ალექსანდრე აფხაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე აფხაზი
დაბადების თარიღი 1893[1][2]
მანგლისი, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 1957
ვისბადენი, გერმანია
ეროვნება ქართველი
განათლება იურისტი
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტი
საქმიანობა დიპლომატი, კინოსტატისტიკოსი
მეუღლე(ები) ნინო ჭავჭავაძე[3]
მართა კუნი (1926)
მშობლები მამა: გიორგი აფხაზი[1][2]
დედა: ალექსანდრა მურომცევა[1][2]

ალექსანდრე გიორგის ძე აფხაზი (დ. 1893, მანგლისი, საქართველო — გ. 1957, ვისბადენი, გერმანია) — ქართველი დიპლომატი, კინოსტატისტიკოსი.[4][5]

1918 წლიდან იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიურ სამსახურში, ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს დაზვერვის განყოფილებას. 1920 წელს წითელი არმიის აზერბაიჯანში შეჭრის შემდეგ რამდენიმე თვე ბოლშევიკების ტყვეობაში გაატარა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მიენიჭა კაპიტნის წოდება. 1921 წლის მარტამდე პარიზში საქართველოს სამხედრო ატაშეს მოადგილე იყო. შემდეგ ცხოვრობდა რომსა და ბერლინში. 1922 წელს ვისბადენში ცოლად შეირთო ნინო ჭავჭავაძე,[3] რომელიც იმავე წლის ოქტომბერში გარდაიცვალა. 1924 წლიდან წერდა ფსევდონიმით „იაზონი“. 1925 წლიდან ხელმძღვანელობდა კინომრეწველობის სხვადასხვა კავშირთან არსებულ სტატისტიკურ ბიუროებს. 1926 წელს ცოლად შეირთო მართა კუნი (შვილები არ ჰყოლია). შემდგომ წლებში განაგრძობდა კინოსტატისტიკაზე მუშაობას, ასევე მოღვაწეობდა ქართულ ემიგრანტულ ორგანიზაციებში. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ საზოგადოებრივ ცხოვრებას და კინოს ჩამოსცილდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე აფხაზი დაიბადა 1893 წელს, მანგლისში, თავად აფხაზების ოჯახში. იგი გენერალ კოტე აფხაზის ძმის, გიორგი აფხაზის მესამე ვაჟია. კოტე და გიორგი კი ილია ჭავჭავაძის დისწულები იყვნენ. ალექსანდრეს დედა — ალექსანდრა მურომცევა, რუსულ–გერმანული არისტოკრატიის წარმომადგენელი იყო, დედის მხრიდან ფონ ბენკენდორფების შთამომავალი.

ალექსანდრე 1910 წლამდე მანგლისის მამულში იზრდებოდა. 1910–1913 წლებში თბილისის მე-5 ჰუმანიტარულ გიმნაზიაში სწავლობდა, 1913–1917 წლებში კი იურისპრუდენციას ეუფლებოდა მოსკოვის უნივერსიტეტში, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1917 წელს სწავლობდა პეტერბურგში კონსტანტინეს არტილერიის სკოლაში. 1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს არმიის არტილერიის ლეიტენანტობა მიენიჭა. ამავე წლიდან ჩადგა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიურ სამსახურში. 1918–1920 წლებში აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს დაზვერვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 1920 წლის მაისში წითელი არმიის აზერბაიჯანში შეჭრის შემდეგ რამდენიმე თვე ბოლშევიკების ტყვეობაში გაატარა. გათავისუფლებულ იქნა რუსეთსა და საქართველოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შედეგად. 1920 წლის აგვისტოში არტილერიის კაპიტნის წოდება მიენიჭა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ადიუტანტად დაინიშნა.

ალექსანდრე აფხაზი 1925–1926 წლებში ხელმძღვანელობდა კინომრეწველობის სხვადასხვა კავშირთან არსებულ სტატისტიკურ ბიუროებს. მის მიერ „გერმანელ კინოთეატრების მფლობელთა საიმპერიო კავშირთან“ და „გერმანიის კინოგამქირავებელთა ცენტრალურ კავშირთან“ დაარსებული ორივე სტატისტიკური ბიურო 1926–1927 წლებში უსახსრობის გამო დაიხურა. 1926 წელს იგი მონაწილეობას იღებდა, როგორც გერმანიის დელეგაციის წევრი, კინოს პირველ საერთაშორისო კონგრესზე პარიზში. კონგრესზე მან წარადგინა მემორანდუმი „საერთაშორისო სტატისტიკური ბიურო, როგორც ძირეული პირობა წარმატებული თანაშრომლობისათვის“, რომელიც ერთხმად იქნა მოწონებული თითქმის 20 სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ.

მას შემდეგ, რაც ვერ შედგა ალექსანდრე აფხაზის თანამშრომლობა სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მან დამოუკიდებლად განაგრძო კინოსტატისტიკაზე მუშაობა. მისი სტატიები გამოქვეყნებულია 20-ზე მეტ ჟურნალ-გაზეთში, გერმანიასა და მის ფარგლებს გარეთ. 1924 წლიდან წერდა ფსევდონიმით „იაზონი“. 1938 წელს მწერლობის საიმპერიო პალატისათვის დაწერილი ბიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ფსევდონიმი იაზონი ბიძამისის, თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის ბოლო მარშლის, გენერალ კოტე აფხაზის ბოლშევიკების მიერ დახვრეტის შემდეგ აუღია, რათა სამშობლოში დარჩენილი ნათესავებისთვის კიდევ უფრო არ გაერთულებინა ცხოვრება.

ალექსანდრე აფხაზმა (იაზონმა) პირველმა მიაპყრო ყურადღება, რა კავშირი იყო მოსახლეობის რაოდენობასა და კინოთეატრების რაოდენობას, კინოთეატრებში ადგილების რაოდენობასა და მათში ადგილების კატეგორიებს შორის, კინომაყურებელთა რაოდენობის, ბაჟის, გადასახადებისა და ფასების განვითარებას, კინოპროდუქციასა და გაქირავებაში მომუშავე პერსონალის პროფესიულ და რიცხობრივ განვითარებას, კინოში დასაქმებულ ხელოვანთა და მუშაკთა კატეგორიებს და ა.შ. მან 1895 წლიდან მოყოლებული კინობაზრის შესწავლა დაიწყო, განსაზღვრა კინოინდუსტრიის ადგილი და როლი საერთო ეკონომიკაში, შეადარა სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები. მისმა კვლევებმა მეცნიერული საფუძველი დაუდო კინოს, როგორც მეურნეობის დარგის შესწავლას.

1925 წელს გერმანიაში გამოიცა ალექსანდრე იაზონის წიგნი „ფილმი ციფრებსა და რიცხვებში“ (Der FIlm in Ziffern und Zahlen), რომელსაც იმთავითვე სპეციალისტებისა და პრესის დიდი ყურადღება ხვდა წილად. ამ ნაშრომს კინოს მკვლევარნი დღესაც გვერდს ვერ უვლიან. პოპულარობით სარგებლობს მისი სხვა წიგნებიც: „კინომრეწველობის ცნობარი“ (Handbuch der Filmwirtschaft) 3 ტომი (ბერლინი, 1929, 1931, 1932), „კინოს ცნობარი“ (Handbuch des Films), რომელიც მე-4 ტომად ითვლება (ბერლინი, 1935) და „კინოწარმოება გერმანიაში 1935–1939“ (Das Filmschaffen in Deutschland 1935-1939) (ხელნაწერის სახით, 2 ტომი, ბერლინი, 1940).

1926 წელს ალექსანდრე აფხაზმა ცოლად მოიყვანა მართა კუნი. შთამომავლობა არ დარჩენია.

ალექსანდრე აფხაზი აქტიურად იღებდა მონაწილეობას ქართული ემიგრაციისა და განსაკუთრებით გერმანიის ქართული სათვისტომოს ცხოვრებაში, რომელიც სახელწოდებით „ქართველ მოქალაქეთა საზოგადოება გერმანიაში“ (Gesellschaft Georgischer Buerger in Deutschland e.V) 1922 წლის 22 ოქტომბერს გატარდა ბერლინ-შარლოტენბურგში რეგისტრაციაში. 1935–1936 წლებში საზოგადოებას ალექსანდრე აფხაზი თავმჯდომარეობდა.

ალექსანდრე აფხაზს არც შემდგომ წლებში შეუწყვეტია კინოსტატისტიკაზე მუშაობა. 1937 წლიდან კონიუნქტურის კვლევის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი იყო. სხვადასხვა წყაროებიდან ირკვევა, რომ ალექსანდრე იაზონი ამ ინსტიტუტის, რომელსაც შემდეგში ეკონომიკის კვლევის ინსტიტუტი ეწოდა, კინოს რეფერატის (განყოფილების) დამაარსებელი და ხელმძღვანელი ყოფილა.

ალექსანდრე აფხაზი გარდაიცვალა გერმანიაში, ქალაქ ვისბადენში 1957 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ალექსანდრე აფხაზი. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2020.
  2. 2.0 2.1 2.2 ალექსანდრე აფხაზი. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2020.
  3. 3.0 3.1 ალექსანდრე გიორგის ძე აფხაზი, ნინო ილიას ას. ჭავჭავაძე. Online Museum of Georgian Nobility. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2020.
  4. ლაშა ბაქრაძე. ალექსანდრე აბხაზი (მანგლისი, 1893–ვისბადენი, 1957) – კინომრეწველობის პირველი სტატისტიკოსი. 7/24 ბლოგმედია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-26. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2020.
  5. ლაშა ბაქრაძე. ალექსანდრე აბხაზი (მანგლისი, 1893–ვისბადენი, 1957) – კინომრეწველობის პირველი სტატისტიკოსი. journal.satvistomo.de. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2020.