ალექსანდრა იაბლოჩკინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალექსანდრა ალექსანდრეს ასული იაბლოჩკინა (დ. 3 (15) ნოემბერი1866 — გ. 20 მარტი, 1964, მოსკოვი) — რუსი მსახიობი, თეატრალური მოღვაწე, სსრკ სახალხო არტისტი (1937), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1943).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1885 თბილისში, რუსული დრამის თეატრში. იყო ქალიშვილი რუსი მსახიობის, ალექსანდრე ალექსანდრეს ძე იაბლოჩკინისა, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოში რუსული თეატრის დაარსებასა და განვითარებაში. 1872 წელს ალექსანდრა იაბლოჩკინა 6 წლის ასაკში პირველად გამოვიდა სცენაზე თბილისში, გოგონამ შეასრულა ბიჭის, პერის, როლი ივანე ჩერნიშევის „წამხდარ ცხოვრებაში“. მოგვიანებით, მამის ზედამხედველობით თბილისის რუსული დრამის თეატრში განახორციელა როლები: კატერინა (უილიამ შექსპირის „ჭირვეულის მორჯულება“) და ნატაშა (ალექსანდრე შახოვსკის, ალექსანდრე გრიბოედოვისა და ნიკოლოზ ხმელნიცკის „საკუთარი ოჯახი ანუ დაქორწინებული პატარძალი“). 1888 წლიდან გარდაცვალებამდე იყო მოსკოვის მცირე თეატრის მსახიობი. სცენაზე გამოდიოდა რუსული სცენის დიდოსტატებთან: მარია ერმოლოვასთან, ალექსანდრე ლენსკისთან, ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინთან, ოლღა სადოვსკაიასთან ერთად, რომელთაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს მის შემოქმედებაზე. იგი გამოირჩეოდა ბრწყინვალე სასცენო მეტყველებით, არტისტიზმით, ნატიფი გემოვნებით. როლები: სოფია (ალექსანდრე გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“), მარია ანტონოვნა (ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“), ლედი სნირუელი (რიჩარდ შერიდანის „ავყიობის სკოლა“), რუქაია (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“) და სხვა. 1901 წელს ალექსანდრე იაბლოჩკინა საგასტროლოდ იმყოფებოდა თბილისში მოსკოვის საიმპერატორო მცირე თეატრის მსახიობთა კორპორაციის დასთან ერთად. წარმოდგენილი იყო ალექსანდრე ოსტროვსკის „შეშლილი ფული“, რომელშიც მან განახორციელა ლიდიას როლი. უკანასკნელად სცენაზე გამოვიდა 1961 წელს. ჯერ კიდევ რევოლუციამდე მრავალჯერ აირჩიეს მცირე თეატრის „მსახიობთა კორპორაციის“ თავმჯდომარედ, 1917 წლიდან (რუსული თეატრალური საზოგადოების დამაარსებლის მარია სავინას გარდაცვალების შემდეგ) იყო რუსული თეატრალური საზოგადოების უცვლელი თავმჯდომარე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]