ალექსანდრე იობიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ალექსანდრე (საშა) სიმონის ძე იობიძე (დ. 1892, სოფელი საფიჩხია, ქუთაისის გუბერნია — გ. 11 მაისი, 1962, ქუთაისი) — ქართველი მევენახე-მეღვინე, საქართველოს სსრ დამსახურებული აგრონომი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მიზნად დაისახა მევენახეობა-მეღვინეობას გაყოლოდა. 1914 წელს ყირიმში დაამთავრა მაგარაჩის მევენახეობა-მეღვინეობის ორწლიანი უმაღლესი საიმპერატორო სკოლა. და ქუთაისს დაუბრუნდა. 1915 წელს იგი გაამწესეს ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოლქის ინსტრუქტორ სპეციალისტად. მალე კვლავ ქუთაისში დაბრუნდა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა მომზადების საქმეს მოჰკიდა ხელი. შემდეგ წინანადლის მამული, გურჯაანის რაიონის სოფ. ჩუმლაყი. აქ მან პირადი ინიციატივით 50 ჰექტარზე ამერიკული საძირე ვაზის სადედე გააშენა, რომელმაც შემდგომ დიდი როლი შეასრულა კახეთის მევენახეობის აღდგენის საქმეში, რადგან ქართულ ვაზს ავადმყოფობა გაუჩნდა და საფრთხე დაემუქრა მის არსებობას.

1926 წელს იგი დაინიშნა სოხუმის ოლქის აგრონომად. 1927 წელს მისი ინიციატივით სოხუმში იქმნება მევენახეობა-მეღვინეობის განყოფილება. მიზანი ერთი იყო-აფხაზეთში აეღორძინებინათ კულტურული მევენახეობა.

ალექსანდრე იობიძე 5 წელი მარტო ცხოვრობდა გომბორის ტყეში, დადიოდა და შეუპოვრად ეძებდა კოლხური ჯიშის ვაზს. იპოვა და აღადგინა კიდეც საუკუნის წინათ დაკარგული კოლხური სახელგანთქმული „დღუნდღუშის“, „პუმპულას“, „მახვატელის“, „ზედაგის“, ამლახუს“ პირველი ლერწები. საკუთარ ნაკვეთზე გადმოიტანა ისინი და მიიღო კიდეც ის ტკბილი ღვინოები, რომლებიც ლეგენდებშია მოხსენიებული.

1934-1935 წლებში იგი ხელმძღვანელობდა საქარის მევენახეობის საცდელი სადგურის აგროტექნიკის განყოფილებას. 1936 წლიდან ის კვლავ აფხაზეთშია. მუშაობდა საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის სოხუმის დასაყრდენი პუნქტის მეცნიერ მუშაკად. ამავე დროს, 1939 წლიდან, მოღვაწეობდა გუდაუთის რაიონის ახალსოფლის ორჯონიკიძის სახელობის კოლმეურნეობაში.

მე-19 საუკუნეში აფხაზეთში ორმოცამდე ადგილობრივი ჯიშის ვაზი ხარობდა. თითქმის ყველა მაღლარი იყო, მაგრამ ვაზს ავადმყოფობა გაუჩნდა და გადაშენდა. ხალხს ჰქონდა მხოლოდ მაღალი ვენახი-იზაბელა. 30-იანი წლების ბოლოს ყინული გალღვა. აფხაზეთში ფეხი მოიკიდეს მთიანი რაჭიდან ჩამოსახლებულმა მცირემიწიანმა რაჭველებმა. აზრი, რომ თითქოს აფხაზეთში კლიმატური პირობების გამო ვაზის წარმოება არ შეიძლებოდა, გაქრა. რაჭველები არ შეუშინდნენ ბუნებას, მალარიას, გაჩეხეს ჩირგვნარი, ეკალბარდები, ძაღლყუნძენა და ცხოვრება დაიწყეს. სოფელს კი ახალსოფელი დაერქვა. სწორედ მაშინ შეესხა ფრთები აგრონომ ალექსანდრე (საშა) იობიძის ოცნებას, აფხაზეთში კულტურული ვენახის ზვრების გაშენების შესახებ.

მის სანერგეში გამოყვანილმა ბევრმა ჯიშმა საუკეთესო ნიადაგი ჰპოვა არა მარტო ახალსოფლის მიწაზე, არამედ მთელს აფხაზეთში. სასელექციო ნაკვეთზე მან გაამრავლა 210-ზე მეტი ჯიშის ვაზი. მათ შორის 25 აფხაზური ვაზის ჯიში /აჰარდანი, აჟშხუატა, აღბიჟი და სხვები/. მან შეისწავლა ბევრი ჯიშის აგრობიოლოგია, შეიმუშავა მათი ჯიშობრივი აგროტექნკა.

მან გაავრცელა და დანერგა აფხაზეთში შესანიშნავი ქართული ჯიშის ვაზი ჩხავერი, ეს ძველი კოლხური ჯიშის ვენახი გადაშენების გზაზე იდგა. ალექსანდრე იობიძემ გამოიყვანა დაბალი ჩხავერი, მანვე აფხაზეთის ზონისთვის გამოიყვანა ცოლიკარი და კრახუნა, აფხაზური ჯიშები-კაჭიჭი, აკასირხვა, ახარდანი, ამლახუ და სხვა.

1954 წლიდან ყოველ წელს მონაწილეობდა სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენებში, დაჯილდოებული იყო ოქროსა და ვერცხლის მედლებით. იგი შესანიშნავად ფლობდა ქართულ, რუსულ, და ფრანგულ ენებს. ზედმიწვნით იცოდა მევენახეობის ისტორია დადამიწაზე ვაზის გაჩენიდან დღემდე. მას მუდამ გვერდით ედგა მისი აფხაზი მეუღლე, განათლებული, ერუდირებული ძაძუ მხეცაძე, რომელიც მის ყოველ წარმატებას თუ გულისტკენას იზიარებდა.

დაჯილდოვებული იყო სსრ კავშირის სახალხო მეურნეობის მიღწევების გამოფენაზე ორო ოქროს მედლით; მედლით შრომითი მამაცობისათვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „საბჭოთა აფხაზეთი“. - სოხუმი, 1962. - 15 მაისი
  • „გაზ. სამშობლო“ 27.07.1915 #122