ალექსანდრე კოჭლავაშვილი
ალექსანდრე ივანეს ძე კოჭლავაშვილი (დ. 8 ოქტომბერი, 1906, ტფილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. იანვარი, 1977, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი გენერალ-მაიორი, შსსკ დამსახურებული მუშაკი, აჭარის ასსრ შს სახელმწიფო უშიშროების სახკომი (1939-1941), სოხუმში სპეც ობიექტის ხელმძღვანელი (1945-1951), საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების მინისტრი (1952-1953), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალექსანდრე კოჭლავაშვილი დაიბადა 1906 წლის 8 ოქტომბერს ტფილისში, რკინიგზელი მუშის ოჯახში. აქვე მიიღო დაწყებითი განთლება. 1924 წლის ნოემბრიდან 1926 წლის ნოემბრამდე სწავლობდა მე-15 შრომით სკოლაში. 1926 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, მაგრამ ოჯახში მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო იძულებული გახდა სწავლა შეეწყვიტა. 1928 წლის აპრილში გახდა კომპარტიის წევრი. 1931 წლის ნოემბრიდან 1933 წლის მაისამდე სწავლობდა ამიერკავკასიის სამთო-მეტალურგიულ ინსტიტუტში. 1935 წელს დაამთავრა თბილისის ს. მ. კიროვის სახელობის ინდუსტრიული ინსტიტუტი.
1921 წლის მარტიდან 1924 წლის ნოემბრამდე კოჭლავაშვილი მუშაობდა საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის საქმეთა მმართველობაში კურიერად, ექსპედიტორად; 1926 წლის ნოემბრიდან 1928 წლის სექტემბრამდე — ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში, უროსმცემლად; 1928 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე — საქართველოს ალკკ ზესტაფონის სამაზრო კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების გამგედ; 1928 წლის ნოემბრიდან 1930 წლის აპრილამდე — საქართველოს ალკკ ტფილისის საქალაქო კომიტეტის პროპაგანდისტად; 1930 წლის აპრილიდან 1931 წლის ნოემბრამდე — გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქციის მრეწველობისა და კომკავშირული განყოფილების გამგედ; 1933 წლის მაისიდან 1934 წლის აპრილამდე — საქართველოს ალკკ ცკ-ის პასუხისმგებელ მდივნად და საორგანიზაციო განყოფილების გამგედ; 1934 წლის აპრილიდან 1936 წლის თებერვლამდე — ზესტაფონის ფერომანგანუმის ქარხანაში ინჟინერ-კონსტრუქტორად და პასუხისმგებელ მდნობელად. აქ ერთ-ერთი საცდელი საამქრო მისი პროექტით აიგო.
1936 წლის თებერვლიდან 1937 წლის მაისამდე იყო საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის თბილისის ქიმიური ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის დირექტორის მოადგილე; 1937 წლის მაისიდან აგვისტომდე — საქრთველოს კპ (ბ) ცკ-ის სამრეწველო-სატრანსპორტო განყოფილების ინსტრუქტორი; 1937 წლის აგვისტოდან 1938 წლის აგვისტომდე ამავე განყოფილების გამგის მოადგილე; 1938 წლის აგვისტოდან 1939 წლის 15 აპრილამდე კი ამავე განყოფილების გამგე.
1939 წლის 15 აპრილიდან დაინიშნა აჭარის ასსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად, სადაც 1940 წლის 7 მარტამდე იმუშავა[1]. 1941 წლის მარტიდან 23 მაისამდე მუშაობდა აჭარის ასსრ სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისრად. 1941 წლის 23 მაისიდან 6 აგვისტომდე იყო საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო ნაწილის უფროსი; 1941 წლის 6 აგვისტოდან 1943 წლის 21 მაისამდე — საქართველოს სსრ შინსახკომის კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსი; 1943 წლის 21 მაისიდან 1945 წლის 18 მაისამდე — საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე; 1945 წლის 18 მაისიდან ნოემბრამდე — საქართელოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის პირველი მოადგილე.
1945 წელს ალექსანდრე კოჭლავაშვილი გაგზავნილ იქნა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საპასუხისმგებლო უბანზე — სოხუმის სპეციალურ უბანზე ატომური ენერგიის პრობლემათა დასამუშავებლად, სადაც 1945 წლის ნოემბრიდან 1947 წლის აპრილამდე მუშაობდა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის — შინაგან საქმეთა სამინისტროს რწმუნებულად; 1947 წლის 21 აპრილიდან 1952 წლის ივნისამდე — საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს რწმუნებულად, 1950 წლიდან კი შეთავსებით დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად სოხუმის სპეცობიექტზე.
1952 წლის 9 ივნისიდან 1953 წლის 16 მარტამდე ალექსანდრე კოჭლავაშვილი საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების მინისტრი იყო. 1953 წლის 10 აპრილიდან 17 აგვისტომდე — საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. 1953 წლის 24 სექტემბრიდან სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაითხოვეს.
1953 წლის დეკემბრიდან 1954 წლის დეკემბრამდე მუშაობდა რუსთავის ამიერკავკასიის მეტალურგიული ქარხნის დირექტორის მოადგილედ კადრებისა და გასაღების დარგში.
1961 წლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „საქართველოს სამთამადნო მრეწველობის განვითარება XX საუკუნეში“.
1963 წლის აპრილიდან 1964 წლის სექტემბრამდე იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1964 წლის სექტემბრიდან გარდაცვალებამდე —საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და ბოლოს განყოფილების გამგე.
1969 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ ალექსანდრე კოჭლავაშვილს ისტორიის მეცნიერებათა დოქორის სამეცნიერო ხარის ხი მიანაიჭა ნაშრომისათვის „მანქანათმშენებლობის განვითარების ისტორია საბჭოთა საქართველოში (1921-1941 წწ.)“.
ალექსანდრე კოჭლავაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის გამოჩენილ შვილთა — დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი ნიკოლაძის მოღვაწეობის მეცნიერული შესწავლის საქმეში. მის კალამს ეკუთვნის 100-ე მეტი ნაშრომი, მათ შორი ს 10 მონოგრაფია და 90-ზე მეტი სამეცნიერო სტატია.
ალექსანდრე კოჭლავაშვილი არჩეული იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს I-III მოწვევების დეპუტატად, ასევე საკავშირო კპ (ბ) XVIII-XIX ყრილობბის დელეგატად, საქართველოს კპ ცკ-ის წევრად, საქართველოს კპ ცკ-ის ბიუროს წევრად, საქართველოს კპ (ბ) აფხაზეთის საოლქო კომიტეტის წევრად.
ალექსანდრე კოჭლავაშვილი გარდაიცვალა თბილისში 1977 წლის იანვარში.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოჭლავაშვილი იყო „საქართველოს ისტორიული ნარკვევეის“ VII და VIII ტომების ერთ-ერთი ავტორი. 1982 წელს ავტორთა კოლექტივთან ერთად გარდაცვალების შემდეგ საქართელოს სსრ სახელმწიფო პრემია მიენიჭა. გამოცემული ჰქონდა წიგნები:
- „ეპიზოდები ედისონის ცხოვრებიდან“ (1935);
- „ქართული ბროლი“ (1959);
- „ა. წერეთელი და ჭიათურის მარგანეცი“ (1958);
- „საქართველოს სამთომადნომეტალურგიული მრეწველობის განვითარება XIX საუკუნეში“ (1962);
- „მანქანათმშენბლობის ისტორია საბჭოთა საქართველოში, 1921-1932 წწ.“ (1966);
- „თბილისის მეტროპოლიტენი“ (თანაავტორი, 1978);
- „შემოქმედებითი შრომის ადამიანი“ (1978).
1986 წლის 21 თებერვალს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს საჩუქრად გადაეცა პროფესორ ალექსანდრე კოჭლავაშვილის პირადი საარქივო ფონდი, რომელიც შეიცავს მოგონებებს ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.
სპეციალური წოდებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სახელმწიფო უშიშროების კაპიტანი (19.10.1939);
- სახელმწიფო უშიშროების მაიორი (22.101.1940);
- სახელმწიფო უშიშროების პოლკოვნიკი (14.02.1943);
- გენერალ-მაიორი (09.07.1945).
მედლები და ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საპატიო ნიშნის ორდენი (26.04.1940);
- წითელი დროში ორდენი (20.09.1943);
- სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი (24.01.1946);
- ნიშანი „შინსახკომის დამსახურებული მუშაკი“ (25.02.1946);
- 2 „შრომის წითელი დროში სორდენი“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კოჭლავაშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე[მკვდარი ბმული]
- შსს არქივი // თუშურაშვილი ო., ჯახუა ი., საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები, თბ., 2013, გვ. 109-111 დაარქივებული 2021-01-12 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ის ამ თანამდებობაზე შნაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ბრძანებით არ დანიშნულა, მაგრამ იკავებდა ამ პოსტს. აჭარის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით ამ თანამდებობაზე მუშაობდა 1939 წლის 11 მაისიდან — 1941 წლის 2 აპრილამდე.
- დაბადებული 8 ოქტომბერი
- დაბადებული 1906
- გარდაცვლილი 1977
- საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო უშიშროების მინისტრები
- საქართველოს სსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საქართველოს სსრ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- საკავშირო კპ-ის (ბ) XVIII ყრილობის დელეგატები
- საკავშირო კპ-ის (ბ) XIX ყრილობის დელეგატები