ალექსანდრე ბოგომოლეცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ალექსანდრე ბოგომოლეცი
უკრ. Олександр Олександрович Богомолець
Александр Александрович Богомолец (cropped).jpg
დაბ. თარიღი 12 (24) მაისი 1881
დაბ. ადგილი კიევი კიევის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 19 ივლისი 1946 (65 წლის)
გარდ. ადგილი კიევი, უკრაინის სსრ,სსრკ
დასაფლავებულია კიევი, უკრაინა
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
რუსეთის რესპუბლიკა
უკრაინის სახალხო რესპუბლიკა
უსსრ
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა პათოფიზიოლოგია, ონკოლოგია
მუშაობის ადგილი ი. მეჩნიკოვის სახელობის ოდესის ეროვნული უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ნოვოროსიისკის საიმპერატორო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხელმძღვანელი ვლადიმირ ვორონინი
განთქმული მოსწავლეები ისიდორ ოივინი, როსტისლავ კავეცკი, მიხაილ სოკოლოვსკი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
სამეცნიერო წოდება აკადემიკოსი, პროფესორი
მეუღლე Olga Bogomolets
მამა Alexander M. Bogomolets
დედა Sofiya Nikolaevna Bogomolets
შვილ(ებ)ი Oleh Bohomolets
ჯილდოები სოციალისტური შრომის გმირი
ლენინის ორდენი ლენინის ორდენი შრომის წითელი დროშის ორდენი სამამულო ომის ორდენი
სტალინის პრემია

ალექსანდრე ბოგომოლეცი (უკრ.Олександр Олександрович Богомолець; 1881-1946) — უკრაინელი  პათოფიზიოლოგი და საზოგადო მოღვაწე, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის მე-7 პრეზიდენტი (1930-1946), აკადემიკოსი (1932 წლიდან), რუსეთის სფსრ მეცნიერებათა აკადემიის  (1942 წლის 6 მაისი — 1945 წლის 23 მაისი) და რუსეთის სფსრ მედიცინის  მეცნიერებათა აკადემიის (1944 წ.) ვიცე-პრეზიდენტი, სოციალისტური შრომის გმირი (1944).  პირველი ხარისხის  სტალინური პრემიის ლაურეატი (1941).[1]

ალექსანდრე  ბოგომოლეცმა შექმნა დოქტრინა სიმსივნისა და სხეულის ურთიერთქმედების შესახებ — ამ იდეამ რადიკალურად შეცვალა იმ დროს არსებული წარმოდგენები სიმსივნის ზრდის შესახებ.

ალექსანდრე  ბოგომოლეცი გახლდათ რუსეთის და უკრაინის პათოფიზიოლოგიის, ენდოკრინოლოგიისა და გერონტოლოგიის სკოლების, რუსეთსა და უკრაინაში პირველი სამედიცინო კვლევითი დაწესებულებების დამფუძნებელი.

ადრეული წლები. სამეცნიერო კარიერის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე ბოგომოლეცი დაიბადა 1881 წლის 12 მაისს (24 მაისს) კიევში. ის ეკუთვნოდა  ბოგომოლეცების ოჯახის „ჩერნიგოვის შტოს“. მამა — ალექსანდრე  ბოგომოლეცი, ნეჟინსკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის, ტიტულოვანი მრჩეველის მიხაილ  ბოგომოლეცის ვაჟი (1812-1895), ზემსტვოს ექიმი იყო, რომელიც თანამშრომლობდა ნაროდნოვოლცებთან, დააპატიმრეს. დედა — სოფია  პრისეცკაია (1856-1892) გადამდგარი ლეიტენანტის ქალიშვილი, მემარცხენე რადიკალური პოპულისტური ორგანიზაციის სამხრეთ რუსეთის მუშათა კავშირის ხელმძღვანელობის წევრი იყო. იგი დააპატიმრეს 1881 წლის იანვარში და მიუსაჯეს 10 წლიანი კატორღა.

ალექსანდრე ბოგომოლეცი უმცროსი დაიბადა კიევში, ლუკიანოვსკის ციხის ლაზარეთში, სადაც სოფია სამხრეთ რუსეთის მუშათა კავშირის საქმეზე გამოძიების პროცესში იმყოფებოდა. ერთი თვეც არ გასულა, რომ ჟანდარმებმა ბავშვი სოფიას მამას გადასცეს, რომელმაც ის თავის მამულში წაიყვანა პოლტავაში, ზენკოვსკის რაიონის სოფელ კლიმოვოში.

მოგვიანებით ალექსანდრემ ვაჟი ნიჟინში წაიყვანა. ბიჭმა დედა მხოლოდ 1891 წელს ნახა, როდესაც მამამ, ლევ ტოლსტოის დახმარებით, მიიღო ნებართვა სოფია ბოგომოლეცთან ციმბირში ჩასულიყო.  მალე სოფია ტუბერკულოზით გარდაიცვალა. ციმბირში რთული მოგზაურობის შემდეგ ალექსანდრე ბოგომოლეცს დედისგან ტუბერკულოზი შეხვდა.

დაწყებითი განათლება ალექსანდრემ  სახლში მიიღო. ციმბირიდან დაბრუნების შემდეგ, 1892 წელს მთავარ ბეზბოროდკოს სახელობის ისტორიულ-ფილოლოგიურ ინსტიტუტის  მამაკაცთა გიმნაზიაში შევიდა. აკადემიური წარმატებისთვის საშა ბოგომოლეცი დაჯილდოვეს ქების ფურცელით და გადასცეს ტურგენევის წიგნი „მონადირის ცნობები“.მას ბავშვობიდან უყვარდა კითხვა.

1894 წელს მამასთან ერთად გადავიდა კიშინიოვში. მან სწავლა განაგრძო კიშინიოვის გიმნაზიაში, მაგრამ გააძევეს ოფიციალური ფორმულირებით „საშიში აზროვნების გამო“. დიდი გაჭირვებით შეძლო კიევის N I მამაკაცთა გიმნაზიაში მოხვედრა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1900 წელს (მანამდე გარკვეული პერიოდი სწავლობდა პაველ გალაგანის კოლეგიაში). იგი ჩაირიცხა კიევის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და აპირებდა გამხდარიყო სასამართლო იურისტი. თუმცა მალე იურისპრუდენციით იმედგაცრუებული დარჩა  და გადავიდა სამედიცინო ფაკულტეტზე. 1901 წელს სწავლა გააგრძელა ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში.

ალექსანდრე ბოგომოლეცი მამასთან ერთად

ბოგომოლეცმა თავისი პირველი სამეცნიერო ნაშრომი — "ბრუნერის ჯირკვლების აგებულებისა და მიკროფიზიოლოგიის საკითხზე" — 1902 წელს გამოაქვეყნა. ალექსანდრე ბოგომოლეცი ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში სწავლის ბოლოს  უკვე ხუთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი იყო.

უნივერსიტეტში დაინტერესდა ენდოკრინოლოგიის, ნერვული სისტემის შესწავლით. პოლიტიკური შეხედულების გამო არაერთხელ იყო  გარიცხვის კანდიდატი.  1907 წელს ბოგომოლეცმა წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი და იმავე წელს გახდა ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის ზოგადი პათოლოგიის განყოფილების ასისტენტი.

1909 წელს პროფესორ ვლადიმერ ვორონინის ხელმძღვანელობით ალექსანდრე ბოგომოლეცმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია „ჯანმრთელ და დაავადებულ ორგანიზმში თირკმელზედა ჯირკვლების მიკროსკოპული სტრუქტურისა და ფიზიოლოგიური მნიშვნელობის შესახებ“  სანკტ-პეტერბურგის საიმპერატორო სამხედრო სამედიცინო აკადემიაში. დაცვის დროს მისი ოპონენტი გახლდათ ცნობილი რუსი ფიზიოლოგი, აკადემიკოსი ივან პავლოვი. მან ძალიან დააფასა ახალგაზრდა მეცნიერის მოღვაწეობა. ალექსანდრე  ბოგომოლეცი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მედიცინის დოქტორი რუსეთის იმპერიაში — სადოქტორო დისერტაციის დაცვის დროს ის 28 წლის იყო.

ალექსანდრე ბოგომოლეცი, 26 წლის — 1907 წ. ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის დამთავრებისას.

იმავე წელს ალექსანდრე ბოგომოლეცი აირჩიეს ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ზოგადი პათოლოგიის განყოფილების პრივატ-დოცენტად.

1910 წელს ალექსანდრე ბოგომოლეცი დაქორწინდა ოლგა ტიხოცკაიაზე, გენერალ-მაიორის ს. ტიხოცკის შვილიშვილზე და მოქანდაკე ვ. ბეკლემიშევის დისშვილზე. 1911 წლის თებერვალში წყვილს შეეძინა ერთადერთი ვაჟი, ოლეგ ბოგომოლეცი (1911-1991).

ვაჟის დაბადებიდან მალევე ალექსანდრე ბოგომოლეცი მივლინებაში გაგზავნეს პარიზში (სორბონა). დაბრუნებისთანავე დაამტკიცეს სარატოვის ნიკოლაევის უნივერსიტეტის ზოგადი პათოლოგიისა და ბაქტერიოლოგიის კათედრის ექსტრაორდინალურ პროფესორად.

„სარატოვის“ პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარატოვში ალექსანდრე ბოგომოლეცმა და მისმა სტუდენტებმა საფუძველი ჩაუყარეს სამედიცინო მეცნიერების ახალ დარგს — პათოფიზიოლოგიას.

ბოგომოლეცმა თავად აიყვანა პერსონალი და შეიძინა სამეცნიერო ინსტრუმენტები საკუთარი ხარჯებით (საფრანგეთიდან ჩამოიტანა აღჭურვილობა). მან ასევე დაიწყო წარმატებული პედაგოგიურ კარიერას — მისი ლექციები პოპულარული ხდება სტუდენტებში.

ალექსანდრე ბოგომოლეცმა მოაწყო მიკრობიოლოგიისა და ზოგადი პათოლოგიის განყოფილებები სარატოვის აგრონომიულ და ვეტერინარულ ინსტიტუტებში. მოგვიანებით მან სარატოვში სპეციალური ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტის გახსნის საკითხი დააყენა.

იგი ასევე მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში: 1914 წელს ბოგომოლეცმა თვრამეტი სხვა პროფესორთან ერთად გამოაქვეყნა მიმართვა "უნივერსიტეტის კედლებს მიღმა დარჩენილი ქალების ბედზე".

ლექციების კითხვის პარალელურად ატარებდა კვლევებს კლინიკებისთვის, იღებდა პაციენტებს, პირველი მსოფლიო ომის დროს ატარებდა ეპიდემიოლოგიურ კვლევებს. ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ყურადრება გაამახვილა ალერგიასა და იმუნიტეტს შორის კავშირზე.

მემორიალური დაფა მოსკოვის სახლის ფასადზე,სადაც მეცნიერი ცხოვრობდა

1918 წლის ოქტომბერში, როდესაც ხელმძღვანელობდა სარატოვის უნივერსიტეტის განყოფილებას,  პროფესორმა ბოგომოლეცმა შექმნა პირველი სამედიცინო კვლევითი დაწესებულება რუსეთში — რუსეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის სახელმწიფო ინსტიტუტი ("მიკრობი"). მიკრობის ინსტიტუტმა მემკვიდრეობით მიიღო ჭირის, ქოლერის, ჯილეხის წინააღმდეგ შემუშავებული მეთოდები, რომლებიც ჩატარდა პეტერბურგში ეგრეთ წოდებულ „ჭირის ციხესიმაგრეში“ , საიდანაც   ყველა აღჭურვილობა და პრეპარატი სარატოვში გადაიტანეს.

1919 წელს დაინიშნა სარატოვის გუბერნიის ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროს ეპიდემიოლოგად და გახდა ტიფთან ბრძოლის კომისიის წევრი. იგი ასევე დაინიშნა წითელი არმიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფრონტის სანიტარული განყოფილების და რიაზან-ურალის რკინიგზის სანიტარული განყოფილების კონსულტანტ ეპიდემიოლოგად. ხელმძღვანელობდა სარატოვის ევაკუაციის ცენტრს, შექმნა ქვეყნის პირველი სარკინიგზო კლინიკური დიაგნოსტიკური ლაბორატორია.

მეცნიერის მემორიალური დაფა კიევის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ფასადზე

სარატოვში ალექსანდრე ბოგომოლეცმა დაიწყო მუშაობა მსოფლიოში პირველ სახელმძღვანელოზე პათოფიზიოლოგიის შესახებ. იგი ეფუძნებოდა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ლექციების კურსს. სახელმძღვანელოზე მუშაობა ექიმ ბოგომოლეცის სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. პათოლოგიური ფიზიოლოგიის მოკლე კურსი, რომელიც გამოიცა 1921 წელს, საბოლოოდ გადაიზარდა ხუთტომიან გამოცემაში. ამ ნაშრომისთვის ალექსანდრე ბოგომოლეცს მიენიჭა სტალინური პრემია (1941).

1923 წელს ალექსანდრე ბოგომოლეცმა მოაწყო პირველი მობილური ანტიმალარიული ლაბორატორია სსრკ-ში სარატოვში. იმავე წელს მან დაიწყო შემაერთებელი ქსოვილის კვლევა და მისი როლი იმუნურ რეაქციებში.

1937 წელს სარატოვში ალექსანდრე ბოგომოლეცმა გააკეთა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონება — იმუნური ანტირეტიკულური ციტოტოქსიური შრატი, რომელიც აჩქარებდა ჭრილობების შეხორცებას და ააქტიურებდა ადამიანის იმუნურ სისტემას. „ბოგომოლეცის შრატი“ წარმატებით გამოიყენება ინფექციური დაავადებებისა და მოტეხილობების სამკურნალოდ. 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის დროს. მასზე განსაკუთრებული მოთხოვნა იყო საბჭოთა საველე და საევაკუაციო საავადმყოფოებში.

„მოსკოვის“ პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1925 წელს პროფესორი ბოგომოლეცი დაინიშნა მოსკოვის მეორე უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პათოფიზიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელად.

1926 წლიდან გახლდათ კომუნისტურ აკადემიასთან არსებული უმაღლესი ნერვული აქტივობის ინსტიტუტის ექსპერიმენტული პათოლოგიის განყოფილების და მოსკოვის საქალაქო ჯანდაცვის დეპარტამენტის ექსპერიმენტული ონკოლოგიური ლაბორატორიის დამფუძნებელი და გამგე.

ალექსანდრე ბოგომოლეცმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიოში პირველი ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ინსტიტუტის შექმნაში (ახლანდელი როსზდრავის ჰემატოლოგიური კვლევის ცენტრი), რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა მისი პირველი დირექტორის, ალექსანდრე  ბოგდანოვის (1873-1928) გარდაცვალების შემდეგ. იქ ბოგომოლეცის ხელმძღვანელობით შემუშავდა დონორი სისხლის შენარჩუნების უნიკალური მეთოდი, რომელიც დღემდე გამოიყენება თითქმის ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე. ამავდროულად, ალექსანდრე ბოგომოლეცმა და მისმა სტუდენტებმა დაადგინეს  სისხლის პირველი ჯგუფის უნივერსალური დონორული ბუნება. ბოგომოლეცმა განაგრძო ამ ინსტიტუტის ხელმძღვანელობა 1931 წლამდე. ამ დროს უკვე იყო უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.

მოსკოვში ალექსანდრე ბოგომოლეცმა ასევე მიიღო მონაწილეობა ფუნქციური დიაგნოსტიკისა და ექსპერიმენტული თერაპიის ინსტიტუტის შექმნაში.

მოსკოვში მან დაწერა ნაშრომები „ენდოკრინოლოგიის კრიზისი“ (1927), „სიკვდილის საიდუმლო“ (1927),“ შესავალი კონსტიტუციისა და დიათეზის სწავლების დოქტრინაში“ (1928), „ვეგეტატიური გაცვლის ცენტრების შესახებ“ (1928), „შეშუპება. პათოგენეზის მონახაზი“ (1928), „არტერიული ჰიპერტენზია. პათოგენეზის მონახაზი“ (1929). ალექსანდრე ბოგომოლეცმა ასევე მნიშვნელოვნად გადაასწორა და გააფართოვა სახელმძღვანელო „პათოლოგიური ფიზიოლოგია“ (მესამე გამოცემა, 1929 წ.).

უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1930 წელს ალექსანდრე ბოგომოლეცი აირჩიეს უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად (მანამდე ერთი წლით ადრე იყო უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი). სტუდენტთა ჯგუფთან ერთად კიევში გადასვლის შემდეგ, მან შექმნა უკრაინის სსრ ჯანმრთელობის სახალხო კომისარიატის ექსპერიმენტული ბიოლოგიისა და პათოლოგიის ინსტიტუტი და ფიზიოლოგიის ინსტიტუტი. ამ უკანასკნელის მშენებლობისთვის კიევის ცენტრში 2661 ჰექტარი მიწა გამოიყო. მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ ორივე ინსტიტუტი გაერთიანდა უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტად (1953).

ალექსანდრე ბოგომოლეცის საფლავი კიევში

უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ჩაატარა აკადემიის სრული რესტრუქტურიზაცია. მთელი კვლევითი ინსტიტუტები (დაწესებულებები) შეიქმნა განსხვავებული განყოფილებებისა და ლაბორატორიების საფუძველზე. მათ მუშაობაში ახალგაზრდა პერსპექტიული მეცნიერები იყვნენ ჩართული. უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის სტრუქტურა, რომელიც ჩამოაყალიბა ალექსანდრე ბოგომოლეცმა, დღემდე შენარჩუნდა.[2]

კიევში ალექსანდრე ბოგომოლეცმა დააარსა უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიის "ფიზიოლოგიური ჟურნალი". აწყობდა ყოველწლიურ ფართო სამეცნიერო კონფერენციებს მედიცინის აქტუალურ საკითხებზე, მონაწილეობდა მრავალი სამეცნიერო კრებულის რედაქტირებაში.[3]

1932 წლიდან  — სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. 1937 წელს აირჩიეს სსრკ I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

1938 წელს ალექსანდრე ბოგომოლეცის ინიციატივით კიევში გაიმართა მსოფლიოში პირველი სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ხანდაზმულობის საკითხებს და ბრძოლას  სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის.

1941 წელს, დიდი სამამულო ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, ალექსანდრე ბოგომოლეცმა კიევში შექმნა დისპანსერი ნაადრევი დაბერების წინააღმდეგ საბრძოლველად. მის საფუძველზე მოგვიანებით ჩამოყალიბდა გერონტოლოგიის ინსტიტუტი.

დისპანსერის დაარსებამდე ორი წლით ადრე აკადემიკოსმა გამოსცა ბროშურა „სიცოცხლის გახანგრძლივება“ (1939). მასში მეცნიერულად დაასაბუთა 100 და მეტი წლის განმავლობაში ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივების შესაძლებლობა და რეალობა. [4][5][6]

ალექსანდრე ბოგომოლეცმა კიევი სსრკ-ს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამეცნიერო ცენტრად აქცია.

ბოგომოლეცის სწავლებებმა შემაერთებელი ქსოვილის ფიზიოლოგიურ სისტემაზე ხელი შეუწყო მრავალი ახალი მეცნიერების გაჩენას, როგორიცაა ალერგოლოგია, იმუნიტეტის შესახებ სწავლებების სხვადასხვა მოდიფიკაცია, რომლებსაც ახლა განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ბოგომოლეცის ყველა კვლევამ ასევე სისრულეში მოიყვანა სხვა სამეცნიერო მიღწევები სხეულის ხანგრძლივობის პრობლემების სფეროში. ამ სწავლებების შემდგომი ბედი საკმაოდ რთული იყო, რადგან  მეცნიერებაში გენეტიკის, ფიზიოლოგიისა და პათოფიზიოლოგიის წინააღმდეგ  გარკვეული იდეოლოგიური კამპანიების გამო, მისი სწავლებების განვითარება შეჩერდა და, ფაქტობრივად, მისი სამეცნიერო სკოლაც შეჩერდა, რომელიც ამ პრობლემებს ეხებოდა.

ალექსანდრე ბოგომოლეცი ხელმძღვანელობდა უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიას სტალინის რეპრესიების მძიმე წლებში.მან იხსნა რეპრესიებისგან ცნობილი უკრაინელი დემოგრაფი მიხაილ პტუხა, უკრაინის ეკონომიკური გეოგრაფიის დამფუძნებელი კონსტანტინე ვობლი, მათემატიკოსი ნიკოლაი კრილოვი და ბირთვული ფიზიკოსი ალექსანდრე ლეიპუნსკი, რომლებმაც შექმნეს პირველი სწრაფი ნეიტრონული ბირთვული რეაქტორი სსრკ-ში. ბოგომოლეცმა ასევე შეძლო, თუმცა არც ისე დიდი ხნით, გადაედო გამოჩენილი უკრაინელი ისტორიკოსისა და აღმოსავლეთმცოდნე აგათანგელ კრიმსკის დაპატიმრება.[7]

ალექსანდრე ბოგომოლეცი — 1971 წელს გამოშვებული საფოსტო მარკა

ომის შემდეგ აკადემიკოსმა მოახერხა ციხიდან გაეთავისუფლებინა მისი ბიძაშვილის  —მსახიობ ნატალია  ბოგომოლეც-ლაზურსკაიას (1880 —1958) მეუღლე,  ცნობილი ლიტერატურათმცოდნე ვლადიმერ ლაზურსკი, რომელიც მეგობრობდა იტალიის ელჩთან ოდესის გერმანულ-რუმინული ოკუპაციის დროს.

აკადემიკოს ალექსანდრე ბოგომოლეცი თავად იყო დაღუპვის პირას. ამის მიზეზი გახლდათ მისი ნათესავების „არახელსაყრელი“ წარმოშობა.  უკრაინის სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ბიძშვილი  ვადიმ  ბოგომოლეცი (1878-1936) იყო უკრაინის სახელმწიფოს ჰეტმან პავლო სკოროპადსკის  გენერალ-კორნეტი.

სიცოცხლის უკანასკნელი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხანგრძლივმა დაძაბულმა შრომამ შეარყია აკადემიკოს ალექსანდრე ბოგომოლეცის ჯანმრთელობა. 1943 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში მას ჰქონდა პლევრის რღვევა და სპონტანური პნევმოთორაქსი ხანგრძლივი ტუბერკულოზის ფონზე, რომელიც ბავშვობაში კატორღაში შეხვდა დედისგან. სიტუაციას ართულებდა ის ფაქტი, რომ იგი  ტუბერკულოზის მიუხედავად, ბევრს ეწეოდა.

განმეორებითი პნევმოთორაქსი დაფიქსირდა 1946 წლის ივლისში აგარაკზე. მეგობრებისა და კოლეგების მცდელობები დაავადების შეჩერების შესახებ წარუმატებელი აღმოჩნდა. 1946 წლის 17 ივლისს აკადემიკოსმა ალექსანდრე ბოგომოლეცმა უკანასკნელი ბრძანებები უკარნახა შვილს, ოლეგ ბოგომოლოვს და 19 ივლისს 22:15 წუთზე გარდაიცვალა.

აკადემიკოსი პატივით დაკრძალეს მისი და მისი სტუდენტების მიერ გაშენებულ პარკში იმ სახლთან, სადაც ის ცხოვრობდა. [8]

1950 წლის ზაფხულში კიევში გაიმართა სსრკ მეცნიერებათა აკადემიისა და სსრკ სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის სტუმრად შეხვედრა. მასზე ალექსანდრე ბოგომოლეცის სწავლებას შემაერთებელი ქსოვილის როლის შესახებ ადამიანის იმუნური სისტემის ფორმირებაში ეწოდა „ანტიმეცნიერული“. არანაირი სამეცნიერო არგუმენტი არ ყოფილა მოყვანილი. მეცნიერი სიკვდილის შემდეგ დაადანაშაულეს იდეალისტური მსოფლმხედველობის დანერგვაში და ი. პავლოვის სწავლებებთან ბრძოლის მცდელობაში.

ექსპერიმენტული ბიოლოგიისა და პათოლოგიის ინსტიტუტს და ალექსანდრე ბოგომოლეცის მიერ დაარსებულ ფიზიოლოგიის ინსტიტუტს განადგურება ემუქრებოდა. სიტუაცია გადაარჩინა ექსპერიმენტული ბიოლოგიისა და პათოლოგიის ინსტიტუტის პარტიულმა ორგანიზატორმა, რომელიც წესიერი ადამიანი აღმოჩნდა და შეძლო უკრაინის პარტიის ხელმძღვანელობა დაერწმუნებინა ბრალდებების აბსურდულობაში.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე ბოგომოლეცს და მის მეუღლე  ოლგას   შეეძინათ ერთადერთი ვაჟი, ოლეგ ბოგომოლეცი (1911-1991). უკრაინელი პათოფიზიოლოგი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, უკრაინის სსრ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დამსახურებული მოღვაწე.

ბიძაშვილი — ვადიმ ბოგომოლეცი  (1878-1936), უკრაინის სახალხო რესპუბლიკის და უკრაინის სახელმწიფოს სამხედრო ლიდერი, სამხედრო-საზღვაო იურისტი, უკრაინის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელი რუმინეთში.

ოლეგ ბოგომოლეცის ქალიშვილი, ეკატერინა  (1939-2013)  — ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის პროფესორი. მუშაობდა ანესთეზიოლოგად ტუბერკულოზისა და გულმკერდის ქირურგიის ინსტიტუტში აკადემიკოს ნიკოლაი ამოსოვის ხელმძღვანელობით.

მისი და, ალექსანდრა (დაიბადა 1958 წელს) — პედიატრი რეანიმატოლოგი, ამჟამად პენსიაზეა.  ხელმძღვანელობს ალექსანდრე  ბოგომოლეცის სახლ-მუზეუმს.

ეკატერინას ქალიშვილი — ოლგა  ბოგომოლეცი (დაიბადა 1966 წელს), უკრაინელი მომღერალი, ექიმი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, უკრაინული საოჯახო ხატების უნიკალური კოლექციის მფლობელი. უკრაინის დამსახურებული ექიმი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Герои труда. Справочник о Героях Социалистического Труда и кавалерах ордена Трудовой Славы трех степеней из Башкортостана./ сост. Р. А. Валишин [и др.]. — Уфа : Китап, 2011. — 432 с. : ил. ISBN 978-5-295-05228-6. (რუს.)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Указ Президиума Верховного Совета СССР «О присвоении звания Героя Социалистического Труда академику Богомольцу Александру Александровичу, президенту Украинской Академии наук» от 4 января 1944 года // Ведомости Верховного Совета Союза Советских Социалистических Республик : газета. — 1944. — 13 января (№ 2 (262)). — С. 1(რუს.)
  2. Ilfeld, Frederic W. (May 1948) Antireticular Cytotoxic Serum: A Review J Natl Med Assoc. 40 (3): 116–119. PMC 2616100. PMID 18858684.
  3. Ігор Шаров. Вчені України: 100 видатних імен. — К.: АртЕк, 2006. ISBN 966-505-054-0 (უკრ.)
  4. Ilia Stambler (January 2019). "History of Life-Extensionism". Encyclopedia of Biomedical Gerontology: 228–237. doi:10.1016/B978-0-12-801238-3.11331-5. ISBN 9780128012383.
  5. Bogomolets, Alexander A., ed. (1939 Старость. (Труды конференции по проблеме генеза старости и профилактики преждевременного стрения организма). Киев, 17-19 декабря 1938 г. / [отв. ред. акад. А. А. Богомолец]. - Киев : Изд-во акад. наук УССР, 1939 (на обл. 1940). - 490 с., [20] л. ил., портр. : ил., табл.; 27 см. (რუს.)
  6. Е. Чернилевский, В.Н. Крутько. История изучения средств продления жизни. Национальный Геронтологический Центр (2000). (რუს.)
  7. Medvedev, Zhores A. and Dahrendorf, Ellen (2005) The Unknown Stalin, I.B.Tauris, ISBN 1-85043-980-X
  8. ПАМЯТИ АКАДЕМИКА А. А. БОГОМОЛЬЦА (რუს.)