ალესო ბალდოვინეტი
| ალესო ბალდოვინეტი | |
|---|---|
|
| |
| სრული სახელი | Alesso Baldovinetti |
| დაიბადა | 14 ოქტომბერი, 1427 |
| დაბადების ადგილი | ფლორენცია, ფლორენციის რესპუბლიკა |
| გარდაიცვალა | 29 აგვისტო, 1499 |
| გარდაცვალების ადგილი | ფლორენცია, ფლორენციის რესპუბლიკა |
| სფერო | ფერწერა |
| მიმდინარეობა | რენესანსი |
ალესო ბალდოვინეტი (იტალ. Alesso Baldovinetti; დ. 14 ოქტომბერი, 1427 — გ. 29 აგვისტო, 1499) — ადრეული რენესანსის პერიოდის იტალიელი მხატვარი და მხატვრული ფერწერის ოსტატი.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბალდოვინეტი დაიბადა ფლორენციაში, მდიდარი არისტოკრატი ვაჭრების ოჯახში. 1448 წელს იგი გაწევრიანდა წმინდა ლუკას გილდიაში.[2]
იგი ეკუთვნოდა ხელოვნებაში მეცნიერული რეალიზმისა და ნატურალიზმის მიმდევარ მხატვართა ჯგუფს, რომელშიც შედიოდნენ ანდრეა დელ კასტანიო, პაოლო უჩელო და დომენიკო ვენეციანო. გადმოცემის თანახმად, ბალდოვინეტი მონაწილეობდა სანტ-ეჯიდიოს ეკლესიის მოხატვაში, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს. აღნიშნული დეკორაციები შესრულდა 1441–1451 წლებში დომენიკო ვენეციანოსა და ანდრეა დელ კასტანიოს მიერ. დანამდვილებით ცნობილია, რომ მოგვიანებით, 1458–1462 წლებში, ბალდოვინეტიმ ამ ციკლის დასრულებაზე იმუშავა.[3]
1460 წელს ალესოს დაევალა დიდი ფრესკის — „ხარების“ — შესრულება სანტისიმა ანუნციატას ბაზილიკის ეზოში. შემორჩენილი ფრაგმენტები მოწმობს მხატვრის ოსტატობას როგორც ბუნებრივი დეტალების ზუსტი გადმოცემის კუთხით, ისე ფიგურების ფართო სივრცით ლანდშაფტში განთავსებაში.
ბალდოვინეტის ერთ-ერთი მოწაფე იყო დომენიკო გირლანდაიო. მისი საყვარელი კედლის მხატვრობის ტექნიკა იყო კომპოზიციის ფრესკულად შესრულება და შემდეგ მისი მშრალად („a secco“) დასრულება კვერცხის გულისა და თხევადი ლაკის ნაზავით. ვაზარის თქმით, მხატვარი ამ მეთოდით ნესტისგან დაცვას ცდილობდა, თუმცა დროთა განმავლობაში ამ ტექნიკით შესრულებული ნაწილები ჩამოიშალა და ექსპერიმენტი წარუმატებელი აღმოჩნდა.
ეს ადასტურებს ჯორჯო ვაზარის ორ ცნობილ შეფასებას, რომლის მიხედვითაც ბალდოვინეტი „ბუნებიდან ზუსტად ხატავდა პეიზაჟებს“ და მუდმივად ატარებდა ექპერიმენტებს მხატვრულ ტექნიკაში.
1463 წელს მან შექმნა „შობის“ სცენა, რომელიც ჯულიანო და მაიანომ ტარსიის ტექნიკით შეასრულა ფლორენციის ტაძრის საკრისტიაში და დღემდეა შემორჩენილი. დაახლოებით 1465 წელს ბალდოვინეტიმ დახატა „ქალი ყვითელ სამოსში“.
1466 წლიდან თარიღდება ოთხი მახარებლისა და ეკლესიის ოთხი მამის ფრესკები, აგრეთვე „ხარება“, რომლებიც ამჟამადაც ამშვენებს სან-მინიატო ალ მონტეს ბაზილიკაში განთავსებულ პორტუგალიურ კაპელას. ვაზარი შეცდომით ამ ნამუშევრებს პიერო დელ პოლაიუოლოს მიაწერდა.
1466 წლიდან ალესომ მნიშვნელოვანი სამუშაოები შეასრულა ფლორენციის წმინდა სამების ეკლესიაში ბონჯანი ჯანფილიაცის დაკვეთით. თავდაპირველად მან შექმნა წმინდა სამების საკურთხევლის სურათი წმინდანებით, რომელიც 1472 წელს დაასრულა. შემდეგ შეუდგა ძველი აღთქმის თემაზე ფრესკების ციკლს, რომლის დასრულებაც ხელშეკრულებით ხუთ წელიწადში უნდა მოესწრო, თუმცა ეს სამუშაო 26 წელი გაგრძელდა. 1497 წელს დასრულებული ციკლი, რომელშიც მრავალი ცნობილი ფლორენციელის პორტრეტი შედიოდა, შეაფასეს კოზიმო როსელიმ, ბენოცო გოცოლიმ, პერუჯინომ და ფილიპინო ლიპიმ. დღეს ამ ნამუშევრებიდან მხოლოდ დაზიანებული ფრაგმენტებია შემორჩენილი.
ალესო ბალდოვინეტი ასევე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ვიტრაჟების შექმნის სფეროში. მისი ესკიზების მიხედვით შესრულებულია წმინდა ანდრიასა და მამა ღმერთის გამოსახულებები პაცის კაპელაში, აგრეთვე წმინდა ლუკასა და იოანეს ფიგურები ლუკის ტაძრის აფსიდაში.[4] მისი ნამუშევრები ასევე გვხვდება კამპოსანტო მონუმენტალეში, ასიზის წმინდა ფრანცისკეს ბაზილიკაში, პრატოს ტაძარში და სანტა კროჩეს გუმბათში.
თანამედროვეები ბალდოვინეტის მიიჩნევდნენ ოსტატად, რომელმაც თავიდან აღმოაჩინა და სრულად გაითავისა მოზაიკის დიდი ხნის დავიწყებული ხელოვნება. 1481–1483 წლებში იგი მუშაობდა სან-მინიატოს ეკლესიის კარის თავზე არსებული მოზაიკების, აგრეთვე ფლორენციის ბაპტისტერიუმის შიდა და გარე მოზაიკების რესტავრაციაზე.[5]
ალესო ბალდოვინეტი გარდაიცვალა 1499 წლის 29 აგვისტოს სან-პაოლოს საავადმყოფოში და დაკრძალულია სან-ლორენცოს ეკლესიაში.[6]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Colvin, Sidney (1911). . Encyclopædia Britannica (ინგლისური). 3 (11th ed.). pp. 243–244.
- Huebscher, Arne: Alesso Baldovinetti und die Florentiner Malerei der Frührenaissance (Beiträge zur Kunstgeschichte des Mittelalters und der Renaissance, 16). Münster: Rhema 2020
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Bryan, Michael (1886). რედ. Robert Edmund Graves: Dictionary of Painters and Engravers, Biographical and Critical. London: George Bell and Sons, გვ. 71–72.
- ↑ Bryan, Michael (1886). რედ. Robert Edmund Graves: Dictionary of Painters and Engravers, Biographical and Critical. London: George Bell and Sons, გვ. 71–72.
- ↑ Huebscher, Arne: Alesso Baldovinetti, Münster, 2020, cat. no. V4.
- ↑ Huebscher, Arne, pp. 128-177 and cat. no. 3, 16, 17, 18, 20, 21.
- ↑ Huebscher, Arne, pp. 97-127.
- ↑ Alessio Baldovinetti. ციტირების თარიღი: 18 May 2026