ალექსანდრე II-ის მკვლელობა
| ალექსანდრე II-ის მკვლელობა | |
|---|---|
|
| |
ალექსანდრე II-ის მკვლელობა — რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა, რომელიც მოხდა 1881 წლის 13 მარტს (ძველი სტილით 1 მარტს) სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის იმპერიაში. იმპერატორი მოკლეს, როდესაც იგი დახურული ეკიპაჟით ბრუნდებოდა ზამთრის სასახლეში მიხაილოვსკის მანეჟიდან.
თავდასხმა დაგეგმა ორგანიზაცია „ნაროდნაია ვოლიას“ აღმასრულებელმა კომიტეტმა („ხალხის ნება“), რომლის მთავარი ორგანიზატორი იყო ანდრეი ჟელიაბოვი. თავდასხმაში მონაწილეობდა ოთხი ადამიანი, რომელთაც კოორდინაციას უწევდა სოფია პეროვსკაია. მათგან ორი უშუალოდ მონაწილეობდა თავდასხმაში. თავდაპირველად, ნიკოლაი რისაკოვმა იმპერატორის ეკიპაჟისკენ ისროლა ბომბი, რომელმაც ეკიპაჟი დააზიანა და აიძულა ალექსანდრე II ეკიპაჟიდან ჩამოსულიყო. ამ დროს მეორე თავდამსხმელმა, იგნატი გრინევიცკიმ, იმპერატორის სიახლოვეს მეორე ბომბი ისროლა, რომელმაც ალექსანდრე II სასიკვდილოდ დაჭრა.
ალექსანდრე II მანამდე გადაურჩა რამდენიმე მკვლელობის მცდელობას, მათ შორის დიმიტრი კარაკოზოვისა და ალექსანდრე სოლოვიოვის თავდასხმებს, იმპერატორის მატარებლის აფეთქების მცდელობას ალექსანდროვსკში (დღევანდელი ზაპორიჟია) და ზამთრის სასახლის აფეთქების მცდელობას 1880 წლის თებერვალში. ალექსანდრე II-ის მკვლელობა ითვლება XIX საუკუნის რუსული ნიჰილისტური მოძრაობის ყველაზე წარმატებულ მოქმედებად.
შეთქმულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1879 წლის 25–26 აგვისტოს, ალექსანდრე II-ის კორონაციის წლისთავზე, ნაროდნაია ვოლიას 22-წევრიანმა აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, მოეკლა იმპერატორი იმ მიზნით, რომ ამით ქვეყანაში რევოლუცია დაეჩქარებინა.[1][2] წელიწად-ნახევრის განმავლობაში ალექსანდრეს წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა მცდელობები წარუმატებლად დასრულდა. კომიტეტმა საბოლოოდ გადაწყვიტა ალექსანდრე II-ის მოკვლა, როდესაც იგი კვირას ტრადიციული ვიზიტიდან მიხაილოვსკის მანეჟიდან ზამთრის სასახლეში ბრუნდებოდა. თავდასხმის მთავარი ორგანიზატორი ანდრეი ჟელიაბოვი იყო. ჯგუფი რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდა იმპერატორის მარშრუტს და მის ორი შესაძლო გზა დაადგინა: მალაია სადოვაიას ქუჩის გავლით ან ეკატერინეს არხის გასწვრივ. მალაია სადოვაიას შემთხვევაში ქუჩის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობა უნდა ამოქმედებულიყო. დამატებითი დაცვისთვის, ქუჩის კუთხეებში ოთხი ბომბისტი იქნებოდა განლაგებული, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, ხელნაკეთ ბომბებს გამოიყენებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ იმპერატორი ეკატერინეს არხით წავიდოდა, მხოლოდ ბომბისტები უნდა გამოეყენებინათ. ბომბისტ მოხალისედ აირჩიეს იგნატი გრინევიცკი, ნიკოლაი რისაკოვი, ტიმოფეი მიხაილოვი და ივან ემელიანოვი.[3][1]
შეთქმულებმა მალაია სადოვაიას ქუჩაზე, ელისეევის სავაჭრო სახლში გახსნეს ყველის მაღაზია, რომლის ერთ-ერთ ოთახში გათხარეს გვირაბი ქუჩის შუაგულამდე, სადაც დიდი რაოდენობით დინამიტი განათავსეს. ხელნაკეთი ბომბები დაამზადა ნიკოლაი კიბალჩიჩმა. თავდასხმის წინა ღამეს სოფია პეროვსკაიამ და ვერა ფიგნერმა ასაფეთქებელი მოწყობილობები თავად ააწყვეს.[1][2]
თავდასხმას თავდაპირველად ანდრეი ჟელიაბოვი ხელმძღვანელობდა, რომელიც წარუმატებლობის შემთხვევაში დანით ან პისტოლეტით თავად უნდა დასხმოდა თავს იმპერატორს. თუმცა, ჟელიაბოვის დაკავების შემდეგ, რომელიც თავდასხმამდე ორი დღით ადრე მოხდა, ხელმძღვანელობა სოფია პეროვსკაიამ გადაიბარა.[4]
- ანდრეი ჟელიაბოვი (გასამართლდა და ჩამოახრჩვეს)
- სოფია პეროვსკაია (გასამართლდა და ჩამოახრჩვეს)
- იგნატი გრინევიცკი (მოკვდა მეორე ბომბის აფეთქების შედეგად)
- ივან ემელიანოვი (20 წელი ციხეში; მოგვიანებით შეიწყალეს)
- ნიკოლაი კიბალჩიჩი (გასამართლდა და ჩამოახრჩვეს)
- ტიმოფეი მიხაილოვი (გასამართლდა და ჩამოახრჩვეს)
- ჰესია ჰელფმანი (გარდაიცვალა ციხეში მშობიარობის შემდეგ, 1882)
- ნიკოლაი საბლინი (თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე)
- ვერა ფიგნერი (20 წელი ციხეში; მოგვიანებით შეიწყალეს)
მკვლელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცარი გადაადგილდებოდა დახურული, ორსავარძლიანი ეტლით, რომელიც ორი ცხენით იყო შებმული. მას თან ახლდა ხუთი ცხენოსანი კაზაკი და ფრანკ (ფრანციშეკ) იოსებ იაკოვსკი, პოლონელი დიდგვაროვანი; მეექვსე კაზაკი კი მეეტლის მარცხენა მხარეს იჯდა. იმპერატორის ეტლს მიჰყვებოდა სამი მარხილი, რომლებშიც იმყოფებოდნენ პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი დვორჟიცკი და ჟანდარმერიის ორი ოფიცერი.[3]
13 მარტს, შუადღისას, „მანეჟში“ ორი გვარდიული ბატალიონის წვრთნების ნახვის შემდეგ, იმპერატორის ეტლმა შეუხვია დიდი იტალიური ქუჩისკენ და ამ გზით თავიდან აიცილა მალაია სადოვაიას ქუჩაზე ჩადებული ნაღმი. პეროვსკაიამ წინასწარ განსაზღვრული სიგნალით (ცხვირსახოცით სარგებლობა) მკვლელებს უბრძანა, არხისკენ გადასულიყვნენ. უკანა გზაზე იმპერატორმა გადაწყვიტა მოკლე ხნით გაევლო სტუმრად თავის ბიძაშვილთან, დიდ მთავარ ეკატერინე მიხაილოვნასთან. ამან დამნაშავეებს მისცა საკმარისი დრო, ფეხით მიეღწიათ არხის მხარეს და ახალი პოზიციები დაეკავებინათ; ყველა მათგანმა (მიხაილოვის გარდა) მოასწრო ამ ადგილას მისვლა.[5]
2:15 საათზე, ეტლმა არხის სანაპიროზე დაახლოებით 150 იარდი გაიარა, როდესაც შეხვდა რისაკოვს, რომელსაც ხელსახოცში გახვეული ბომბი ეჭირა. პეროვსკაიას სიგნალის შემდეგ რისაკოვმა ბომბი იმპერატორის ეტლის ქვეშ ისროლა. აფეთქების შედეგად, ეტლის უკან მყოფი კაზაკი, ალექსანდრე მალეიჩევი, სასიკვდილოდ დაიჭრა და იმავე დღეს გარდაიცვალა. დაშავებულთა შორის იყო 14 წლის სოფლის ბიჭი, ნიკოლაი ზახაროვი, რომელიც ყასბის მაღაზიაში კურიერად მუშაობდა. აფეთქებამ მხოლოდ ეტლი დააზიანა, რომელიც ტყვიაგაუმტარი იყო. იმპერატორი ეტლიდან გამოვიდა შეშფოთებული, მაგრამ დაუზიანებელი. რისაკოვი თითქმის მაშინვე დააპატიმრეს. პოლიციის უფროსმა დვორჟიცკიმ გაიგონა, როგორ ყვიროდა რისაკოვი ბრბოში ვიღაცისკენ. მეეტლემ შეევედრა იმპერატორს, არ გადმოსულიყო. დვორჟიცკიმ იმპერატორს შესთავაზა თავისი მარხილით სასახლეში დაბრუნება, რაზეც იმპერატორმა თანხმობა განაცხადა, თუმცა მან გადაწყვიტა ჯერ დამნაშავე და დაზიანება ენახა. იგი დაინტერესდა დაშავებულთა მდგომარეობითაც. გარემოცვის შეშფოთებულ შეკითხვებს იმპერატორმა უპასუხა:
იმ მომენტში, როცა იგი გამგზავრებისთვის ემზადებოდა, მეორე თავდამსხმელმა, გრინევიცკიმ, რომელიც ახლოს მივიდა იმპერატორთან, მოულოდნელად მის ფეხებთან მეორე ბომბი ისროლა. აფეთქების შედეგად იმპერატორი და მისი მკვლელი მიწაზე დაეცნენ, ორივე სასიკვდილოდ დაიჭრა. ვინაიდან ხალხი ახლოს იყო შეკრებილი, გრინევიცკის ბომბმა მეტი ადამიანი დააზიანა, ვიდრე პირველმა (დვორჟიცკის მიხედვით, დაახლოებით 20 ადამიანი სხვადასხვა ხარისხის ჭრილობებით დაშავდა). ალექსანდრე მარჯვენა მკლავზე იყო დაყრდნობილი, მისი ფეხები მუხლს ქვემოთ გაჩეჩქვილი იყო და უხვად სისხლდენდა, მუცელი გახეთქილი ჰქონდა, სახე კი დამახინჯებული. გრინევიცკი ასევე მძიმედ დაშავდა და იმპერატორის გვერდით მიწაზე დაეცა, ყასბის ბიჭთან ერთად.[3][8]
ივან ემელიანოვი, მესამე ბომბის მსროლელი, ბრბოში იდგა და ელოდა; მას ხელში ჩემოდანი ეჭირა ბომბით, რომლის გამოყენებაც საჭიროების შემთხვევაში იგეგმებოდა. თუმცა იგი და სხვა გამვლელები იმპერატორის ძლივს გასაგონ ძახილს გამოეხმაურნენ. იმპერატორმა ძლივს ამოთქვა:
„სასახლეში წამიყვანეთ... იქ... მოვკვდები.“ |
ალექსანდრე მარხილით მიიყვანეს ზამთრის სასახლეში, იმ ოთახში, სადაც თითქმის იმავე დღეს, ოცი წლით ადრე, ხელი მოაწერა გლეხთა გათავისუფლების მანიფესტს. რომანოვების ოჯახის წევრები სასწრაფოდ მივიდნენ სასახლეში. მომაკვდავ იმპერატორს ჩაუტარდა ზიარება და უკანასკნელი ზეთი სცხეს. როდესაც დამსწრე ექიმს, სერგეი ბოტკინს ჰკითხეს, თუ რამდენ ხანს იცოცხლებდა იმპერატორი, მან უპასუხა:
„თხუთმეტ წუთამდე.“ |
იმ დღეს, 3:30 საათზე, ალექსანდრე II-ის პირადი დროშა საბოლოოდ დაუშვეს.[9]
დაპატიმრებები, სასამართლოები და სასჯელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე, ფატალური ბომბის მსროლელი გრინევიცკი ახლომდებარე სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ის რამდენიმე საათის განმავლობაში ტანჯვაში იმყოფებოდა. ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე ან საკუთარი სახელის გამხელაზე უარის თქმით, იგი იმავე საღამოს გარდაიცვალა.[6] თავის გადასარჩენად, რისაკოვი, რომელიც აფეთქების ადგილას დააკავეს, დათანხმდა თანამშრომლობაზე და მისცა ჩვენება თანამზრახველების წინააღმდეგ, რაც პოლიციას დაეხმარა ჯგუფის შტაბ-ბინაში რეიდის განხორციელებაში. რეიდი ჩატარდა 15 მარტს, მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ. ჰელფმანი დააკავეს, საბლინმა პოლიციის მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა დაკავების თავიდან ასარიდებლად. მიხაილოვი იმავე შენობაში, მეორე დღეს მოკლე სროლის შემდეგ დააკავეს. პეროვსკაია დააპატიმრეს 22 მარტს, კიბალჩიჩი 29 მარტს, ხოლო ემელიანოვი 14 აპრილს.[3][10]

მარცხნივ — ჯალათი ფროლოვი, რომელიც აღწერილია, როგორც ძლიერი აღნაგობის გლეხი[3][11] მსჯავრდებულები (მარცხნიდან მარჯვნივ): რისაკოვი, ჟელიაბოვი, პეროვსკაია, კიბალჩიჩი და მიხაილოვი.[12] ჟელიაბოვი, პეროვსკაია, კიბალჩიჩი, ჰელფმანი, მიხაილოვი და რისაკოვი სენატის სპეციალურმა ტრიბუნალმა 1881 წლის 26-29 მარტს სახელმწიფო დამნაშავეებად გაასამართლა და სიკვდილი — ჩამოხრჩობით მიუსაჯა. სასჯელი აღსრულდა 1881 წლის 15 აპრილს. ჰესია ჰელფმანის შემთხვევაში, სიკვდილით დასჯა მისი ორსულობის გამო გადაიდო.[11][13] მოგვიანებით, ალექსანდრე III-მ ჰელფმანს სასჯელი შეუცვალა უვადო პატიმრობით. იგი გარდაიცვალა მშობიარობის შემდგომი გართულებით 1882 წლის იანვარში, ხოლო მისი ახალშობილი ქალიშვილიც მალევე დაიღუპა.[14]
ემელიანოვს მომდევნო წელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, თუმცა 20 წლის შემდეგ იგი იმპერატორმა შეიწყალა.[3] ვერა ფიგნერი „თავისუფლებაზე„ იმყოფებოდა 1883 წლის 10 თებერვლამდე; ამ პერიოდში მან დაგეგმა ოდესის სამხედრო პროკურორის, გენერალ-მაიორ სტრელნიკოვის მკვლელობა. 1884 წელს ფიგნერს ჩამოხრჩობით სიკვდილი მიუსაჯეს, თუმცა შემდეგ სასჯელი უვადო პატიმრობით შეეცვალა. იგი ასევე 20 წელს იხდიდა სასჯელს, ვიდრე მისი მომაკვდავი დედის თხოვნის საფუძველზე ბოლო იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ შეიწყალა და გაათავისუფლა.[2][15]
დაკრძალვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თავდასხმის ადგილზე აღმართეს დროებითი სალოცავი, ხოლო პარალელურად მიმდინარეობდა სახსრების შეგროვება და დაგეგმვა მუდმივი მემორიალის ასაშენებლად. მუდმივი მემორიალი გახდა მაცხოვრის აღდგომის ტაძარი. მისი მშენებლობა დაიწყო 1883 წელს ალექსანდრე III-ის მმართველობისას და დასრულდა 1907 წელს ნიკოლოზ II-ის დროს. ტაძრის შიდა სივრცეში, საკურთხევლის მოპირდაპირე მხარეს, აიგო მდიდრული სალოცავი კიბორიუმის სახით, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ალექსანდრე II მოკლეს. სალოცავი გაფორმებულია ტოპაზით, ლაზურიტით და სხვა ნახევრად ძვირფასი ქვებით, რაც მკვეთრად ეწინააღმდეგება სალოცავის იატაკზე დატოვებულ ძველი გზის უბრალო ქვაფენილს.[16]
შედეგები ებრაელებისთვის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალექსანდრე II-ის განწყობებს ტოლერანტულად მიიჩნევდნენ ებრაელების მიმართ. მისი მმართველობის დროს გაუქმდა სპეციალური გადასახადები ებრაელებისთვის; საშუალო სკოლის კურსდამთავრებულებს უფლება მიეცათ, დასახლებულიყვნენ ოსახლობის ზონის გარეთ და მიეცათ სახელმწიფო სამსახურში დასაქმების უფლება. შედეგად, უამრავი განათლებული ებრაელი გადავიდა მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და სხვა დიდ ქალაქებში.[17][18] ალექსანდრე II-ის მკვლელობის შემდეგ მისმა შვილმა ალექსანდრე III-მ ეს ტენდენცია უკუაბრუნა.
ჰესია ჰელფმანის როლი მკვლელობაში ბოლომდე გარკვეული არ იყო, თუმცა მისი ებრაული წარმოშობა ხაზგასმით იქნა გამოყენებული.[19][20] მეორე თავდამსხმელის, იგნატი გრინევიცკის შესახებაც გავრცელდა ჭორი მისი ებრაული წარმომავლობის თაობაზე, თუმცა ეს ვერსია უსაფუძვლო იყო. ამ მკვლელობის შემდეგ რუსეთის იმპერიაში მიიღეს მაისის კანონები, რომელთაც მოჰყვა ებრაული თემების წინააღმდეგ საპასუხო თავდასხმები. ამ პოგრომების დროს, იმპერიის სამხრეთ-დასავლეთის 166 ქალაქში ათასობით ებრაული სახლი განადგურდა; ბევრი ოჯახი გაღატაკდა, უამრავი მამაკაცი, ქალი და ბავშვი კი დაიჭრა ან დაიღუპა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Yarmolinsky, Avrahm (2016) Road to Revolution: A Century of Russian Radicalism. Princeton University Press. ISBN 978-0691638546.
- Kel'ner, Viktor Efimovich (2015) 1 marta 1881 goda: Kazn imperatora Aleksandra II (1 марта 1881 года: Казнь императора Александра II). Lenizdat. ISBN 978-5-289-01024-7.
- Radzinsky, Edvard (2005) Alexander II: The Last Great Czar. Freepress. ISBN 978-0743284264.
- Church of the Savior on Blood, St. Petersburg. ციტირების თარიღი: 2018-12-20
- Hartnett, L. (2001). „The Making of a Revolutionary Icon: Vera Nikolaevna Figner and the People's Will in the Wake of the Assassination of Tsar Aleksandr II“. Canadian Slavonic Papers. 43 (2/3): 249–270. doi:10.1080/00085006.2001.11092282. JSTOR 40870322. S2CID 108709808.
- Kirschenbaum, Lisa A. (2014). „The Noble Terrorist“. The Women's Review of Books. 31 (5): 12–13. JSTOR 24430570.
- „Execution of the Czar's Assassins“. Australian Town and Country Journal (Sydney, NSW : 1870–1907). 4 June 1881. ციტირების თარიღი: 2 December 2019.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Yarmolinsky 2016, p. 273.
- 1 2 3 Kirschenbaum 2014, p. 12.
- 1 2 3 4 5 6 7 Kel'ner 2015.
- ↑ Yarmolinsky 2016, p. 276.
- ↑ Yarmolinsky 2016, p. 278.
- 1 2 Yarmolinsky 2016, p. 280.
- ↑ Hartnett 2001, p. 251.
- ↑ Yarmolinsky 2016, p. 279.
- ↑ Radzinsky 2005, p. 419.
- ↑ Yarmolinsky 2016, p. 283.
- 1 2 EXECUTION OF THE CZAR'S ASSASSINS.
- ↑ Yarmolinsky 2016, p. 307.
- ↑ Yarmolinsky 2016, p. 288.
- ↑ Yarmolinsky 2016, p. 287.
- ↑ Hartnett 2001, p. 255.
- ↑ SacredDestinations.
- ↑ Karesh, Sara E.; Hurvitz, Mitchell M. (2005) Encyclopedia of Judaism. Infobase, გვ. 10–11. ISBN 9780816069828.
- ↑ James P. Duffy, Vincent L. Ricci, Czars: Russia's Rulers for Over One Thousand Years, p. 324
- ↑ Jewish Chronicle, 6 May 1881; quoted in Benjamin Blech, Eyewitness to Jewish History.
- ↑ Hertz, Deborah (2014). „Dangerous Politics, Dangerous Liaisons: Love and Terror among Jewish Women Radicals in Czarist Russia“. Histoire, économie & société. 33 (4): 99–100. doi:10.3917/hes.144.0094. ISSN 0752-5702.