ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი
შეიქმნა 1925
ტიპი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება
მიზანი სამეცნიერო-კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა
მდებარეობა ა. პოლიტკოვსკაიას №31
დირექტორი თამარ წუწუნავა
ატარებს სახელს ალექსანდრე ჯანელიძე
ქვეყანა საქართველო
https://ajig.ge/

ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი (ყოფ. „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალ. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიური ინსტიტუტი“) 1925 წ. 25 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრის ბაზაზე დაარსდა, სორბონისა და ყაზანის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული ახალგაზრდა პროფესორის ალექსანდრე ჯანელიძის ინიციატივით. იგი გეოლოგიური პროფილის ერთ-ერთი პირველი სამეც­ნიერო-კვლევითი დაწესებულება იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში. 1941 წელს ინსტიტუტი შევიდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში, 2006 წელს გადავიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში, ხოლო 2010 წლიდან კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაშია.

ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეოლოგიის ინსტიტუტის (მაშინ გეოლოგიისა და მინერალოგიის ინსტიტუტი) პირველი მეცნიერ თანამშრომლები იყვნენ: ა. ჯანელიძე (დირექტორი), კ. გაბუნია, გ. სმირნოვი, ნ. ყიფიანი, გ. წულუკიძე. შემდგომ წლებში ინსტიტუტი თანდათან ივსებოდა ახალგაზრდა კადრებით და ფართოვდებოდა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის მასშტაბები. 40-იან წლებში ინსტიტუტში უკვე არსებობდა რამდენიმე ლაბორატორია, მონოგრაფიული პალეონტოლოგიური მუზეუმი და მდიდარი სპეციალური ბიბლიოთეკა.

თავიდან, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მიმდინარეობდა ძირითადად სტრატიგრაფიისა და პალეონტოლო­გიის მიმართულებით. შემდგომში, სამეცნიერო-კვლევითი ამოცანების გაფართოების კვალდაკვალ, კვლევები დაიწყო სხვა დარგებშიც. კერძოდ, რეგიონულ გეოლოგიაში, ტექტონიკაში, მინერალოგიაში, პეტროლოგიაში, ლითოლოგიაში, ვულკანოლოგიაში, ჰიდროგეოლოგიაში და სხვ. გასული საუკუნის 40-იანი წლებისთვის, ინსტიტუტში ფაქტობრივად უკვე ჩამოყალიბდა თვითმყოფადი ქართული გეოლოგიური სკოლა. ამ სკოლის შემქმნელებად სამართლიანად ითვ­ლე­ბიან პალეონტოლოგი, სტრატიგრაფი და ტექტონისტი ა. ჯანელიძე, მინერალოგი და პეტრო­გრაფი ა. თვალჭრელიძე და სასარგებლო ნამარხების სპეციალისტი კ. გაბუნია.

მე-20 საუკუნის შუა წლებში, ინსტიტუტში მონოგრაფიების სახით გამოქვეყნდა ფუნდამენტუ­რი გამოკვლევები სტრატიგრაფია-პალეონტოლოგიასა და რეგიონულ გეოლოგიაში (ა. ჯანე­ლი­ძე, ი. კახაძე, პ. გამყრელიძე, ი. კაჭარავა, მ. ერისთავი, ა. ცაგარელი), პეტროლოგიაში (გ. ზა­რიძე, ნ. თათრიშვილი, შ. ჯავახიშვილი, ს. ჩიხელიძე), ვულკანოლოგიაში (გ. ძოწენიძე, ნ. სხირ­ტ­ლაძე), მინერალოგიაში (გ. გვახარია). ამ შრომებმა შექმნა მყარი საფუძველი საქართ­ველოს ტერიტორიის გეოლოგიური აგებულების დეტალური შესწავ­ლი­სათვის. შემდგომ, გეოლოგიური კვლევა გააგრძელეს მათმა მოწაფეებმა და მათი სამეცნიერო მიღწევებით, ქართულ გეოლოგიურ სკოლას საერ­თა­შორისო აღიარება მოუპოვეს.

ამჟამად, გეოლოგიის ინსტიტუტში კვლევები მიმდინარეობს გეოლოგიური მეცნიერების თითქმის ყველა მიმართულებით, ძირითადად, თანამედროვე გეოლოგიური თეორიის ფილების ტექტონიკის საფუძველზე. ჯერ კიდევ 70-იანი წლების დასაწყისიდან, გეოლოგიის ინსტიტუტის ახალ­გაზრდა თანამშრომლები ცდილობდნენ ამ თეორიის ძირითადი დებულებების დამტკი­ცებას ისეთი უნიკალური ბუნებრივი ლაბორატორიის მაგალითზე, როგორიცაა კავკასია და მისი მომიჯნავე ალპურ-ჰიმალაიური მობილური სარტყლის სხვა რეგიონები. პირველ რიგში, ეს იყო ამ რეგიონის ალპურამდელი და ალპური გეოდინამიკური ევოლუციის, ტექტონიკური, მათ შორის შარიაჟული, სტრუქტურების წარმოშობის მექანიზმის, დედამიწის ქერქის უახ­ლესი და თანამედროვე ჰორიზონტალური და ვერტიკალური მოძრაობების მიმართულებისა და სიჩქარის და სეისმოგენერირებადი რღვევების შესწავლა. ამავე დროს, გრძელდებოდა და ამჟამადაც მიმდინარეობს მაკრო და მიკრო ნამარხი ორგანიზმების სისტემატიკისა და სტრატიგრაფიული მნიშვნელობის შესწავლის საფუძველზე, საქართველოს ფანეროზოული ნალე­ქების დეტალური ბიოსტრატიგრაფიული დანაწილება და მათი პალეოგეოგრაფიული კვლევა, მეტამორფიზმისა და გრანიტწარმოშობის პროცესების პეტრომინერა­ლოგიური, გეოქიმიური და გეოქრონოლოგიური შესწავლა და ამ ქანების წარმოშობის გეოდინამიკური პი­რო­ბების განსაზღვრა. ხორციელდება, აგრეთვე, დანალექი ქანების და ვულკანური წარმო­ნაქმნების პეტროლოგიური და ლითოლოგიური კვლევა, საქართველოს ტერიტორიაზე მაგმუ­რი და მადანწარმოშობის პროცესების გეოქიმიური შესწავლა და მეტალური და არამეტალური საბადოების გეოლოგიის კვლევა, საქართველოს შავი ზღვის აკვატორიის გეოეკოლოგიური, გეოქიმიური და ჰიდროქიმიური კვლევა და საქართველოს მიწისქვეშა წყლების ჰიდროგეოლოგიური და ჰიდროქიმიური კვლევები, საბადოთა შესწავლა-შეფასება, მათი რაციონალური გამოყენების გზების დადგენა.

ამჟამად გეოლოგიის ინსტიტუტში ფუნქციონირებს 5 სამეცნიერო განყოფილება: 1. სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის (ხელმძღვანელი აკადემიკოსი მ. კაკაბაძე); 2. ტექტონიკისა და რეგიონული გეოლოგიის (ხელმძღვანელი აკადემიკოსი ე. გამყრელიძე); 3. პეტროლოგიის, მინერალოგიის, ლითოლოგიისა და გეოქიმიის (ხელმძღვანელი აკადემიკოსი დ. შენგელია); 4. ვულკანოლოგიისა და სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიის (ხელმძღვანელი აკადემიური დოქტორი გ. ვაშაკიძე); 5. გარემოს დაცვის (ხელმძღვანელი აკადემიური დოქტორი ვ. გვახარია).

კვლევის შედეგებს აფასებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო (თავმჯდომარე: აკადემიკოსი ე. გამყრელიძე).

გარდა სამეცნიერო საქმიანობისა, ინსტიტუტი ახორციელებს აგრეთვე, გამოყენებითი ხასიათის სამუშაოებს. კერძოდ: საქართველოში სამოქალაქო და სამხედრო ობიექტების (ჰესები, ავტომაგისტრალები, რკინიგზა, გვირაბები და სხვ.) მშენებლობის საპროექტო ტერიტორიების კომპლექსური გეოლოგიური შესწავლას, საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა პროფილისა და მასშტაბის, მათ შორის მეტალური და არამეტალური სასარგებლო წიაღისეულის, სპეციფიკური დეტალიზებული მსხვილმასშტაბიანი ციფრული რუკების შედგენას; თბილისის მიდამოების ახალგაზრდა რღვევების შესწავლას სეისმურ დარაიონებასთან დაკავშირებით; მეწყერსაშიში უბნების გამოყოფას დასახლებულ პუნქტებსა და ქალაქებში; სხვადასხვა დატვირთვის გეოტურისტული მარშრუტებისა მეგზურების შედგენას საქართველოს ტერიტორიისთვის; საექსპერტო და საკონსულტაციო მომსახურებას გეოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით; საქართველოს ტერიტორიის ამგები ქანებისა და მინერალების მონოგრაფიული ატლასის შედგენას (ფერადი, განმარტებებით) და სხვ. გეოლოგიური კვლევის კომპლექსურ ლაბორატორიაში ხორციელდება მრავალპროფილიანი ანალიტიკური მომსახურება მომხმარებელთა ფართო სპექტრისთვის (გეოლოგიის დარგის სხვადასხვა მიმართულება, ნავთობისა და გაზის ძებნითი სამუშაოები, ქიმია, გეოქიმია, საინჟინრო გეოლოგია, გარემო, ნიადაგთმცოდნეობა, სამშენებლო მასალების სექტორი, მინისა და კერამიკის გადამუშავება და სხვ.).

გეოლოგიური ინსტიტუტის რამდენიმე თაობის მიერ ჩატარებულმა სამეცნიერო კვლევებმა ქართულ გეოლოგიურ სკოლას საერ­თა­შორისო აღიარება მოუპოვა. მსოფლიოში აღიარებული მეცნიერის, აკადემიკოს ვიქტორ ხაინის მიხედვით: “Трудно переоценить значение вклада грузинской геологической школы, трех ее поколении, в геологию не только Грузии, но и Кавказа и даже всего Альпийско-Гималайского пояса”.

შესრულებული სამუშაოების მონიტორინგს განახორციელებს ინსტიტუტის დირექტორი მეცნიერებათა დოქტორი თ. წუწუნავა.

ინსტიტუტში მუშაობს 74 თანამშრომელი, რომელთა შორის 39 მეცნიერია. მეცნიერულ შტატს წარმოადგენს 7 მეცნიერებათა დოქტორი, 32 მეცნიერებათა კანდიდატი (აკადემიური დოქტორი), 7 დოქტორანტი და 7 მაგისტრი. ინსტიტუტში მოღვაწეობს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 3 აკადემიკოსი და 2 აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]