ალექსანდრა გორიაჩკინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ალეკსანდრა გორიაჩკინა)
ალექსანდრა გორიაჩკინა

ალექსანდრა გორიაჩკინა. 2018 წელი
ქვეყანა (სპორტი) რუსეთის დროშა რუსეთი
ეროვნება რუსი
დაბადების თარიღი 28 სექტემბერი, 1998 (1998-09-28) (25 წლის)
დაბადების ადგილი ორსკი,რუსეთი
წოდება დიდოსტატი (2018)
ფიდე რეიტინგი 2587 (მარტი 2021) [1]
მაქსიმალური რეიტინგი 2593 (დეკემბერი 2020)
ჯილდოები და პრემიები II ხარისხის „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ ორდენის მედალი[2]

ალექსანდრა გორიაჩკინა (რუს. Алекса́ндра Ю́рьевна Горя́чкина) დ. 28 სექტემბერი, 1998, ორსკი, რუსეთი) — რუსი მოჭადრაკე, დიდოსტატი. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქალთა შორის. 2020 წელს რეიტინგში 2593 პუნქტი ჰქონდა და რეიტინგის სიდიდით გახდა ჭადრაკის ისტორიაში მეექვსე ქალი, ხოლო რუსეთში პირველი. 2012 და 2015 წლებში რუსეთის ქალთა თასი მოიგო, ხოლო 2015, 2017 და 2020 წლებში მანდილოსებში ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

ალექსანდრა მამასთან ერთად
გორიაჩკინა 2013 წელს, Tata Steel C Tournament-ზე
გორიაჩკინა და ივან ნეპომნიაჩი 2020 წელს, რუსეთის სუპერფინალის გამარჯვებულები

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორიაჩკინა ორენბურგის ოლქში, ქალაქ ორსკში მოჭადრაკეთა ოჯახში დაიბადა. მამამისი იური გორიაჩკინი ფიდეს ოსტატია[3], ერთ დროს რეიტინგი 2395-იც ჰქონდა და მწვრთნელად მუშაობს. დედამისი ლარისა მატვიენკო[4] რუსეთის სპორტის ოსტატობის კანდიდატია და ფიდეს რეიტინგში 2210 პუნქტი ჰქონდა. ასეთ ოჯახში ცხოვრების მიუხედავად ალექსანდრა თავიდან არ დაინტერესებულა ჭადრაკით და მაგიდის ჩოგბურთმა გაიტაცა. ჭადრაკზე 6 წლისა გადაერთო, როცა საბავშვო ბაღში დადიოდა მამამისმა საღამოს საჭადრაკო სკოლაში შეიყვანა. პირველი მწვრთნელიც იური იყო და ცხრა წლისა უკვე დედამისს უგებდა.
2008 წელს 10 წლამდელ გოგონებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა[5], ხოლო 2009-ში 12 წლამდელებში ბრინჯაო აიღო. იმავე წელს ამავე ასაკის ევროპის გოგონებში მეორე იყო. 2010-ში ბათუმში 12 წლამდელ გოგონებში ევროპის ჩემპიონატი მოიგო[6], ხოლო მომდევნო წელს 14 წლამდელ გოგონებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა და რუდენკოს მემორიალი მოიგო. 2011 წელს გოგონა კარგად რომ მომზადებულიყო იური, მასთან ერთად სალეხარდში (იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგი) გაემართა და შვილს, მსოფლიოს მე-12 ჩემპიონის ანატოლი კარპოვის პოლარულ ჭადრაკის სკოლაში გააგრძელებინა სწავლა, სადაც თვითონ მწვრთნელად მოეწყო. მალე მათთან დედა და პატარა დაც ჩავიდნენ და ალექსანდრამ დიდოსტატ ვლადიმირ ბელოვთან გააგრძელა მეცადინეობა. 12 წლისა პირველად გამოვიდა თბილისში ევროპის ქალთა ჩემპიონატზე, სადაც 11-დან 5,5 ქულა დააგროვა.
2012 წელს 18 წლამდელ გოგონებში დუბლი შეასრულა, მსოფლიოზე და ევროპაზე ოქრო აიღო. დაგროვილი ქულებით 13 წლისა, 5 თვისა და 14 დღისამ, ქალთა შორის საერთაშორისო ოსტატის წოდება მიიღო და მანდილოსნებში გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა (ხოუ იფანის შემდეგ), ვისაც ეს პატივი ხვდა წილად. იმავე წელს რუსეთის 20 წლამდელ გოგონებში მესამე იყო. 2013 და 2014 წლებში 20 წლამდე გოგონებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. 2013 წელს, ვეიკ ან ზეში Tata Steel C Tournament-ის C ჯგუფში გამოვიდა და 14 მოჭადრაკეს შორის მე-12 იყო. იმავე წელს რუსეთის ქალთა მთავარ ნაკრებში მიიწვიეს და ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე სათადარიგო იყო. 2015 წელს ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზეც მოსინჯა ძალები, თუმც მხოლოდ ორი ეტაპი გაიარა. 2017 წელს რიგაში ევროპის ქალთა ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა (ჩემპიონი ქართველი ნანა ძაგნიძე გახდა)[7]. დეკემბერში სანქტ-პეტერბურგში რუსეთის ქალთა სუპერფინალი მოიგო, ტაი-ბრეიკში ნატალია პოგონინა დაამარცხა და რუსეთის ორგზის ჩემპიონიც შეიქმნა.
2018 წლის თებერვალში მოსკოვში „აეროფლოტ ოფენზე“ დიდოსტატის მესამე დონე შეასრულა.[8] ამ დროს იგი 19 წლის და 5 თვის იყო და ამ ასაკით ქალებში გახდა მეხუთე ვისაც ეს პატივი ერგო. 2019 წელს ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მამაკაცებში იასპარეზა, სადაც რეიტინგით 136-ე იყო და 11 პარტიიდან 5,5 ქულით 71-ე ადგილზე გავიდა. გათამაშებაზე დიდიოსტატ რაუფ მამემოვს მოუგო, რომელსაც ფიდეს რეიტინგში 2700-ზე მეტი პუნქტი ჰქონდა.
2019 წელს ყაზანში კანდიდატთა 8 ქალიან ტურნირზე იასპარეზა. სადაც 9,5 ქულით პირველზე გავიდა და უახლოეს მდევარს 1,5 ქლით გაუსწრო. ამ გამარჯვებით მსოფლიოს ჩემპიონ ჩინელ ჟუ ვენჟუნთან ტიტულისთვის შეხვედრის უფლება მოიპოვა. შეხვედრა 2020 წლის იანვარში შედგა და დაძაბულ ბრძოლაში ალექსანდრა დამარცხდა. 16 დეკემბერს მოსკოვში რუსეთის ქალთა სუპერფინალში გამოვიდა, ტაი-ბრეიკში „არმაგედონით“ პოლინა შუვალოვი დაამარცხა და მესამედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ფიდეს 2021 წლის მარტის ქალთა რეიტინგში მეორე ადგილზე იყო.

ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტი 2015 წელს სოჭში ჰოქნდა. იგი 64 ქალში რეიტინგით 30-ე იყო და მეორე ეტაპზე დაასრულა გამოსვლა. პირველ შეხვედრაში სომეხ ლილიტ მკრტჩიანს სძლია 5:4, თუმც მეორეში უკრაინელ ანა მუზიჩუკთან დამარცხდა 0,5:1,5.

2017[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წელს თეირანში რეიტინგით მეთხუტმეტე იყო. პირველ წრეში ჩინელი ჩჟაო მოს ძლევის 1,5:0,5 შემდეგ ვიეტნამელ პჰამ ლე თაო ნგუიენთან დამარცხდა 0,5:1,5.

2018[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კვლავ ერთი ეტაპი გადალახა 2018 წელს ხანტი-მანსიისკში, სადაც მეექვსე ნომრად იყო განთესილი. პირველ წრეში კანადელი მაილი-ჯეიდ ოუელეტს მოუგო 1,5:0,5 და მეორეში თანამემამულე ალისა გალიამოვასთან დამარცხდა 0:2. 2019 წელს ყაზანში 8 ქალს შორის, პრეტენდენტთა ტურნირზე მიიღო მონაწილეობა, რომლის გამარჯვებულიც მსოფლიოს ჩემპიონს ტიტულისთვის დაუპირირსპირდებოდა. გორიაჩკინა თავიდან არ იყო სიაში, თუმც ერთმა მონაწილემ ჩინელმა ხოუ იფანმა უარი თქვა მონაწილეობაზე და მის ნაცვლად დაუშვეს. პირველი წრე წაუგებლალ ჩაამთავრა ალექსანდრამ და 5,5 ქულით იპირველა. არც მეორე წრეში გაუშვია უპირატესობა, დაგროვილ ქულებს 4-იც მიუმატა და 9,5 ქულით გამარჯვებულიც გახდა. გორიაჩკინამ საპრიზო 200 ათასი დოლარიდან 50 ათასი მიიღო და მომავალ წელს ჩემპიონ ჩინელ ჟუ ვენჟუნთან შეხვედრის უფლება მოიპოვა.[9]

2020[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი 2-26 იანვარს ჩინეთსა და რუსეთში გაიმართა. საპრიზო ფონდი 500 ათასი დოლარი იყო, საიდანაც გამარჯვებული 60%-ს მიიღებდა, ტაი-ბრეიკის შემთხვევაში 55%-ს. რეგლამენტით 12 პარტია იყო დანიშნული, საიდანაც პირველი 6 შანხაიში ჩატარდა, მომდევნობი ვლადივოსტოკში. პირველი სამი პარტია ყაიმით დასრულდა, მეოთხე რუსმა შავებით წააგო, თუმც მეხუთე მოიგო, მეექვსე ყაიმით დაასრულა და პირველი წრე 3:3 ანგარიშით დახურა. მეორე ვლადივოსტოკში ყაიმით გახსნა, თუმც მერვე წააგო. მომდევნო ორი პარტია იმარჯვა, მე-11 გააყაიმა და ბოლოში გასაჩემპიონებლად მატჩის არწაგება მართებდა, თუმც დამარცხდა და ბრძოლა ტაი-ბრეიკში გაგრძელდა. პირველი ორი სწრაფი პარტია ყაიმით დასრულდა, მესამე კი ჩინელმა მოიგო, მეოთხე ყაიმით დაასრულა და ტიტულიც შეინარჩუნა.[10]

# მოჭადრაკე ქვეყანა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16
1 ჟუ ვენჟუნი დროშა: ჩინეთი ჩინეთი = = = 1 0 = = 0 1 1 = 0 6 = = 1 = 8.5
2 ალექსანდრა გორიაჩკინა დროშა: რუსეთი რუსეთი = = = 0 1 = = 1 0 0 = 1 6 = = 0 = 7.5

როგორც მსოფლიოს-ვიცე ჩემპიონი ქალთა 2021 წლის კანდიდატთა ტურნირზე იასპარეზებს, რომლის გამარჯვებულიც მსოფლიოს ჩემპიონს ტიტულისთვის დაუპირისპირდება. კანდიდატთა ტურნირზე მოხვედრა გორიაჩკინას ფიდეს ქალთა გრან-პრიდანაც შეეძლო, საიდანაც ორი საუკეთესო გადადიოდა. გრან-პრის 2019-2020 წლის გათამაშებაში, ოთხი ტურნირიდან სამში გამოვიდა, აქედან ორი სხვა მოჭადრაკეებთან მოიგო და დიდი უპიტარესობით საერთო ჩათვლაში პირველზე გავიდა.

ნაკრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საჭადრაკო ოლიმპიადა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალთა ოლიმპიადაზე დებიუტი 2016-ში ბაქოში ჰქონდა, სადაც მესამე დაფაზე იჯდა. გუნდი უმედლოდ დარჩა და მეოთხე ადგილი დაიკავა. კვლავ გუნდურ მეოთხეს დასჯერდა 2018-ში ბათუმში, გორიაჩკინა მეორე დაფაზე იჯდა და თავის პოზიციაზე ინდივიდუალური ბრინჯაო მოიგო.

ქალთა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015-ში ჩენგუში მეოთხე დაფაზე იყო და ვერცხლი მოიგო. 2017-ში ხანტი-მანსიისკშიც მეოთხე დაფაზე გამოვიდა და გუნდთან ერთად ოქროც აიღო. ინდივიდუალურში კი მესამე იყო. 2019-ში ასტანაში გუნდური ვერცხლი მოიპოვა, თვითონ კი ისევ მეოთხე დაფაზე თამაშობდა.

ქალთა ევროპის გუნდური ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013-ში ვარშავაში სათადარიგო დაფაზე იჯდა და გუნდური ვერცხლი აიღო. 5 პარტიიდან 2,5 ქულა დააგროვა. 2015-ში რეიკივიკში მეოთხე დაფაზე გადაჯდა, გუნდთან ერთად ოქრო მოიგო და ინდივიდუალურში ვერცხლი 7-დან 5 ქულით. კვლავ ზედიზედ ორი გუნდური ოქრო მოიგო 2017-ში კრეტაში და 2019-ში ბათუმში. საბერძნეთში სათადარიგო იყო, ხოლო საქართველოში პირველ დაფაზე იასპარეზა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორიაჩკინას 12 წლით უმცროსი და ჰყავს ოქსანა, რომელიც ასევე ჭადრაქს თამაშობს. ალექსანდრა მამამისთან ერთად ქალაქ სალეხარდში საჭადრაკო სკოლაში ასწავლის. გატაცებულია კოსმეტოლოგიით და კლასიკური მუსიკით. იგი ქომაგობს საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებს და კლუბს „პარი სენ ჟერმენს“[11]

ფიდეს ქალთა რეიტინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორიაჩკინა ფიდეს რეიტინგში დაგროვებული პუნქტებით მეექვსეა მოჭადრაკე ქალებში. 2020 წლის დეკემბერში 2593 გაუხდა და მასზე დიდი პუნქტები მხოლოდ ხუთ ქალს ჰქონია. იუდიტ პოლგარს, ხოუ იფანს, კონერუ ჰამპის, ანა მუზიჩუქს და ჟუ ვენჟუნს. იგი ასევე ყველაზე მაღალრეიტინგიანი რუსი ქალი მოჭადრაკეა, გადაუსწრო დებ ნადეჟდა და ტატიანა კოსინცევებს, რომლებმაც 2580 პუნქტს უწიეს.[12]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [1]. FRL March 2021.
  2. Энциклопедия ТАСС
  3. [2]. Goriatchkin, Jouri.
  4. [3]. Matvienko, Larisa.
  5. [4]. World Youth Chess Championships 2008 - Girls 10.
  6. [5]. European Youth Chess Championship Batumi 2010 - Girls Under 12.
  7. [6]. 18th European Women's Championship 2017.
  8. [7] დაარქივებული 2021-01-18 საიტზე Wayback Machine. . Вот это девушка! Александра Горячкина станет самым юным международным мужским гроссмейстером.
  9. [8]. Александра Горячкина досрочно выиграла турнир претенденток.
  10. [9]. Ju Wenjun remains World Champion.
  11. [10]. Interview with Aleksandra Goryachkina (in Russian) | FIDE Women's Grand Prix - Monaco | Round 4 |.
  12. [11]. Top 10 Women Players banner:.