ალექსანდერდორფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალექსანდერდორფის გერმანული ეკლესია, რომელიც 1946-1947 წლებში მარჯანიშვილის მოედნის რეკონსტრუქციის დროს საბჭოთა ხელისუფლებამ გერმანელ სამხედრო ტყვეებს დაანგრევინა

ალექსანდერდორფი (გერმ. Alexanderdorf, ალექსანდრეს სოფელი) — ვიურტემბერგიდან გადმოსახლებული გერმანელების კოლონია ძველი თბილისის მახლობლად, სოფელ კუკიის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაარსდა 1818 წელს და რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I-ის პატივსაცემად ალექსანდერდორფი ეწოდა. 1916-1918 წლებში ალექსანდერსდორფს ალექსანდროვსკოე ეწოდებოდა, 1923 წელს კი დასახლებას საბჭოთა ხელისუფლებამ ლიბკნეხტსდორფი დაარქვა.

ალექსანდერდორფი შედგებოდა ბაღებითა და ბოსტნებით გარემოცული სახლების ორი მწკრივისგან, რომელიც სოფლის მთავარ გზას (ახლანდელ დავით აღმაშენებლის გამზირი) გასდევდა. აქაური გერმანელები სოფლის მეურნეობას მისდევდნენ და პროდუქციას თბილისის ბაზრებში ჰყიდნენ. 1820 წელს ალექსანდერდორფში, ახლანდელი მარჯანიშვილის მოედნის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ადგილზე, ლუთერანული ეკლესია „კირხე“ აშენდა; აქედან მოდის მარჯანიშვილის მოედნისა და ქუჩის პირვანდელი სახელწოდება — „კიროჩნაია“. 1946-1947 წლებში მარჯანიშვილის მოედნის რეკონსტრუქციის დროს საბჭოთა ხელისუფლებამ კირხე გერმანელ სამხედრო ტყვეებს დაანგრევინა.

1824 წელს კუკია და ალექსანდერდორფი ოფიციალურად თბილისს მიაკუთვნეს, თუმცა დასახლება კიდევ დიდხანს ატარებდა სოფლის იერს. 1836 წლისთვის ალექსანდერდორფში 152 გერმანელი ცხოვრობდა. დასახლება განსაკუთრებით გაიზარდა 1880-იან წლებში ვერის ხიდის (ახლანდელი გალაკტიონის ხიდი) გახსნის შემდეგ. ამ მიდამოებზე სწრაფად გავრცელდა ურბანული განაშენიანების წესები, სოფლის მთავარმა გზამ ქუჩის სახე მიიღო და ერთ დროს ვრცელი ბაღები მნიშვნელოვნად შემცირდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]