ალექსანდრე კაკუშაძე
ალექსანდრე მოსეს ძე კაკუშაძე (დ. 4 (17) ნოემბერი, 1903, სოფელი პატრიკეთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 29 ივლისი, 1979, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ინჟინერ-მშენებელი, კონსტრუქტორი, სამშენებლო მექანიკის ქართული სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი. პროფესორი (1958), საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1962). საქართველოს დამსახურებული ინჟინერი (1961).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალექსანდრე მოსეს ძე კაკუშაძე დაიბადა 1903 წლის 4(17) ნოემბერს ქუთაისის გუბერნიის სოფელ პატრიკეთში, სოფლის მასწავლებლის მოსე კაკუშაძისა და ელისაბედ ტოგონიძის ოჯახში.
1929 წელს დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, 1932 წელს – თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების სპეციალობით. 1932 წლიდან მუშაობდა რიგ სასწავლო, სამეცნიერო-საპროექტო და სამშენებლო დაწესებულებებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, მ. შ. იყო ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის უმაღლესი მათემატიკური კათედრის გამგე; ხელმძღვანელობდა აფშერონის ნახევარ-კუნძულიდან კასპიის ზღვაში ნავთობმომპოვებელ აუზებში ესტაკადების მოწყობისა და გამოცდის კომისიას; 1963-1977 წლებში სპი-ში იყო მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრის გამგე; 1977 წლიდან – ამავე კათედრის პროფესორი.
კაკუშაძის სამეცნიერო შრომები ეხება მათემატიკური მეთოდებით სამშენებლო მასალების მახასიათებლებისა და სიმტკიცის მარაგის კოეფიციენტის დადგენას; ნაგებობათა დინამიკის საკითხებს; დრეკადობის თეორიის დიფერენციალური განტოლების ზოგადი ამონახსნების საფუძველზე საანგარიშო სქემების შედგენას; თაღების გაანგარიშების ზოგად მეთოდებს. შესრულებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი სამუშაო საპროექტო და სამშენებლო დაწესებულებებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახ. მედალი, ასევე სახელმწიფო ჯილდოები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნანეიშვილი ნ., „ალექსანდრე კაკუშაძე“, თბ., 1973
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 479-480.