ალექსანდრე მანველიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსანდრე მანველიშვილი (დ. 1904, ვალე — გ. 11 თებერვალი, 1997, არვადა, კალიფორნია, აშშ) — ქართველი ისტორიკოსი, პედაგოგი „თეთრი გიორგის“ ერთ-ერთი ბელადი და იდეოლოგი, ემიგრანტული ჟურნალისტიკის მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა სამცხეში შეძლებული კათოლიკე გლეხკაცის ოჯახში. მის მშობლებს 13 შვილი ჰყავდათ – რვა ვაჟი და ხუთი ქალი. ამათგან უმცროსი ქალ-ვაჟი ბავშვობაშივე გარდაცვლილა, ხოლო უფროსი ძმებიდან ერთი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ეპიდემიას ემსხვერპლა, მომდევნო – რუსის ჯარის ოფიცერი, 1916 წელს გერმანიის ფრონტზე მოკლეს. მეორე მსოფლიო ომში გაწვეული ოთხი ძმიდან ორი უკან აღარ დაბრუნებულა, ცოცხლად გადარჩენილთაგან ერთი მალე დაიღუპა, მეორე კი მამაპაპეულ ადგილზე დასახლდა.

1915 წელს ალექსანდრე მანველიშვილმა დაამთავრა ვალეს სამწლიანი სკოლა და იმავე წელს მიიღეს ახალციხის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მოსამზადებელ კლასში. ამ დროს მიმდინარეობდა პირველი მსოფლიო ომი მიმდინარეობდა და ახალციხის მხარე კავკასიის ფრონტის ნაიწლი იყო. 1924 წელს ალექსანდრე მანველიშვილმა წარჩინებით დაამთავრა ახალციხის საშუალო სკოლა და თბილისის უნივერსიტეტში სოციალურ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე აპირებდა სწავლის გაგრძელებას. ამ დროს ახალციხეს გამოეყო ერთი სტიპენდია თბილისის ცენტრალურ პედაგოგიურ ინსტიტუტში. მანველიშვილმაც აირჩია სტიპენდიით სწავლის გაგრძელება და ჩაირიცხა მარიამ ორახელაშვილის სახელობის სამწლიან უმაღლეს პედაგოგიურ ინსტიტუტში სოციალ-ლიტერატურული განხრით. აქ მას ასწავლიდნენ დიმიტრი უზნაძე, გიორგი ახვლედიანი, მიხეილ ზანდუკელი, სიმონ ჯანაშია, ვარლამ თოფურია. 1928 წელს აღნიშნული ინსტიტუტი დახურეს და მანველიშვილი გადაიყვანეს უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

სამუშაოდ მანველაშვილი გაგზავნეს მშობლიურ სკოლაში. სულ მალე იგი მოწაფეთა საყვარელი პედაგოგი გახდა. როდესაც წმენდაში მოყოლა დაუპირეს, ერთხანს თბილისში დაბრუნდა, აქ უნივერსიტეტის დოცენტმა თამარ ლომოურმა მისი სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა მოინდომა, მაგრამ მანველაშვილი სამშობლოს დატოვებაზე ფიქრობდა. 1929 წლის ოქტომბერში შეიკრიბა მთელი ჯგუფი იძულებით გადახვეწილებისა, რომლებიც მალე თურქეთში აღმოჩნდნენ. მათ 1929 წლის ნოემბრიდან 1930 წლის 1 მაისამდე გაიარეს ყარსი, არზრუმი და ტრაპიზონი. ტრაპიზონში ყოფნისას მანველიშვილმა მოინახულა სოლომონ II-ის საფლავი. 1930 წლის იანვარ-აპრილი მანველიშვილმა სტამბოლში გაატარა. მან თავის მოგონებებში შემოგვინახა ცნობები იქაურ ქართველ კათოლიკეთა მონასტრისა და მის მოღვაწეთა, მათ შორის, მამა შალვა ვარდიძის შესახებ. 1930 წლის 1 მაისს ალექსანდრე მანველიშვილმა სტამბოლი დატოვა, ფრანგული გემით „ანგკორ“ საფრანგეთში გაემგზავრა და 10 მაისს მარსელში ჩავიდა. დაბინავდა ვალენტინე-ბოლიოში და მუშაობა პეჟოს ქარხანაში დაიწყო.

საფრანგეთში მანველიშვილი გახდა მოძრაობა „თეთრი გიორგის“ ერთ-ერთი ლიდერი ლეო კერესელიძესთან და მიხაკო წერეთელთან ერთად. ერთ ხანს იყო ამ მოძრაობის გამოცემის ფაქტობრივი რედაქტორი. მასში გამოაქვეყნა 30-მდე წერილი და გამოკვლევა.

პარიზში ცხოვრების პერიოდში ალექსანდრე მანველიშვილი დიდ მატერიალურ სიდუხჭირეს განიცდიდა, მიუხედავად ამისა მუდმივად მუშაობდა პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ამას გარდა იგი ჩაეწერა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც ისმენდა გამოჩენილი ფრანგ მეცნიერების ლექციებს.

1933 წლის ბოლოს „თეთრ გიორგიში“ განხეთქილება მოხდა. მანველიშვილი რამდენიმე თანამზრახველთან ერთად გამოეყო ორგანიზაცია „თეთრ გიორგის“ და დააარსა ახალი ორგანო – გაზეთი „მომავალი“, რომელიც 1934 წლის თებერვლიდან 1938 წლის ნოემბრამდე გამოდიოდა. მასში გამოაქვეყნა 22 წერილი. ამ გაზეთში მოღვაწეობის გარდა იგი აქტიურად თანამშრომლობდა პარიზსა და ბერლინში გამომავალ ქართულ ემიგრანტულ პრესასთან.

მეორე მსოფლიო ომის წინ ალექსანდრე მანველიშვილი გერმანიაში გადავიდა. ეგონა, რომ გერმანიის დახმარებით მოხერხდებოდა საქართველოს გათავისუფლება, მაგრამ იმედები გაუცრუვდა და 1944 წლიდან კვლავ პარიზში დაბრუნდა. აქ იგი მორალურად და მატერიალურად ეხმარებოდა გერმანიიდან საფრანგეთში მოხვედრილ ქართველ ტყვეებს. შეადგინა მათთვის სახელმძღვანელოდ წიგნაკი „ქართულ-ფრანგული საუბრის თანამგზავრი“, რომელიც იმავე წელს დაიბეჭდა პარიზში. 1853 წლის აპრილიდან 1958 წლამდე გამოსცემდა ჟურნალს „ერის დიდება“. 1954 წელს ვ. ციციშვილთან ერთად დააარსა ფრანგულენოვანი გაზეთი „L' Action Georgienne“. გამოვიდა მისი 22 ნომერი და გამოცემა შეწყდა 1956 წელს. ამ გაზეთს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა უცხო ენაზე ქართული საკითხის პროპაგანდისა და ფართო გავრცელებისათვის. 1950–იან წლებში ალექსანდრე მანველიშვილი თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთან: ჟურნალები – „მებრძოლი საქართველო“; „ბედი ქართლისა“; გაზეთები – „საქართველოს დამოუკიდებლობა; „ქართული აზრი“. გამოქვეყნებული აქვს ნარკვევები იტალიურ და ინგლისურ ენებზე – ჟურნალები: „Fronte Unio“, რომი; „The Voice of free Georgia“, ნიუ-იორკი.

1958 წელს ალ. მანველიშვილმა დატოვა ევროპა და აშშ-ში გადასახლდა. 26 აგვისტოს ჩავიდა ვაშინგტონში. ამერიკაში ჩასვლისას ცოლად მოიყვანა მასზე 25 წლით უმცროსი სტამბოლელი ქალი. ჰყავდა ორი ვაჟი – პეტრე და პავლეე. აქ მან გამოქვეყნა რემდენიმე სქელტანიანი წიგნი, ხოლო წერილებს კვლავ ევროპაში აგზავნიდა და პარიზში გამომავალ ჟურნალებში „კავკასიონსა“ და „ივერიაში“ ბეჭდავდა. წლების განმავლობაში მოღვაწეობდა რადიოსადგურებში – „კავკასიონი“, „თავისუფლება“ და „ამერიკის ხმა“.

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვეფხისტყაოსანი და რუსთველის ზნეობრივი იდეოლოგია, სტამბოლი, 1933;
  • დაღესტნის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, პარიზი, 1933;
  • საქართველოს საზღვრები, პარიზი, 1938;
  • სოციალური საკითხები, პარიზი, 1944;
  • ქართულ-ფრანგული საუბრის თანამგზავრი, პარიზი, 1944;
  • რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, პარიზი, 1951;
  • Histoire de la Géorgie, Paris, 1951;
  • ქრისტიანობა საქართველოში, პარიზი, 1954;
  • I. საკუთრება; II. მიწის საკითხი საქართველოში, პარიზი, 1956;
  • ქართული მოდგმის ეროვნული ფორმაცია, პარიზი, 1955;
  • რუსეთი და საქართველოს დამოუკიდებლობა, სან-ფრანცისკო, 1984;
  • ძველი ქართული მწრლობა, სან-ფრანცისკო, 1987;
  • ოქროს ხანა ქართველი ერის ისტორიისა, სან-ფრანცისკო, 1989;
  • ნარკვევები და წერილები, სან-ფრანცისკო, 1990;
  • კორპორატიზმი, სან-ფრანცისკო, 1990;
  • შოთა რუსთაველი და მისი პოემა ვეფხისტყაოსანი, 1937, (იტალიურ ენაზე, ხელნაწერი);
  • ახალი წერილები.– არვადა, 1991.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]