ალექსანდრა კოსტენიუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალეკსანდრა კოსტენიუკი

2018 წელი
ქვეყანა (სპორტი) რუსეთის დროშა რუსეთი, შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ეროვნება რუსი
დაბადების თარიღი 23 აპრილი, 1984 (1984-04-23) (39 წლის)
დაბადების ადგილი პერმი,რსფსრ, სსრკ
წოდება დიდოსტატი (2004)
ფიდე რეიტინგი 2474 (თებერვალი 2021)
მაქსიმალური რეიტინგი 2561 (იანვარი 2018)
ჯილდოები და პრემიები Medal of the Order "For Merit to the Fatherland", 1st class და Medal of the Order "For Merit to the Fatherland"
საიტი kosteniuk.com

ალეკსანდრა კოსტენიუკი (რუს. Алекса́ндра Константи́новна Костеню́к) დ. 23 აპრილი, 1984, პერმი,რსფსრ, სსრკ) ალეკსანდრა კოსტენიუკი ქალთა შორის მე-12 მსოფლიოს ჩემპიონი 2008 წელს გახდა და ორი წელი ფლობდა ტიტულს. არის დიდოსტატი, ქალთა (1998) და კაცთა (2004). გარდა ამისა 2004-ში ევროპის ოქრო მოიგო, 2012-ში სწრაფ ჭადრაკში მსოფლიოს ვერცხლს შესწვდა, ხოლო 2006 და 2008-ში[1] ფიშერის ჭადრაკის გამარჯვებული გახდა. ალეკსანდრამ რუსეთის ნაკრების შემადგენლობაშიც მოიგო რამდენიმე ტიტული, 2010, 2012 და 2014 წლებში ოლიმპიური ოქრო, ხოლო 2007, 2009, 2011 ევროპის საკლუბო პირველობა. 2014 ოლიმპიადაზე მესამე დაფაზე საუკეთესო იყო და ინდივიდუალურ ოქროსაც დაეუფლა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალეკსანდრა კოსტენიუკი 1984 წლის 23 აპრილს პერმში დაიბადა. 1985 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. მომავალი ჩემპიონის მამა კონსტანტინი რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი გახლდათ და თავის გოგონებს ალეკსანდრას და უმცროს ოკსანას ბავშვიდან შეასწავლა თამაში, ცნობისთვის ოკსანა ამჟამად ფიდეს ოსტატია. ალეკსანდრამ თამაში 5 წლისამ დაიწყო და ორ წელიწადში დედაქალაქის გამარჯვებულიც გახდა.

ბავშვობაში

1994 წელს ბეილე-ერკულანე-ში 10 წლამდელ გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. ორ წელიწადში კი მეორე ევროპული ოქრო რიმავსკა სობოტაში 12 წლამდელ გოგონათა შორის მოიგო. ამ შედეგით 13 წლისა ქალთა შორის საერთაშორისო ოსტატი გახდა, ხოლო ერთ წელიწადში ქალთა შორის დიდოსტატი.

ალეკსანდრა კოსტენიუკი. 2008 წელი, საჭადრაკო ოლიმპიადაზე დრეზდენში

2001 წელს 17 წლისა მოსკოვში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატის 64 ქალიან ტურნირში ჩაერთო. ფინალამდე მივიდა, თუმც იქ გამოცდილ ჩინელ ჟუ ჩენთან 3:5 დამარცხდა. სამ წელიწადში დრეზდენში ევროპის ქალთა პირველობა მოიგო და დაგროვილი ქულების წყალობით დიდოსტატის ნორმაც შეასრულა. ამ დროისთვის იგი მე-10 დიდოსტატი ქალი იყო. 2005-ში რუსეთის ჩემპიონატი მოიგო. 11 პარტიიდან 7-ში იმარჯვა 4 კი დასრულა ყაიმით. 2006 წლის აგვისტოში "ფიშერის ჭადრაკის" პირველ ჩემპიონატში ითამაშა, სადაც ფინალში გერმანიის საუკეთესო მოჭადრაკე ელიზაბეთ პეტცს მოუგო 5,5:2,5. ტიტული ორი წლის შემდეგ წარმატებით დაიცვა, უკრაინელი კატერინა ლაჰნოსთან 2,5:1,5. კოსტენიუკს შვეიცარიელი ქმარი ჰყავდა, რის გამოც ორივე ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდა და 2011 წელს ქალთა შორის შვეიცარიის ჩემპიონატში ითამაშა.[2] იმ წელს ოქრო მოიგო, მომდევნო წელს კი მამაკაცებში ბრინჯაო. [3] 2013 წელს შვეიცარიაში კაცთა პირველობაში იმარჯვა და გახდა პირველი ქალი, ვინც ეს მოახერხა. იგივე ტიტული რა გასაკვირია და ქალთა შორისაც მოიგო. 2015-ში წელს ქუთაისში ACP-s -ს ევროპის ქალთა ჩემპიონატში სწრაფ ჭადრაკში იმარჯვა. [4] იმავე წლის ივნისში შვეიცარიის ჩემპიონატში მამაკაცებში გამოვიდა და პლე-ოფიდან ვლადიმ მილოვმა გამოაგდო, თუმც მანდილოსნებში მოიგო. 2016-ში კვლავ რუსეთში დაბრუნდა და ქვეყნის ჩემპიონიც გახდა. [5] 2017-ში მან კვლავ იმარჯვა ACP-ს ევროპის ქალთა ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში. 2020 წელს რუსეთის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა.

ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001-ში 17 წლისამ მოსკოვში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა. 64 მონაწილეს შორის რეიტინგით მე-12 გახლდათ. პირველ ეტაპზე ამერიკელი ჯენიფერ შაჰაიდი უშანსოდ დატოვა 2:0, მეორეში ვიეტნამელი ჰოანგ თჰან ჩანგი დაამარცხა 1,5:0,5, ხოლო მესამეში თანამემამულე გამოცდილი ალისა გალიამოვა 2:0. მეოთხედფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ალმირა სკრიპჩენკო ჩამოიცილა 1,5:0,5, ნახევარფინალში კი რეიტინგის პირველ ნომერ ჩინელ ქსიუ იუჰუას დაუპირისპირდა. ძირითად დრო 1:1 დასრულდა, დამატებით სწრაფებში კი ყოჩაღი მასპინძელთა იმედი აღმოჩნდა და ორი მარცხი აგემა სტუმარს. ფინალში იუჰუას თანამემამულე ჩჟუ ჩენს დაეჯახა. კოსტენიუკმა თეთრი ფიგურებით, გამარჯვებით დაიწყო ფინალი, თუმც მეორე და მესამე წააგო. ტიტულის გადასარჩენად რუსს აუცილებლად მოგება სჭირდებოდა, თანაც შავი ფიგურებით. კოსტენიუკმა პარტიაში დანიური დაცვა არჩია, ხელმწიფის ფლანგის გაძლიერებას შეუდგა და იერიშს დაელოდა. ჩენი მე-11 სვლაზე მარჯვნიდან კუს დახმარებით დაეტაკა მეტოქეს, რომელსაც დასახმარებლად მარცხნიდან მხედარი მოჰყვა, შემდეგ კი პაიკები. კოსტენიუკმა 28-ე სვლაზე ლაზიერით დაარტყა ჩინელს, წყობა მოუშალა და C ხაზზე ეტლების წყვილი დაუმიზნა. ჩენმაც იმავე ხაზზე ეტლები დაახვედრა მოიერიშეს, ლაზიერი მომართა და 41-ე სვლაზე დიდი ბრძოლაც გაჩაღდა. ამ შეტაკებებისას კოსტენიუკი ორი ხარისხით დარჩა მოგებაში, დაფაზე ერთადერთი გადარჩენილი ეტლით თეთრ ხელმწიფეს დაარტყა და პაიკები შეუსია. ჩენი მიხვდა რომ ამ პარტიის გადამრჩენი არ იყო და 57-ე სვლაზე ალამი დაუშვა. დამატებითში პირველი სწრაფი შავებით წააგო ალეკსანდრამ, თუმც თეთრებით იმარჯვა და ბლიცში გადაიყვანა ბრძოლა. ბლიცებში კი უფრო უკეთესი ჩინელი გამოდგა, ორივე მოუგო 17 წლის მეტოქეს და ვიცე-ჩემპიონობას დააყაბულა.

2004[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ წელს ჩემპიონატს ელისტამ უმასპინძლა და კოსტენიუკი მე-11 ნომრად იყო წარდგენილი. პირველ წრეშ ყაზახეთის სახელით მოასპარეზე მარია სერგეიევა გამოადგო 2:0, თუმც მეორეში ლიტველ ვიკტორია ჩმილიტესთან დამარცხდა 0,5:1,5

2006[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვლავ ჩმილიტემ შეაჩერა 2006-ში ეკატერინბურგში. ალეკსანდრა მეოთხე ნომრად იყო განთესილი და პირველი ტურიდან კანადის სახელით მოასპარეზე ნატალია ხოუდგარიანი გამოთიშა 2:0, მეორეში სომეხ ელინა დანიელიანსაც იგივე ანგარიშით სძლია, თუმც მესამეში ჩმილიტესთან 0,5:1,5 გამოვარდა.

2008[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანუკვარ ჯილდოს კი 2008 წელს ნალჩიკში შესწვდა, რომელიც 28 აგვისტოს დაიწყო და 18 სექტემბრამდე გასტანა. რუსი 64 მონაწილეს შორის რეიტინგით მე-9 იყო. თამაშის დაწყებამდე 8 აგვისტოს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა სამხედრო აგრესია, რის გამოც ქართველმა მოჭადრაკეებმა უარი განაცხადეს რუსეთში ჩასვლაზე და უსაფრთხოების მიზნით ჩემპიონატის სხვაგან გამართვა მოითხოვეს. ფიდეს უარი უთხრა შეთავაზებაზე და პრეზიდენტი მათ უსაფრთხოებას დაჰპირდა. ქართველებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ჩემპიონატს. ქართველ მოჭადრაკეებს მხარი ამერიკელმა ირინა კრაშმა, პოლონელებმა ივეტა რაიკიხმა, ანა გასიკმა, მონიკა სოჩკომ, არგენტინელმა კლაუდიო ამურმა, გერმანელებმა პენცმა, ქეთინო გერშინკა-კახიანმა და ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე თეა ლანჩავამ დაუჭირეს, რის გამოც ტურნირმა 11 ძლიერი მოჭადრაკე დაკარგა. აი ისინიც: ქართველები ნინო ხურციძე, მაია ჩიბურდანიძე, ლელა ჯავახიშვილი, მაია ლომინეიშვილი, სოფიკო ხუხაშვილი და სოფიო გვეტაძე. ასევე არ წავიდნენ სათამაშოდ ფრანგი მარი სებაქი, კრაში, ლანჩავა, პერუელი კარენ ზაპატა და რუსი ეკატერინა კორბუტი. კოსტენუკმა ირანელი ათუშა პოურკაშიანის ძლევით გახსნა ტურნირი 2:0, მეორეში კორბუტ-გვეტაძეს შორის გამარჯვებულს უნდა შეხვედროდა, თუმც რადგანაც ორივემ უარი თქვეს გამოსვლაზე გამარჯვება ალეკსანდრას ჩაეთვალა და უბრძოლველად გადავიდა მესამე ტურში, საიდანაც თანამემამულე ტატიანა კოსინცევა დაიფრინა 1,5:0,5. იგივე ანგარიშებით ჯერ მეოთხედფინალში უკრაინელი ანა უშენინა დაამარცხა, ხოლო შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ქალი დიდოსტატი შვედი პია კრამლინგი. ფინალში ჩინელი ვუნდერკინდი 14 წლის ქსოუ იფანი ეგრო. რუსმა პირველი პარტია შავებით მოიგო. მეტოქეებმა ესპანური პარტია გაითამაშეს, ალეკსანდრამ თავიდანვე მეფე საიმედოდ გადამალა, ლაზიერის მხრიდან პაიკები დარაზმა და მე-9 სვლაზე კუთი თეთრი ხელმწიფისკენ გაიწია. პატარა ჩინელმა წყნარად განაგრძო დამცავი კედლის მშენებლობა, ნელ-ნელა რუსის მოიერიშეები უკან გაყარა და მე-14-ზე პაიკით ცენტრიდან შეუტია. იერიშს იერიშითვე უპასუხა კოსტენიუკმა, ბრძოლამ ხელმწიფის ფლანგისკენ გადმოინაცვლა, მეტოქეებმა გაცვლებს მიმართეს, ამ ორთაბრძოლაში კი რუსმა D ხაზზე პაიკი გააძვრინა, 38-ე სვლაზე ლაზიერად აქცია და ხარისხიც მოიგო. ალეკსანდრამ თეთრ მეფეზე დაწოლა გააძლიერა, ჩინელმა მამაცურად დაიცვა ბელადი, თუმც გამოცდილ მეტოქეს ვერ გაუმკლავდა და 48-ე სვლაზე გამარჯვება დაუთმო. დარჩენილი სამი პარტიაც დაძაბული გამოდგა, თუმც რუსმა შეძლო სასურველი ყაიმების მიღწევა და სადედოფლო გვირგვინიც დაიდგა.[6], [7]

2010[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუსტად გამოვიდა 2010-შიც ანთაქიაში, მოქმედმა ჩემპიონმა აქაც მხოლოდ ორი ეტაპი გაიარა და მესამეში მომავალ ფინალისტ ჩინელ რუან ლუფეისთან 0,5:1,5 დამარცხდა.

2012[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღირსეული თამაში ვერც 2012-ში ხანტი-მანსიისკში აჩვენა და მეორე ეტაპიდან თანამემამულე ნატალია პოგონინასგან მარცხი იწვნია 0,5:1,5. ფიდეს გრან-პრის 2011-2012 გათამაშებაშიც სცადა ბედი, რომლის გამარჯვებულიც მსოფლიოს ჩემპიონს ტიტულისთვის დაუპირირსპირდებოდა. იგი ოთხ ტურნიზე გამოვიდა და 22 მონაწილეს შორის საბოლოო ჩათვლაში მე-17-ზე გავიდა. იმავე წელს ყოჩაღად გამოვიდა მსოფლიოს სწრაფი ჭადრაკის ჩემპიონატზე და ვერცხლს დაეუფლა. ტაი-ბრეიკებში კატერნა ლაჰნოსთან დასთმო ოქრო. კოსტენიუკი ფიდეს გრან-პრის 2015-2016 გათამაშებაშიც გამოვიდა. მან ოთხ ტურნიზე იასპარეზა და საბოლოო 20 ქალში 12-ე იყო.

2015[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015-ის სოჭში მსოფლიოზეც ადრე დაასრულა გამოსვლა. ექს-ჩემპიონმა ორი წრე გაიარა და მესამეში ინდუს ჰარიკა დრონავალთან 0,5:1,5 დამარცხდა. ფიდეს გრან-პრის 2015-2016 გათამაშებაშიც სცადა ბედი. იგი ოთხ ტურნიზე გამოვიდა და საბოლოო ჩათვლაში მეოთხეზე გავიდა.

2017[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წელს თეირანში რეიტინგით მესამე იყო. პირველ წრეში ალჟირელი საბრინა ლატრეში იოლად გამოთიშა ასპარეზბიდან 2:0, მეორე წრეში უკრაინელი ინა გაპონენკო დაამარცხა 2,5:1,5, მესამე ეტაპზე გამოცდილ შვედ პია კრამლინგთან მძიმე ბრძოლა განვლო 4:2 და მეოთხედფინალში ჩინელი ნი შიციუნი დაამარცხა 1,5:0,5. ნახევარფინალში უკრაინელ ანა მუზიჩუკთან ვერაფერი გააწყო 0:2 და ასპარეზობას გამოეთიშა.

2018[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნახევარფინალამდე მივიდა 2018 წელს ხანტი-მანსიისკში, სადაც მეხუთე ნომრად იყო განთესილი. პირველ წრეში პუერტო-რიკოელი დანიცა ვასკესი დაამარცხა 2:0, მეორეში ჩინელი ნი შიციუნი 3:1, მესამეში ინდოელი ჰარიკა დრონავალი, მეოთხეში წინა წლის დამარცხებისთვის რევანში აუღო ანა მუზიჩუკს 2,5:1,5, თუმც ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ ჩინელ ჟუ ვენჟუნთან დამარცხდა 0,5:1,5. 2019 წელს ყაზანში ქალთა პრეტენდენტთა ტურნირზე მიიღო მონაწილეობა, რომლის გამარჯვებულიც მსოფლიოს ჩემპიონს ტიტულისთვის დაუპირირსპირდებოდა. თუმც 8 ქალში მეხუთეზე გავიდა და ტიტულის გარეშე დარჩა.

ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საჭადრაკო ოლიმპიადა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიადებზე 2002-დან გამოდის. ბლედში დებიუტში მესამე დაფაზე იჯდა და გუნდურ ვერცხლს დაეუფლა. 2004-ში კალვიაში პირველ დაფაზე აღზევდა და ბრინჯაოს დაეუფლა. პირველ დაფაზე იყო 2006-ში ტურინში და მეორე გუნდური ვერცხლი მოიპოვა. 2008-ში დრეზდენშიც პირველ დაფაზე იჯდა, თუმც მისი ნაკრები უმედლოდ დარჩა და მეოთხე ადგილზე გავიდა. 2010-ში ხანტი-მანსიისკში, შინაურ კედლებში რუსეთის ნაკრებმა ოქრო მოიგო, კოსტენიუკი კი მესამე დაფაზე იჯდა. 2012-ში სტამბულში კვლავ გუნდური ოქრო მოიგო, თვითონ კი უკვე სათადარიგო იყო. 2014-ში ტრომსეში ზედიზედ მესამე გუნდური ოქრო აიღო და ამჯერად მესამე დაფაზე თამაშობდა. 2016-ში ბაქოში პირველ დაფაზე იჯდა, თუმც გუნდი უმედლოდ დარჩა და მეოთხე ადგილი დაიკავა. 2018-ში ბათუმში ბაქოს მსგავსად, პირველ დაფაზე იჯდა და ნაკრები მეოთხე ადგილზე გავიდა.

მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრებთან ერთად პირველად 2011 წელს მადრიდში გამოვიდა. მესამე დაფაზე იჯდა და გუნდთან ერთად ვერცხლს მედალი მოიგო. 2013-ში ასტანაში მეორე დაფაზე იყო და ბრინჯაო მოიგეს. 2015-ში ჩენგუში მეორე დაფაზე იყო და ვერცხლი მოიგო. 2017-ში ხანტი-მანსიისკში პირველ დაფაზე გამოვიდა, გუნდთან ერთად და ოქროც აიღო. ჩემპიონატზე თავის დაფაზეც საუკეთესო იყო ალეკსანდრა 8-დან 6 ქულა მოიპოვა და ინდივიდუალური ოქროთიც დააჯილდოვეს. 2019-ში ასტანაში გუნდური ვერცხლი მოიპოვა, თვითონ კი მეორე დაფაზე თამაშობდა.

ევროპის გუნდური ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრებთან ერთად პირველად 2003 წელს პლოვდივში გამოვიდა. მესამე დაფაზე იჯდა და ბრინჯაოც მოიგო. 2005-ში გეტებორგში პირველ დაფაზე იჯდა და კვლავ გუნდური ბრინჯაო მოიგო. ოქრო მოიგო 2007 წელს კრეტაში, სადაც პირველ დაფაზე გამოვიდა. ისვე ოქრო და პირველი დაფა 2009-ში ნოვო-სადში. ზედიზედ მესამე გუნდური ოქრო მოიგო და სათადარიგო იყო 2011-ში პორტო კარასში. 2013-ში მეორე დაფაზე იჯდა დაგუნდური ვერცხლი მოიგო. საუკეთესო იყო ინდივიდუალური შედეგით როგორც მეორე დაფაზე, ასევე მანდილოსნებში. 2015-ში რეიკივიკში პირველ დაფაზე აღზევდა, გუნდთან ერთად ოქრო მოიგო და ინდივიდუალური საკუთარ დაფაზეც.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წელს კარგი თამაშისთვის და სპორტის გავითარებაში დიდი წვრილის შეტანისთვის “სამშობლოს დამსახურებისთვის” ორდენით დაჯილდოვდა.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაც შეეხება მის კარიერას, 2003 წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზკულტურისა და სპორტის ფაკულტეტი დაამთავრა, 2011-ში მოსკოვის ფიზიკური კულტურის სახემწიფო აკადემიაში მაგისტრატურაზე ჩააბარა, "ინტელექტუალური თამაშების კონცეფცია და ტექნოლოგიის" პროგრამით. გარდა ამისა ასევე არის მოდელი, ჟურნალისტი, მწერალი. "როგორ გავხდეთ დიდოსტატი 14 წლის ასაკში" ასე ჰქვია მის ნაწამოებს რომელიც მამამისთან ერთად დაწერა და რუსულის გარდა კიდევ ორ ენაზე, ინგლისურ და ესპანურად არის გამოცემული. ასევე გამოცემული აქვს წიგნები: "ითამაშეთ ჭადრაკი ალეკსანდრა კოსტენიუკთან ერთად", "ჭადრაკის დედოფლის დღიური". ავტორია პოდსკასტის "Chess is Cool" რომლის მეშვებითაც გულშემატკივრებს საკუთარ და საჭადრაკო ამბებს აგებინებს. პოლიტიკაშიც მოსინჯა ძალები და 2009 წლიდან პარტია “ედინაია როსსიას” წევრია. მისი დევიზია "ჭადრაკი ეს ჯანმრთელობაა" და "სილამაზე და გონიერება განუყოფელია". ამ დევიზებით და საკუთარი სილამაზის წყალობით ცდილობს უფრო და უფრო პოპულარული გახადოს სპორტის ეს სახეობა, ამის გამო ჭადრაკის ელჩად არის აღიარებული. 2006 წელს მისი ფოტოები მამაკაცების ჟურნალ "პენტჰაუზში" გამოქვეყნდა, ხოლო სტანისლავ ფოვორუხინის ფილმში "დალოცე ქალი" ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. [8] ასევე დიდ დროს უთმობს აქტიურ სპორტსაც, მონაწილეობას იღებს მარათონებში და სიმაღლიდან ბოგირის მეშვეობით გადმოხტომაც უყვარს. 2007 წლიდან ყოველწლიურად ატარებს საბავშვო შეჯიბრს „ალეკსანდრა კოსტენიუკის თასი“ სადაც ასობით ბავშვი მონაწილეობს, რუსეთიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან. შეჯიბრი სამ ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება, 6-მდე, 8-მდე და 10-მდე

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ქმარი კოლუმბიური წარმოშობის, თუმც შვეიცარიაში დაბადებული მეუღლე დიეგო გარსესი, რომელიც მისი მენეჯერი და 18 წლით უფროსი იყო. 2007 წლის 22 აპრილს მათ გოგონა შეეძინათ, რომელსაც მამის ბებიის საპატივცემულოდ ფრანჩესკა-მარია დაარქვეს. 2015 წელს ალეკსანდრა 12 წლით უფროს რუს დიდოსტატ პაველ ტრეგუბოვზე დაქორწინდა. [9] უმაღლესი რეიტინგი 2014 წლის სექტემბერში 2543 პუნქტი ჰქონდა. ალეკსანდრა კოსტენიუკი წევრია კლუბისა ‘Champions for Peace’, სადაც 115 ცნობილი სპორსმენია გაერთიანებული.[10] რომლებიც სპორტის საშუალებით ცდილობენ მშვიდობის დამყარებას მსოფლიოში. კლუბის მთავარი ოფისი მონაკოშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Как стать гроссмейстером в 14 лет. Москва, 2001. 202, [2] с., [16] л. ил. ISBN 5-89069-053-1.
  • Как научить шахматам: дошкольный шахматный учебник / Александра Костенюк, Наталия Костенюк. Москва: Russian Chess House, 2008. 142 с. ISBN 978-5-94693-085-7.
  • Дневники шахматной королевы. Москва, 2009. ISBN 978-5-91148-012-7.
  • Играй, как я! Как стать гроссмейстером в 14 лет. Ростов-на-Дону: Феникс-T, 2019. 222 с. ISBN 978-5-907002-47-0.
  • Шахматные прописи для самых умных ребят, Москва, 2015 ISBN 978-5-990282-54-4
  • How I became Grandmaster at age 14 (Signed) (2001). Publisher AYaKC, Moscow, Russia; First Edition (January 1, 2001). ISBN-13 : 978-5829300432
  • Diary of a Chess Queen (2010). Mongoose Press; 1st edition (January 16, 2010). ISBN-13 : 978-0979148279

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [1]. Mainz 2008: Kosteniuk wins Chess960, Rybka and Shredder qualify.
  2. [2]. Swiss-Russian citizenship.
  3. [3]. Костенюк стала бронзовым призером чемпионата Швейцарии по шахматам среди мужчин.
  4. [4]. Alexandra Kosteniuk wins European-ACP Women’s Rapid Championship.
  5. [5]. Riazantsev and Kosteniuk are 2016 Russian champions.
  6. [6]. Alexandra Kosteniuk is Women's World Champion.
  7. [7] დაარქივებული 2017-10-18 საიტზე Wayback Machine. . WWCC Closing Ceremony.
  8. [8]. Alexandra Kosteniuk.
  9. [9] დაარქივებული 2015-08-10 საიტზე Wayback Machine. . Alexandra Kosteniuk Marries Pavel Tregubov.
  10. [10]. The Chess Queen Becomes Champion for Peace.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]