ალბანეთის კონსტიტუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ალბანეთის კონსტიტუცია (ალბ. Kushtetuta e Shqipërisë) — ალბანეთის რესპუბლიკის ძირითადი კანონი, რომელიც მიღებულია 1998 წლის 21 ოქტომბერს. კონსტიტუცია შედგება პრეამბულისგან, 18 თავისა და 183 მუხლისგან. ამ დოკუმენტმა შეცვალა 1976 წლის კონსტიტუცია, რომელიც თავდაპირველად მიიღეს ალბანეთის სახალხო სოციალისტური რესპუბლიკის შექმნისას 1976 წლის 28 დეკემბერს და 1991 წლის 29 აპრილს მასში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანეს.

ქვეყნის მოქმედი კონსტიტუცია ალბანეთს განსაზღვრავს, როგორც უნიტარულ საპარლამენტო კონსტიტუციურ რესპუბლიკას. ქვეყანას აქვს ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც შედგება 140 წევრისგან, რომლებიც თავის მხრივ ირჩევენ პრეზიდენტს ქვეყნის მეთაურად, ასევე მინისტრთა კაბინეტი, რომელიც შედგება მთავრობის მეთაურის - პრემიერ-მინისტრისგან, ვიცე პრემიერ-მინისტრისა და ყველა სხვა მინისტრისგან.

პოლიტიკური არასტაბილურობის გამო, ალბანეთს თავისი ისტორიის განმავლობაში მრავალი კონსტიტუცია ჰქონდა. 1913 წელს, ქვეყანაში მმართველობის მონარქიული ფორმა შემოვიდა, 1920-იან წლებში კი რესპუბლიკად გარდაიქმნა, ხოლო 1928 წელს დემოკრატიულ მონარქიულ მმართველობას დაუბრუნდა. შემდეგ ქვეყანა სოციალისტური რესპუბლიკა გახდა, რომელმაც 1990-იანი წლების კაპიტალიზმისა და დემოკრატიის აღზევებამდე იარსება.

ძირითადი პრინციპები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ალბანეთი — საპარლამენტო რესპუბლიკაა.
  • ალბანეთის რესპუბლიკა — უნიტარული, განუყოფელი სახელმწიფოა.
  • ხელისუფლება დაფუძნებულია თავისუფალ, თანასწორ, საყოველთაო და პერიოდულ საარჩევნო სისტემაზე.
  • კანონი წარმოადგენს საფუძველს და სახელმწიფო საქმიანობას ზღუდავს.
  • კონსტიტუცია — ალბანეთის რესპუბლიკის უმაღლესი კანონია.
  • პოლიტიკური პარტიების შექმნა თავისუფალია. მათი საქმიანობა დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად უნდა ხორციელდებოდეს.
  • ალბანეთში ოფიციალური რელიგია არ არის.
  • რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემა ეფუძნება კერძო და სახელმწიფო საკუთრებას, ასევე საბაზრო ეკონომიკასა და საყოფაცხოვრებო საქმიანობის თავისუფლებას.
  • შეიარაღებული ძალები უზრუნველყოფენ ქვეყნის დამოუკიდებლობის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობის დაცვას.
  • სახელმწიფო ენა არის ალბანური.

კონსტიტუციის ძირითადი დებულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტიტუციის მეორე თავი ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს ეთმობა. ალბანეთის კონსტიტუციის ეს თავი მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, პირადი უფლებების, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებისა და თავისუფლებების გარანტს წარმოადგენს, ასევე შემოაქვს სახალხო დამცველის და მისი უფლებების გაგება.

ალბანეთის ძირითადი კანონის მესამე თავი ეთმობა კუვენდის (ალბანეთის პარლამენტს). აქ მოცემულია პარლამენტის წევრთა არჩევისა და უფლებამოსილების ვადის, პარლამენტის ორგანიზაციისა და ფუნქციონირების, საკანონმდებლო პროცედურების თეზისები.

კონსტიტუციის მეხუთე თავი ეთმობა რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევასა და უფლებამლსილებების ძირითად დებულებებს.

მეხუთე თავში გადმოცემულია, ალბანეთის მინისტრთა კაბინეტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებები.

მეექვსე თავი ადგილობრივ თვიმმართველობას ეთმობა.

შემდეგ ალბანეთის კონსტიტუციაში გადმოცემულია დებულებები, რომლებიც მოიცავენ შემდეგ საკითხებს:

  • ნორმატიული აქტები და საერთაშორისო შეთანხმებები;
  • ალბანეთის საკონსტიტუციო სასამართლო;
  • სახელმწიფოს სხვა სასამართლოები;
  • პროკურატურის ფუნქციები და უფლებამოსილებები;
  • რეფერენდუმების ჩატარების წესი;
  • საარჩევნო სისტემა;
  • სახელმწიფო ფინანსები;
  • უმაღლესი სახელმწიფო კონტროლი;
  • რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები;
  • საგანგებო ზომები და საომარი მდგომარეობა.

კონსტიტუციის ბოლოს მოცემულია მოქმედ ძირითად კანონში ცვლილებების შეტანის წესი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]