ალექსანდრე ველიჯანაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ველიჯანაშვილი
დაბ. თარიღი 10 იანვარი, 1968(1968-01-10) (56 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა არქიტექტორი და მეცნიერი
ალმა-მატერი თბილისის სამხატვრო აკადემია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ალექსანდრე ველიჯანაშვილი (დ. 10 იანვარი, 1968, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი, მეცნიერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით, 1994 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეცფაკულტეტი — „ბიზნესის უმაღლესი სკოლა“, ბიზნეს ორგანიზაციისა და მენეჯმენტის სპეციალობით. 1993-1997 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის ასპირანტი.

1985-1989 წლებში მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ორგანიზაციაში „საქმედრემპროექტი“ არქიტექტორად. 1989-1994 წლებში მუშაობდა საწარმოო გაერთიანება „ორიონის“ კაპიტალური მშენებლობის განყოფილების არქიტექტორად. 1993-1995 წლებში მუშაობდა საპროექტო ჯგუფში, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის ო. ჯაყელის ხელმძღვანელობით, არქიტექტორად. 1995-1998 წლებში ახორციელებდა სხვადასხვა ობიექტების დაპროექტებას, ინტერიერების დიზაინის დამუშავებას, მშენებლობის ტექნიკურ და საავტორო ზედამხედველობას, კერძო პრაქტიკის ფორმით. 1999-2006 წლებში იყო კომპანია „Autodesk“-ის და კომპანია „Graphisoft“-ის სერტიფიცირებული ტრენერი და მათი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. 2007-2009 წლებში მუშაობდა არქიტექტორად შპს „optimum“-ში და ახორციელებდა პროექტების მენეჯმენტს, პროექტების ექსპერტიზასა და მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას. 2009-2011 წლებში იყო შპს „ოპტიმალ გრუპ“-ის მთავარი ინჟინერი. 2011 წლიდან შპს „ოპტიმალ გრუპ+“-ის თანადამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორია. ხელმძღვანელობს ინსპექტირების ორგანოს. აღნიშნული ორგანიზაცია, საერთაშორისო სტანდარტით აკრედიტირებული, სამშენებლო სფეროს ინსპექტირების ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა. 2017 წლიდან ინსპექტირების ორგანოების საერთაშორისო ასოციაცია „GEOC“-ის წევრია. მისი უშუალო მონაწილეობით დამუშავებულ იქნა მნიშვნელოვანი ობიექტების პროექტები, მათ შორის: კინოთეატრ „კარიბჭეს“ მუზეუმად რეკონსტრუქციის მცხეთაში, მთათუშეთის სოფელ დართლოს რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე „UEFA“-ს სტანდარტით მშენებარე ბუნებრივსაფარიანი საფეხბურთო სტადიონის, სასტუმრო „მარკო პოლო“-ს, დაბა გუდაურში, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ საწვრთნელი ბაზის და სხვა. განხორციელებული აქვს საქართველოს მასშტაბით მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობის პროექტებისა და მიმდინარე სამშენებლო პროცესების ინსპექტირება, მათ შორის: ა„ნაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის“ პროექტს, თბილისის მეტროს ახალი სადგურის „ვაჟა-ფშაველას“ და „უნივერსიტეტის“, კოპიტნარისა და თბილისის აეროპორტების ტექნიკური სამსახურის შენობების, იუსტიციის სახლების და სხვა. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის, ავტომატიზებული დაპროექტებისა და გეომეტრიული მოდელირების თემატიკაზე. მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი 2002 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2, თბ., 2021, გვ. 122-123

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]