ალექსანდრე ოზეროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ა. ოზეროვი

ალექსანდრე გრიგოლის ძე ოზეროვი (რუს. Александр Григорьевич Озеров; დ. 3 აგვისტო, 1849, სოფ. მანგლისი, — გ. ნოემბ. 1922, თბილისი) — რუსი არქიტექტორი; რევოლუციამდელი თბილისის მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოღვაწე.

დაიბადა საქართველოში მომსახურე რუსი სამხედრო ექიმის ოჯახში. დაამთავრა პეტერბურგის სამოქალაქო საინჟინრო სასწავლებელი 1872 წელს. 1873 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში. 1879–1885 წლებში თბილისის საქალაქო არქიტექტორი იყო. 1888 წელს მსახურობს ქუთაისის საგუბერნიო ინჟინრად, 1891–1892 წლებში — თბილისის ხანძრისაგან დამზღვევი საზოგადოების არქიტექტორად, მოგვიანებით — თბილისის საგუბერნიო მმართველობის სამშენებლო განყოფილების შტატგარეშე ტექნიკოსად, ხოლო უფრო გვიან, 1898-1907 წლებში — კავკასიაში საუფლისწულო მამულების ინსპექტორის სამმართველოს არქიტექტორად. 1885-87 წლებში ოზეროვი მონაწილეობდა ავჭალის წყალსადენის, ასევე თბილისის საკრებულოს შენობის აგებაში, ბორჯომი-ახალციხის და კოჯრის გზატკეცილის დაგეგმარებაში. 1874 წელს არჩეული იყო კავკასიის სამხატვრო საზოგადოების ნამდვილი წევრად. საუფლისწულო მამულების არქიტექტორად ყოფნისას აშენებდა წინანდალში, კარდანახში, თბილისშიც.

ოზეროვი ტიპური ექლექტიკოსი იყო. მის შენობათა ფასადებში უხვადაა „ირანული“, „მავრული“, „რენესანსულ-ბაროკოული“ ელემენტები. აქვს ცალკეული ცდები ქართული ისტორიული არქიტექტურის მოტივების გამოყენებისა — ღვინის №1 ქარხანა, დავით სარაჯიშვილის სახლი სიონის ქუჩაზე (1896). მისი შენობები ერთგვაროვანია: იგი მიმართავს მოდერნს, თუმცა აქაც გოტიკურ ელემენტებს იყენებს. მის მიერ აშენებული ბევრი საცხოვრებელი სახლი დღესაც დგას: ყოფილი კულტურის სამინისტროს შენობა (1910; შოთა რუსთაველის გამზირი), ძმები ფორების საცხოვრებელი სახლი (1910; დავით აღმაშენებლის გამზირი №1121), დიდი „საშემოსავლო სახლი“ (1913; ჭოროხის ქუჩა), სახლი №2 ქეთევან წამებულის გამზირზე, სახლი №10 პუშკინის ქუჩაზე (1910), ალექსანდრე სარაჯიშვილისეული სახლი მერაბ კოსტავასა და ნიკო ნიკოლაძის ქუჩების კუთხეში (1905) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]