლიგელ-ადიუტანტად, 1863 წელს იგი პოდპოლკოვნიკია; 1865 წ. ალექსი დააჯილდოვეს წმინდა სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენით და ხმლით. 1871 წელს უკვე პოლკოვნიკმა ალექსი ქავთარაძემ მეორედ დაიმშვენა გულმკერდი წმინდა სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენითა და გვირგვინით. 1874 წელს იგი დანიშნეს 154-ე ქვეითი დარუბანდის ლეგიონის მეთაუურად. ამ ლეგიონით ალექსი მონაწილეობას რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების მთელ კამპანიაში. ამ ომში ა.ქავთარაძეს არაერთხელ უსახელებია თავი, მაგრამ განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის მას და მის ლეგიონს ავლიარ-ალაჯის სიმაღლეების იერიშის დროს. როგორც ცნობილია, 1877 წლის ოქტომბერში კავკასიაში საომარი ოპერაციების საერთო ხელმძღვანელობისათვის ბრძოლის ასპარეზზე ჩამოვიდა სამხედრო აკადემიის პროფესორი ობრუჩევი. მან შეიმუშავა გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა თურქეთის საველე ჯარების განადგურებას ავლიარ-ალაჯის სიმაღლეებზე. ოპერაციის წარმატებით შესრულების მიზნით მტრის ზურგში შეგზავნეს მოქმედი კორპუსის ერთი მესამედი ნაწილი, რომელსაც გენერალ-ლეიტენანტი ლაზარევი მეთაურობდა. ამ რაზმის შემადგენლობაში მონაწილეობდა ა.ქავთარაძე თავისი პოლკით. პოლკოვნიკ ქავთარაძეს ყველაზე რთული ამოცანა დაევალა. მას უნდა აეღო ძლიერად გამაგრებული ორლოვის სიმაღლეები და დამკვიდრებულიყო მასზე. მისმა საოცარმა ენერგიამ და მამაცობამ ისეთი შედეგი გამოიღო, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა დარუბანდელთა გამარჯვებამ მოწინააღმდეგის მარჯვენა ფრთასა და მცირე ზურგში უზრუნველყო გენერალ ლაზარევის მთელი ძალების წარმატებითი მოქმედება მთელი რაზმი ორლოვის სიმაღლეებზე გამაგრდა. ამ გამარჯვებამ კი განაპირობა კორპუსის წარმატება და მუხტარ ფაშას არმიის სრული განადგურება. ოპერაციაში განსაკუთრებული მამაცობისა და დამსახურებისათვის ქავთარაძე დააჯილდოვეს წმინდა გიორგის მესამე ხარისხის ორდენით. გარდა ამისა, 1877 წლის 8 ნოემბერს მას მიანიჭეს გენერალ-მაიორის ხარისხი და იმპერატორის არმიაში ცარიცხეს. იგი დანიშნეს 39-ე დივიზიის პირველი ბრიგადის უფროსად, ხოლო შემდეგ მას აბარებნ მე-9 დივიზიას, რომელსაც მეთაურობდა 1879 წლამდე. 1890 წლის 30 აგვისტოს გენერალ-მაიორი ა.ქვთარაძე გენერალ-ლეიტენანტის ჩინში აამაღლეს და წმინდა სტანისლავის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1907 წელს გენერალ-ლეიტენტი ა.ქვთარაძე გარდაიცვალა, როდესაც იგი სრულიად რუსეთის დაჭრილთა საზოგადოების კომიტეტის წევრი იყო.

გამოყენებული ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შამშე მეგრელიძე, ჩვენი გამოჩენილი სამხედრო წინაპრები, თბ.,1979
Tank template.gif ომის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ომის შესახებ.
P vip.svg ბიოგრაფიების პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ბიოგრაფიებზე.
Ac papyrus.png ისტორიის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები ისტორიის შესახებ.