შინაარსზე გადასვლა

ალერგოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტესტი ალერგიაზე

ალერგოლოგია (ბერძ. αλλεργία < ἄλλος [allos] — „სხვა“, ἔργον [ergon] — „მოქმედება“ და λόγος [lógos] — „სიტყვა“, „მოძღვრება“) — მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ალერგიულ დაავადებათა გამომწვევი მიზეზებს, მათი განვითარების მექანიზმის დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას.

XX საუკუნის დასაწყისში ორგანიხმის რეაქტიულობის შეცვლის პრობლემებით მრავალი მეცნიერი იყო დაინტერესებული. აღსანიშნავია შ. რიშეს (1902), მ. ართიუსის (1903), თ. სმითის (1904), გ. სახაროვის (1905) დაკვირვებები კლინიკურ პათოლოგიასა და იმუნოლოგიაში, კერძოდ, გამოკვლევები ადგილობრივი და ზოგადი ანაფილაქსიის შესახებ. 1905 წელს ავსტრიელმა ექიმმა კ. პირკემ ბ. შიკთან ერთად აღწერა ორგანიზმის მომეტებული მგრძნობელობა დიფთერიის საწინააღმდეგო ანტიტოქსიკური შრატისადმი და მას შრატისმიერი ავადმყოფობა უწოდა, ხოლო 1906 წელს ამის საფუძველზე ბიოლოგიასა და მედიცინაში შემოიტანა ალერგიის ცნება. ალერგოლოგიის განვითარებას სსრ კავშირში ხელი შეუწყო რუსი მეცნიერების ა. ბეზრედკას, ა. აბრიკოსოვის, ნ. სიროტინინის, ა. ზდროდოვსკის, ა. ადოს გამოკვლევებმა.

ალერგოლოგია მჭიდროდ უკავშირდება მედიცინის ყველა დარგს, განსაკუთრებით – იმუნოლოგიას, ჰიგიენას, კლინიკური დისციპლინებიდან კი თერაპიას, პედიატრიას, დერმატოლოგიას, ინფექციურ სნეულებებს და სხვა.

1964 წლიდან თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში იკითხება ალერგოლოგიის სპეციალური კურსი. 1967 წელს რესპუბლიკის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოსთან შეიქმნა ალერგოლოგიის ლაბორატორია, ხოლო 1973 წლიდან – განყოფილება. 1961 წლიდან ალერგიის სამეცნიერო და პრაქტიკულ პრობლემებზე მუშაობდა სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ალერგოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია.

თანამედროვე ალერგოლოგია იყენებს ავადმყოფთა გამოკვლევის კლინიკურ-იმუნოლოგიურ (კანისა და სეროლოგიური ტესტები), პათოფიზიოლოგიურ და პათოქიმიურ (შინაგან ორგანოთა ფუნქციის შესასწავლი, სისხლში ჰისტამინისა და სხვა. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობის დასადგენი და სხვა სინჯები) მეთოდებს.