ალა დუდაევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალა დუდაევა
დაბადების თარიღი 10 აგვისტო, 1947
მოსკოვის ოლქი, რსფსრ, სსრკ
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა სსრკ
პროფესია მხატვარი
მეუღლე(ები) ჯოხარ დუდაევი
შვილ(ებ)ი ავლურ, დეგი და დანა


ალა დუდაევა, ქალიშვილობაში ალეფტინა თევდორეს ასული კულიკოვა (დაბ.10 აგვისტო 1947 წ. მოსკოვის ოლქი, რსფსრ, სსრკ) - მხატვარი, ტელეწამყვანი, ჩეჩნეთის პრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის ქვრივი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალა საბჭოთა ავიაციის ოფიცრის თევდორე კულიკოვის ოჯახში იზრდებოდა. მამის სამსახურეობრივი მივლინებების გამო ის არაერთ სკოლაში სწავლობდა, საშუალო განათლების ატესტატი კი მან ჩუკოტკის ნახევარკუნძულზე მდებარე შმიდტის კონცხზე მიიღო. საცხოვრებელი ადგილის ხშირ ცვლას ბავშვის განათლებაზე ცუდი გავლენა არ მოუხდენია. პირიქით, მისი თვალსაწიერი ამით მხოლოდ გაფართოვდა.[1]

მშობლებთან ერთად გამგზავრება ალას ახარებდა. ციმბირის ტაიგაში ის სოკოს დასაკრეფად დადიოდა, ჩუკოტკაზე გირჩს აგროვებდა, ანადირში თევზებს იჭერდა და ზამთრისთვის წითელ ხიზილალას ამზადებდა, კუნძულ ვრანგელზე კი ბატებს უვლიდა და თეთრი დათვის ბელებთან თამაშობდა. სათხილამურო ტრასებზე დაშვებაც დიდ სიხარულს ჰგვრიდა ალას, რომლისთვისაც ერთგვაროვანი ქალაქური ცხოვრება მოსაწყენი მოჩანდა.

20 წლის ალა სმოლენსკის პედაგოგიური ინსტიტუტის სამხატვრო-გრაფიკული ფაკულტეტის მეორე კურსზე სწავლობდა, როცა მამის უმცროსი კოლეგა, ლეიტენანტი ჯოხარ დუდაევი კალუგის ოლქში მდებარე შაიკოვკის ავიაბაზის გარნიზონის ოფიცერთა სახლში გაიცნო.

წყვილს სამი შვილი შეეძინა, ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი, ჯოხარი კი 1989 წელს ესტონეთში მდებარე 46-ე საჰაერო არმიის დივიზიის სარდლის თანამდებობაზე ყოფნისას სსრკ სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-მაიორი გახდა.

საბჭოთა კავშირის რღვევის დაწყების პროცესში გენერალი 1990 წელს თადარიგში გავიდა, რის გამოც წყვილი ჩეჩნეთში გაემგზავრა. ჯოხარი აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში. ჩეჩნეთის საერთო-ეროვნულ ყრილობაზე ის აღმასკომის თავმჯდომარედ აირჩიეს, მოგვიანებით კი - პრეზიდენტად.

1996 წელს, რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მიმდინარეობისას, ჯოხარ დუდაევი სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა. 1999 წლის ოქტომბერში, როდესაც მოსკოვმა მეორე სამხედრო კამპანია დაიწყო, ალა დუდაევა შვილებთან ერთად უცხოეთში გაემგზავრა.[2] 2000-იან წლებში მან ორჯერ სცადა ესტონეთის მოქალაქეობის მიღება იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ჯოხარ დუდაევი ტარტუს გარნიზონის უფროსად მსახურობდა, თუმცა უარი მიიღო.[3]

2013 წლიდან ცხოვრობს შვედეთში.

ჯოხარ დუდაევზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წლის 9 ნოემბერს პრეზიდენტად ჯოხარ დუდაევის ინაუგურაციას ალა დუდაევა ემოციური ლექსით გამოეხმაურა, რომელიც თავად წაიკითხა გროზნოს ტელევიზიით.

თავის მეუღლეს ალამ უძღვნა მოგონებები "მილიონ პირველი", რომელიც პირველად 2003 წელს მოსკოვში გამოქვეყნდა, როგორც სერიის "აკრძალულ ადამიანთა ცხოვრება" ნაწილი.[4] წიგნი ექვს ენაზე ითარგმნა. ჯოხარს ის თავისუფლებისთვის მებრძოლ რაინდს უწოდებს, ხოლო ისტორიული პარალელების გავლებისას მის ბედს ყველაზე მეტად სალვადორ ალიენდეს ადარებს.[5]

ალა დუდაევას თქმით, მეუღლის მკვლელობის გამო მას სურდა ჰააგის სასამართლოში საჩივრის შეტანა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა, რადგან აუცილებელი იყო სიკვდილის გარემოებების შესახებ ცნობის წარდგენა, ცხედრის ექსჰუმაციის გარეშე კი ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. დუდაევის დაკრძალვის ადგილი გასაიდუმლოებულია.[6]

ურთიერთობა საქართველოსთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წელს 23 მაისს ალა დუდაევამ საკუთარი ნახატების გამოფენა ზუგდიდში პირადად გახსნა.[7] მან აგრეთვე მონაწილეობა მიიღო ჩეჩნეთის ომის შესახებ ფოტოდოკუმენტურ გამოფენაში "ჯოჯოხეთის ქრონიკა", რომელიც თბილისში კოსტავას ქუჩაზე ღია ცის ქვეშ გაიმართა.[8] 2011 წლის 24 იანვარს მან ლიეტუვადან თბილისში გამოფენაზე ჩაიტანა ბოლო 20 წლის განმავლობაში მის მიერ შექმნილი ნახატები.[9] ამ პერიოდში ალა თბილისში მოქმედ ტელეკომპანია "პიკ"-თან თანამშრომლობდა საკუთარი საავტორო გადაცემით "კავკასიური პორტრეტი". თავის გამოსვლებში ალა ყოველთვის თბილად და პატივისცემით ახსენებს საქართველოს. 2010 წლის 25 იანვარს თავის ვაჟთან დეგისთან ერთად მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის მიღების თხოვნით.[10]

2008 წლის ომის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალა დუდაევამ დაგმო რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის ომში ჩეჩნური შენაერთების მონაწილეობის ფაქტი. "იცოდეთ, რომ ესენი ჩვენი ქვეყნის მოღალატეები არიან, რომლებიც რუსი ოკუპანტების სამსახურში ყოფნისას ცდილობენ დაასამარონ არა მარტო ქართველთა, არამედ ჩეჩენთა თავისუფლების წყურვილი. ასეთი გამყიდველები მრავლად არიან ყველა ერებში, არ ჩათვალოთ ისინი ჩეჩნებად! ნამდვილი ჩეჩნები დღემდე ომობენ მთებში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ".[11]

ზვიად გამსახურდიას შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წლის თებერვალში ხელისუფლებიდან განდევნილი ზვიად გამსახურდია თავის გარემოცვასთან ერთად სომხეთიდან გროზნოში ჩაფრინდა. პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების გარდა, ჯოხარმა მას საკუთარი რეზიდენცია დაუთმო, თავად კი პატარა სახლში განთავსდა.[12] 2007 წელს, როდესაც თბილისში ზვიად გამსახურდიას გადასვენება მოხდა, ალა დუდაევამ ქართველი ხალხისადმი სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა, სადაც ხაზი გაუსვა ორი ლიდერის ცხოვრებისეული გზის მსგავსებას.[13]

კავკასიაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალა აღფრთოვანებული დარჩა მისთვის უცნობი ტრადიციებით და ნირით. მისი თქმით, სწორედ მათი წყალობით შეინარჩუნეს კავკასიელებმა თავიანთი თვითმყოფადობა. "ტყუილად არ უწოდებენ კავკასიურ წეს-ჩვეულებებს კეთილშობილურს. კავკასია ჰგავს მოხუცს, რომლისგანაც ყოველთვის ისწავლი".

რუსეთის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"რუსეთის იმპერია უკანასკნელ იმპერიას წარმოადგენს. ის აუცილებლად დაიშლება, რომლის მოწმე ჩვენ გავხდებით. თავად რუსი ხალხიც გათავისუფლდება".[14]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]