შინაარსზე გადასვლა

ალა ამელინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალა ამელინა
დაბადების თარიღი 13 ნოემბერი, 1952(1952-11-13) (73 წლის)
დაბადების ადგილი ბუქარესტი
მოქალაქეობა  რუსეთი
განათლება როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მეუღლე/ები Boris Titenko

ალა ამელინა (რუს. Алла Аме́лина, დ. 13 ნოემბერი, 1952, ბუქარესტი, რუმინეთი) — რუსი ჟურნალისტი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის I მოწვევის დეპუტატი (1993-1995),[1] გაზეთ „Вечерний Ростов“-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე.

ალა ამელინა დაიბადა 1952 წლის 13 ნოემბერს, ბუქარესტში (რუმინეთი), ინჟინრისა და მასწავლებლის ოჯახში. 1975 წელს დაამთავრა როსტოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. 1975 წლიდან 1976 წლამდე იყო როსტოვის ტელერადიოკომიტეტის რედაქტორი, 1976 წლიდან 1977 წლამდე — გაზეთ „Амурская правда“-ს პასუხისმგებელი მდივნის მოადგილე, ხოლო 1977 წლიდან 1979 წლამდე — ამურის ტელერადიოკომიტეტის რედაქტორი, უფროსი რედაქტორი და განყოფილების გამგე. 1980 წლიდან იყო კორესპონდენტი, შემდეგ პასუხისმგებელი მდივნის მოადგილე, ხოლო 1991 წლის აგვისტოდან 1993 წლის დეკემბრამდე — გაზეთ „Вечерний Ростов“-ის მთავარი რედაქტორის მოადგილე.

იგი პოლიტიკაში „მწვანე ტალღის“ წყალობით მოვიდა, როგორც ჟურნალისტი, რომელიც ეკოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობდა: „გარკვეულ ეტაპზე გაირკვა, რომ, მაგალითად, ქალაქში ატმოსფეროს მდგომარეობის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებას კრძალავდა... სკკპ-ის ქალაქკომი. შემდეგ — მეტიც. მოკლედ, ნათელი გახდა, რომ ეკოლოგიური პრობლემები არც ისე შორს იყო პოლიტიკისგან.“[2] იგი იყო როსტოვის საზოგადოებრივი ეკოლოგიური ცენტრის (РОЭЦ) წევრი.

1990 წელს ამელინა დონის როსტოვის საქალაქო საბჭოში აირჩიეს. მისივე სიტყვებით, წინასაარჩევნო „კამპანია დღევანდელ დროთან შედარებით, უბრალოდ, „ბავშვური“ იყო“. მაგალითად: „საოლქო საარჩევნო კომისიამ ყველა კანდიდატს დაუმზადა ერთნაირი ნიმუშის ფლაერები, სტრიქონების მკაცრად რეგლამენტირებული რაოდენობით. გარდა ამისა, სარედაქციო ფოტორეპორტიორმა სამეგობროდ გადამიღო ხუთამდე დიდი ფორმატის ფოტო, რომლებსაც საბეჭდ მანქანაზე ამობეჭდილი ტექსტი, ბუნების დაცვის შესახებ სულ რამდენიმე სტრიქონი დაურთეს. ეს იყო მთელი „პიარი“. ძირითადი სამუშაო ფორმა ამომრჩეველთან შეხვედრა იყო. მაშინ ადამიანებთან „ცოცხლად“ ურთიერთობა ეფექტური იყო“.[2] საქალაქო საბჭოში ის ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1993 წლის შემოდგომაზე კი, უფლებამოსილება ვადაზე ადრე მოიხსნა.

1993 წლის დეკემბერში, სახელმწიფო დუმის არჩევნებში, როსტოვის პირველმაისის №144 საარჩევნო ოლქში, ალა ამელინა კენჭს იყრიდა როგორც დამოუკიდებელი უპარტიო კანდიდატი, თუმცა ბლოკ „რუსეთის არჩევანის“ მხარდაჭერით.[2] მან გაიმარჯვა ხმების 22,6%-ით და 1993 წლიდან 1995 წლამდე იყო რუსეთის ფედერაციის I მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატი და ფრაქცია „რუსეთის არჩევანის“ წევრი.

ალა ამელინა იყო სახელმწიფო დუმის საინფორმაციო პოლიტიკის, ინფორმატიკისა და კავშირის კომიტეტის წევრი. მუშაობდა მედიის ქვეკომიტეტში („ჩვენ გამოგვიყვეს ორი მომიჯნავე კაბინეტისგან შემდგარი „აპარტამენტები“: ერთი — კომიტეტის თავმჯდომარისთვის მ. პოლტორანინისთვის, მეორე — კომიტეტის 14 წევრისთვის. ყველასთვის — ერთი ტელეფონი და ერთი ფაქსი“[2]). იგი მონაწილეობდა, კერძოდ, ისეთი კანონების შემუშავებაში, როგორებიცაა: „ინფორმატიზაციის, ინფორმაციისა და ინფორმაციის დაცვის შესახებ“, „მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“, „სატელევიზიო და რადიომაუწყებლობის შესახებ“, „რეკლამის შესახებ“.

1994 წელს დაარსების მომენტიდან იყო პარტია „რუსეთის დემოკრატიული არჩევანის“ (ДВР) წევრი. მისი თქმით, ის იყო პარტიის დამფუძნებელ „მამა-დედებს“ შორის. მისი აზრით, უფრო მკაცრი პოლიტიკური სტრუქტურის შექმნის აუცილებლობა, ვიდრე ბლოკი ან მოძრაობა, იმ მომენტისთვის აშკარა იყო. თავდაპირველი გადაწყვეტილება სახელმწიფო დუმაში ფრაქცია „რუსეთის არჩევანის“ სხდომაზე მიიღეს.

ალა ამელინა გათხოვილია, ჰყავს ორი შვილი. მეუღლეა — ბ. ტიტენკო, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის I (ფრაქცია „რუსეთის არჩევანი“) და III (ფრაქცია სკძ - მემარჯვენე ძალების კავშირი) მოწვევების დეპუტატი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Федеральное Собрание России (Совет Федерации. Государственная Дума). Биографический справочник. М., 1995.
  1. Амелина Алла Леонидовна. ციტირების თარიღი: 2021-02-14
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Интервью А.Амелина დაარქივებული აპრილი 7, 2014 საიტზე Wayback Machine // Фонд Егора Гайдара