შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე დიასამიძე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე დიასამიძე
დაბადების თარიღი 1872(1872)
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 1941(1941)
დაკრძალულია კუკიას სასაფლაო
ეროვნება ქართველი
პროფესია ექიმი
საქმიანობა ექიმი[1] და საზოგადო მოღვაწე[1]
პარტია სოციალისტ-ფედერალისტები
მეუღლე(ები) ანა მიხეილის ასული შერვაშიძე (1876 – 1969
შვილ(ებ)ი გიორგი და ნინა (ნინო)
მშობლები მამა: ნიკოლოზ დიასამიძე დავითის ძე (1846 – 1897)
დედა: ბებუთაშვილი ნინა გრიგოლის ასული (1845 – 1897)

ალექსანდრე (სანდრო) დიასამიძე (ფსევდ. (ბრილელი) დ. 1872 - გ. 1941) — ქართველი ექიმი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი, პარიზის ქართული სათვისტომოს რიგით მეორე თავმჯდომარე. ნიკოლოზ (ნიკო) დიასამიძეს შვილი, გრიგოლ დიასამიძეს ძმა. ალექსანდრე დიასამიძე იყო ერთ-ერთი იმ სტუდენტთაგანი, რომელსაც აკაკი წერეთელმა მიუძღვნა „ბაში-აჩუკი“.

დაიბადა 1872 წელს ქალაქ თბილისში. ბაბუა, დავით დიასამიძე გორის თავადაზნაურობის მარშალი იყო, მამა ნიკოლოზ დიასამიძე კი იყო საზოგადო მოღვაწე. ალექსანდრეს ოჯახში მეორე ვაჟი იყო, მასთან ერთად იზრდებოდნენ ძმები: გრიგოლი (1870-1960); მიხეილი (1875-1948); დავითი (1876-1952); კონსტანტინე (1878-1956); დიმიტრი (1881-1924); ლევანი (1882-1964).

საშუალო განათლება თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში მიიღო, რის შემდეგაც მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა.1898 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პარიზში გაემგზავრა, სადაც დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის კლინიკებში მუშაობდა. იქვე დაამთავრა ვენეროლოგიის და დერმატოლოგიის ფასიანი კურსები. მუშაობდა პარიზის სხვადასხვა კლინიკებში, ცხოვრობდა ემიგრანტების უბანში და ამ პერიოდში დაუახლოვდა არალეგალურ რევოლუციურ წრეებს, გაიცნო ჟან ჟორესი, რიშარი და სებასტიან ფორი.

საზოგადოებრივი საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1899 წლიდან ალექსანდრე დიასამიძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა საზოგადოების მუშაობაში. 1911 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სამი წლის საწევრო, 9 მანეთი, შესწირა.[2]

რევოლუციური საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე დიასამიძე 1905 წლის რევოლუციის პერიოდში საქართველოში იარაღის არალეგალურად შემოტანის იდეის ერთ-ერთი ავტორი იყო. რევოლუციონერებს, რომლებიც რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ იბრძოდნენ, იარაღის მწვავე დეფიციტი ჰქონდათ. დიასამიძემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იარაღის შესყიდვისა და ტრანსპორტირების ორგანიზებაში. ალექსანდრე დიასამიძის გეგმის მიხედვით, 1905 წლის რევოლუციისთვის საჭირო იარაღის შესყიდვა ამსტერდამში განხორციელდა. შემდეგ, იარაღით დატვირთული გემი ფოთისკენ გაემართა.[3]

ილია ჭავჭავაძის დუელის რწმუნებულება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1905 წლის 18 ივნისს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის კრებაზე მიყენებული შეურაცხყოფისთვის ილია ჭავჭავაძემ დუელში გამოიწვია მიხეილ ვეზირიშვილი და რწმუნებულები მიხეილ ბაგრატიონ-გრუზინსკი და დავით ჯორჯაძე გაუგზავნა. ვეზირიშვილმა მიიღო გამოწვევა და თავის რწმუნებულებად ალექსანდრე კობიაშვილი და ალექსანდრე დიასამიძე დანიშნა. ალექსანდრემ დიასამიძე შეძლო მიხელის გადარწმუნება და მოაბოდიშებინა, რომ "ილია ჭავჭავაძისადმი უპატივცემლობის გამოხატვა არ უფიქრია", მხარეები მორიგდნენ და რწმუნებულებმა – მიხეილ გრუზინსკიმ, დავით ჯორჯაძემ, ალექსანდრე კობიაშვილმა და ალექსანდრე დიასამიძემ – შეადგინეს ოქმი.[4]

სანდრო და ანეტა დიასამიძეები, და ვახტანგ და ვანდა ღამბაშიძეები

საზოგადოება „კავკასიური“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1911 წელს გიორგი ზდანოვიჩი, ევგენი გეგეჭკორი და ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძე ქუთაისში აარსებენ საზოგადოება „კავკასიურს“, რომელსაც დაფუძნების შემდეგ უერთდება ალექსანდრე დიასამიძე, პეტრე ყიფიანთან, კიტა აბაშიძესთან, იასონ ბაქარაძესთან და სხვებთან ერთად. საზოგადოება აგებული იყო წევრების ძმობაზე, ერთგულებაზე და მოშურნეობაზე და მისი ზოგადი მიზნები იყო საზოგადოებაში ჰუმანურობის, მოთმენის, ადამიანის სიყვარულისა და მოწიწების პრინციპების დანერგვა. მიზნების პარალელურად საზოგადოება ცდილობდა შემოკრიბა ქვეყნისთვის სასარგებლო ადამიანები და პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზემოქმედება ჰქონოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.[5]

პუბლიცისტური საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე დიასამიძე იყო ყოველდღიური გაზეთ „შრომის“ რედაქტორი 1906 წლის აპრილიდან მაისამდე. აღსანიშნავია, რომ გაზეთი მთავრობის განკარგულებით აიკრძალა, რაც მის რადიკალურ პოლიტიკურ შეხედულებებზე მიუთითებს. იგი ასევე აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ „ივერიასთან“, სადაც აქვეყნებდა სტატიებს. ალექსანდრე დიასამიძე ავტორია სამედიცინო და მხატვრული ნაწარმოებების, რაც მის მრავალმხრივ განათლებასა და ინტერესებზე მიუთითებს. მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა ჟურნალ „კვალში“. მისი ერთ-ერთი ნაწარმოები „საარაკო საქმე“ გამოქვეყნდა ფსევდონიმით „ბრილელი“. ალექსანდრე დიასამიძე მონაწილეობდა არალეგალური სტამბის დაარსებაში,

სანდრო ბრილელის სტატია გაზეთ ივერიაში.

მოღვაწეობა ემიგრაციაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1921 წლის ნოემბრიდან კონსტანტინოპოლშია და მეუღლეს ანეტა დიასამიძეთან ერთად "წითელ ჯვარში" მსახურობს, ეხმარება ქართველ ლტოლვილებს. 1924 წლიდან პარიზშია. 19 წლის მანძილზე, სამჯერ ზედიზედ, იყო არჩეული საფრანგეთში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარედ (ამ პოსტზე გიორგი ჟურული შეცვალა). მეორე მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა სამხედრო ტყვეების დასაცავად შექმნილ ორგანიზაციას - „ქართულ ეროვნულ კომიტეტს."

სამედიცინო საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვენ-ინსტიტუტის კოლექტივი

1905 წელს დააარსა საიდუმლო - საექიმო ორგანიზაცია იმ რევოლუციონერებისათვის, რომლებიც მთავრობას ემალებოდნენ. 1910 წელს დერმატოლოგ-ვენეროლოგურ პაციენტებს ვაგზლის კერძო სამკურნალოში იღებდა[6]. ამ პერიოდში იგი დიდ ინტერესს იჩენდა პოლიტიკური საკითხებისადმი, რაც პოლიციას შეუმჩნეველი არ დარჩენია. იგი დააპატიმრეს და ამიერ-კავკასიიდან ადმინისტრაციული სასჯელით გააძევეს.

1910 წელს მიუსაჯეს ამიერკავკასიის ტერიტორიიდან ადმინისტრაციული წესით გაძევება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა ქვემო მაჩხაანისა და თიანეთის საავადმყოფოებში. 1906-1922წწ. იყო თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს პასუხისმგებელი პირი და ვენეროლოგიური განყოფილების გამგე; როგორც კავკასიის სამედიცინო საზოგადოების წევრი, ხელმძღვანელობდა სხვადასხვა პოპულარული წიგნებისა და ბროშურების თარგმნასა და გამოცემას, კითხულობდა ლექციებს, მონაწილეობდა სახალხო უნივერსიტეტის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების დაარსებაში;

1914 წელს, გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, კერძო პრაქტიკას მიჰყო ხელი და როგორც თბილისის სარკინიგზო საავადმყოფოს ორდინატორი, ვენეროლოგი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე დიასამიძე პაციენტებს მოსკოვის ქუჩის №4-ში იღებდა.[7]

1923 წლიდან მუშაობდა ქალთა მე-3 საავადმყოფოს მთავარ ექიმად.1928 წელს, როცა ქალთა მე-3 საავადმყოფო ვენინსტიტუტად გადაკეთდა, დირექტორის მოადგილედ და ამავე ინსტიტუტის დისპანსერის გამგედ დაინიშნა. ამავე დროს, ოთხი წლის განმავლობაში, ლექციებს კითხულობდა პირველ მედტექნიკუმში. აქტიურ მონაწილეობას იღებდა სრულიად საქართველოს ვენეროლოგთა და დერმატოლოგთა კონფერენციებზე.

სამხედრო სამსახური

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე დიასამიძე 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. ომში ის მსახურობდა ექიმად და საევაკუაციო პუნქტის უფროსად. 1915 წლის აგვისტოში ომში დაიჭრა და მკურნალობა ჩაიტარა მოსკოვის წითელი ჯვრის ლაზარეთში. გამოჩენილი მამაცობისთვის დაჯილდოვდა საბრძოლო ორდენით. რევოლუციის შემდგომ პერიოდში, ჯარისკაცებმა ის აირჩიეს პოლკის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარედ. [8]

პენსიაზე გასვლა და გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სანდრო დიასამიძე შვილიშვილებთან ერთად

ალექსანდრეს დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში ვენერულ სნეულებებთან ბრძოლაში, რისთვისაც 1934 წელს, მთავრობის დადგენილებით, პერსონალური პენსია დაენიშნა. ალექსანდრე დიასამიძე გარდაიცვალა 1941 წელს. დაკრძალულია თბილისში, კუკიის სასაფლაოზე.

  • ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი : იოსებ იმედაშვილი // I ტომი. - თბილისი, ეროვნული ბიბლიოთეკის გამომცემლობა, 2018. - გვ. 866
  • ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.130
  • მოსკოვის უნივერსიტეტი და ქართველი ახალგაზრდობა : ირაკლი ტატიშვილი, თამარ დეკანოსიძე. - თბილისი, სახელმწიფოთა საქართველო, 1960. - გვ. 80
  • ქართული ჟურნალებისა და კრებულების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია. ნაკვ. 3. – თბ., 1944. – გვ. 789.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
  2. საქართველოს პროსოპოგრაფია - პიროვნება ალექსანდრე დიასამიძე (ID: 20922)]
  3. ვახტანგ გურული, საქართველოს ახალი ისტორია (1801-1918), გამომცემლობა „ქართული უნივერსიტეტი“, თბილისი 2019.
  4. ილია გორგაძე, ნოდარ გურგენიძე, ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე, გამომცემლობა „მეცნიერება“, 1987.
  5. Б. И. Николаевский, Русские масоны и революция, 1990.
  6. საქართველოს პროსოპოგრაფია, ფაქტის ID: 69179
  7. გაზეთი თეატრი და ცხოვრება, 4 ივლისი, 1910 წელი.
  8. А.И. Серков, МАСОНСКАЯ ГРУЗИЯ: ЛЮДИ, ЛОЖИ, СИМВОЛЫ, МЕСТА, Казань, 2024.  გვ. 142.