ალექსანდრა იზმალოვიჩი
| ალექსანდრა იზმალოვიჩი | |
|---|---|
![]() | |
| დაბადების თარიღი | 1878 |
| დაბადების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
| გარდაცვალების თარიღი | 11 სექტემბერი, 1941 |
| გარდაცვალების ადგილი | ორიოლი |
| მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია |

ალექსანდრა ადოლფის ასული იზმაილოვიჩი (რუს. Александра Адольфовна Измайлович, დ. 1878, სანქტ-პეტერბურგი — გ. 11 სექტემბერი, 1941, მედვედევსკის ტყე, ქალაქ ორიოლთან) — სოციალისტურ- რევოლუციური პარტიისა და ჩრდილოეთ რეგიონის მფრინავი საბრძოლო რაზმის წევრი. ეკატერინა იზმალოვიჩის და.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ალექსანდრა იზმაილოვიჩი წარმოშობით დიდგვაროვან, არტილერიის ოფიცრის ოჯახში დაიბადა. 1901 წელს შეუერთდა სოციალისტურ-რევოლუციურ პარტიას. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო 1905-1907 წლების რევოლუციაში. ის იყო ჩრდილოეთ რეგიონის მფრინავი საბრძოლო რაზმის წევრი.
1906 წლის 14 იანვარს სოციალისტ- რევოლუციონერ ივან პულიხოვთან ერთად, მან მონაწილეობა მიიღო მინსკის გუბერნატორის პავლე კურლოვისა და პოლიციის უფროსის დ. ნოროვის მკვლელობის მცდელობაში. პულიხოვმა კურლოვს ყუმბარა ესროლა, რომელიც არ აფეთქდა. ალექსანდრა იზმაილოვიჩმა პისტოლეტიდან ცეცხლი გაუხსნა პოლიციის უფროს ნოროვს. მან 5 ტყვია გაისროლა და შემთხვევით დაჭრა რიგითი ზახარ პოტაპოვი და ფოსტალიონი ფომა გონჩარიკი, რომლებიც სროლის დროს ხალხში იდგნენ. პულიხოვი და იზმაილოვიჩი დანაშაულის ადგილზე დააკავეს. დააკავების დროს მათ „ბრაუნინგის“ პისტოლეტები ჩამოართვეს. იარაღის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ იზმაილოვიჩის პისტოლეტიდან 5 ტყვია იყო გასროლილი, ხოლო პულიხოვის პისტოლეტიდან — არცერთი. ორივე მათგანი გასამართლდა პიშჩალოვსკის ციხეში. სასამართლომ ორივე ტერორისტს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, მაგრამ იზმაილოვიჩს სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. ნერჩინსკის სასჯელაღსრულების განყოფილებაში იგი შეხვდა მარია სპირიდონოვას, ირინა კახოვსკაიას და PSR-ის სხვა გამოჩენილ მოღვაწეებს, რომლებიც იქ იხდიდნენ სასჯელს.
იზმაილოვიჩი თებერვლის რევოლუციის შედეგად გაათავისუფლეს. როგორც პარტიის პროპაგანდისტი და ორგანიზატორი, იგი მუშაობდა გლეხებს შორის, ჩერნიგოვოს გუბერნიაში.
1917 წლის შემოდგომისთვის იგი პეტროგრადში ჩავიდა, კენჭი იყარა დამფუძნებელი ასამბლეის წევრობისთვის, მაგრამ უშედეგოდ. მემარცხენე სოციალისტურ-რევოლუციური პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე 19–27 ნოემბერს აირჩიეს ცენტრალური კომიტეტის წევრად.
ალექსანდრა იზმაილოვიჩმა მონაწილეობა მიიღო ოქტომბრის რევოლუციაში. იგი იყო მე-2 და მე-4 მოწვევის სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მარცხენა სოციალისტური-რევოლუციური ფრაქციის წევრი. როდესაც შეიქმნა ბოლშევიკებისა და მემარცხენე სოციალისტ-რევოლუციონერთა ბლოკი, იგი დაინიშნა სახალხო კომისართა საბჭოს წევრად (რესპუბლიკის სასახლეების სახალხო კომისარი), მაგრამ მემარცხენე სოციალისტურ- რევოლუციური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებით, იგი დარჩა პარტიულ მუშაკად.
1918 წლის აპრილ-მაისის თვეში იზმაილოვიჩი ხელმძღვანელობდა სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გლეხთა განყოფილების ორგანიზაციულ-პროპაგანდის განყოფილებას. მას არ მიუღია მონაწილეობა 1918 წლის 6 ივლისის მემარცხენე სოციალისტურ-რევოლუციურ აჯანყებაში, მაგრამ მაინც დააპატიმრეს და გარკვეული პერიოდის შემდეგ გაათავისუფლეს. PLSR-ის გამომცემლობამ „რევოლუციური სოციალიზმი“ გამოუშვა ბროშურა „ოქტომბრის შემდგომი შეცდომები“, სადაც მან განსაკუთრებით გააკრიტიკა „ღარიბთა კომიტეტი“ და „წითელი ტერორი“.
1919 წლიდან მოყოლებული, იზმაილოვიჩი არაერთხელ იყო დევნის ობიექტი საბჭოთა ხელისუფლების მიერ. ის 1923 წლიდან ემიგრაციაში წავიდა. 1937 წელს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ ტერორისტულ ორგანიზაციაში მიკუთვნების ბრალდებით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, 1941 წლის 8 სექტემბერს კი მიესაჯა სიკვდილით დასჯა. სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად ალექსანდრა დახვრიტეს 11 სექტემბერს მედვედევის ტყეში.
მას რეაბილიტაცია (გაამართლეს) ჩაუტარდა 1937 და 1941 წლების საქმეზე 1957 წელს, ხოლო 1920-იანი და 1930-იანი წლების საქმეზე — 1989 წელს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Измайлович Александра Адольфовна: Досьеდაარქივებული 2013-12-15 საიტზე Wayback Machine.
- Измайлович Александра Адольфовна: Биографияდაარქივებული 2013-03-08 საიტზე Wayback Machine.
- Террористы и террористки Российской империи и СССР
- Будницкий О. В. Введениеდაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. // Женщины-террористки в России: Бескорыстные убийцы. — Ростов-на-Дону, 1996.
- Террористы на царской каторгеდაარქივებული 2013-12-15 საიტზე Wayback Machine.
