ალექსანდრე ჟურული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ალექსანდრე ილიას ძე ჟურული (დ. 21 იანვარი, 1888, თბილისი, — გ. 10 აგვისტო, 1937) — ქართველი სამხედრო პირი, პოლკოვნიკი.

წარმომავლობით აზნაურთა ოჯახიდან. პოლკოვნიკ ილია ჟურულის შვილი. დაამთავრა მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი (პეტერბურგი, 1909). მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიის 47-ე საარტილერიო ბრიგადაში, რომლის რიგებშიც მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918). ჰქონდა პორუჩიკის, შტაბს-კაპიტნის, ომის ბოლოს — კაპიტნის წოდებები. დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის III და II (ორივე 1915), წმ. ანას IV (1915) და II (1916) ხარისხის ორდენებით, გიორგის ოქროს იარაღით „მამაცობისთვის“ (1917, 1916 წლის 29 მაისს სოფ. ბობულინცესთან გერმანელების წინააღმდეგ ბრძოლაში თავის გამოჩენისთვის). მისი ძმა, კავკასიის მე-6 მსროლელთა პოლკის შტაბს-კაპიტანი კონსტანტინე ჟურული საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა 1916 წელს.

1918-1921 წლებში ალექსანდრე ჟურული იყო საქართველოს ჯარის პოლკოვნიკი, მეთაურობდა საარტილერიო დივიზიონს. 1920 წელს, შავი ზღვის სანაპიროზე მსახურობის პერიოდში დაეხმარა ჩრდილოეთ კავკასიაში დამარცხებული რუსული თეთრი მოძრაობის „მოხალისეთა არმიის“ სამხედრო ნაწილებს ფოთიდან ყირიმში ევაკუაციის განხორციელებაში. საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, 1921-1924 წლებში მსახურობდა ქართულ წითელ არმიაში, სადაც მე-2 ქართულ შეერთებულ საარტილერიო დივიზიონს უფროსობდა. შემდეგ სამეურნეო თანამდებობებზე იყო (1937 წლისთვის „ტყვარჩელნახშირის“ მომარაგების რწმუნებული). საბჭოთა ხელისუფლების მიერ სამჯერ იყო დაპატიმრებული 1922, 1924 და 1931 წლებში „ჯაშუშობის“ და „კონტრრევოლუციური საქმიანობის“ ბრალდებით. მასობრივი რეპრესიების დროს, 1937 წელს კვლავ დააპატიმრეს და დახვრიტეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჟურული ალექსანდრე ილიას ძე. სტალინური სიები საქართველოდან [ელექტრონული მონაცემთა ბაზა] / ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიაში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“, საქართველოში შვეიცარიის საელჩო. - 2013.
  • Журули Александр. «Памяти героев Великой войны 1914–1918».
  • Журули Александр Ильич. «Офицеры русской императорской армии».