ალეკო გვარამია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალეკო გვარამია
დაბ. თარიღი 7 სექტემბერი, 1940(1940-09-07) (83 წლის)
დაბ. ადგილი გუფი
მოქალაქეობა  სსრკ
აფხაზეთის რესპუბლიკა
საქმიანობა მათემატიკოსი
ალმა-მატერი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი

ალეკო გვარამია (დ. 7 სექტემბერი, 1940, გუფი, ოჩამჩირის რაიონი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ) — ე. წ. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, აფხაზეთის მეცნიერებათა და ადიღეის საერთაშორისო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ევროპის რექტორთა კლუბის წევრი.

ბიოგრაფია და მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალეკო (ბავშვობაში მაკარი) გვარამია დაიბადა 1940 წლის 7 სექტემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ გუფში, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ.

დაამთავრა ტყვარჩელის № 2 საშუალო სკოლა და ჩააბარა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში, მათემატიკის ფაკულტეტზე. მესამე კურსიდან ესწრება მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი ალგებრის კათედრის კვლევით სემინარებს. მეოთხე კურსზე დაწერა პირველი სამეცნიერო ნაშრომი, რომლითაც იგი წარსდგა ბელორუსის უნივერსიტეტში ალგებრის მიმართ მიძღვნილ კოლოქვიუმზე. მომდევნო წელს კი მონაწილეობა მიიღო მათემატიკოსთა მსოფლიო კონგრესში.

ასპირანტურა მოსკოვში, ალგებრისა და რიცხვთა თეორიის კათედრაზე მათემატიკოს ლეონიდ კულიკოვის ხელმძღვანელობით გაიარა. მოხსენიებულია მოლდოვის ენციკლოპედიაში, როგორც ცნობილი მათემატიკოსის, პროფესორ ვალერი ბელოუსოვის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე.

1967 წელს მოსკოვში დაიცვა აკადემიკოსის წოდების მისაღები დისერტაცია თემაზე „კვლევა კვაზი ჯგუფების კლასისა და იგივეობების შესახებ“ და სადოქტორო დისერტაცია თემაზე „აქსიომატიზირებული კვაზიჯგუფების კლასი და მრავალმხრივი უნივერსალური ალგებრა“ – 1985 წელს ქალაქ ნოვოსიბირსკში, სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის უნივერსიტეტის ციმბირის განყოფილებაში. რამდენიმე წელიწადი მუშაობდა გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტებში. კითხულობდა ლექციებს მსოფლიოს ჩვიდმეტ უნივერსიტეტში (მოსკოვის, ბელორუსის, ლაიპციგის, პოტსდამის, სოფიის, ბუდაპეშტის და სხვა სასწავლებლებში).

მოხსენებით გამოვიდა 18 საერთაშორისო და საბჭოთა კავშირის 30 კონფერენციაზე.

თანამედროვე ალგებრის სფეროში დაწერა რიგი ფუნდამენტალური ნაშრომები, რომლებიც აქცენტს სვამენ - ალგორითმების ამოხსნის საკითხზე, ფუნქციურ განტოლებებზე კვაზიჯგუფებში, ნაწილობრივი იგივეობის შესწავლაზე, მრავალმხრივი ალგებრის ცალკეულ საკითხებზე, აქსიომატიზირებული კვაზიჯგუფების კლასის ინვარიანტობის კრიტერიუმების გამოვლინებაზე იზოტოპიის დროს. მისმა ნაშრომებმა, როგორც ევრაზიის უნივერსიტეტთა ასოციაციაში ამბობენ, - უმაღლეს მათემატიკაში ახალი შესაძლებლობები დაანახა მეცნიერებს.

დისკრეტულ მათემატიკაში ხშირად შეხვდებით თეორემებს რომლებიც ალგებრულ გამოსათვლელ მანქანებზეა დაწერილი, მათ „გვარამიას თეორემებს“ უწოდებენ.

1986 წელს, სსრკ-ს უმაღლესმა საატესტაციო საბჭომ ალეკო გვარამიას მიანიჭა საპატიო პროფესორის წოდება.

1989 წლიდან იგი ე. წ. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორია. მისი ინიციატივებისა და საერთაშორისო ავტორიტეტის დამსახურებაა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო კავშირების მოწესრიგება რიგ უნივერსიტეტებთან.

ცნობილია, რომ ალეკო გვარამია მონაწილეობას იღებდა ვლადისლავ არძინბას პოლიტიკური კარიერის დაწყებაში. თავდაპირველად ე. წ. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის კანდიდატურაზე განიხილებოდა ისტორიკოსი და აზიათმცოდნე ვლადისლავ არძინბა, მის კანდიდატურას ალეკო გვარამიამაც დაუჭირა მხარი, მაგრამ თავად ვლადისლავმა უარი განაცხადა ამ პოსტზე და ალეკო გვარამიას კანდიდატურა წამოაყენა.

როგორც ალეკო გვარამიას მიერ მიცემული ინტერვიუებიდან ჩანს ორის ადლეიბამ (აფხაზეთის კომისარიატის პირველი თავმჯდომარე) ალეკო გვარამიას შესთავაზა, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის არჩევნებში ჯერ მონაწილეობა ვლადისლავ არძინბას მიეღო და შემდეგ არჩევნებში ისევ ალეკოს კანდიდატურას წამოაყენებდნენ, რაზეც ალეკო გვარამიამ თანხმობა განაცხადა და თქვა რომ მას დეპუტატობა სარექტორო საქმიანობაში ხელს უშლიდა.

ალეკო გვარამია აქტიურად არის ჩართული აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ და სოციო-კულტურულ პროცესებში, იგი აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი გახლდათ 1991-1996 წლებში. ტელეკომპანია „აბაზისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ალეკო გვარამია საუბრობს უმაღლესი საბჭოს 1991-1996 წლების მოწვევაზე, და მას ისტორიულს და გამართლებულს უწოდებს. უმაღლესი საბჭოს პირველი მოწვევის წევრები იური ვორონოვი, ზორიკ აჩბა, სტანისლავ ლაკობა, სერგეი ბაღაფში, სერგეი შამბა იყვნენ.

1992 წელს აირჩიეს აკადემიკოსად, ე. წ. აკადემიის პრეზიდიუმის წევრად, მათემატიკის,მექანიკისა და ინფორმატიკის განყოფილების ხელმძღვანელად, ადიღეის საერთაშორისო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად.

1993 წლის ნოემბერში გახდა უნივერსიტეტთა ევრაზიული ასოციაციის (მოსკოვი) წევრი. აქტიურ მონაწილეობას იღებს რუსეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორთა კავშირის საქმიანობაში. ალეკო გვარამიას რექტორობის პერიოდში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა რამდენიმე მემორანდუმი.

ომის პერიოში - ქალაქ გუდაუთაში 1993 წლის აპრილში -დაიწყო აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღდგენა და მის გარშემო პროფესურის შეკრება .

2009 წელს ალეკო გვარამისას მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი დაეხმარა აფხაზეთს, სამთავრობო სტრუქტურებში დასაქმებული სტუდენტების კვალიფიური გადამზადებაში. ხელშეკრულებას ხელი ქალაქ სოხუმში მოეწერა და იგი საერთაშორისო კადრების მომზადება-გადამზადებას ითვალისწინებდა. როგორც ალეკო გვარამია რუსული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს - აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007 წელს შეიქმნა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, რომლის სტუდენტებმა გაიარეს სტაჟირებები სხვადასხვა ქვეყანაში - როგორიცაა ეგვიპტე, თურქეთი, ამერიკა, რუსეთი. მოსკოვის უნივერსიტეტის ლექტორები ხშირად იყვნენ მოწვეულები ლექცია-სემინარების ჩასატარებლად და სწორედ აქედან გაჩნდა უნივერსიტეტებს შორის ხელშეკრულებების მომზადების იდეა.

2010 წელს, ალეკო გვარამიას დამსახურებით, უნივერსიტეტმა სანქტ-პეტერბურგში მდებარე ა.ი. გერცენის სახელობის რუსეთის სახელმწიფო პედაგოგიკის ინსტიტუტთან და მოსკოვის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. მთლიანობაში აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ორმოცდაათამდე ხელშეკრულება აქვს გაფორმებული რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებთან.

2010-2016 წლებში იყო აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი.

2010 წელს მისი მოწვევით აფხაზეთს ესტუმრა გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენი, რომელიც 1999-2002 წლებში საქართველოში გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი და მისიის ხელმძღვანელი იყო, მან ხაზი გაუსვა ჟენევის კონსულტაციების ფორმატის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და თბილისის კომპეტენციები ერთიანი საქართველოს საზღვრებში უნდა გაიმიჯნოს.

ალეკო გვარამია ხშირად აწყობს უნივერსიტეტში სხვადასხვა თემაზე პრეზენტაციებსა და კონფერენციებს, რაც მიმართულია „აფხაზეთის დამოუკიდებლობისა და მისი უძველესი ისტორიის„ განსამტკიცებლად.

2016 წელს ე. წ. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ უახლესი დამოუკიდებელი სახელმწიფოების უნივერსიტეტების ასოციაციის“ ონლაინ-კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციას უნივერსიტეტის რექტორი ალეკო გვარამია გაუძღვა. აღსანიშნავია, რომ ეს ამ სახის პირველი კონფერენცია არ არის და იგი მუდმივად ატარებს კონფერენციებს რომლებიც ე. წ. „აფხაზეთის დამოუკიდებლობის„ განმტკიცებას შეძლებს.

2018 წლის 19 დეკემბერს ალეკო გვარამიას ოქსფორდის აკადემიურმა კავშირმა საპატიო პროფესორის წოდება მიანიჭა. ეს წოდება კავშირს მხოლოდ ცამეტი პროფესორისთვის აქვს მინიჭებული. ალეკო გვარამია ოქსფორდის აკადემიურ კავშირში 2009 წლიდან იკავებს ადგილს.

სოკრატეს უმაღლესმა საერთაშორისო კომიტეტმა (ოქსფორდი) ალეკო გვარამიას „მსოფლიო მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის“ ორდენი მიანიჭა და მისი სახელი შეიტანა ოცდამეერთე საუკუნის ცნობილ მეცნიერთა მსოფლიო რეესტრში.

ალეკო გვარამია რუსეთის მეცნიერებათა აკადემიისა და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის მოქმედი წევრი, 2013 წლიდან კი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორია. 2011 წელს იგი გახდა სამეცნიერო სფეროში არსებული საერთაშორისო პრემიის - „The name in Science“-ის ლაურეატი.

მეცნიერების სფეროში შეტანილი ღვაწლისთვის, საერთაშორისო ასპარეზზე სახელის მოხვეჭისთვის, მათემატიკის სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისთვის, ალეკო გვარამიას აფხაზეთში არსებული უმაღლესი ჯილდო მიეენიჭა - პირველი ხარისხის ორდენი „პატივი და დიდება“.

2018 წელს იგი აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით ერთხმად აირჩია აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად, რაც მას პირადად მიულოცა აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ და მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. აკადემიურ საბჭოში 57 ადამიანი შედის, მათ შორის არიან წამყვანი მეცნიერები, საუნივერსიტეტო სტრუქტურების წარმომადგენლები და ცხრა სტუდენტი. როგორც „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ პრორექტორი ვიქტორ მალანძია აღნიშნავდა, ალეკო გვარამიას არჩევა უალტერნატივო იყო და ეჭვებს არ ბადებდა. ეგრეთ წოდებული „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სამეცნიერო საბჭომ ალეკო გვარამიას მეთაურობით 2019 წლის 14 მარტს რუს პოლიტიკოსებს - კონსტანტინ ზატულინს და სერგეი ბაბურინს, ასევე პოლიტოლოგ ანდრანიკ მიგრანიანს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორების წოდება მიანიჭა. ეს წოდება ასევე აქვთ- მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ვიქტორ სადოვნიჩს, მეცნიერ მათემატიკოს ბორის პლოტკინს, აფხაზეთის დიასპორის წარმომადგენელს თურქეთში ომარ ბეიგუას და ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს იური ერშოვს.

2015 წელს ესწრებოდა კვლევით სემინარს თელ-ავივში, სადაც ბარპლანსის უნივერსიტეტში მოხსენებით წარსდგა თემაზე „მრავალკუთხური ალგებრული ლოგიკის სახესხვაობები ალგებრაში“.

ბავშვობაში იყო დაკავებული კრივით, მონაწილეობდა იღებდა სხვადასხვა შეჯიბრში, შემდგომში კი 22 წლის განმავლობაში იყო აფხაზეთის კრივის ფედერაციის თავმჯდომარე. იყო ხელმძღვანელი საბჭოთა დელეგაციის - პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე კრივში, მიიღო მსაჯის ტიტული და 1980 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მსაჯთა ბრიგადაში შედიოდა.

ალეკო გვარამია მისი რექტორობის პერიოდის განმავლობაში დიდი ძალისხმევით ცდილობდა უნივერსიტეტის კადრების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პერსონალის გადამზადებას, რათა სტუდენტთა რაოდენობდა უნივერსიტეტში გაიზრდილიყო, მაგრამ როგორც თავადვე აღნიშნავდა ყოველწლიურად მეტი ახალგაზრდა მიდის რუსეთში და საქართველოში განათლების მისაღებად, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ უნივერსიტეტის პოლიტიკა და საგანმანათლებლო პროცესი მეტად უნდა დაიხვეწოს.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მამა - ალექსი გვარამია (ბუღალტერი). დედა გარდაიცვალა 1945 წელს, რის შემდეგაც ალექსი გვარამიამ ხელმეორედ იქორწინა. მოგვიანებით ოჯახი სოფელ გუფიდან ქალაქ ტყვარჩელში გადასახლდა, მალევე კი სოხუმში გადავიდნენ. დაოჯახებულია, ჰყავს ერთი შვილი. ალეკო გვარამიას ჰყავს 2 და ირინა და გალინა გვარამიები.

პუბლიკაციები და ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალეკო გვარამია გახლავთ ასამდე პუბლიკაციისა და მონოგრაფიის, ავტორი წამყვან მათემატიკურ გამოცემებში -სსრკ-ში, რუსეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, უნგრეთში, გერმანიაში, ბულგარეთში, პოლონეთში , ისრაელსა და ბალკანეთში.

მისი ნაშრომები ეხება კვაზიჯგუფების გარშემო არსებულ საკითხებს, რაც სრულიად ახალ ხედვას ხსნის მანქანურ მათემატიკაში. მისი კვლევები ფართოდ გამოიყენება პრაქტიკულ მეცნიერებაში, მანქანათ-მშენებლობასა და ელექტო-ტექნიკის შექმნაში .

არის თანაავტორი მონოგრაფიისა:

  • „ალგებრული სტრუქტურები მანქანურ ალგებრაში და მისი მონაცემთა ბაზების თეორიაში“. სინგაპური, ნიუ-ჯერსი, ლონდონი, ჰონგ-კონგი, მსოფლიო მეცნიერება. 1992 წელი .
  • „ მანქანური ალგებრული თეორიის ელემენტები“ მოსკოვი, უმაღლესი სკოლა, დამხმარე სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისთვის, 1994 წელი.
  • კვაზიჯგუფების წრფივი განტოლებების შესახებ (ალეკო გვარამია, ბორის პლოტკინი /ფუნდამენტი და უმაღლესი მათემატიკა“ 15:3 (2009) , 113-118
  • ჯგუფური შეხედულებების კლასის მოქმედებების ლოგიკის აქსიომატიზირება (ალეკო გვარამია და ბორის პლოტკინი ) // ფუნდამენტი და უმაღლესი მათემატიკა,11:2 (2005), 73-85
  • კვაზიჯგუფები და მანქანური კვაზიჯგუფებების სწავლება (ალეკო გვარამია ) // ფუნდამენტი და უმაღლესი მათემატიკა ., 3:3 (1997) , 775-800
  • ჰალმოშის ალგებრა და კვაზიჯგუფების აქსიომატიზირებული კლასები ( ალეკო გვარამია )//“მათემატიკური მეცნიერებების წარმატებები“ , 40:4 (244) (1985) , 215-216.
  • საბჭოთა კავშირის პირველი სიმპოზიუმი კვაზიჯგუფების და მისი მიმდევრების თეორიის შესახებ (ვალერი ბელოუსოვი , ალეკო გვარამია) // „ მათემატიკური მეცნიერებების წარმატებები“ , 23:6 (144) (1968) , 197-199.
  • Algorithmic problems for certain classes of quasigroups – Sov. Math . doc. Volum.8, 1967,#6 USA – M.Gluhov , A. Gvaramia.
  • ლუპების კლასის შესახებ, (ლენინის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო ჩანაწერები , ტ.375 1971 წ.
  • Uber eine Klasse von Functionalgleichungen allgemeiner Distributivitat (Wiss. Zeitschr. PH Dresden , #1 1973).
  • Partielle Associativgesetze in ternären Quasigruppen (Mitteil. Der Math. Ges. Der. DDR, Heft 2:3, 1973, Berlin).
  • Zur Theorie der Quasigruppen (Mitteil. Der Math. Ges. Der. DDR, Heft 1:2, 1974, Berlin).
  • Gleichmäβige ldentitäten erster Art der länge 6 in Quasigruppen (Wiss. Zeitschr. PH Dresden, Bd. 8 №3, 1974) A. Lehman G. Ulrich.
  • Glasses of quasiqroups invariant under isotopy and abstract classes of reversible automata Sov. Math. Dok. Vol. 31, 1985, №3, USA.
  • Multi-sorted logic, models and logical geometry. ( Jour. оf Math. Sci. New-York». 2015, vol. 214, №6) B. Plotkin / E. Aladova /T. Plotkin/ A. Gvaramia.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]