ალბან ბერგი
ალბან ბერგი | |
---|---|
ალბან ბერგი (1930) | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ალბან მარია იოჰანეს ბერგი |
დაბ. თარიღი | 9 თებერვალი, 1885 |
დაბ. ადგილი | ვენა, ავსტრო-უნგრეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 24 დეკემბერი, 1935 (50 წლის) |
გარდ. ადგილი | ვენა |
დასაფლავებულია | ჰიცინგის სასაფლაო[1] |
ჟანრ(ებ)ი | მოდერნიზმი |
საქმიანობა | კომპოზიტორი |
აქტიური | 1900-1935 |
ალბან ბერგი ვიკისაწყობში |
ალბან იოჰანეს მარია ბერგი (გერმ. Alban Maria Johannes Berg;[2] გერმანულად: [ˈbɛɐ̯k]; დ. 9 თებერვალი, 1885 – გ. 24 დეკემბერი, 1935) — ავსტრიელი კომპოზიტორი, ვენის მეორე სკოლის წარმომადგენელი. მისი შემოქმედებითი სტილი აერთიანებდა რომანტიკულ ლირიციზმს და თორმეტტონიან ტექნიკას.[3] მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ დატოვებულ ნაწარმოებთა სია არც ისე ვრცელია, იგი ფართოდ განიხილება, როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს კომპოზიტორი, რომლის გამოხატვის სტილიც „ემოციებისა და სტრუქტურების მთელ სამყაროს მოიცავდა“.[4]
ბერგი ვენაში დაიბადა და იქვე ცხოვრობდა. კომპოზიცია 15 წლის ასაკიდან დაიწყო. 1904-1911 წლებში არნოლდ შონბერგთან სწავლობდა კონტრაპუნქტს, ჰარმონიას და მუსიკის თეორიას; მისგან აითვისა განვითარებადი ვარიაციებისა და სერიალისტური ტექნიკის მეთოდები. ბერგის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებია ოპერები ვოცეკი (1924) და ლულუ (1935, დაასრულეს მისი გარდაცვლების შემდეგ), კამერული პიესები ლირიკული სიუიტა და კამერული კონცერტი, აგრეთვე, სავილიონო კონცერტი. შექმნილი აქვს არაერთი არტ-სიმღერა (გერმ. Lied). სხვადასხვა მოსაზრების თანახმად, მან სერიალისტურ კომპოზიციაში ადამიანური ღირებულებები შეიტანა და მისი ნაწარმოებები უფრო ემოციურია, ვიდრე შონბერგისა.[5]
ბერგი 1935 წელს, სეპსისით გარდაიცვალა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბერგი ვენაში დაიბადა. იგი იოჰანა და კონრად ბერგების ოთხი შვილიდან მესამე იყო. მამა, კონრად ბერგი, წარმატებული ბიზნესმენი იყო და ვენასა და მის შემოგარენში უძრავ ქონებას ფლობდა. ოჯახის ფინანსური სიტუაცია მისი გარდაცვალების შემდეგ (1900) მკვეთრად გაუარესდა. ამ ფაქტმა განსაკუთრებით მძიმედ იმოქმედა ახალგაზრდა ბერგზე, რომელსაც მე-6 და მე-7 კლასის განმეორებით გავლა დასჭირდა, რათა გამოცდები ჩაებარებინა.[6] სკოლაში მუსიკაზე მეტად ლიტერატურა აინტერესებდა და 15 წლის ასაკამდე კომპოზიცია არ უცდია; ამ ასაკში შეუდგა მუსიკალურ თვითგანათლებას. 1902 წლის 4 დეკემბერს მისი ოჯახის მოსამსახურეს, მარი შოიხლს, რომელიც ბერგჰოფში, კარინტიაში მდებარე მათ მამულში მუშაობდა, ბერგისგან ქალიშვილი შეეძინა. ქალი ბერგზე 15 წლით უფროსი იყო.[7]
ბერგის ფორმალური მუსიკალური განათლება 1904 წელს დაიწყო, როცა შონბერგის სტუდენტი გახდა. მასთან კონტრაპუნქტს, მუსიკის თეორიას და ჰარმონიას სწავლობდა.[8] 1906 წლისთვის მუსიკის სწავლას უკვე მთელ დროს უთმობდა და 1907 წლიდან კომპოზიციის შესწავლაც დაიწყო. მისი სტუდენტობისდროინდელი კომპოზიციებიდან აღსანიშნავია საფორტეპიანო სონატის ხუთი მონახაზი, ასევე, სიმღერები, მათ შორის შვიდი ადრინდელი სიმღერა, რომელთაგანაც სამი მისი საჯაროდ შესრულებული პირველი კომპოზიციები იყო ვენაში ჩატარებულ კონცერტზე, რომელზეც შონბერგის სხვა მოსწავლეების ნაწარმოებებიც შეასრულეს.
ზემოხსენებული მონახაზები ბერგის საფორტეპიანო სონატის სახით დაგვირგვინდა (Op. 1, 1907–1908); იგი ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ „პირველ ნაწარმოებს“ წარმოადგენს კლასიკურ მუსიკაში.[9] ბერგი შონბერგთან 6 წელი, 1911 წლამდე სწავლობდა. შონბერგის სწავლებებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო მოსაზრება „განვითარებადი ვარიაციის“ შესახებ, რაც გულისხმობდა, რომ მუსიკალური კომპოზიციის ერთიანობა დამოკიდებულია იმაზე, რომ მისი ყველა ასპექტი ერთი ძირითადი იდეიდან მომდინარეობდეს. ბერგმა ეს სწავლება თავის სტუდენტებსაც გადასცა, მათ შორის, თეოდორ ადორნოს, რომელიც წერს: „მთავარი პრინციპი, რომელსაც ის გადმოგვცემდა, ვარიაცია იყო: ყველაფერი რაღაც ერთისგან განვითარებული, მაგრამ, ამავე დროს, განსხვავებული უნდა ყოფილიყო“.[10] საფორტეპიანო სონატა ამის მაგალითია – მთელი მუსიკა წარმოებულია შესავალში მოცემული კვარტული იდეისგან და პირველი ფრაზისგან.[11]
ინოვაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საუკუნის დასასრულის (fin de siècle) ბობოქარ წლებში ბერგი ვენის ელიტური კულტურული წრის წევრი იყო. ამავე წრეს მიეკუთვნებოდნენ მუსიკოსები ალექსანდრ ფონ ზემლინსკი და ფრანც შრეკერი, ფერმწერი გუსტავ კლიმტი, მწერალი და სატირიკოსი კარლ კრაუსი, არქიტექტორი ადოლფ ლოსი და პოეტი პეტერ ალტენბერგი.
1906 წელს ბერგი შეხვდა ჰელენ ნაჰოვსკის (1885-1976), მდიდარი ოჯახის ქალიშვილს (ჭორების თანახმად, იგი იმპერატორ ფრანც-იოზეფ I-ს და ანა ნაჰოვსკის უკანონო კავშირის ნაყოფი იყო).[12] მიუხედავად ქალის ოჯახის ღია წინააღმდეგობისა, ისინი 1911 წლის 3 მაისს დაქორწინდნენ.
1913 წელს, ავადსახსენებელ „სკანდალურ კონცერტზე“ (გერმ. Skandalkonzert), შონბერგის დირიჟორობით შესრულდა ბერგის ორი ალტენბერგის სიმღერა (1912). სიმღერების ტექსტი ერთმანეთთან დაუკავშირებელ პოეტურ აფორიზმებზეა აგებული და უზარმაზარი ორკესტრის თანხლებით სრულდება. პერფორმანსმა დიდი არეულობა გამოიწვია და მისი შეწყვეტა გახდა საჭირო. შედეგად, ბერგმა ნაწარმოები უკან გამოითხოვა და სრული სახით ისინი 1852 წლამდე ვეღარ შესრულდა, მთლიანი პარტიტურა კი მხოლოდ 1966 წელს გამოიცა.[13]
1915-1918 წლებში ბერგი ავსტრო-უნგრეთის არმიაში მსახურობდა. 1917 წელს, შვებულების დროს, დააჩქარა მუშაობა თავის პირველ ოპერაზე ვოცეკი (Wozzeck). I მსოფლიო ომის შემდეგ იგი ვენაში დასახლდა, სადაც მოსწავლეებს კერძოდ ამეცადინებდა. ასევე, შონბერგს კერძო მუსიკალური პერფორმანსების საზოგადოების მართვაში ეხმარებოდა, რომლის მიზანიც ახალი და უცნობი მუსიკის მოსამზადებლად და შესასრულებლად იდეალური გარემოს შექმნა იყო.
ბერგს განსაკუთრებით იზიდავდა რიცხვი 23, რომელიც რამდენიმე ნაწარმოების სტრუქტურის ასაგებად გამოიყენა. ამის მიზეზის შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით, მან ეს რიცხვი ვილჰელმ ფლისის ბიორიტმების თეორიიდან აიღო, სადაც 23-დღიანი ციკლი მნიშვნელოვნად მიიჩნევა.[14]
ვოცეკის წარმატება და ლულუს დაწყება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1924 წელს შესრულდა ვოცეკის სამი ნაწყვეტი, რამაც ბერგს პირველი საჯარო წარმატება მოუტანა. 1922 წელს დასრულებული ეს ოპერა პირველად 1925 წლის 14 დეკემბერს, ბერლინში, ერიხ კლაიბერის დირიჟორობით შესრულდა. დღესდღეობით, ვოცეკი XX საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად ითვლება. 1928 წელს დაიწყო მუშაობა თავის მეორე, სამმოქმედებიან ოპერაზე, სახელწოდებით ლულუ, თუმცა 1929 წელს შეწყვიტა, რათა ემუშავა საკონცერტო არიაზე ღვინო (Der Wein), რომელიც იმავე ზაფხულს დაასრულა. ამ არიას ბევრი საერთო აქვს ლულუსთან ვოკალური სტილის, გაორკესტრების, ფორმის და ტექსტის თვალსაზრისით.[15]
ამ პერიოდის სხვა ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია ლირიკული სიუიტა (1926), რომელშიც, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, რთული ციფრული კოდები იყო ჩადებული, რომელიც საიდუმლო სასიყვარულო ურთიერთობას ეხებოდა; პოსტ-მალერული სამი პიესა ორკესტრისთვის (რომელიც ჯერ კიდევ 1915 წელს იყო დასრულებული, მაგრამ მხოლოდ ვოცეკის შემდეგ შესრულდა) და კამერული კონცერტი (Kammerkonzert) (1923–25) ვიოლინოს, ფორტეპიანოს და 13 სასულე საკრავისათვის. ეს უკანასკნელი ისე კომპლექსურად არის დაგეგმარებული, რომ ბულეზმა ბერგის ყველაზე მკაცრი ნაწარმოები უწოდა. ისიც შეიცავს უამრავ ციფრულ კოდს, რომელიც მხოლოდ კომპოზიტორის გარდაცვალების შემდეგ იქნა გაშიფრული.[16]
ბოლო წლები (1930-1935)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1930-იან წლებში მუსიკალური სამყაროს ცხოვრება ვენაშიც და გერმანიაშიც სულ უფრო რთული ხდებოდა, რისი მიზეზიც ზრდადი ანტისემიტიზმი და ნაცისტური კულტურული იდეოლოგიის გაძლიერება იყო, რომელიც მოდერნიზმს გმობდა. დევნის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო ებრაული წარმოშობის პირთან უბრალო კავშირიც კი, ბერგის „დანაშაული“ კი, ამ შემთხვევაში, ებრაელ შონბერგთან სწავლა და ურთიერთობა იყო. მისი მუსიკის შესრულების შესაძლებლობები სულ უფრო გაიშვიათდა, ცოტა ხნის შემდეგ კი მისი მუსიკა დეგრადირებული მუსიკის (Entartete Musik) სიაში შეიტანეს და ფაქტობრივად, აკრძალეს.[17]
1932 წელს ბერგმა და მისმა მეუღლემ კარინტიაში, ვერტერზეს სამხრეთ ნაპირზე იზოლირებული საცხოვრებელი შეიძინეს, სახელად Waldhaus, სადაც მას სიმშვიდეში მუშაობის საშუალება მიეცა. უმეტეს დროს ლულუს და სავილიონო კონცერტს უთმობდა.[18] 1934 წლის ბოლოს ბერგი პოლიტიკურ ინტრიგებში აღმოჩნდა ჩათრეული, რომელიც ვენის სახელმწიფო ოპერის ხელმძღვანელის პოსტზე კლემენს კრაუსის ჩანაცვლებას შეეხებოდა.
რამდენადაც ნაცისტური რეჟიმის მიერ, რომლებიც ხელისუფლებაში 1933 წელს მოვიდნენ, მისი ნაწარმოებების შესრულება სულ უფრო ხშირად იკრძალებოდა, ბერგს სურდა, დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ოპერის ახალი დირექტორი მოდერნისტული მუსიკის მხარდამჭერი იქნებოდა. თავდაპირველად ლულუს პრემიერა ბერლინის სახელმწიფო ოპერაში იგეგმებოდა, სადაც ერიხ კლაიბერი, რომელმაც 1925 წელს, იქვე, ვოცეკის პრემიერა იდირიჟორა, ბერგის მუსიკის მხარდაჭერას განაგრძობდა, თუმცა, ახალი ოპერის აქ შესრულების პერსპექტივა სულ უფრო დიდი ეჭვის ქვეშ დგებოდა და 1934 წლის გაზაფხულზე ბერლინის ხელისუფლებამ მასზე უარი თქვა. კლაიბერის მიერ ლულუს სიმფონიური სიუიტის შესრულება 1934 წლის 30 ნოემბერს მისი გადადგომის განცხადებაც იყო კულტურაში პოლიტიკის ჩარევის გამო პროტესტის ნიშნად. ვენის სკოლის მუსიკოსებისთვის მუსიკის შესრულების შანსები ვენაშიც კი ძალიან შემცირდა.[17]
ლულუს გაორკესტრება ბერგმა მოულოდნელი (და ფინანსურად ძალიან დროული) შეკვეთის გამო შეწყვიტა: რუსული წარმოშობის ამერიკელმა მევიოლინემ, ლუის კრასნერმა, 1934 წელს სავიოლინო კონცერტი შეუკვეთა. ეს ღრმად მელანქოლიური, ელეგიური ნაწარმოები, რომელიც უჩვეულო სისწრაფით დაიწერა და მხოლოდ კომპოზიტორის გარდაცვალების შემდეგ შესრულდა, ბერგის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია. ბოლო პერიოდის სხვა ნაწარმოებების მსგავსად მასში გამოყენებულია შონბერგის დოდეკაფონიური ტექნიკის ბერგისეული ადაპტაცია, რომლის საშუალებითაც წარმოებული სერიალისტური პასაჟები ტონალობის შეგრძნებას იწვევს, მათ შორისაა ციტირებები სხვადასხვა პერიოდის ტონალური მუსიკიდან (მაგალითად, ბახის ქორალიდან და კარინტიული ხალხური სიმღერებიდან). სავიოლინო კონცერტი ეძღვნება „ანგელოზის ხსოვნას“, რომელშიც მანონ გროპიუსი, არქიტექტორ ვალტერ გროპიუსის და ალმა მალერის გარდაცვლილი ქალიშვილი იგულისხმება.[19]
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბერგი ვენაში, 1935 წლის შობის ღამეს, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზი სისხლის მოწამლვა იყო, რომელიც, სავარაუდოდ, ზურგზე არსებულმა ფურუნკულმა გამოიწვია, რომელიც, თავის მხრივ, ნოემბერში მიღებული მწერის ნაკბენის შედეგი უნდა ყოფილიყო.[20] იგი ვენაში, ჰიცინგის სასაფლაოზე დაკრძალეს.[21]
გარდაცვალებამდე ბერგმა ლულუს სამი აქტიდან მხოლოდ პირველი ორის გაორკესტრება მოასწრო. დასრულებული აქტების პრემიერა წარმატებით შედგა ციურიხში, 1937 წელს. არსებობდა მესამე მოქმედების გაორკესტრების მონახაზი, თუმცა, ჰელენ ბერგმა, სხვადასხვა მიზეზის გამო, მისი გაორკესტრების დასრულება აკრძალა.[22] ამის გამო, გაორკესტრების დასრულება მისგან ფარულად ფრიდრიხ ცერას შეუკვეთეს. 1979 წელს, ჰელენ ბერგის გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ, მისი პრემიერა პარიზში, ბულეზის დირიჟორობით განხორციელდა. დასრულებული ოპერა მალევე შევიდა მსოფლიო საოპერო რეპერტუარში. ვოცეკთან ერთად იგი თანამედროვე კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ საეტაპო ნომუშად ითვლება.
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბერგი ჰიცინგის სასაფლაოზე, საპატიო სამარხშია დაკრძალული (ჯგუფი 49, №24F). 1969 წელს მისი სახელი ეწოდა ქუჩას ვენაში, ჰიცინგის რაიონში; მისი სახელობის ქუჩა არსებობს ტრაჰუტენის მუნიციპალიტეტშიც, სადაც მისი ვილა მდებარეობს. 2016 წელს ვენის სახელმწიფო ოპერის წინ მისი სახელობის მემორიალი გაიხსნა, რომლია ავტორია ვოლფ დ. პრიქსი. 1990 წელს მისი სახელი უწოდეს ასტეროიდს (4528) Berg.[23] 1971 წელს დაარსდა ალბან ბერგის კვარტეტი, რომელიც დაშლამდე (2008) მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სიმებიან კვარტეტად ითვლებოდა.
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბერგის შემოქმედებაში გაერთიანებულია მალერისეული გვიანი რომანტიზმისა და შონბერგის თავისუფალი ატონალობის (მოგვიანებით, დოდეკაფონიის) გავლენები. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავს, შონბერგის მსგავსად, ყოველთვის „სწორად გაგებული ძველი ტრადიციის“ გამგრძელებლად მიიჩნევდა, იგი XX საუკუნის მუსიკაში ერთ-ერთ უდიდეს ინოვატორად ითვლება. მისი ნამუშევრები, რომლებიც ერთ დროს დიდ წინააღმდეგობას წააწყდა, დღეს კლასიკურ მოდერნიზმად ითვლება და აღფრთოვანებას იწვევს სტრუქტურული ერთიანობისა და პერსონალური ექსპრესიის დამახასიათებელი კომბინაციით.
საოპერო ნაწარმოებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვოცეკი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვოცეკი არის ოპერა სამ მოქმედებად, რომელიც დაფუძნებულია გეორგ ბიუხნერის დრამა ვოიცეკის (Woyzeck) ფრაგმენტზე. ოპერაზე მუშაობა ბერგმა 1921 წელს დაასრულა, ხოლო მისი სამი ნაწყვეტის შესრულებამ 1924 წელს მას პირველი საჯარო აღიარება მოუტანა. 1925 წლის 14 დეკემბერს, 137 რეპეტიციის შემდეგ ბერლინის სახელმწიფო ოპერის ახლადდანიშნულმა ახალგზრდა დირექტორმა, ერიხ კლაიბერმა მისი პრემიერა დიდი წარმატებით იდირიჟორა. დღესდრეობით ვოცეკი ოპერის ისტორიაში ერთ-ერთ საეტაპო ნიმუშად და XX საუკუნის ერთ-ერთ უმნიშნელოვანეს მუსიკალურ ნაწარმოებად ითვლება, განსაკუთრებით, 1945 წლის შემდეგ, როცა მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ოპერა ბევრი მნიშვნელოვანი დირიჟორის რეპერტუარში შედიოდა, მათ შორის იყო კარლ ბემი, რომელიც ვენის სახელმწიფო ოპერაში მას რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დირიჟორობდა. ამ პერიოდში, კრიტიკოსებისა და პუბლიკის მოსაზრებით, ბას-ბარიტონი ვალტერ ბერი მთავარი როლის იდეალურ შემსრულებლად ითვლებოდა. აღიარებული სპექტაკლები და ჩანაწერები აქვთ გაკეთებული კლაუდიო აბადოს და პიერ ბულეზსაც. სხვადასხვა დროს ოპერაზე მუშაობდნენ მნიშვნელოვანი რეჟისორები, მათ შორის, ოსკარ ფრიც შუ, ლუკა რონკონი და პატრის შერო. XX საუკუნის ბოლოს და XXI საუკუნის დასაწყისში მთავარი როლის ერთ-ერთ აღიარებულ შემსრულებლად გერმანელი ბარიტონი, ფრანც გრუნდჰებერი ითვლება.
ლულუ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლულუ არის ბერგის დაუსრულებელი ოპერა სამ მოქმედებად, რომელიც ფრანკ ვედეკინდის ორ დრამას, Erdgeist-ს და პანდორას ყუთს ეყრდნობა. დაუსრულებელი ფორმით (პირველი ორი აქტი და სიმფონიური სიუიტის ბოლო ნაწილები) 1937 წელს ციურიხში შესრულდა. მესამე მოქმედების მუსიკა დაწერილი იყო და გაორკესტრების მონახაზიც არსებობდა, დასრულებას კი ჰელენ ბერგი ჯერ არნოლდ შონბერგის, ხოლო მოგვიანებით, ანტონ ვებერნისგან და ალექსანდერ ფონ ზემლინსკისგან იმედოვნებდა, თუმცა, სამივე მათგანმა უარი განაცხადა, რის შემდეგაც მან დასრულების სხვა მცდელობები აკრძალა. მისგან ფარულად, Universal Edition-მა გაორკესტრების დასრულება ფრიდრიხ ცერას შეუკვეთა, რომელმაც მუშაობა 1962 წელს დაასრულა. 1976 წელს ჰელენ ბერგი გარდაიცვალა, სამი წლის შემდეგ კი, 1979 წლის 24 თებერვალს ნაწარმოების სრული ვერსიის პრემიერა პარიზის ნაციონალურ ოპერაში პიერ ბულეზმა იდირიჟორა.
საორკესტრო ნაწარმოებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა მნიშვნელოვანი ნაწარმობებიდან აღსანიშნავია სამი პიესა ორეკსტრისათვის (op. 6, 1914), კამერული კონცერტი, საკონცერტო არია ღვინო (Le Vin) შარლ ბოდლერის ტექსტზე და სავიოლინო კოცენრტი.
სავიოლინო კონცერტო ვოცეკთან ერთად მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებს წარმოადგენს. 1934 წლის გაზაფხულზე იგი ამერიკელმა მევიოლინემ, ლუის კრასნერმა შეუკვეთა. 1935 წლის აპრილში ბერგმა ვალტერ გროპიუსის და ალმა მალერის 18 წლის ქალიშვილის, მანონ გროპიუსის გარდაცვალების შესახებ შეიტყო. ნაწარმოების მიძღვნაც „Dem Andenken eines Engels (ანგელოზის ხსოვნას)“ სწორედ მას ეხება. კონცერტის პრემიერა კომპოზიტორის გარდაცვალების შემდეგ, 1936 წლის 19 აპრილს, ბარსელონას მუსიკალურ ფესტივალზე შედგა ჰერმან შერხენის დირიჟორობით. ეს ნაწარმოები კომპოზიტორის ერთგვარ რექვიემად იქცა.[24]
ნაწარმოებების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ახალგაზრდობის სიმღერები (1903–1908). რედაქტრებული კრისტოფერ ჰეილის მიერ, Universal Edition, ვენა, 1985/1987
- შვიდი ადრეული სიმღერა ვოკალისა და ფორტეპიანოსთვის იოჰანეს შლაფის, თეოდორ შტორმის, ოტო ერიხ ჰარტლებენის, რაინერ მარია რილკეს, პაულ ჰოენბერგის, კარლ ჰაუპტმანის და ნიკოლაუს ლენაუს ლექსებზე (1905–1908, რევიზია და გაორკესტრება 1928)
- op. 1 საფორტეპიანო სონატა (1907/1908, რედაქტირება 1920)
- op. 2 ოთხი სიმღერა ვოკალისა და ფორტეპიანოსთვის ფრიდრიხ ჰებელის და ალფრედ მომბერტის ტექსტებზე (1908/1909, რევიზია 1920)[25]
- op. 3 სიმებიანი კვარტეტი (1910, რევიზია 1924)
- op. 4 სიმღერები ორკესტრის თანხლებით პეტერ ალტენბერგის ტექსტებზე (5 სიმღერა) (1912)
- op. 5 ოთხი პიესა კლარნეტისა და ფორტეპიანოსთვის (1913)
- op. 6 სამი პიესა ორკესტრისათვის (1914)
- op. 7 ვოცეკი, ოპერა 3 მოქმედებად (15 სცენად) გეორგ ბიუხნერის ვოიცეკის მიხედვით (1917–1922, პრემიერა 1925 წლის 14დეკემბერს, ბერლინში); საკონცერტო ვერსია: სამი ნაწყვეტი ოპერიდან „ვოცეკი“ (1924)
- კამერული კონცერტი ფორტეპიანოს, ვიოლინოს და 13 სასულე საკრავისათვის (1923–1925); გადამუშავდა, როგორც ვიოლინოს, კლარნეტისა და ფორტეპიანოს ტრიოს მე-2 ნაწილი (1935)
- ვხუჭავ ორივე თვალს (Schließe mir die Augen beide), ორი სიმღერა ვოკალისა და ფორტეპიანოსთვის თეოდორ შტორმის ლექსებზე (1907 და 1925)
- ლირიკული სუიტა სიმებიანი კვარტეტისთვის (1925–1926); მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილი გადამუშავდა სიმებიანი ორკესტრისთვის (1928)
- ღვინო (Der Wein), საკონცერტო არია ორკესტრის თანხლებით შარლ ბოდლერის იმავე სახელწოდების (Le Vin) ლექსის გერმანულ თარგმანზე, მთარგმნელი შტეფან გეორგე (1929)
- ლულუ, ოპერა 3 მოქმედებად ფრანკ ვედეკინდის ტრაგედიების, Erdgeist და პანდორას ყუთის (Die Büchse der Pandora) მიხედვით.(1929–1935, ბერგმა ვერ დაასრულა; მესამე აქტი დაასრულა ფრიდრიხ ცერამ, 1962–1978), საკონცერტო სიუიტა: სიმფონიური პიესა ოპერა ლულუს მიხედვით (რონდო, ოსტინატო, ლულუს სიმღერა, ვარიაციები, ადაჟიო) (1934)
- სავიოლინო კონცერტი („Dem Andenken eines Engels (ანგელოზის ხსოვნას“) (1935)
1984 წლის შემდეგ, თავდაპირველ წყაროებზე დაყრდნობით, ალბან ბერგის ფონდმა მისი ნაწარმოებების სრული კატალოგი გამოსცა, ისტორიულ-კრიტიკული გამოცემის სახით.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ Berg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-25. ციტირების თარიღი: 2020-05-08.
- ↑ Baron 2010.
- ↑ Headlam 2013.
- ↑ Ewen 1952, p. 20.
- ↑ Jarman 2001.
- ↑ Jarman 1990.
- ↑ Schoenberg, Arnold. Trans. Joe Monzo.Schoenberg's Harmonielehre. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 1 July 2016.
- ↑ Lauder (1986)
- ↑ Adorno, p. 33
- ↑ Alban Berg - Composer. ციტირების თარიღი: 2018-10-02
- ↑ Georg Markus, Der Kaiser Franz Joseph I.: Bilder und Dokumente; Anna Nahowski and Friedrich Saathen, Anna Nahowski und Kaiser Franz Joseph : Aufzeichnungen/erstmalig herausgegeben und kommentiert von Friedrich Saathen, Böhlau, 1986.
- ↑ Taruskin 2010.
- ↑ Jarman 1983, pp. 218–223.
- ↑ Elliott 2014, p. 55.
- ↑ Alban Berg fr. ციტირების თარიღი: 2018-08-23
- ↑ 17.0 17.1 Notley 2010.
- ↑ Hailey 2010a.
- ↑ Pople 1991, p. 28.
- ↑ Alban Berg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 17 September 2015.
- ↑ Alban Berg.
- ↑ Jarman 1991, p. 46.
- ↑ Minor Planet Circ. 16886
- ↑ Deutschlandfunk Kultur, Konzert Gewandhaus Leipzig, Aufzeichnung vom 22. Februar 2018, ausgestrahlt am 11. März 2018.
- ↑ Nummer 4 als Musikbeilage abgedruckt in: Kandinsky, Franz Marc: Der Blaue Reiter. Piper, München 1912 (Nachdruck: Piper Verlag, München 2004, ISBN 3-492-24121-2).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანალიტიკური ნაშრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაგლას ჯარმენი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Jarman, Douglas. Dr. Schon's Five-Strophe Aria: Some Notes on Tonality and Pitch Association in Berg's Lulu. Perspectives of New Music 8/2 (Spring/Summer 1970).
- Jarman, Douglas. Some Rhythmic and Metric Techniques in Alban Berg's Lulu. Musical Quarterly 56/3 (July 1970).
- Jarman, Douglas. Lulu: The Sketches. International Alban Berg Society Newsletter, 6 (June 1978).
- Jarman, Douglas (April 1983). „Alban Berg, Wilhelm Fliess and the Secret Programme of the Violin Concerto“. The Musical Times. 124 (1682): 218–223. doi:10.2307/962034. JSTOR 962034.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Jarman, Douglas [1979] (1985) The Music of Alban Berg, Revised, Berkeley: University of California Press. ISBN 9780520049543.
- Jarman, Douglas. Countess Geschwitz's Series: A Controversy Resolved?. Proceedings of the Royal Musical Association 107 (1980/81).
- Jarman, Douglas. Some Observations on Rhythm, Meter and Tempo in Lulu. In Alban Berg Studien. Ed. Rudolf Klein. Vienna: Universal Edition, 1981.
- Jarman, Douglas. Lulu: The Musical and Dramatic Structure. Royal Opera House Covent Garden program notes, 1981.
- Jarman, Douglas. The 'Lost' Score of the 'Symphonic Pieces from Lulu'. International Alban Berg Society Newsletter 12 (Fall/Winter 1982).
- Jarman, Douglas (1989) Alban Berg, Wozzeck. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 9780521284813.
- Jarman, Douglas (1990). The Berg Companion. Boston: Northeastern University Press. ISBN 1555530680. OCLC 19739582.
- Jarman, Douglas (1991) Alban Berg: Lulu. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 9780521284806.
- Jarman, Douglas (2001). „Berg, Alban (Maria Johannes)“, The New Grove Dictionary of Music and Musicians. Oxford University Press. DOI:10.1093/gmo/9781561592630.article.02767.
სხვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Baron, John H. (2010). Chamber Music: A Research and Information Guide. Routledge, გვ. 301–. ISBN 978-1-135-84828-6.
- Bruhn, Siglind, ed. Encrypted Messages in Alban Berg’s Music. New York: Garland Publishing, 1998.
- dos Santos, Silvio J. Narratives of Identity in Alban Berg's 'Lulu'. Rochester, NY: University of Rochester Press, 2014.
- Elliott, Antokoletz (2014) A History of Twentieth-Century Music in a Theoretic-Analytical Context. Hoboken: Taylor and Francis. ISBN 9781135037307.
- Ewen, David (1952). The complete Book of 20th century music. New and rev. ed. Prentice-Hall.
- Headlam, Dave. The Music of Alban Berg. New Haven: Yale University Press, 1996.
- Lauder, Robert Neil. Two Early Piano Works of Alban Berg: A Stylistic and Structural Analysis. Thesis. Chapel Hill: University of North Carolina, 1986.
- Perle, George (1977) Twelve-tone tonality. Berkeley: University of California Press. ISBN 9780520033870.
- Perle, George (1995) The right notes: twenty-three selected essays on twentieth-century music. Stuyvesant, NY: Pendragon Press. ISBN 9780945193371.
- Perle, George. The Operas of Alban Berg. Berkeley: University of California Press, 1980.
- Pople, Anthony (1991). Berg: Violin Concerto. Cambridge: Cambridge University Press, გვ. 28. ISBN 0521399769. OCLC 22314162.
- Schmalfeldt, Janet. "Berg's Path to Atonality: The Piano Sonata, Op. 1". Alban Berg: Historical and Analytical Perspectives. Eds. David Gable and Robert P. Morgan, pp. 79–110. New York: Oxford University Press, 1991.
- Schweizer, Klaus. Die Sonatensatzform im Schaffen Alban Bergs. Stuttgart: Satz und Druck, 1970.
- Taruskin, Richard (2010). Music in the Early Twentieth Century. New York: Oxford University Press, გვ. 196. ISBN 978-0195384840. OCLC 261177783.
- Wilkey, Jay Weldon. Certain Aspects of Form in the Vocal Music of Alban Berg. Ph.D. thesis. Ann Arbor: Indiana University, 1965.
- Whittall, Arnold (2008) The Cambridge introduction to serialism. New York: Cambridge University Press. ISBN 9780521863414.
- Warrack, John and Ewan West. The Oxford Dictionary of Opera, 1992. ISBN 0-19-869164-5.
ბიოგრაფიული ნაშრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Adorno, Theodor W.; Berg, Alban [1997] (2005) Briefwechsel 1925–1935, Hoban, Wieland - translator, originally published by Suhrkamp Verlag, Frankfurt, Cambridge: Polity. ISBN 9780745694962.
- Adorno, Theodor W. Alban Berg: Master of the Smallest Link. Trans. Juliane Brand and Christopher Hailey. New York: Cambridge University Press, 1991.
- Brand, Juliane, Christopher Hailey and Donald Harris, eds. The Berg-Schoenberg Correspondence: Selected Letters. New York: Norton, 1987.
- Carner, Mosco. Alban Berg: the man and the work. London: Duckworth, 1975.
- Floros, Contantin. Trans. by Ernest Bernhardt-Kabisch. Alban Berg and Hanna Fuchs. Bloomington: Indiana University Press, 2007.
- Grun, Bernard, ed. Alban Berg: Letters to his Wife. London: Faber and Faber, 1971.
- Lee, Douglas (2002) Masterworks of 20th-Century Music: The Modern Repertory of the Symphony Orchestra. NY: Routledge. ISBN 9781136066900.
- Leibowitz, René. Schoenberg and his school; the contemporary stage of the language of music. Trans. Dika Newlin. New York: Philosophical Library, 1949.
- MacDonald, Malcolm (2008) Schoenberg. Oxford: Oxford University Press. ISBN 9780198038405.
- Monson, Karen. Alban Berg: a biography. London: Macdonald and Jane's, 1979.
- Redlich, Hans Ferdinand. Alban Berg, the man and his music. London: John Calder, 1957.
- Reich, Willi. The life and work of Alban Berg. Trans. Cornelius Cardew. New York : Da Capo Press, 1982.
- Simms, Bryan R. [1996] (2013) Alban Berg, 2nd, Hoboken: Taylor and Francis. ISBN 9781135846749.
- Walton, Chris (2014) Lies and epiphanies: composers and their inspiration from Wagner to Berg. Rochester, NY: University of Rochester Press. ISBN 9781580464772.
- Hailey, Christopher (2010a) Berg's Worlds, გვ. 3–32. , in Hailey (2010)
- Notley, Margaret (2010) 1934, Alban Berg, and the shadow of politics: documents of a troubled year, გვ. 223–268. , in Hailey (2010)
- (2010) Alban Berg and his world. Princeton, N.J.: Princeton University Press. ISBN 9781400836475.
- Headlam, Dave (2013). „Berg, Alban 1885–1935“, Reader's Guide to Music: History, Theory and Criticism. Routledge, გვ. 78–. ISBN 978-1-135-94262-5.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალბან ბერგი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- ალბან ბერგი დაარქივებული 2022-11-22 საიტზე Wayback Machine. ბიოგრაფია და ნაწარმოებები Universal Edition-ის საიტზე
- ალბან ბერგის მიერ ვოკალურ ნაწარმოებებში გამოყენებული ტექსტები, სხვადასხვა ენაზე LiederNet Archive.
- ალბან ბერგი — უფასო ნოტები მუსიკალური ნოტების საერთაშორისო ბიბლიოთეკის პროექტის საიტზე (IMSLP)
- Alban Berg – დისკოგრაფია საიტზე MusicBrainz
- ალბან ბერგი პითეასის თანამედროვე მუსიკის ცენტრში
- ნაწყვეტები ბერგის ნაწარმოებებიდან დაარქივებული 2019-12-03 საიტზე Wayback Machine.