ალექსანდრე სიმონია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Alexandre Simonia
ალექსანდრე სიმონია

ალექსანდრე სიმონია (დ. 17 სექტემბერი, 1920, თბილისი — გ. 22 მარტი, 2003) — ქართველი ინჟინერი, საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინერი (1978).

1938 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის მე-2 საშუალო სკოლა. 1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მე-3 კურსი. 1941–1942 წლებში სწავლობდა თელავის ქვეითი ჯარის სამხედრო სასწავლებელში, დაეუფლა არტილერისტის სპეციალობას და მიენიჭა ლეიტენანტის წოდება. დიდ სამამულო ომში იბრძოდა მე-20 ბარანოვიჩის მსროლელთა დივიზიის შემადგენლობაში ასეულის მეთაურად. მონაწილეობდა ბრძოლებში ქალაქ ბერლინისთვის და პრაღისთვის. დაჯილდოებულია წითელი ვარსკვლავისა და სამამულო ომის ორდენებითა და საბრძოლო მედლებით.

1950 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მანქანათმშენებლობის ტექნოლოგის სპეციალობით. 1950–1963 წლებში მუშაობდა ოსტატად, ტექნოლოგად და მთავარ ინჟინრად გაერთიანება „საქნავთობში“ და ქარხნებში „ელექტროგამშვები“ და „ელექტროავტომატი“. 1963–1984 წლებში მუშაობდა განყოფილების უფროსად მანქანათმშენებლობის და ელექტროტექნიკის ტექნოლოგიურ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; მთავარ ინჟინრად „საქმთავარმონტაჟსპეცვშენში“. ამავე პერიოდში, როგორც ტექნოლოგი და მთავარი ინჟინერი მონაწილეობდა სამშენებლო და გამშვებ-ამწყობ სამუშაოებში რიგ სამრეწველო ობიექტებზე, როგორიცაა ზუგდიდის ფაიფურის ქარხანა, რუსთავის მეტალურგიული კომბინატი და ქიმიური ქარხანა, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, ქუთაისის ავტოქარხანა. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მიყავდა სალექციო კურსი და პრაქტიკული მეცადინეობები. ამუშავებდა საინჟინრო-ტექნოლოგიურ და რაციონალიზატორულ წინადადებებს. ნაყოფიერი შრომისათვის დაჯილდოებულია საპატიო სიგელებით და მედლებით. 1978 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული ინჟინრის წოდება. 1984 წლიდან იყო პერსონალური პენსიონერი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი ალექსანდრე სიმონია — დაბადებიდან ასი წელი // ენერგია : ჟურნ., 2020, № 2–3(94–95), გვ. 90–92.