ალბერტ ბრუკსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალბერტ ბრუკსი
დაბადების სახელი ალბერტ ლოურენს აინშტაინი
დაბადების თარიღი 22 ივლისი, 1947
ბევერლი-ჰილზი, კალიფორნია, ამერიკის შეერთებული შტატები
ალმა-მატერი კარნეგი-მელონის უნივერსიტეტი
საქმიანობა რეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი, კომიკოსი
აქტიური 1969-დღემდე
მეუღლე(ები) კიმბერლი შლეინ ბრუკსი (1997-)
შვილ(ებ)ი 2

ალბერტ ლოურენს აინშტაინი (ინგლ. Albert Lawrence Einstein; დ. 22 ივლისი, 1947, ბევერლი-ჰილზი, კალიფორნია, ამერიკის შეერთებული შტატები; ცნობილი როგორც ალბერტ ბრუკსი) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, მწერალი და კომიკოსი.

1987 წლის ფილმისთვის, სახელწოდებით „ტელეამბები“, ბრუკსი „ოსკარზე“ იყო ნომინირებული საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის. უთამაშია ფილმებში „ტაქსის მძღოლი“ (1976), „საიდუმლო ბენიამინი“ (1980), „ჩემი პირველი კაცი“ (2001).

მისი რეჟისორობით გამოსულ ფილმებს შორის ყველაზე ცნობილია „თანამედროვე რომანი“ (1981), „ამერიკაში დაკარგული“ (1985), და „დაიცავი შენი სიცოცხლე“ (1991). 2011 წელს დაწერა თავისი პირველი წიგნი, სახელწოდებით „2030: ნამდვილი ამბავი იმისა, თუ რა მოსდის ამერიკას“.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბერტ ლოურენს აინშტაინი 1947 წლის 22 ივლისს ბევერლი-ჰილზში, კალიფორნიაში (ამერიკის შეერთებული შტატები) დაიბადა. იგი მსახიობისა და მომღერლის, ტელმა ლიდისა და რადიო კომიკოსის, ჰარი აინშტაინის შვილია. [1] კარნეგი-მელონის უნივერსიტეტში (პიტსბურგი) დრამატურგიას შეისწავლიდა, მაგრამ სწავლა მალევე შეწყვიტა, რათა კომიკოსის კარიერისთვის მიეყო ხელი. იგი პირველად 1970-იან წლებში ტელევიზიაში, სხვადასხვა პროგრამებსა და შოუებში გამოჩნდა, მათ შორის არის „ღამის შოუ ჯონი კარსონთან ერთად“.[2]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორი წარმატებული კომედიური ალბომის („მინუს ერთი“ (1973), „ვარსკვლავი ნაყიდია“ (1975) - რომელიც გრემიზე იყო ნომინირებული) გამოშვების შემდეგ, ალბერტ ბრუკსმა კინოხელოვნებაში სცადა თავი.

1975 წელს ექვსი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო NBC-ს Saturday Night Live-ს პირველი სეზონისათვის:

  1. 11 ოქტომბერი, 1975, ეპიზოდი (მასპინძელი: ჯორჯ კარლინი): „შეუძლებელი სიმართლე“;
  2. 18 ოქტომბერი, 1975, ეპიზოდი (მასპინძელი: პოლ საიმონი): „Candid Camera-ს წარუმატებელი ტრიუკები“;
  3. 25 ოქტომბერი, 1975, ეპიზოდი (მასპინძელი: ბობ რეინერი): „გულის ოპერაცია“;
  4. 8 ნოემბერი, 1975, ეპიზოდი (მასპინძელი: ქენდის ბერგენი): „მომავალი სეზონი“;
  5. 13 დეკემბერი, 1975, ეპიზოდი (მასპინძელი: რიჩარდ პრიორი): „ავადმყოფი“;
  6. 10 იანვარი, 1976, ეპიზოდი (მასპინძელი: ელიოტ გულდი): „სატესტო ჩვენება“.

მან თავისი პირველი მნიშვნელოვანი როლი 1976 წელს შეასრულა მარტინ სკორსეზეს ფილმში, სახელწოდებით „ტაქსის მძღოლი“.

1979 წელს ბრუკსმა სცენარი დაწერა და გადაიღო ფილმი „ნამდვილი ცხოვრება“, სატირული ნამუშევარი დოკუმენტალისტი რეჟისორის შესახებ, რომელიც თავისი ოჯახის ცხოვრების გადაღებას ცდილობს. მისი შემდგომი ფილმებია „თანამედროვე რომანი“ (1981), და „ამერიკაში დაკარგული“ (1985).

ალბერტ ბრუკსი „დრაივის“ პრემიერაზე 2011 წელს

1987 წელს შესრულებულმა როლმა, ფილმში „ტელეამბები“, მას „ოსკარზე“ ნომინაცია მოუპოვა საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში მეორეხარისხოვანი როლისთვის.

ბრუკსმა 1991 წელს გადაიღო „დაიცავი შენი სიცოცხლე“, რომლის სცენარის ავტორიცა და ერთ-ერთი მსახიობიც თავად არის. 1996 წელს გადაიღო „დედა“, რომელშიც მონაწილეობას დები რეინოლდსი იღებს. ფილმში ბრუკსი შუახნის მწერალს თამაშობს, რომელსაც პრობლემები აქვს თავის დედასთან (დები რეინოლდსი).

1999 წელს გადაიღო „მუზა“, სადაც იგი ჰოლივუდის სცენარისტს ასახიერებს, რომელსაც შთაგონება სჭირდება და ამისთვის მის მუზას (შერონ სტოუნი) იყენებს. 2005 წელს კი „კომედიის ძებნაში მუსლიმანურ სამყაროში“. 2011 წელს ითამაშა ფილმში „დრაივი“, რომელშიც ასევე რაიან გოსლინგი და ქერი მელიგანი იღებდნენ მონაწილეობას. ბრუკსის შესრულებამ დიდი მოწონება დაიმსახურა კრიტიკოსებსა და აუდიტორიას შორის.

ალბერტ ბრუკსს უმუშავია გამხმოვანებლის როლშიც, მათ შორის არის ანიმაციური სატელევიზიო სერიალი „სიმპსონები“ და მისი კინოადაპტაცია „სიმპსონების ფილმი“. იგი ასევე ახმოვანებს თევზ კლოუნს Pixar-ის ანიმაციურ ფილმში „ნემოს ძიებაში“ (2003).

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სრულმეტრაჟიანი ფილმები (რეჟისორი)

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1979 „ნამდვილი ცხოვრება“ Real Life რეჟისორი, სცენარისტი
1981 „თანამედროვე რომანი“ Modern Romance რეჟისორი, სცენარისტი
1985 „ამერიკაში დაკარგული“ Lost in America რეჟისორი, სცენარისტი
1991 „დაიცავი შენი სიცოცხლე“ Defending Your Life რეჟისორი, სცენარისტი
1996 „დედა“ Mother რეჟისორი, სცენარისტი
1999 „მუზა“ The Muse რეჟისორი, სცენარისტი
2005 „კომედიის ძიებაში მუსლიმანურ სამყაროში“ Looking for Comedy in the Muslim World რეჟისორი, სცენარისტი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]